დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ქართველი მექვევრე ფიბონაჩის რიცხვებს 3-5 ათასი წლით ადრე იცნობდა

ჩვენი წინაპარი საოჯახო მეღვინეობისთვის განკუთვნილ ქვევრებს ორი დანიშნულებით ყიდულობდა: დიდი ზომის ქვევრს ტკბილის დასადუღებლად, ხოლო პატარა ქვევრებს დიდ ქვევრში დადუღებული ღვინის გადასაღებად. ამიტომ მარანში მათი საერთო ტევადობა დიდი ქვევრის ტევადობის ეკვივალენტი უნდა ყოფილიყო, რათა დადუღებული მაჭარი დაუბინავებელი არ დარჩენოდათ. პატარა ქვევრებს რამდენიმე ლიტრიდან 25 ფუთამდე ანუ 400 ლიტრი ტევადობისას აშენებდნენ.
როგორც ცნობილია, ქვევრი დღემდე, ძირითადად, საოჯახო მეღვინეობას ემსახურება, ამიტომ ქვევრები მათი საჭიროებისა და მოთხოვნილების მიხედვით შენდებოდა და შენდება დღესაც. დღეს და ყოველთვის საქართველოში ყველამ იცოდა, რომ ნაკლულ ქვევრში ღვინის დიდი ხნით დატოვება არ შეიძლება, ამიტომ პატარა ქვევრებს ყველა ოჯახი იმ ანგარიშით ყიდულობდა, რომ დიდ ქვევრში დადუღებული ღვინო  პატარა ქვევრებში გადაენაწილებინათ, რომ ქვევრები სავსე ჰქონოდათ. ყველა ქართულ მარანში ყოველთვის იყო და არის დღესაც სახარჯო ღვინის ქვევრი, ამ ქვევრის ტევადობა დამოკიდებული იყო ოჯახში ღვინის დღიურ ხარჯზე. იყვნენ დიდი და პატარა ოჯახები, ასევე მხედველობაში იღებდნენ ოჯახში პოტენციურ სტუმართა რაოდენობას, ანუ ახლად გახსნილი სახარჯო ღვინის ქვევრი მანამდე უნდა გაცლილიყო, სანამდე ღვინო წახდენას დაიწყებდა.

ტევადობის მიხედვით, საქართველოში მზადდებოდა და დღესაც ამზადებენ 1, 2, 3, 5, 10, 15, 20 და 25-ფუთიან ქვევრებს (ფუთი იმერეთში გავრცელებული ქვევრის საწყაოა და 16 ლიტრს უდრის. ქვევრის ყველა ტევადობა მიახლოებითია). ყველა ეს ქვევრი პატარა ქვევრთა ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც ხედავთ, ტევადობის მიხედვით დამზადებულ ქვევრთა ასორტიმენტი ფართოა. ოჯახში სახარჯო ღვინის ქვევრი 2, 3 ან 5-ფუთიანი იყო. ახლა ვნახოთ, რა მიმდევრობით იცლებოდა მარანში ქვევრები: თუ ოჯახს სახარჯო ღვინო ორფუთიან ქვევრში ჰქონდა, მისი გაცლის შემდეგ, სამფუთიანი ქვევრიდან შეავსებდნენ, ხოლო სამფუთიანში დარჩენილ ერთ ფუთ ღვინოს პირველ რიგში გახარჯავდნენ, შემდეგ კი ორფუთიანის გახარჯვას დაიწყებდნენ. ორივე ამ ქვევრის გაცლის შემდეგ, მათში ღვინოს ხუთფუთიანი ქვევრიდან გადაიღებდნენ და იწყებდნენ მათ გახარჯვას. ამ ქვევრების გაცლის შემდეგ ცარიელი იყო 2, 3, და 5-ფუთანი ქვევრები. შემდეგ ჯერზე სამივე ცარიელ ქვევრს 10-ფუთიანი ქვევრიდან აავსებდნენ და მათი გახარჯვა კვლავ ზემოთ აღწერილი მიმდევრობით ხდებოდა. ყველა მათგანის გაცლის შემდეგ 15-ფუთიანი ქვევრის ჯერი დგებოდა, რომლითაც 2, 3 და 10-ფუთიან ქვევრებს ავსებდნენ და ა. შ. ყველა ქვევრის გაცლამდე.

