მინდორსაცავი და ეროზიის საწინააღმდეგო ტყის საცავი ზოლების აღდგენა საშური საქმეა
სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინათ ქვეყანაში ქარსაცავი ტყის ზოლების და მინდორსაცავი ზოლების გაშენების საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ გამოუცდელობამ და მეზობელი ქვეყნებისადმი წამხედურობამ, ქვეყნისთვის ამ მეტად საჭირო და აუცილებელ ღონისძიებებში, ზოგიერთი დადებითი შედეგის გარდა, ძირითადად უარყოფითი შედეგი გამოიღო.
როგორც ცნობილია, XX საუკუნის II ნახევარი საქართველოსთვის მრავალმხრივი კატაკლიზმების პერიოდი იყო. ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლამ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ბევრი აუცილებელი საქმე უკანა პლანზე გადასწია. მათ შორის გარემოს დაცვა-აღდგენა, ქარდაცვით და ეროზიის საწინააღმდეგო ტყესაცავი ზოლების მშენებლობა და სხვა.
დღეს უკვე ცნობილია, რომ იმ დროს ყველაზე დიდი შეცდომა მინდორსაცავ ტყის ზოლებთან ერთად ე.წ. სახელმწიფო ქარსაფარი ზელების მშენებლობისთვის მიწების გამოყოფა იყო. ისეთ მცირემიწიან ქვეყნებში, როგორც საქართველოა, ქარდამცავ ზოლებს 7295 ჰექტარი ეკავა, რომელთა დიდი ნაწილი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებდა. იმის გამო, რომ აღნიშნული ზოლები გაშენებული იყო არასათანადო მერქნიანი სახეობებით, ძირითადად კანადური ვერხვით და თეთრი აკაციით, რომლებიც ვიდრე იმ მოვალეობის შესრულებას შეძლებდა რაც დააკისრეს, დაიღუპა და განადგურდა. ამას ხელი გახანგრძლივებულმა ენერგოკრიზისმაც შეუწყო, რამაც, თითქმის, ერთად შეიწირა დასახლებულ პუნქტებთან არსებული ტყეები, ხშირ შემთხვევაში ბაღ-პარკები, ხეხილის ბაღები და ქარდაცვითი თუ ეროზიის საწინააღმდეგო ტყის ხელოვნური კორომები.
მართალია, ქარდაცვითი ზოლები განადგურდა, მაგრამ ბევრგან ნარგაობების ფრაგმენტები ჯერ კიდევ შემორჩენილია, რომელიც გაბატონებული ქარების მიმართულებას გვიჩვენებს. ამიტომ საჭიროა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეიქმნას ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც რაიონების მიხედვით შემორჩენილ ნარგავობათა ფრაგმენტებს, მათ მდგომარეობას შეისწავლის, შეძლებისდაგვარად მათ ახალ ზოლში ჩართვას განსაზღვრავს.
აღსანიშნავია, რომ წარსულში, როცა ქვეყანაში ქარსაფარ ზოლების მშენებლობის ბუმი იყო, მის შესრულებას მხოლოდ მეტყევეებს ანდობდნენ, დღეს კი რაიონებში სატყეო მეურნეობები აღარ არსებობს, მეტყევე სპეციალისტთა ადგილი უმეტესად არასპეციალისტებს, ე.წ. რეინჯერებს უკავიათ, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობენ ძველი გამოცდილ მეტყევეთა კადრები, რომელთა გამოყენება აუცილებელი და საჭიროა.
