აგროტექნოლოგიებიდარგებიმემცენარეობა

მიხაკის ხე _ ევგენოლის კამელია (Camelia sasangua)

ევგენოლის კამელია მრავალწლიანი მარადმწვანე ბუჩქია, ჩაისებრთა ოჯახიდან. მას ზოგჯერ მიხაკის ხეს კამელიას უწოდებენ. ევგენოლუის კამელიას ეთერზეთის შემადგენლობაში 95%-მდე ევგენოლია. ფოთოლი კი შეიცავს 0,25-1 %-მდე ეთერზეთს. ევგენოლს უდიდესი გამოყენება აქვს მედიცინაში, პარფიუმერიაში, კოსმეტიკაში, გემო-კვების მრეწველობაში და სხვა. გარდა ამისა, ევგენოლი არის საწყისი მასალა ისეთი ძვირფასი ნივთიერებების ხელოვნურად წარმოსაქმნელად, როგორიცაა იზოევგენოლი, ვანილი და სხვა, რის გამოც ის მეტად პერსპექტიულია.

მცენარის ღერო სიმაღლით 3-8 მეტრამდე აღწევს, ხასიათდება მოკლე მუხლთაშორისებით და ხშირი დატოტვით. ფოთოლი მარტივი აქვს, მორიგეობით გაწყობილი, საშუალო ზომის ყუნწით, აქვს ტყავისებური, პრიალა ზედაპირიანი, კიდედაკბილული ფირფიტა. ყვავილი-უმთავრესად თეთრი და ვარდისფერი, სუსტი არომატის 5-8 ცალი გვირგვინის ფოთლით; ყვავილობს სექტემბრიდან დეკემბრამდე. კოლოფა ნაყოფი მომდევნო წლის ნოემბერში მწიფდება. სწორედ გვიან ყვავილობის გამო, მას დიდი მნიშვნელობა აქვს დეკორატიული მიზნითაც.

მიხაკის ხე ტროპიკული ქვეყნის წარმოშობის მცენარეა. მისი კამელიის სამშობლოა ჩინეთი და იაპონია. შავი ზღვის სანაპირო ზოლში-ბათუმში, ჩაქვში, ქობულეთში, სოხუმში, სოჭში შეუტანიათ xx საუკუნის პირველ ნახევარში.

როგორც მარადმწვანე, გავრცელებული იყო მხოლოდ ბოტანიკურ ბაღებში. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ და გამოიყვანეს არაერთი ჯიში და ფორმა კამელიებისა მეცნიერ მუშაკებმა: ნუნუ ჯინჭარაძე-ჯაბნიძემ და ზურაბ ბაკურიძემ, ასევე მათ შეისწავლეს და აღწერეს სხვადასხვა რეგიონში დეკორაციული სახით არსებული მიხაკის კამელიის ხეები და ბაღის საკოლექციო ნაკვეთებზე გააშენეს სადედე ბაღები.

მცენარე მრავლდება თესლით და დაფესვიანებით, ეს უკანასკნელი ხერხი უფრო შრომატევადია და საჭიროებს სასათბურე მეურნეობას. ამრიგად, წარმოებაში კამელიის გამრავლება უმჯობესია თესლით, მას თესავენ უშუალოდ მუდმივ ადგილზე – ბუდნებში, ან წინასწარ მისი ნერგი სანერგეში გამოჰყავთ და შემდეგ პლანტაციაში რგავენ.

როგორც გენერაციული ასევე ვეგეტატიური გამრავლებისას საჭიროა მიხაკის კამელიის ნარგავებში სათესლე ბუჩქების სამეურნეო ნიშანთვისებების დაწვრილებით და მათ შორის სადედე ბუჩქების წინასწარ შერჩევა. სადედე მცენარეები კარგად განვითარებული და სრულიად საღი უნდა იყოს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მისი შეფოთვლის უნარს, ზრდის ენერგიას და ფოთლებში ეთერზეთის შემცველობას. ამ შემთხვევაში სადედე ხეების თაობა ფოთლის მეტ მოსავალს მოგვცემს და უკეთესი იქნება ეთერზეთის გამოსავლიანობაც. ერთი ჰექტარი სათესი ფართობიდან 100-120 ათასი ცალი სტანდარტული ნერგის მიღება შეიძლება, რომელიც უზრუნველყოფს ოცი ჰექტარი მიხაკის კამელიის პლანტაციის გაშენებას.

