აგრარული განათლებამეცხოველეობა

მიკროკლიმატის მნიშვნელობა მეცხოველეობაში

ცხოველის ზრდა-განვითარებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მათი მავნე გავლენის გამო ორგანიზმის გამძლეობა ქვეითდება და იმუნიტეტი ირღვევა, რაც  ხელსაყრელ პირობებს უქმნის პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდა-განვითარებას.

ცხოველებზე მოქმედი ფაქტორებიდან, პირველ რიგში, აღსანიშნავია მიკროკლიმატის პარამეტრები, საკვებიდან მიღებული ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები და სხვ.

იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც პირუტყვს დაავადების მიმართ, განაწყობენ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიკროკლიმატს ენიჭება.

ცხოველთა სადგომის მიკროკლიმატი შენობის (ბოსლის) შიგნით ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორების კომპლექსს წარმოადგენს.

მიკროკლიმატის ცვლილებაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ამინდმა, წელიწადის დრომ, შენობის კონსტრუქციების სითბო- და ტენგამტარობამ, ვენტილაციისა და კანალიზაციის სისტემებმა, ჰაერის მიმოცვლის დონემ, განათებამ, ფერმაში არსებულმა ტექნოლოგიურმა პროცესებმა, პირუტყვის განლაგების სიხშირემ და სხვ.

მიკროკლიმატის ნორმიდან გადახრა პირუტყვის საერთო მდგომარეობას აუარესებს და ხელსაყრელ პირობებს ქმნის დაავადებების წარმოსაქმნელად.

განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ჰაერში მავნე აირების შემადგენლობას, მექანიკურ მინარევებს, მიკროფლორას, ტემპერატურას, ტენიანობას, ჰაერის მოძრაობას და სხვ.

მავნე აირებიდან მიჩნეულია: ნახშირორჟანგი, ამიაკი, გოგირდწყალბადი და მხუთავი აირი. ცხოველთა სადგომის ჰაერში დასაშვებია მავნე აირების შემდეგი რაოდენობა: ნახშირორჟანგი — არა უმეტეს 0,15-0,3%-ისა; ამიაკი — 0,02-0,025 მგ/ლ; მხუთავი აირი — 0,005 მგ/ლ; გოგირდწყალბადი — 0,001 მგ/ლ.

ნახშირორჟანგი (COO2) — უფერო, უსუნო, მომჟავო გემოს აირია. სადგომებში მისი ძირითადი წყაროა ცხოველების ამონასუნთქი ჰაერი; იგი წარმოიქმნება ცხოველის ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგვითი პროცესების დროს, სისხლს გადააქვს ფილტვებში და გამოიყოფა გარემოში. საშუალო ტანის ზრდასრული ფური ერთ საათში 90—130 ლ ნახშირორჟანგს გამოყოფს.

პირუტყვის დიდხანს ყოფნა არავენტილირებულ შენობაში, სადაც ნახშირორჟანგის შემცველობა ნორმაზე მეტია, ხშირ შემთხვევაში, შეუქცევად პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. მისი მინიმალური შემცველობის დროსაც კი ქსოვილებში ირღვევა ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები, მატულობს მჟავიანობა, ჩნდება შეშუპებითი მოვლენები და აღინიშნება ძვლების დემინერალიზაცია.

დადგენილია, რომ ჰაერში ნახშირორჟანგის შემცველობის გაზრდა 0,5%-მდე იწვევს სისხლის წნევის მომატებას, სუნთქვისა და პულსის გახშირებას, რაც ზედმეტად ტვირთავს სასუნთქი და სისხლის მიმოქცევის ორგანოებს.

ნახშირორჟანგის 4-5%-ის შემცველობის დროს პირუტყვს მადა დაქვეითებული აქვს და წონამატი სწრაფად კლებულობს. ნახშირორჟანგის უფრო მაღალი კონცენტრაციის დროს ჟანგბადის უკმარისობის გამო ასფიქსია ვითარდება.

ცხოველების სადგომში ნახშირორჟანგის ისეთი დოზით დაგროვება, რომ მწვავე ტოქსიკური მოვლენები ახლდეს, იშვიათია, მაგრამ მისი შემცველობა ხშირად არის 1% და მეტი, რაც საკმარისია ქრონიკული ტოქსიკური პროცესების განვითარებისათვის. ამ შემთხვევაში ცხოველების პროდუქტიულობა და დაავადების მიმართ გამძლეობა კლებულობს.

