საქართველოს მეცხოველეობაში სანაშენე მუშაობის აღდგენის საკითხისთვის

სარედაქციო კოლეგიისაგან
ყოველთვიური სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ იწყებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიული გოგოლის წერილების ბეჭდვას თემაზე „საქართველოს მეცხოველეობაში სანაშენე მუშაობის აღდგენის საკითხისათვის“.
ჟურნალის სარედაქციო კოლეგია და წერილის ავტორი გთხოვთ მეცხოველეობის დარგის მეცნიერებს, პრაქტიკოს სპეციალისტებს და ამ დარგთან დაკავშირებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს მოგვაწოდოთ მოსაზრებები და შეხედულებები პრობლემის გადაწყვეტის ორგანიზაციულ ფორმებზე, გზებსა და საშუალებებზე;
წინასწარ გიხდით მადლობას გამოხმაურებისათვის.

ჟურნალახალი აგრარული საქართველოსსარედაქციო კოლეგია

(წერილი პირველი)

თანამედროვე მდგომარეობა

საქართველოში სანაშენე მუშაობის თანამედროვე მდგომარეობაზე, ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე და ჩემი მოსაზრებების ფართო საზოგადოების განსასჯელად გამოტანაზე გადაწყვეტილებას ბიძგი მისცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებულმა “საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიამ“ (2015 წ.), რომელშიც მეცხოველე სპეციალისტების ძალისხმევით სათანადო ადგილი დაიკავა სანაშენე საქმის განვითარების საკითხმა. წინამდებარე წერილების სერიის შედგენაზე საბოლოო გადაწყვეტილება კი მიმაღებინა აგრარული დარგის განვითარების პრიორიტეტებს შორის მეცხოველეობაში პირველადი წარმოების ეფექტიანობის გაზრდის საკითხის წამოწევამ, რომლის განხორციელება სანაშენე საქმიანობის აღდგენის გარეშე, ჩემი ღრმა რწმენით, წარმოუდგენელია.

თემაზე ქვეყნის ხელისუფლებისა და მეცხოველეობაში დაკავებული სპეციალისტების ყურადღების გამახვილების მცდელობა სათავეს იღებს გაცილებით ადრე, რამეთუ მიმაჩნია, რომ პროფესიული მოვალეობა, ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერებს გვავალდებულებს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ დარგში შექმნილ მდგომარეობაზე.

საზოგადოების თუ ყოველი ჩვენთაგანის ყოფაში მეცხოველეობის მნიშვნელობა განუსაზღვრელად დიდია. ამასთან დაკავშირებით მინდა მოვიტანო ამონარიდი 2015 წელს გამოცემული „ფერმერის სახელმძღვანელოს“2 ჩემ მიერ შედგენილი მეორე თავის („მეცხოველეობა“) შესავალიდან:

„…ისმის კითხვა, რა ადგილი უკავია მეცხოველეობას დღევანდელ ცივილიზაციაში?

მიმოვიხედოთ ირგვლივ და დავინახავთ, რომ ჩვენ, განურჩევლად პროფესიისა, ცხოვრების წესისა, რწმენისა, წოდებისა თუ იერარქიული მდგომარეობისა, საკმაოდ მჭიდროდ ვართ დაკავშირებული მეცხოველეობასთან: საკვები პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქალბატონებისა და მამაკაცების სხვადასხვა აქსესუარები და საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯის, აგრეთვე ავტომანქანის, მატარებლის, გემის სალონის და ა.შ. მოსაპირკეთებელი მასალები და მრავალი სხვ… ეს ყველაფერი ცხოველისგან არის მიღებული და, თავისი მნიშვნელობით, იერსახით თუ თვისებებით, შეიძლება ითქვას, განუმეორებელია, შეუცვლელია;

ეს მედლის ერთი მხარეა.