კამელია კარგად იზრდება წითელმიწა, ყვიტელმიწა და ალუვიურ ნიადაგებზე, სუსტად – გაეწერებულ საშუალო და მსუბუქ თიხნარებზე. ის ვერ ვითარდება დაჭაობებულ და ჭაობიან მძიმე თიხნარებზე. პლანტაციის გასაშენებლად ნიადაგის ძირითადი დამუშავება უნდა ჩატარდეს გაშენებამდე ოთხი-ხუთი თვით ადრე არანაკლებ 40-45 სმ-ზე. ხნულის ზედაპირის მოსწორება, ქვისა და სხვა ანარჩენებისაგან გაწმენდა უნდა ჩატარდეს პლანტაციის გაშენებამდე ერთი თვით ადრე. ამავე დროს ერთ ჰექტარზე შეტანილი უნდა იქნეს წითელმიწებზე ფოსფოროვანი სასუქი 500 კგ., ხოლო ეწერ ნიადაგებზე 300 კგ. სუფთა ელემენტზე გადაყვანითა და უნდა გადაიხნას 15 სმ სიღრმეზე და დაიფარცხოს.

გამოყოფილ ნაკვეთზე ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი 140°C-ზე ქვემოთ არ უნდა ეცემოდეს. ვეგეტაციური გამრავლების დროს, კალმების დაფესვიანება და სტანდარტული ნერგის გამოსავალი 55-60%-ს შეადგენს, ე.ი. ყოველი სტანდარტული კვალსათბურიდან შეიძლება მიიღონ 3300-3600 ცალი დაფესვიანებული კალმის ნერგი.

კამელიიდან ეთერზეთოვანი ნედლეულის მისაღებად მცენარეები უნდა გააშენონ 2×0,5 მ კვების არით. დარგვა უმჯობესია შემოდგომით ჩატარდეს.

პლანტაციის გაშენების შემდეგ მცენარისა და ნიადაგის მოვლითი ღონისძიებები შემდეგია: ნიადაგის პერიოდული გაფხვიერება, სარეველა მცენარეთა წინაარმდეგ ბრძოლა, მცენარეთა საკვები ელემენტებით უზრუნველყოფა და სხვა. ვარჯის მოვლის მიზანია, მცენარეთა უკეთ დაბუჩქვა და ერთეული მცენარიდან მეტი მწვანე მასის მიღება. ამ მიზნით, დარგვიდან მეორე წელს, 15 თებერვლიდან 1 მარტამდე, დატოტვის გასაძლიერებლად, მცენარის შეფოთლილი ღერო 35 სმ. სიმაღლეზე უნდა მოჭრან და გვერდითი ტოტები შეუკვეცონ.

ნასხლავი უნდა შეაგროვონ ეთერზეთის მისაღებად. შემდეგ წელს, წინა წელთან შედარებით, 5 სმ-ით უფრო მაღლა ისხვლება. ფაქტიურად, ეს ნედლეულის მოსავლის აღებაა და იგი უნდა ჩაატარონ მექანიზებულად, ჩაის სასხლავი მანქანით.

კამელიის პლანტაცია სრულმოსავლიანი გახდება გაშენებიდან 8-9 წლის შემდეგ და ნედლეულის ყოველწლიური მოსავალი ექვსი ტონა შეიძლება იყოს. ეთერზეთის გამოსავლიანობა თუ 0,6 % იქნება, მაშინ პლანტაციიდან შეიძლება მიიღონ 35 კგ. ეთეროვანი ზეთი ან ამავე რაოდენობის ევგენოლი.

წარმოებაში კამელიის დანერგვით, შესაძლებელი იქნება სუბტროპიკული ზონის საწარმოებში შრომითი და საწარმოო სიმძლავრეთა უფრო რაციონალური გამოყენება, რადგანაც კამელიის ნედლეულის მოსავლის აღება და გადამუშავება ემთხვევა ზამთრის პერიოდს, როცა სოფლის მეურნეობაში მუშახელი ნაკლებადაა დატვირთული.