გოგირდწყალბადი (H2S) — ძლიერშხამიანი გაზია; წარმოიქმნება გოგირდშემცველი ცილების ხრწნის დროს, რომლებიც დიდი რაოდენობითაა იმ სადგომში, სადაც სანიტარული მდგომარეობა დაბალია. ზოგჯერ პირუტყვი ცილის მაღალი შემცველი საკვებით კვების დროს გოგირდწყალბადს პირდაპირ გამოყოფს.

გოგირდწყალბადს ორგანიზმი ფილტვებიდან და ზედა სასუნთქი ორგანოების ლორწოვანი გარსებიდან შეიწოვს. თუ ჰაერში მისი შემცველობა 0,015 მგ/ლ-ზე მეტია, ეს უკვე საშიშია პირუტყვისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

გოგირდწყალბადი აქვეითებს ცხოველის რიგი ორგანოების ნორმალურ მუშაობას ან მთლიანად გამოჰყავს იგი მწყობრიდან. პირუტყვს უვითარდება სინათლის შიში, ეკარგება მადა, მოუსვენარია, ეწყება პირღებინება და ფაღარათი.

გოგირდწყალბადის მცირე რაოდენობითა და დიდი ხნით მოქმედება იწვევს ქრონიკულ მოწამვლას (ინტოქსიკაცია), რაც გამოიხატება ზოგად სისუსტეში, წონის დაკლებაში, კონიუქტივიტის, ზედა სასუნთქი ორგანოების კატარისა და გასტროენტერიტების განვითარებაში.

აღნიშნულია ცხოველისა და ადამიანის გოგირდწყალბადით მწვავე მოწამვლის შემთხვევები: ორგანიზმში გოგირდწყალბადის 1 მგ/ლ-მდე კონცენტრაციას ახლავს სასუნთქი და სისხლის მიმოქცევის ცენტრების დამბლა და სიკვდილიც ელვისებურად დგება.

ამიაკი (NH3) — უფერო, მძაფრი სუნის მქონე, ლორწოვანი გარსების ძლიერ გამაღიზიანებელი შხამიანი აირია.

იგი აზოტის შემცველი ნივთიერებების ხრწნით წარმოიქმნება; დიდი რაოდენობითაა იმ შენობებში, საიდანაც თავის დროზე არ გააქვთ ნაკელი და საფენი, ხოლო ვენტილაცია არარეგულარულად და არასწორად ტარდება.

მაღალი ტენიანობისა და დაბალი ტემპერატურის შემთხვევებში ამიაკი ილექება კედლებზე, ინვენტარზე, საფენზე და სხვა საგნებზე. მაღალი ტემპერატურის და დაბალი ატმოსფერული წნევისას კი ხდება ამიაკის უკუგამოყოფა, რაც სწრაფად ზრდის შენობაში მის შემცველობას.

ჰაერში ამიაკის მცირე შემცველობაც საშიშია. იგი კარგად იხსნება წყალში და ამიტომაც სწრაფად ხვდება ზედა სასუნთქ გზებსა და თვალის ლორწოვან გარსზე, აღიზიანებს მათ, პირუტყვს ეწყება ხველება, ცხვირის ცემინება, ცრემლის დენა. შემდგომში კი ვითარდება ცხვირის და საყლაპავის ლორწოვანი გარსის, ტრაქეის, ბრონქების ანთება.

დაუცველ სველ კანზე ამიაკის მოხვედრისას კი, მისი ჟანგბადთან შეერთებით, წარმოიშობა შხამიანი შენაერთი — ნიტრატი, რომელიც კანს აღიზიანებს.

სისხლში დიდი რაოდენობით მოხვედრისას ამიაკი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და აღიზიანებს მას, რასაც ხშირად თან სდევს სასუნთქი ორგანოების დამბლა და ცხოველის სიკვდილი.

ამიაკის მცირე დოზებით, მაგრამ ხანგრძლივად მოქმედებას მოსდევს ჟანგბადის უკმარისობა, ქვეითდება რიგი ორგანოების ფუნქცია; პირუტყვი ცუდად ითვისებს საკვებს, სუსტდება, ეცემა ორგანიზმის გამძლეობა, ქვეითდება ლორწოვანი გარსისა და კანის დამცველობითი ფუნქცია. მათზე მოხვედრილი მიკრობები და ვირუსები ადვილად აღწევენ ორგანიზმში, რაც ხელს უწყობს რესპირატორული და სხვა ინფექციური დაავადებების წარმოქმნასა და სწრაფ გავრცელებას.