დასახლებული პუნქტების სიახლოვეს ენერგოკრიზის დროს ქარდაცვითი და ეროზიასაწინააღმდეგო ზოლების განადგურებამ, ათასობით ჰექტარი უნიკალური ტყის მასივების მოსპობამ, მავნებელ დაავადებათა გამრავლება-გააქტიურება გამოიწვია, ამიტომ ამ ზოლებისა და ტყის მასივების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რასაც მაღალი ღირსებისა და მაღალხარისხიანი სარგავი მასალა სჭირდება, რომელიც დღეს საქართველოში აღარ მოიპოვება, ხოლო მისი შეცვლა უცხოეთიდან შემოტანილი ნერგებით დანაშაულის ტოლფასია, რადგან ჩვენი ტყეები და დაცვითი ტყის მასივები მხოლოდ და მხოლოდ ადგილზე აღზრდილი, საკუთარი სარგავი მასალით უნდა შეიქმნას. ეს მართალია, მრავალ სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული, ტყის შემქმნელ სახეობათა აღზრდის სანერგე მეურნეობის ბაზისგან, რომელიც 20-25 წლის წინათ საქართველოში არსებობდა დღეს მხოლოდ კეთილი მოგონებებიღაა შემორჩენილი. არადა ამ ბაზებზე ყოველწლიურად, საშემოდგომო ინვენტარიზაციით, 30-40 სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი სარგავი მასალის 50 მილიონზე მეტი სტანდარტული თესლნერგი ირიცხებოდა. ახალი სანერგე მეურნეობების ბაზის გარეშე ღონისძიების დაწყება-გაფართოება შეუძლებლად მიგვაჩნია.
გასულ საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში ტყის შემქმნელ მერქნიან სახეობათა 4-5 სახელმწიფო, დროებითი და მუდმივი სანერგე მეურნეობები არსებობდა. დღეს აღარც სატყეო არსებობს, აღარც სხვა მეურნეობა, რაც არსებობს, იქაც უმეტესად არასპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც ფიჭვს, ნაძვს, სოჭსა თუ კედარს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ და ყველაფერს ნაძვს ეძახიან. ამიტომ ვამბობ, თუ ჩემს გამოცდილებას და ნაკეთებ საქმეს დღეს რაიმე ფასი აქვს, რომ საჭიროდ მიმაჩნია (ასე მარტო მე არ ვფიქრობ, ამას დამიდასტურებს ყველა, მეტ-ნაკლებად საქმეში ჩახედული მეტყევე სპეციალისტი), აღდგეს სანერგე მეურნეობის ბაზა და ის შეძლებისდაგვარად მეტყევე სპეციალისტებით დაკომპლექტდეს, სხვაგვარად ქვეყნისთვის სასურველი შედეგი, არ გვექნება.
სიძნელეების ჩამოთვლით არ მინდა ისეთი სურათი დავხატო, თითქოს, ეს ძალიან რთული საქმე იყოს, არა, ჩემი მიზანია დასაწყისშივე კარგად გავაცნობიეროთ, ამ მეტად საშური და აუცილებელი ღონისძიების, ტყეების და ქარსაცავი ზოლების შექმნის საქმეში, რა სიძნელეების გადალახვა მოგვიწევს.
ქარდაცვითი ზოლების, ჩვენში ცნობილი სპეციალისტის, მეტყევე-მელიორატორის პროფესორ გერონტი ხარაიშვილის მიერ საქართველოში ქარების მოქმედების 3 ჯგუფია დადგენილი. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება რაიონები, რომლებიც ხასიათდებიან მძაფრი ქარებით, მეორე ჯგუფს — რაიონები, რომებიც ხასიათდება შედარებით ნაკლები და მესამე ჯგუფს — უფრო ნაკლები სიძლიერის ქარებით, რომელთა ზემოქმედება, შედარებით, ნაკლებია, მაგრამ მათი უარყოფითი გავლენა გარკვეულად მაინც მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობაზე.
სასურველია ქარდაცვითი ზოლების დამპროექტებლებმა ბატონ გ. ხარაიშვილის წიგნიდან: „მინდორსაცავი ტყის ზოლების გავლენა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობაზე და მის გაშენების აგროწესები. თბილისი-2004წ. და სხვა ნაშრომებიდან მიღებული რეკომენდაციებით ისარგებლონ.
განადგურებული ტყეების აღდგენა კი მრავალწლიანი გამოცდილებით, ძირითადად ფანჯრული და დერეფნული მეთოდებით უნდა ვაწარმოოთ, რაც ჩვენში ჯერ კიდევ შემორჩენილმა გამოცდილმა მეტყევეებმა ძალიან კარგად იციან.
/ტრისტან ჩერქეზიშვილი/,
საქართველოს დამსახურებული მეტყევე,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“