მეორეს მხრივ, საკვები პროდუქტებისა და მსუბუქი მრეწველობისთვის მნიშვნელოვანი ნედლეულის გარდა ცხოველები, ასევე, გამოიყენება სპორტულ შეჯიბრებებში და სასოფლო-სამეურნეო თუ სატრანსპორტო სამუშაოებზე ცოცხალ გამწევ ძალად, ტურისტული ლაშქრობების, სახალხო მსვლელობებისა და სანახაობების მოსაწყობად, ხოლო მათი ნაკელი მეტად ძვირფასი საშუალებაა ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად და სტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

და ყველაფერ ამას ცხოველები და ფრინველები, როგორც წესი, აწარმოებენ ისეთი ბუნებრივი რესურსების გამოყენებით, რომელსაც ადამიანი სხვაგვარად ვერ გამოიყენებდა. უფრო მეტიც, ზოგიერთი „ანარჩენის“ გასაუვნებლად ჩვენ დაგვჭირდებოდა მნიშვნელოვანი შრომითი და ენერგეტიკული რესურსების დანახარჯების გაწევა.

მაგრამ არ გვითქვამს მთავარი. მეცხოველეობა სარფიანი ბიზნესის კეთების საუკეთესო საშუალებაა, რამეთუ მის პროდუქციაზე მოთხოვნილება შორეულ პერსპექტივაშიც კი სტაბილურად მაღალი იქნება, მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპის პირობებში მსოფლიო ბაზარზე ცხოველური პროდუქტების ქრონიკული დეფიციტის გამო.

დაბოლოს, დავფიქრდეთ იმაზეც, თუ რაოდენ მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველების გარეშე“…

აქ დავამატებდი, ისტორიკოსები, ეთნოგრაფები თუ სხვა მიმართულების მკვლევარები დღემდე ცნობილი ყველა ცივილიზაციის განვითარების დონის შეფასებისას, ზოგად კულტურულ ღირებულებებთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მეცხოველეობის განვითარების დონეზე მოპოვებულ მონაცემებს.

მიუხედავად აღნიშნულისა, ზოგიერთი ქართველი „მეცნიერის“ თუ სხვადასხვა ჯურის „ექსპერტის“პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ თემაზე გამოსვლებსა თუ პუბლიკაციებში ვკითხულობთ, რომ „აგრარულ სექტორს (ე.ი. მათ შორის მეცხოველეობას) მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ… 5-10% წილი უკავია და არ არის არავითარი აუცილებლობა რამდენადმე მნიშვნელოვანი ყურადღება მივაქციოთ ამ სფეროს“.

ბატონებო, „ეკონომისტებო“, „ექსპერტებო“ და ზოგადად საზოგადოებავ… კარგად დაფიქრდით და მიხვდებით, რომ სწორედ ეს „მცირე წილი“ არის საძირკველი, საფუძველი, მას ქართველები „სარჩო-საბადებელს“ ვუწოდებთ, ხოლო დანარჩენი ყველა არის ზედნაშენი და თუ საძირკველი მყარი, ან საერთოდ არ არის, რა ეკონომიკაზე საუბრობთ?.. არ გავაგრძელებ, თვითონ განსაჯეთ...

ამავე მიზეზით საფუძველშივე მცდარია მოსაზრება „უცხოეთიდან შემოვიტანთ“; გავიმეორებ, შესაძლებელია, „გაცვეთილ ფრაზას“: ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, მითუფრო ისეთი რთული გეოპოლიტიკური მდებარეობისა და გარემოცვის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლოდ აუცილებელია მომხმარებლის საკუთარი წარმოების სურსათით მაქსიმალურად დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;

ზოგადად სოფლის მეურნეობის და მათ შორის მეცხოველეობის მნიშვნელობის შეფასებისას გასათვალისწინებელია ის, რომ მსოფლიო მოსახლეობის 1/3 შიმშილის ზღვარზეა, ან შიმშილობს და ამის გამო სურსათის ბაზარი, პროდუქციის მიწოდება და მისი ფასები, სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება.

პრობლემის კიდევ მეტად გამწვავება, ასევე, მოსალოდნელია პროგნოზირებული გლობალური დათბობის „პერსპექტივის“ პირობებში.

ამდენად შევთანხმდით, რომ მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება ნებისმიერი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. მაგრამ არ გვითქვამს რა წინაპირობები არსებობს, რომ ეს წარმოება იყოს ეფექტური… ამის გარეშე ხომ განვითარება, ზრდა და კონკურენტუნარიანობა წარმოუდგენელია.