ევგენოლის კამელიის თესლით თესვა, წლის სხვადასხვა დროს შეიძლება. კლიმატური პირობების, ნერგების დანიშნულებისა და გაშენების დროის მიხედვით, დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში, სათბურებსა და კვალსათბურებში, ჩვეულებრივ, ადრე გაზაფხულზე (თებერვალი, მარტი) უნდა დაითესონ. აპრილის თვიდან თესვა შეიძლება ცივ კვალსათბურშიც. მცირე რაოდენობით თესვა შეიძლება აგრეთვე ბაღის ყუთებში. ყუთის ძირში უნდა ჩაყარონ მსხვილი ქვიშა და ზემოდან 10 სმ სისქით მოაყარონ ნიადაგის საკვები ნარევი.

ევგენოლის კამელიის თესვა და ნერგის გამოყვანა უკეთესია იმ ზონაში ან რაიონში, სადაც შემდეგში უნდა გააშენონ. თესლის ჩათესვამდე კვალსათბურის ნიადაგი ერთი ბარის პირზე უნდა გადაბარონ, ხოლო შემდეგ მოამზადონ და გაშალონ ხელოვნური საკვები ნარევი.

ნიადაგის ხელოვნური საკვები ნარევი უნდა შედგებოდეს ორი წილი კარგად გადამწვარი ნეშომპალის, ორი წილი კორდის მიწისა და ერთი წილი სილისაგან. მათ კარგად გაცრიან და ერთმანეთში აურევენ. ხელოვნური საკვები ნარევი კვალსათბურში 10 სმ. სისქით უნდა გაიშალონ. ნიადაგი უხვად უნდა მორწყან, რომ კარგად დაჯდეს, რის შემდეგაც უნდა დათესონ. რადგან კამელიის თესლი მეტად წვრილია და ღრმად დათესვისას ვერ აღმოცენდება, ამიტომ თესენ ნიადაგზე მობნევით. დათესვის შემდეგ თესლს ზემოდან 1-1.5 მმ სისქით უნდა წააყარონ საკვები ნარევი. 1მ²-ზე უნდა დათესონ 50-60 გრ თესლი. სათბურში უნდა დაიცვან 25-30°C სითბო. ასეთი ტემპერატურის პირობებში 5-7 დღეში აღმონაცენი უნდა მივიღოთ. როგორც ნათესარის აღმოცენებამდე, ისე აღმოცენების პირველ ათ დღეში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ სათბურის ნიადაგის ზომიერად ტენიან მდგომარეობაში შენარჩუნებას. კარგი მოვლა-პატრონობის შედეგად, ევგენოლის ჩითილი 20-25 დღეში 10-15 სმ გახდება და შემდეგ შეიძლება მისი გადატანა სპეციალურ ფარდულში შესახავსებლად.

კამელიის სარგავი მასალის აღზრდის პროცესში, უკანასკნელ დრომდე, აუცილებელ ოპერაციად ითვლება ნათესარების ე.წ. დაჯგუფვა-პიკირება ანუ გადარგვა. ეს პროცესი კი იმას გულისხმობდა, რომ როდესაც სათბურში ან კვალსათბურში ნათესარები 3-5 სმ სიმაღლეს მიარწევენ და განივითარებელ ერთ-ორ წყვილ ფოთოლს, შემდეგ საჭირო იყო 7×7 სმ-ის კვების არით მათი გადარგვა ამ მიზნისათვის სპეციალურად მომზადებულ კვლებზე.

ხშირად საჭიროა, გზების გასწრივ, ხეივნების მოწყობა მოზრდილი და კარგად განვითარებული კამელიის ნერგებით. ამ შემთხვევაში ზრდასრული ნერგები ფრთხილად უნდა ამოიღონ ბელტით და სათანადო წესით დაირგას მუდმივ ადგილას.

რეზო ჯაბნიძე _სსმმა აკადემიკოსი,

სულიკო ბერიძე – სმმ დოქტორი,

ნანა ჯაბნიძე – სმმ დოქტორი