მხუთავი აირი (CO) — ძლიერშხამიანია, როგორც ცხოველებისათვის, ასევე ადამიანებისათვის. სადგომში გროვდება შიდაწვისძრავიანი აგრეგატების (ტრაქტორები და სხვ.) დიდი ხნით მუშაობისას. პირუტყვი ამ აირს რომ ჩაისუნთქავს, იგი უერთდება ჰემოგლობინს და ბოჭავს. ძნელდება ჟანგბადის მიტანა ქსოვილებამდე. ბოსელში დიდი რაოდენობით დაგროვებისას კი შეიძლება ცხოველები გაიგუდონ.

მეთანი (NH4) — შედარებით ნაკლებშხამიანია, მაგრამ მისი არსებობა ბოსლის ჰაერში მკვეთრად მოქმედებს ცხოველის ორგანიზმზე და არღვევს მის მთელ რიგ ფუნქციებს.

მეცხოველეობის ფერმებში აღნიშნული აირების მოქმედება მეტწილად ერთობლივია, შეიძლება ცხოველზე მოქმედებდეს 2-3 და მეტი მავნე აირი. მათი გავლენით ცხოველის ორგანიზმში მიმდინარეობს მთელი რიგი პათოლოგიური ცვლილებები, რომლებიც აქვეითებენ ორგანოების რეზისტენტობას და ცხოველებს დაავადებებისადმი განაწყობენ.

ჰაერის მექანიკური მინარევებიდან აღსანიშნავია მტვერი, რომელიც აჭუჭყიანებს ცხოველის კანის საფარველს, აღიზიანებს თვალს, ცხვირისა და ზედა სასუნთქი ორგანოების ლორწოვან გარსს. ირღვევა მათი ბარიერული ფუნქცია, რითაც პათოგენური მიკროორგანიზმები ადვილად აღწევენ ორგანიზმში და იწვევენ მწვავედ ან ქრონიკულად მიმდინარე პროცესებს, როგორიცაა რინიტი, ფარინგიტი და სხვ. ჰაერში შემავალი მტვერი საჭმლის მომნელებელ სისტემაში რომ მოხვდება, ასეთივე მავნე გავლენას ახდენს მის ლორწოვან საფარველზე.

ჰაერში, მტვერთან ერთად, დიდი რაოდენობითაა მიკროორგანიზმები. იმ დახურული შენობების ჰაერში, სადაც დაცული არ არის ვეტსანიტარული პირობები, მიკროორგანიზმები დიდი რაოდენობითაა (1 მ3 ჰაერში 1-2 მლნ მიკროორგანიზმია); ასეთი ორგანიზმებია: ტუბერკულოზის ჩხირი, სტაფილო და სტრეპტოკოკები, ეშერიხიები, პასტერელები, ვირუსები და სხვა მრავალი. მათ ავრცელებენ შენობაში მყოფი ავადმყოფი ან ბაცილმატარებელი ცხოველები.

პათოლოგიური მიკროორგანიზმები შეიძლება მოხვდნენ შენობის ჰაერში, აგრეთვე, დაინფიცირებული საკვებიდან, სხვადასხვა საგნებიდან, მომსახურე პერსონალიდან და სხვა.

ჰაერში არსებული მიკროორგანიზმები ნაკლებად საშიშია, ვიდრე წვეთოვანი გზით გავრცელებულები. როდესაც ავადმყოფი ცხოველიდან ნერწყვში, ლორწოში, ექსუდატში არსებული მიკრობები ხველებით, ცხვირის ცემინებით ან სხვა გზით პირდაპირ ხვდებიან მეორე ცხოველის ორგანიზმში, დაავადება სწრაფად ვითარდება და მასობრივ ხასიათს იღებს. ძირითადად ამ გზით ვრცელდება ხბოების რესპირატორული ინფექციები, რასაც ხელს უწყობს ბოსელში ცხოველების სიმჭიდროვე, ცუდი ვენტილაცია, ვეტსანიტარიული პირობების დაუცველობა და სხვ.

რუსუდან ბარკალაია

სმმ დოქტორი, პორფესორი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“