საქართველოს მეცხოველეობაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე პირველი პუბლიკაცია სათაურით „როდის მივხედოთ მეცხოველეობას“, გამოვაქვეყნე ჯერ კიდევ, 1996 წელს (ჟურნალი „კვალი“, №1, გვ. 29-33). ჩემი კოლეგებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის პრობლემის შეხსენების მეორე მცდელობა იყო სოფლის მეურნეობის აკადემიურ დოქტორთან, ბატონ ავთანდილ ჩაგელიშვილთან ერთობლივი პუბლიკაცია „საქართველოს მეცხოველეობა ხხჳ საუკუნის პირველ ათწლეულში და მისი განვითარების პერსპექტივები“ (ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“, 2013 წლის ივლისი, №7 (27), გვ. 29-33).

ამავე პერიოდში მრავლად გამოქვეყნდა დარგის ბედით დაინტერესებული პროფესიონალების, პრაქტიკოსებისა, თუ მკვლევარების საგაზეთო წერილები და სამეცნიერო პუბლიკაციები. ჩემთვის ცნობილია, ასევე, მათ მიერ ქვეყნის ხელისუფლებისადმი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მესვეურებისადმი გაგზავნილი წერილების შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ… ბოლო პერიოდამდე საქმე ადგილიდან არ დაძრულა.

სასოფლო-სამეურნეო მეცხოველეობის პრობლემები გამწვავდა დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველი წლებიდან, როდესაც „საზოგადოებრივი ქონების პრივატიზაცი“-ის მოტივით და მოქმედი კანონმდებლობის სრული უგულვებელყოფით განიავებული იქნა სანაშენე მეცხოველეობის მატერიალური ბაზა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს მარტო საქართველოს ხელისუფლების „დამსახურება“ არ იყო. მასში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საერთაშორისო ორგანიზაციების თუ განვითარებული ქვეყნების დონორი ორგანიზაციების მიერ წარმოგზავნილმა ემისრებმა, რომლებიც იმ დროისთვის შექმნილი ქაოსიდან თავის დაღწევაში ეხმარებოდნენ რა ქვეყანას, იმავდროულად, ხელისუფლებას „ურჩევდნენ“ რა უნდა ეკეთებინა და რა არ იყო საჭირო.

აქ ეგების მოვიტანო ამონარიდი ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტთან ბატონი ჯუმბერ პატიაშვილის ინტერვიუდან: „…მთავარი ტრაგედია იწყება 1990 წლიდან, როცა მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოს, ასევე კარნახობდნენ, უნდა გააკეთო ეს, უნდა გააკეთო ის… მაგრამ არ უნდა განახორციელო არავითარ შემთხვევაში სელექციური მუშაობა, ეს არ გჭირდებათ. არადა, ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი სკოლა…“

შეიძლება ეს შეფასება მავანს გაზვიადებულად მოეჩვენოს, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ მსგავს შემთხვევასთან შეხება მქონდა მეც, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სისტემაში მუშაობისას; იმ პერიოდში აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი სანაძისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ოთარ ნათიშვილის გადაწყვეტილებით მეცხოველეობის ბიოლოგიური საფუძვლების სამეცნიერო-კვლევით სექტორს დაევალა პოსტსაბჭოური სივრცის თანამეგობრობის ქვეყნებში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის (TaCIS _ Technical assistance to the Commonwealth of Independent States) მიერ დამუშავებული საქართველოში აგრარული სექტორის განვითარების სტრატეგიის მეცხოველეობის ნაწილის შეფასება; ამ დოკუმენტზე დეტალური საუბარი შორს წაგვიყვანს, ზოგადად კი ვიტყვი, რომ ის შეიცავდა დარგში არსებული მდგომარეობის დამახინჯებულ ფაქტებს, წარმოუდგენლად უზუსტო ანალიზს, ხოლო სანაშენე მუშაობასთან, ზოგადად და, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა სელექციასთან დაკავშირებით რეკომენდებული იყო ევროპის ქვეყნებში სელექციის მიღწევების (არა მეთოდოლოგიის, არამედ შედეგების!) პირწმინდად გადმოტანა-გამოყენება. ამის გამო ჩვენი დასკვნა იყო მკვეთრად უარყოფითი, თუმცა, ის უცვლელად მიღებული იქნა ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლების მიერ ისე, რომ განხილვაზე არც მიგვიწვიეს.

