ბლოგიდარგებისტატიები

მიწის საკუთრება და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი აგრარული რეფორმა

 

ისტორიის მანძილზე თავს გადამხდარი ქარტეხილებისგამო, მიწის საკუთრების დაკანონების პრობლემა მუდმივად იდგა ქვეყნის წინაშე. სამწუხაროდ, ეს პრობლემა სხვადასხვა ასპექტით საკმაოდ მწვავეა დღესაც.
ჩემი აზრით, საკითხის გადაჭრა ისტორიული კონტექსტის შესწავლის გარეშე შეუძლებლად მიმაჩნია, ამიტომ შევეცდები შემოგთავაზოთ მიწის საკუთრების ისტორიული ასპექტები, შემდეგ ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც ჩავუღრმავდე და ერთად მივაკვლიოთ პრობლემების ჩვენეული გადაჭრის გზებს.
ორი ნაწილის მოძიება უკვე დავასრულე 1. მიწის საკუთრების საკითხი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე (1918-1921); 2. დამოუკიდებლობა და პირველი აგრარული რეფორმა) დანარჩენსაც ინტერესის შესაბამისად, დროდადრო მოგაწვდით.

ავტორი

ისტორიული მემკვიდრეობა დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე

რუსეთთან მიერთებით საქართველომ დიდი ხნის მანძილზე დაკარგა დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა. იგი მთლიანად რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა. საქართველოში დამკვიდრებისთანავე რუსეთის ხაზინა ჯერ ქართველ მეფეთა საგვარეულო მიწებს დაეპატრონა, შემდეგ საეკლესიო მიწებიც მიითვისა.    

მიწის საკუთრების საკითხის „მოგვარების“ მიზნით, რუსეთის ადმინისტრაციამ შემოიღო სამართლის კოდექსი, რომელიც კერძო მესაკუთრეებს მიწის დამადასტურებელი ოფიციალური საბუთის წარდგენას ავალდებულებდა. ეს დოკუმენტი ქართველ მემამულეთა უმრავლესობას არ გააჩნდა, რადგან ქვეყანაში დამკვიდრებული იყო უძრავი ქონების შინაური ნასყიდობის საფუძველზე შეძენის ტრადიცია, რომელზე დაყრდნობით შექმნილი საბუთები რუსეთის ადმინისტრაციამ უკანონოდ გამოაცხადა. მიწის საკუთრების საკითხი კიდე უფრო რთულად იყო გლეხებში. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მცირემიწიანი იყო, ნაწილს კი საერთოდ არ გააჩნდა მამული. ამგვარად, რუსეთის ხაზინამ არასამართლებრივი საშუალებებით, მათ შორის, ურჩობისა და მთავრობის ღალატის ცრუ ბრალდებით, გირაოს გადაუხდელობის კონფისკაციის გზით, სულ მოკლე ხანში ხელში ჩაიგდო თავადაზნაურთა ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი და საქართველოს „უმსხვილესი მემამულე“ გახდა. 

თავადაზნაურობამ, რომელთაც მცირე მიწებიღაშემორჩათ კერძო საკუთრებაში მიწის დაგირავება ან გაყიდვა [1] შემოსავლის ძირითად წყაროდ გაიხადა. ქართველ მესაკუთრეთა მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა ერების წარმომადგენლების ხელში აღმოჩნდა. ეს ფაქტი აიხსნება იმით, რომ ომის შემდგომ საგრძნობლად იმატა მოსახლეობამ, უმთავრესად ჩამოსახლებულ ხიზანთახარჯზე.

ხიზნობა ძველი ქართული ინსტიტუტია. ომის შემდგომ ჩამოსული ხიზნების გარდა, ქვეყანაში მრავლად იყვნენ ოჯახები, რომელთა წინაპრები საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე იყვნენ საქართველოში ჩამოსახლებულები.  ხიზნები მუშაობდნენ როგორც კერძო მფლობელების, ასევე ეკლესიისა და ხაზინისთვის.

