მიწა ქართველთა ეროვნული საუნჯე და მარადიული სამკვიდროა
„საქართველოს სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომ კანონით დაუშვას თავისი მიწის გაყიდვა უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე და იურიდიულ პირებზე”!
საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია ქართველი ხალხის ორგანული სოციალურ–ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეთნო–ფსიქოლოგიური და ეთნო–კულტურული კანონზომიერი განვითარების შედეგია იმ მიწაზე, სადაც შეიქმნა ამ მიწის ერთადერთი ავტოქთონური მოსახლე – ქართველი ხალხი.
მიწა ხალხისთვის (ერი) მისი ყოფიერების ტერიტორიაა, ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც. იგი სასიცოცხლოდ აუცილებელი ბაზაა, რომელიც არსებითად განსაზღვრავს ქვეყნის ყოველმხრივი დამოუკიდებლობის ხარისხს და ფაქტობრივად წარმოადგენს მოცემულ სივრცეში ერის (ხალხი) სულისდგმისა და შემოქმედების აუცილებელ პირობას.
„საქართველოს სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომ კანონით დაუშვას თავისი მიწის გაყიდვა უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე და იურიდიულ პირებზე”.
ფილოსოფიური არგუმენტები
რიგორიზმი ანუ პრინციპი და პრაქტიკა ამა თუ იმ (ძირითადად, მორალური) წესის, შეხედულების ან მრწამსის აბსოლუტურად განუხრელი მიყოლისა არ არის და ვერ იქნება ვერც ინდივიდის, ვერც საზოგადოების და ვერც სახელმწიფოს რეალურ არჩევანთა მარეგულირებელი ერთადერთი ფაქტორი. მაგალითად, რიგორისტული მიყოლა პრინციპისა fiat Justitia, pereat mundus (აღსრულდეს სამართალი, თუნდ დაიღუპოს ქვეყნიერება) ვერ მოიტანს პრაქტიკულ გადაწყვეტილებას „გამოვარკვიოთ ვინ მოიპარა ერთი კილო კიტრი, თუნდ ამისთვის დაგვჭირდეს მთელი პლანეტის აფეთქება”. ყოველდღიურ ცხოვრებაში, პირველ ყოვლისა – ფუნდამენტური ეთიკური და პოლიტიკური შინაარსის მქონე გადაწყვეტილებათა მიღების საქმეში არის სავსებით ლოგიკურად ფორმულირებული და გონებისათვის თავისთავად ცხადი (ევიდენტური) პრინციპები, რომლებიც ფუნქციონირებენ და უნდა ფუნქციონირებდნენ, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. რეგულატიური იდეები ანუ ჩვენი მორალური ცნობიერებისათვის უჭოჭმანოდ მისაღები დებულებები, რომელთაც უნდა მუდამ ვითვალისწინებდეთ, როგორც ვერშესაკამათებელს, თუმცა ვერ გამოვიყენებთ მათ ჩვენი პრაქტიკული მოქმედების საფუძვლად (მათ შინაარსში ჰიპერბოლური და მეტაფორული მომენტის მონაწილეობის გამო).
ამგვარ რეგულატიურ იდეათა რიცხვს ეკუთვნის ის ფორმულირებაც, რომ ადამიანები თანასწორნი ვართ. პრაქტიკიდან ვიცით, რომ თანასწორნი არა ვართ (ზოგი დიდი ვართ, ზოგი პატარა, ზოგი ჭკვიანი, ზოგი – ნაკლებად და ა.შ.). ამ უთანასწორობის ფაქტზე რეაგირებისათვის დღევანდელ საკაცობრიო ცივილიზაციაში სახელმძღვანელოა ისტორიულად ქრისტეს მიერ ჩვენთვის სწავლებული პრინციპი, რომ, თუმცა ზოგ პარამეტრში ადამიანები თანასწორნი არა ვართ, ზოგში ვართ – გვაქვს თავისუფალი ნება, არსებობის სურვილი და უფლება, ცოდვა–მადლის ცნება (და მათი გარჩევის უნარი) და სხვა და სხვა, და რომ ჩვენში მთავარია – ჩვენი ადამიანობის არსია – ჩვენი სწორედ ეს თვისებები, რომლებშიც თანასწორნი ვართ. ჩვენი ამ პარამეტრების ჩამონათვალში, რომლებში თანასწორობაც ჩვენს ადამიანობას შეადგენს და ქმნის, არ შედის და არასოდეს არ შევა საზოგადოების რაგინდარა გონებრივი დაბნელების პირობებში ჩემი უფლება, რომ მე – ჩემი ქვეყნის მქონემ – კანონით მივიღო უფლება, რომ გავიდე ნებისმიერი უცხო ქვეყნის ღია ბაზარში და, ჩემი სიმდიდრისა და იქაურების სიღარიბის გამოყენებით, მიწა შევიძინო ანუ პოზიციები მოვიპოვო. ეს ჩემსა და იმ ქვეყნის მოქალაქეებს შორის უმწვავეს უთანასწორობას შექმნის და შესაძლებელია, ღრმა მორალის კაცს ეს სიტუაცია მკრეხელობად მოეჩვენოს. ამგვარი ნორმა (მიწის უცხოეთში ყიდვა) ბევრგან არსებობს უმტკივნეულოდ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ადგილობრივი და უცხოელი დაახლოებით ერთნაირად კონკურენტუნარიანნი არიან. საქართველოში კი დღეს კონკურენტუნარიანი მუშტარი მიწის ბაზარში არცერთი ადგილობრივი მოქალაქე არ არის. საქართველოში მიწის ბაზარში უცხოელის შეშვება იგივეა, რაც ბაკში მგლების ხროვისა ( ან, უარეს, მაგრამ მაღალალბათ შემთხვევაში საგანგებოდ წინასწარ ინსტრუქტირებული დაგეშილი მგლების ორგანიზებული რაზმისა).