არ ვიქნები მართალი თუ ვიტყვი, რომ 90-იან წლებამდე სანაშენე-სასელექციო საქმიანობის მიმართულებით ქვეყანაში ყველაფერი იდეალურად იყო აწყობილი. იმავდროულად საზოგადოებრივ მეცხოველეობაში იყო პრაქტიკულად ყველა სახეობისა და ჯიშის ცხოველთა სამშენებლოები, სანაშენე მეურნეობებისა და ფერმების ფართო ქსელი, აგრეთვე ჯიშთსაშენებისა თუ ხელოვნური განაყოფიერების სადგურების საკმაოდ კარგად ორგანიზებული სისტემა; პროცესს კი, თავის მხრივ, არეგულირებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, რომლის დაკვეთით, ქვეყნის წამყვანი მეცნიერების მიერ მუშავდებოდა ცალკეულ სახეობებთან და ჯიშებთან სასელექციო-სანაშენე მუშაობის პროგრამები და გეგმები, ინერგებოდა ახალი მიდგომები და სხვ.

ამ სისტემის თუ სანაშენე მუშაობის ქსელის მუშაობის ავკარგიანობაზე, მის ნაკლოვან მხარეებსა და გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ცალკე თემაა. აქ შევჩერდები მხოლოდ ზოგიერთ შედეგზე: ქართველი სელექციონერების მიერ გამოყვანილი იქნა იმ დროისთვის უნიკალური ქართული ნახევრადნაზმატყლიანი-ცხიმკუდიანი და ქართული ნაზმატყლიანი-ცხიმკუდიანი ცხვრის, აგრეთვე ძროხის კავკასიური წაბლა ჯიშები, მიმდინარეობდა კვლევები და იდგმებოდა პრაქტიკული ნაბიჯები, რომელთა საფუძველზე საგრძნობლად გაუმჯობესდა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების სამეურნეო-ბიოლოგიური თვისებები, ნელი ტემპით, მაგრამ იზრდებოდა მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება.

იმავდროულად აღვნიშნავ, რომ იმ სისტემის მთავარ ნაკლად უნდა ჩაითვალოს ის, რომ ამ სქემიდან პრაქტიკულად „ამოვარდნილი“ იყო კერძო სექტორი, ანუ მუშა-მოსამსახურეებისა და გლეხობის პირად დამხმარე და საოჯახო მეურნეობებში მოშენებული ცხოველები, რომლებიც საერთო სულადობის დაახლოებით 3/4-ს, ზოგიერთ სახეობაში კი მეტსაც შეადგენდა; სწორედ ეს იყო განვითარების დაბალი ტემპების მიზეზი.

რაც შეეხება დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ პერიოდს, უნდა აღინიშნოს, რომ გასული 26 წლის მანძილზე ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან დარგისადმი უყურადღებობისა და სასოფლო-სამეურნეო მეცხოველეობაში სასელექციო-სანაშენე მუშაობის იგნორირების ნაყოფს ვიმკით დღეს. მოვიტან რამდენიმე მაგალითს:

ცხოველთა სულადობის დინამიკასა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებაზე მონაცემთა1 ანალიზი, ერთი შეხედვით, წარმოაჩენს ცალკეული მიმართულებით გარკვეულ პროგრესს (ცხრილი 1 და 2): კერძოდ, ბოლო 5 წლის მანძილზე აღინიშნება როგორც ცხოველთა სულადობის, ასევე მეცხოველეობის პროდუქციის: რძის, ხორცის, კვერცხისა და მატყლის წარმოების სტაბილურად ზრდა…

მეცხოველეობის დარგის მდგომარეობისა და პროდუქციის წარმოებაში ასეთი სურათი შეიძლება დადებითად შეგვეფასებინა, მაგრამ, იმავე სტატისტიკური პუბლიკაციის მონაცემებით, ხორცისა და კვერცხის წარმოების საერთო მოცულობით დღეს საკმაოდ დიდი ჩამორჩენაა 1990 წლის შედეგებთან შედარებით და მხოლოდ რძის წარმოებაში გვაქვს უმნიშვნელო მატება. აქვე შევნიშნავ, რომ რძის წარმოების მატება, ძირითადად, განპირობებულია ფურებისა და ფურკამეჩების სულადობის ზრდით და არა მათი საშუალო პროდუქტიულობის რამდენადმე მნიშვნელოვნად გადიდებით.