ხიზნობის როგორც ფენომენის მთავარი მახასიათებელი ნიშანი იყო ის, რომ ხიზანი პირადი შეთანხმების საფუძველზე განუსაზღვრელი ვადით რჩებოდა მიწის პატრონთან. ხიზანი და ყმა ერთმანეთისგან თავისუფლების ხარისხით განსხვავდებოდნენ. მასთან რაიმე იურიდიული ხელშეკრულება არ იდებოდა, მას ნებისმიერ დროს შეეძლო უარი ეთქვა მიწის მეპატრონესთან მუშაობაზე. თავის მხრივ,  მემამულესაც შეეძლო ხიზნის დათხოვა, მაგრამ ამ შემთხვევაში, იგი ვალდებული იყო გაწეული სამსახურისთვის თანხა გადაეხადა. მეპატრონესა და ხიზანს შორის დავის წარმოქმნის შემთხვევაში, საქმე სამედიატორო წესით წყდებოდა.

1913 წელს კავკასიის მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი ხიზნური დამოკიდებულების გაუქმების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა მიწადმფლობელებისთვისმიწის ნაკვეთების ჩამორთმევას და ხიზნებისთვის საკუთრებაში გადაცემას. ამასთან ერთად, მათ ეძლეოდათ მემამულეთა ტყეებსა და საძოვრებშიუფასოდ სარგებლობის უფლება, გამოსყიდვითუფლებით. ამ გზით, ხიზნებს თითქმის სრულიად უსასყიდლოდ ეძლეოდათ მიწები, მაშინ როცა დროებით ვალდებულგლეხებს 1912 წლის კანონი, მემამულეებისგანმიწების გამოსყიდვას მიწის თითქმის სრული ღირებულების მიხედვით ავადებულებდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მემამულეები მიწებს თავად საერთოდ არ ამუშავებდნენ, ეს საქმე სრულიად ხიზნებზეიყო მინდობილი, ისინი სრულიად უმიწაწყლოდ რჩებოდნენ. მათ სარგებლობაში დატოვებული მიწების 80% საძოვრებს და ტყეებს მოიცავდა, ე.ი. ისეთ მიწებს, რომლებიც სახელმწიფოს ხელში უნდა გადასულიყო. დანარჩენი 20% კი სამოსახლოს, საბაღე, სახნავსდა სათიბსშეადგენს.  

1919 წელს გამოცემული ალექსანდრე ასათიანის[2] წიგნის „მიწის საკითხი საქართველოში“, დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია მაშინდელი მიწის ფონდის აღრიცხვიანობის სურათი შევიქმნათ. ავტორი დაწვრილებით გადმოგვცემს ინფორმაციას სახაზინო მიწებისა და სახაზინო გლეხების მიწების საკუთრების შესახებ. იგი მონაცემებს სახელმწიფო ქონებათა უწყების 1888 წლის დიდტომებიან გამოცემებზე დაყრდნობით აღწერს. დასტურად მოჰყავს აგრეთვე: რამდენიმე ტომი სახაზინო საზაფხულო და საზამთრო საძოვრებისა და საქონლის მოშენების შესახებ ამიერკავკასიაში; 1899-1902 წლებში ამიერკავკასიის მიწადმფლობელობის სტატისტიკური კომიტეტის გამოცემები; ძველი მიწად-მოქმედების სამინისტროს კრებულები; ხარჯის ამკრეფთა ყრილობის ოქმები, სამიჯნო უწყებებისა და სახაზინო პალატის ცნობები, სასოფლო-სამეურნეო აღწერები და სხვა.

იმჟამად საბოლოო სტატისტიკურ ცნობებადსაქართველოს მიწადმფლობელობისშესახებ სახაზინო პალატების მასალები ითვლებოდა, რომლებიც სინამდვილესთან ყველაზე მიახლოვებულიიყო. პალატებს, თავის მხრივ, ინფორმაციას აწვდიდნენ მესაკუთრეები, რომელთა მიერ მოწოდებულ მასალებს  მხოლოდ ზეპირად (და არა აზომვებით) ამოწმებენ კომისიები. შესაბამისად, ესეც არ იძლეოდა ზუსტ წარმოდგენას თავადაზნაურთა თუ გლეხთა კერძო მფლობელობის კადასტრზე [3], თუმცა მათი სივრცისა და რაოდენობის შესახებ ზედაპირული  გათვლების გაკეთება შესაძლებელი იყო. 