სიტყვა „თანასწორი” უაზრო (უშინაარსო) იქნება, თუ მასში წინასწარ ნაგულისხმევი არ გვექნება, თუ რომელ კონკრეტულ პარამეტრებს ვგულისხმობთ (რაში ვართ თანასწორნი?). ამ სიტყვას პრაქტიკაში ვხმარობთ ხოლმე ძირითადად ეთიკური და იურიდიული აზრით („თანასწორნი ღვთის წინაშე”, „თანასწორნი კანონის წინაშე” და ა.შ.). პეტრეს და პავლეს არა აქვთ ერთიდაიგივე უფლებამოსილებები არც პეტრეს მეუღლის და არც პავლეს მეუღლის მიმართ. მე ვერ ვიქნები ჩემი მოპიდაპირე მეზობლის თანასწორი ჩემს უფლებებში ვერც ჩემი თუთის ხის მიმართ, ვერ მისი კაკლის ხის მიმართ. ეს ისევ აბსურდი იქნება.
კაცობრიობას თავისი ისტორიული განვითარების პროცესში თანდათანობით გაცნობიერებული აქვს, რომ არის რაღაცა ისეთი მოთხოვნილებები (სულიერიც და მატერიალურიც), რომლებსაც ვერ შეველევით და რომლებიც, შესაბამისად, ყველას ერთნაირად გვეკუთვნის, ანუ გვაქვს უფლებები, რომლებიც ვერავინ უნდა წაგვართვას. ასეთია, მაგალითად, ადამიანის უპირველესი ადამიანური უფლება – თავისუფლება, აგრეთვე, ჩვენი საყოველთაო უფლება, რომ ვიცოცხლოთ, რომ ლუკმა გვქონდეს (თუმცა ამ ბოლო შემთხვევაში არ არის ცალსახად გარკვეული, ვის უნდა მოვთხოვო, თუ ეს ლუკმა ვერ მოვიპოვე, ჩემთვის ამ ლუკმის მოწოდება). შეუვალია ჩემი უფლება, რომ ჩემს მოქმედებათა ყველანაირ განკითხვაში მქონდეს ჩემი უდანაშაულობის პრეზუმპცია, და მრავალი სხვა. ეს, არსებითად, თითებზე ჩამოსათვლელი უფლებები რომ გაიცნობიერა და ფაქტობრივად დააკანონა, ამაში კაცობრიობის დიდი ძალისხმევა, სისხლი და ცრემლი ჩაიღვარა. ახალ–ახალი ამგვარი უფლებები ბალახივით თავისით არ ამოვა. ყოველ მათგანს ძალისხმევა, შრომა, ბრძოლა, ურთიერთკამათი და რეალობასთან ათასწლიანი შეჯერება დასჭირდება. არ არსებობს არანაირი შანსი იმისა, რომ ადამიანის ამ რჩეულ მოთხოვნილებათა და, შესაბამისად, უფლებათა რიცხვში აღმოჩნდეს „სხვა ქვეყნის მოქალაქესთან თანასწორობა მის ქვეყანაში ჩემ მიერ მიწის ყიდვაში”. ფილოსოფიური თვალსაზრისით, ანუ ადამიანის, სოციუმის, უფლების, მოვალეობის, თავისუფლების, იძულების, პიროვნების, მოქალაქის და უამრავი სხვა ცნების თავლსაზრისით, ეს თანამედროვე საზოგადოებისათვის ისეთივე მიუღებელი აბსურდია, როგორიც იქნებოდა, ვთქვათ, პრომისკუიტეტის აღდგენა ან ჩემ მიერ მოკლული მეზობლის – რაკი იგი ჩემი ნადავლია – ჩემ მიერ შეჭმის უფლების აღდგენა.