გაცილებით მძიმე სურათი იხატება ბოლო 15 წელიწადში ცხოველთა საშუალო პროდუქტიულობაზე მონაცემთა ანალიზისას (ცხრილი 3). საქმე ის არის, რომ:

  1. 2000 წლიდან გასულ პერიოდში საქართველოში ფურის საშუალო მონაწველი გაიზარდა 409 კგ-ით და შეადგინა 1344 კგ; აქ მოვიტან ასეთ შედარებას: ევროგაერთიანების ქვეყნების უმეტესობაში ფურების საშუალო მონაწველმა უკვე კარგა ხანია გადააჭარბა 7000 კგ რძეს და ქვეყნის მესვეურებს უხდებათ გარკვეული ძალისხმევა ჭარბწარმოების, ანუ მოთხოვნილებასა და დაკმაყოფილებას შორის დისბალანსის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ მარტო ასეთი ჩამორჩენა არ არის ტრაგედია. ბოლო 15 წლიან პერიოდში საქართველოში მონაწველის საშუალო წლიურმა მატებამ სულ რაღაც 27 კგ, შეადგინა, ხოლო ბოლო 5 წელიწადში _ მხოლოდ 14 კგ. ეს ნიშნავს, რომ:

ზრდის ასეთი „ტემპის“ შემთხვევაში რძითა და რძის პროდუქტებით ქვეყნის შიდა ბაზრის დასაკმაყოფილებლად ჩვენ დაგვჭირდება… 45 წელზე მეტი.

  1. კატასტროფულად დაბალია და წლიდან წლამდე მცირდება საშუალოდ 1 სული ძროხიდან, ნეზვიდან, ნერბიდან`დედალი თხიდან წარმოებული ხორცის რაოდენობა. არსებული მონაცემებით, მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ყოველი 1 სულიდან წელიწადში აწარმოებენ 3-ჯერ უფრო მეტ პროდუქციას, ვიდრე ჩვენში არის „მიღწეული“. რაც შეეხება ბოლო 5 წელიწადში ხორცის წარმოების საშუალო წლიური ზრდის ტემპს, ის შეადგენს 1,14 კგ-ს (დაკლული მასა), ანუ ასეთი ზრდის პირობებში:

ამდენად, მოსახლეობის რაოდენობის დღევანდელ დონეზე დარჩენის შემთხვევაშიც კი, ხორცით და ხორცპროდუქტებით მოთხოვნილების დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნება 41 წლის შემდეგ;

როგორც ვხედავთ პერსპექტივა მეტად არასახარბიელოა;

არაფერი მითქვამს მატყლის წარმოება-რეალიზაციაში აღნიშნულ პრობლემებზე, თუმცა საფიქრებელია ის, რომ მიუხედავად მსოფლიოს და ქვეყნის შიდა ბაზარზე ამ ნედლეულზე მოთხოვნილების შემცირებისა, საქართველოს ტრადიციული მეცხვარეობის რაიონების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის კეთილდღეობა, გარკვეულწილად დამოკიდებულია, მათ შორის, ამ დარგის მწარმოებლურობის ამაღლებაზეც.

მიუხედავად ასეთი არასახარბიელო სურათისა, 2015 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყნის შიდა ბაზრის ე.წ. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა და შეადგენს: რძის და რძის პროდუქტების _ 88%-ს, ხორცისა და ხორცპროდუქტების _ 47%-ს, ხოლო კვერცხის _ 99%-ს.

ამ მონაცემების ანალიზი ბუნებრივად წარმოშობს კითხვას: რამდენად შეესაბამება საქართველოს მცხოვრების მიერ მოხმარებული მეცხოველეობის პროდუქტების საშუალო რაოდენობა მსოფლიო ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციების (WhO, faO) მიერ დადგენილ ნორმებს?