როგორც ხედავთ, ღვინის ხარჯვის ასეთი წესი ღვინის თვისებებისა (ნაკლულ ქვევრში წახდენისადმი მიდრეკილება) და ღვინის მოხმარების თავისებურებებიდან გამომდინარეობს და ჩვენმა წინაპარმა ეს ყველაფერი რამდენიმე ათასი წლის წინ მოიფიქრა. ამის დასტურია არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველეს მარნებში მრავალნაირი ტევადობის ქვევრების სიმრავლე და დღეს ყველა ქართული ოჯახის მარანი, სადაც ქვევრების საერთო ტევადობა ზუსტად შეესაბამება ოჯახის მიერ წლის განმავლობაში მოხმარებული ღვინის რაოდენობას.

როცა ჩვენი ქვევრების ტევადობის მრავალფეროვნებას და ზრდის ტენდენციას დავაკვირდი გამოვიდა, რომ ჩვენს წინაპარს უძველეს დროში ქვევრი იტალიელი მათემატიკოსის, ფიბონაჩის მიერ მრავალი ათასი წლის შემდეგ (კერძოდ კი XII საუკუნეში) მიგნებული „ფიბონაჩის რიცხვებად“ წოდებული ზრდის თეორიის მიხედვით უშენებიათ, ანუ „ფიბონაჩის რიცხვი“ ქარველ მექვევრე-ოსტატებისთვის და მეურნეთათვის მრავალი ათასი წლის წინ ყოფილა ცნობილი და სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული. როგორც ჩვენი ქვევრების ზომები გვიჩვენებს, ქართველმა მეურნემ ფიბონაჩამდე დიდი ხნით ადრე იცოდა, რომ შემდეგი ზომის ქვევრის ტევადობა მისი ორი უკანა ზომის ქვევრის ტევადობის ჯამის ტოლი უნდა ყოფილიყო თუ არადა, ღვინო დაუბინავებელი დარჩებოდა.

ჩვენს ოჯახში ერთი 80-ფუთიანი სადუღარი ქვევრი გვაქვს. დადუღების შემდეგ ამ ქვევრიდან დაახლოებით 65 ფუთი ღვინო ამოდის. ამ ღვინის მოსაკავებლად მარანში გვაქვს 2, 3, 5-ფუთიანი ქვევრები, ასევე 2 ცალი 10-ფუთიანი, ერთი 15-ფუთიანი და ერთიც 20-ფუთიანი ქვევრი. ასეთივე ანგარიშით ჰქონდათ შეძენილი ქვევრები მეზობლებს და საერთოდ ასეთი იყო მრავალნაირი ტევადობის ქვევრების გამოყენების მაგალითი საქართველოს სინამდვილეში. როგორც ხედავთ, მამაჩემს ყველა ქვევრის გასაცლელი ორი პატარა ქვევრი ჰქონდა მარანში, ეს იმის მიუხედავად, რომ მან არც ფიბონაჩი იცოდა და არც  მისი რიცხვთა თეორიის შესახებ არასდროს არაფერი გაეგონა. ყველა ეს ცოდნა მან წინაპრისგან ისწავლა და ასე გვასწავლა შვილებს.

როგორც ცნობილია, იტალიელმა ფიბონაჩიმ რიცხვთა თავისი უკვდავი თეორია მეთორმეტე საუკუნეში შექმნა. რა თქმა უნდა, ის ამ თეორიამდე  დამოუკიდებლად მივიდა და თანაც შემთხვევით (კურდღლის გამრავლების ტენდენციას სწავლობდა), ამიტომ არანაირ პლაგიატს ადგილი არ შეიძლება ჰქონოდა. მიუხედავად ამისა, რიცხვთა ამ თეორიას საქართველოში ფიბონაჩამდე ათასობით წლით ადრე იცნობდნენ და მისი გამოყენებით ქართველი მექვევრეები ასაშენებელი ქვევრების ტევადობას საზღვრავდნენ, ხოლო ქართველი გლეხი მარანში ჩასადგმელ ქვევრებს ამ თეორიის ცოდნით და გათვალისწინებით ყიდულობდა. ასე რომ, ფიბონაჩიმ ჩვენი წინაპრის მიერ ათასობით წლით ადრე სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული რიცხვთა ამ თეორიას  ახალი სული შთაბერა და ზოგადსაკაცობრიო გახადა. მართალია, ამ თეორიის ავტორად დღეს ფიბონაჩი დამსახურებულად ითვლება, მაგრამ ამ საქმეში ჩვენი წინაპრის დამსახურება უდავოა, ამიტომ მათაც თავისი უნდა მიეზღოთ.

ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის                             

უფროსი მკვლევარი. საქ ეროვნული აკადემიის

ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი/,

ტელ. 551 333 155