სოციოლოგიის ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ რაგინდარა ერთგვაროვან მასაში დროთა (საკმაოდ მცირე) მანძილზე ყალიბდება საერთო საცხოვრებელი და სოციალური სივრცის იმგვარი ნაკვეთები („ბელტები”, clusters), რომელთა შიგნითაც კავშირ–ურთიერთობები (და, მაშასადამე, ღირებულებრივი, მსოფლხედვითი, აგრეთვე ფსიქოლოგიური ურთიერთბმაც) უფრო ინტენსიურია, ვიდრე თვით ჯგუფსა და მეორე ჯგუფს შორის, ანუ მასა იყოფა „ჩვენ”-ჯგუფად და „ისინი”-ჯგუფად. არაფრით არგამართლებადი უტოპიაა, რომ ამ ერთობლივ სივრცეში შემომატებულ კულტურულად და ენობრივად უცხო ჯგუფს, მესაკუთრის სტატუსით შემოსულს, ექნება იგივე ფსიქოლოგიური ბმა ძველ მოსახლე ერთან, რაც ამ უკანასკნელს ერთი აქვს თავის შიგნით. ქვეყანაში, რომელსაც უზარმაზარი სხვაეროვანი და სხვაენოვანი ანკლავები ჰყავს და ამასთან ერთად, მოსახლეობის 20% დღეს შინაგან ლტოლვილთა სტატუსში ჰყავს, ეს შინაგანი მწვავე კონფლიქტის წყაროა, ხოლო ამ ახალი მოსახლეობის საკმარისად გამრავლების შემდეგ – უმძაფრესი ეთნიკური კონფლიქტისაც.
დემოგრაფიული და მასთან კომბინაციაში მყოფი ჰუმანიტარული არგუმენტაცია
პრიმიტიული (მეცნიერებამდელი) თავლსაზრისით, რომელიც სავსებით კანონზომიერად ვულგარული მატერიალიზმით ხასიათდება, მიწა არის ადამიანების მხოლოდ გამოკვების საშუალება. რეალურად, თითქოს, მიწის გამოყენების სისწორე ანუ რაციონალურობა იზომება მხოლოდ იმით, თუ რამდენი და რა ხარისხის პროდუქტი მისცა მან კაცობრიობას. ეს თვალსაზრისი არასრულია (ცალმხრივია), და, ამდენად, პრიმიტიულიც. ჯერ ერთი, ადამიანი „არა პურითა ხოლო ცხოვნდების” ანუ მხოლოდ პურით არ საზრდოობს. მას აქვს ის თვისება, რომ ეძებს ცხოვრების მაღალ ხარისხს, რაშიც იგი გულისხმობს არა მხოლოდ ხარისხიან საჭმელ–სასმელს, არამედ ამ ცხოვრებაში საკუთარი თავის მაქსიმალურ რეალიზაციას, აზრს, მისთვის ბუნების მიერ მოცემული უნარების მაქსიმალურად სრულ გამოყენებას, ამ ცხოვრებაში კვალის დაჩენას, სახელს, პატივს, კეთილსაქმეს, გამრავლებას, შთამომავლობის განათლებას, განვითარებას და მისი მოდგმის ხარისხის ყოველმხრივ ამაღლებას. მიწა არის ადამიანის ცხოვრების, გაზრდის, გახარების, განვითარების, მისი ჯიშისა და მოდგმის სრულყოფისა და გათამამების ასპარეზი. ამ ფუქნციას მიწა ასრულებს, ძირითადად, როგორც სოფლური გარემო, სადაც ბავშვი მიწასაც ხნავს, მარწყვსაც თავისი ხელით კრეფს და ჭამს, მელა–კურდღელზეც ნადირობს და მთაშიც ბალახს თიბავს. სოფელი ერის (და ქართველი ერისა – განსაკუთრებით) ძირითადი საცხოვრებელი, განსავითარებელი, თავსარეალიზებელი, აღსაზრდელი და გამთამამებელი გარემოა. ყოველი გოჯი ამ გარემოსი, რომელიც უცხო მოქალაქეზე გაიყიდება, ამ მომენტიდან ემატება იმ უცხო მოქალაქის ცხოვრების, თვითრეალიზაციის, გამრავლების, გალაღების, თვითგანვრცობის და ხარისხობრივი ზრდის სივრცეს და, ამგვარად, აკლდება ქართველი ერისა და საქართველოს მოქალაქეთა შესაბამის სივრცეს.