გათვლები გვიჩვენებენ, რომ ჩვენში ერთი მოქალაქე საშუალოდ მოიხმარს აღნიშნული ნორმის 56,7% რძეს/რძის პროდუქტებს, 56,0% ხორცს`ხორცპროდუქტებს და 61,2% კვერცხს1.

ფაქტიურად კი მოხმარებული ცხოველური პროდუქტების ხვედრითი წილი ზემოთმოყვანილ მაჩვენებლებზე გაცილებით ნაკლებია, ვინაიდან ამ გაანგარიშებაში გათვალისწინებული არა მაქვს მოგზაურების, ტურისტებისა და დამსვენებლების მრავალმილიონიანი არმია, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება.

და ეს მაშინ, როდესაც ცნობილი ევროპელი ექსპერტების გათვლებით საქართველოს შიდა რესურსები იძლევა საშუალებას გამოვკვებოთ 10 მლნ-ზე მეტი ადამიანი.

გარემოებათა ანალიზი მაძლევს საფუძველს გამოვთქვა მოსაზრება, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებაში არსებული პროგრესი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობა და განხორციელებული ინვესტიციები, ხოლო ცხოველური საკვები პროდუქტების წარმოებაში არსებული დეფიციტისა და მისი დაბალი კონკურენტუნარიანობის ძირითადი მიზეზი არის სახელმწიფოსა და ფერმერების მიერ სანაშენე-სასელექციო საქმიანობის უგულვებელყოფა. ჩემი აზრით, ეს სხვაგვარად ვერ აიხსნება!

ამასთან, თუ ფერმერების შემთხვევაში ეს შეიძლება უცოდინრობას ან „იოლად ფონს გასვლის“ მცდელობას მიეწეროს, სანაშენე საქმის უდიდეს მნიშვნელობას მეცხოველეობის განვითარებაში უნდა აცნობიერებდეს სახელმწიფო, რომელიც კანონმდებლობით, უწყებრივი დადგენილებების დონეზე და სხვა ღონისძიებებით უნდა იღებდეს ადეკვატურ ზომებს და ატარებდეს მას ცხოვრებაში.

არასპეციალისტებისთვის გასაგები რომ იყოს, განვმარტავ: სანაშენე მუშაობა არის ორგანიზაციულ-სასელექციო და სამეურნეო ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია ცხოველის სანაშენე ღირსებისა და პროდუქტიული თვისებების გაუმჯობესებისკენ! ამ ღონისძიებებში შედის როგორც მოვლა-შენახვისა და კვების პირობების ცხოველთა ორგანიზმის ბიოლოგიურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე, სელექცია. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, გულისხმობს ჯიშში, ნახირში, ჯოგში, ფარაში ან კოლტში საუკეთესოების გადარჩევისა და შესაწყვილებელ ფორმათა მიზანდასახული შერჩევის საფუძველზე ცხოველთა გენეტიკური პოტენციალის გაუმჯობესებას. სელექციას, სანაშენე მუშაობის ღონისძიებათა ერთობლიობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, ვინაიდან სასურველი ნიშან-თვისებების გამოვლენა-განმტკიცების საფუძველზე უზრუნველყოფს ცხოველთა ნაყოფიერებისა და პროდუქტიულობის გადიდებას, აგრეთვე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სანაშენე საქმის სხვა ღონისძიებებისგან განსხვავებით, სელექციის თავისებურება არის ისიც, რომ ცალკე აღებულ, თუნდაც მრავალრიცხოვანი სულადობის მქონე და ეკონომიკურად ძლიერ ფერმერულ მეურნეობაშიც კი, სხვა ფერმერების, ჯიშის მომშენებელი ასოციაციების, გაერთიანებების და`ან ქვეყნების გამოცდილებისა და მიღწევების გაცნობიერებისა და გამოყენების გარეშე სათანადო ეფექტის მიღწევა გაცილებით ძნელია.

სელექციის მნიშვნელობა, მისი ორგანიზაცია, ამ სფეროში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, მუშაობის პროცესში გადაწყვეტილებათა მიღების თავისებურებები და მიღწეული შედეგების გავრცელება საკმაოდ ვრცელი საუბრის თემაა და მომდევნო, მეორე წერილში განვიხილოთ.

გიული გოგოლი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“