ეკონომიკური არგუმენტაცია
როცა მიწა გადის ღია ბაზარში, რომელზეც კონკურენტუნარიანი ადგილობრივი არ ფიგურირებს, მაშინ გარდუვალი შედეგია ის, რომ ადრე თუ გვიან (პრინციპში) მთელი მიწა უცხოელისა ხდება, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა განუკურნელი დაუსაქმებლობის პირობებში, ემიგრაციაში იფანტება. ეს ერის ერად არსებობის დასასრულია. შევნიშნავთ ფრჩხილებში: ევროპის ბანკის რეკომენდაცია ნასაბჭოვარი ქვეყნებისათვის არის თავისუფალი ეკონომიკის განვითარებისათვის სოფლის მეურნეობაში მიწათსარგებლობის არა ერთი (საკუთრებითი) არამედ ორივე ფორმის გამოყენება: საკუთრებისა და გასხვისებადი იჯარისა.
საქართველოში არის (დღესაც) საკმარისი სოფელში დარჩენილი მოსახლეობა შესაბამისი სასოფლო–სამეურნეო შრომითი ჩვევებით, რათა გააცოცხლოს სოფლის მეურნეობა მთლიანად (ამ ამოცანას სჭირდება 300 ათასი თვითმოქმედი მუშახელი, არის სამჯერ ამდენი და უფრო მეტი). ამიტომ საქართველოს სოფლის მეურნეობას დამატებითი მუშახელი არ სჭირდება.
დაბანდება საქართველოს სოფლის მეურნეობას სჭირდება მხოლოდ
– სასოფლო–სამეურნეო მანქანათა პარკის (შევარდნაძის მიერ თურქეთში გაყიდულის) აღდგენისთვის;
– ახალი ტექნოლოგიების შემოტანისათვის (რაც, არსებითად, მხოლოდ საექსპორტოდ განკუთვნილ პროდუქციას სჭირდება და მხოლოდ გარეთ კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის). საქართველოს დღეს გამოკვებას ეს არ სჭირდება. დარგობრივად დაბანდება სჭირდება სასოფლო პროდუქციის გადამუშავებას (საკონსერვო წარმოება და ა.შ.).
დასკვნაა: საქართველოში სოფლის მეურნე მუშახელის შემოყვანა არის მხოლოდ სამუშაო ადგილთა შემცირება და არა წარმოების განვითარება. ეს პოლიტიკა არის დივერსია.
სამართლებრივი მხარე (პრეცენდენტური სურათი)
ყველა განვითარებული ქვეყანა აღიარებს, რომ მიწა არ არის საქონელი ამ სიტყვის ჩვეულებრივი აზრით. ეს არის სასიცოცხლოდ საჭირო წარმოების სასრული ბაზა, რომლის მფლობელობის და განკარგვის პოლიტიკას მართავს არა ეკონომიკა და შემდეგ სტრატეგია, არამედ სტრატეგია და შემდეგ ეკონომიკა. არ არის განვითარებული ქვეყანა, რომელსაც თავისი მიწა ღია ბაზარში გაჰქონდეს მასობრივად და სტრატეგიული დათქმების გარეშე. მიწათსარგებლობის განზრახული კანონპროექტი – მიწის გაყიდვა უცხოელებზე პრაქტიკულად მთლიანად – არის შეგნებული ძირის გამოთხრა ერისა და სახელმწიფოსთვის (დივერსია).
დასკვნა
არ არსებობს არანაირი საფუძველი – არც ეკონომიკური, არც (ადამიანის) უფლებადაცვითი, არც დიპლომატიური – რომელიც საჭიროდ ხდიდეს საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვის კანონით დაშვებას. არსებობს ცალსახად ობიექტური საფუძველი პროგნოზისათვის, რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვის დაშვება განაპირობებს ქართველი ერის მთლიან ექსპროპრიაციას მიწისაგან, მის მასობრივ ემიგრაციას და მიწათმოქმედთა ახალი უცხო მასის იმიგრაციას ანუ ქართველი მოსახლეობის ჩანაცვლებას ახლით – არაქართველით, ანუ საქართველოს, როგორც ქვეყნის სიკვდილს ორ–სამ თაობაში.
რეკომენდაცია
დაკანონდეს, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობაში არსებობს თავისუფალი ეკონომიკის ფარგლებში მიწათსარგებლობის ორი პრინციპი – საკუთრება და ხანგრძლივადიანი (15-25წ.) იჯარა.
დაკანონდეს, რომ მიწის მიმართ არ არსებობს არავითარი jus utendi et abutendi – გამოყენებისა და ბოროტად გამოყენების ანუ გაფუჭების უფლება, გაცდენის და არადანიშნულებისამებრ გამოყენების ჩათვლით.
უცხოელზე მიწის იჯარით გადაცემა დაშვებული იქნას მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ვალდებულებით, მკაფიოდ დასაბუთებული საგანგებო საჭიროების საფუძველზე და სათანადო გადაწყვეტილება მიიღებოდეს შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო ორგანოს და პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტის მიერ კონსიგნაციის პროცედურის გამოყენებით.
შესაძლებლობა საქართველოში უცხოელი მიწათმოქმედი პირებისათვის მიწის საკუთრებაში გადაცემისა, კანონდებლობაში სულაც არ უნდა არსებობდეს (ამ მოვლენის ჩვენს პირობებში სრული უაზრობისა და თვალშისაცემი საშიშროების გამო). მიწის მიყიდვა უცხოელებზე დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში (თუ არსებებს პოლიტიკურ-სოციალური ინტერესი და გარანტირებულლი საზოგადო სიკეთე), შესაბამისი გადაწყვეტილების მოტივაცია ხდება მხოლოდ ფორმულირებით: „სასიცოცხლო სტრატეგიული საჭიროებისათვის” და გადაწყვეტილების მიღება ხდება პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობით.
შენიშვნა პირველი: შემოტანილი კანონპროექტის მოტივაცია მოიაზრება (აიხსნება) მხოლოდ ოთხი მოტივით. ყველა მათგანი არასაპატიოა.
პირადი კორუფციით. განზრახულ კანონს ოდნავ სტაბილიზაციისთანავე მოჰყვება განუკითხავი სპეკულაცია მიწით, რომელიც ასტრონომიულ მოგებას უქადის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს.
კორპორაციული კორუფციით. გაკოტრებულ ხელისუფლებას მიწის გაყიდვით (რადგან გასაყიდი სხვა აღარაფერი დარჩა) უნდა ღია ფინანსური კრახის გადავადება (მხოლოდ გადავადება!), რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს კიდევ რამდენიმე წლით.
რუსული დავალება. რუსული ინტერესი საქართველოში სტრატეგიულია და არა მხოლოდ ეკონომიკური. ამ უპირატესი მოტივირებულობის გამო რუსეთი დიდი ალბათობით მოიგებს ყველა კონკურენციულ მეტოქეობას მიწის ღია ბაზარში. საქართველოში დასახლდებიან აზიელები, რომელთაც რუსეთი თავის მოქალაქეობას მისცემს და მათი „დაცვის” პრეტენზიით საქართველოში საომარ მოქმედებას დაიწყებს (თავისი ოფიციალური დოქტრინის შესაბამისად).
მსოფლიოში სხვადასხვა ძალთა ფართო სპექტრის არსებობის პირობებში საქართველოს ყოველმხრივ არაკონდიციური მმართველები დაინტერესებულნი არიან, რომ ზოგი ამ ძალთაგანის თვალში სიმპათია მოიპოვონ „ანტინაციონალისტის” იმეჯის შექმნით.
შენიშვნა მეორე: როგორც ვხედავთ, მიწის გაყიდვა–არგაყიდვაზე მსჯელობისას, ლოგიკურად, მტკიცების ტვირთი აწევს მიწის გაყიდვის მომხრეს, და არა მოწინააღმდეგეს. მტკიცება სჭირდება სახელმწიფოსა და ქვეყნისათვის დამანგრეველ პროექტს, და არა ქვეყნისა და სახელმწიფოს დამცველ პოლიტიკას, რომლის სასურველობა თვალსაჩინოა ბუნებრივი წესით. პირდაპირ გისვამთ კითხვას თქვენც და შემოტანილი კანონპროექტის ყველა სხვა ავტორსაც: რატომ უნდა გაიყიდოს საქართველოს მიწა უცხოელზე?
დასასრულ
მიწა ქართველთა ეროვნული საუნჯე და მარადილი სამკვიდროა, რომელსაც, უპირველესყოვლისა, იცავს ქართველი ხალხი და სახწლმწიფო. მიწა ერის (ხალხი) უალტერნატივო სასიცოცხლო ბაზაა, რომელსაც შესაბამისად განუმეორებადი სოციალური და კულტურული ფუნქცია (ღირებულება) აქვს. მისი სრულად შენარჩუნება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა სახელმწიფოსთვის შეუვალი მოვალეობაა.
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი
ნოდარ ნათაძე, პროფესორი
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“