თავის წიგნში ალექსანდრე ასათიანი დამოუკიდებელი საქართველოს მიწის ფონდს  შემდეგნაირად აღწერს: „სახაზინო მიწებად, საქართველოს სამოქალაქო სამართლის 406 მუხლის თანახმად, ითვლებოდა მიწები, რომლებიც მიწად-მოქმედების სამინისტროს გამგეობაში ირიცხებოდა. ამ მიწების უმთავრეს ნაწილს შეადგენენ ადგილები, რომლებიც უჭირავთ ე.წ. სახაზინო გლეხებს თითქმის სრულ საკუთრებად, საშვილიშვილოდ. დანარჩენი ამ მიწებისა შეიცავს ტყეებს და საზაფხულო და საზამთრო საძოვრებს. საუფლისწულო მიწები უმთავრესად თბილისის და ქუთაისის გუბერნიებში იმყოფებოდა. ამ მიწების ერთი ნაწილი უჭირავს ხიზნებს და აგრეთვე საიჯაროდ აღებული აქვთ სოფლის საზოგადოებებსა და კერძო გლეხებს. აღმოსავლეთ საქართველოში სახაზინო გლეხებს შეადგენენ: საქართველოს მეფის ოჯახის გლეხების მოდგმა, გერმანელი ახალშენები, ოსმალეთიდან გადმოსახლებული სომხები და რუსეთიდან ჩამოსახლებული ყოფილი სალდათები. ქუთაისის გუბერნიაში სახაზინო გლეხებად ირიცხებიან საქართველოს სამეფო გვარეულობის და საქართველოს ეკლესიის გლეხები, საბატონო გლეხები, რომელთაც თავი გამოისყიდეს ბატონყმობის გადავარდნამდე ან თვით მებატონეთაგან იყვნენ გათავისუფლებულები უმიწაწყლოდ და უქორწინოდ შობილები“.

ამგვარად, 1918 წლამდე შექმნილი იყო ე.წ. მიწის ფონდი, სადაც ქართველი თავადაზნაურობა და გლეხი, რბილად რომ ვთქვათ,  ყველაზე არამომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

დამოუკიდებლობა და პირველი აგრარული რეფორმა

„მიწის კერძო საკუთრება, სავაჭრო-სამრეწველო მოქმედების თავისუფლება, წარმოების განვითარება, სამეურნეო ბაზრისა და სამუშაოს უზრუნველყოფა – აი მთავარი საგლეხო ეკონომიკური მოთხოვნილება“.

ნოე ჟორდანია, „ჩვენი ტაქტიკა“

 

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრად ნოე ხომერიკი დაინიშნა. იგი თავის წიგნში „აგრარული რეფორმა და სახალხო მეურნეობა“ აღნიშნავს: „სასოფლო მეურნეობას მეტად დიდი ადგილი უჭირავს საქართველოს სახალხო მეურნეობაში, ამიტომ მის შესახებ კვლევა-ძიება და ზრუნვა სახელმწიფოს მოქმედების ერთ-ერთ მთავარ საგანს უნდა შეადგენდეს.“

მთავრობის ერთ-ერთი გამოცემაში ნათქვამია: საქართველოს მიწებზე მთავრობას რუსი და სხვა უცხოელი კოლონიზატორებისმთელი სოფლები ჰქონდათ დაარსებული, ქვეყნის ბევრ პროვინციაში მთავრობას ქართველი გლეხებისთვის მიწის ყიდვა ჰქონდა აკრძალული ამ ეგრეთ წოდებული „იმპერიული საკუთრებიდან“.  ახალგაზრდა რესპუბლიკის მთავრობის წინაშე რთული ამოცანა დადგა. აუცილებელი იყო მიწის რეფორმის გატარება, რადგან ეს საკითხი იმხანად პირდაპირ იყო დაკავშირებული ნაციონალურ საკითხთან. 

1919 წლის დასაწყისში საქართველოს მაშინდელმა პარლამენტმა მიწასთან დაკავშირებით შემდეგი კანონები მიიღო: სახელმწიფო საადგილმამულო ფონდიდან მცხოვრებთათვის მამულის კერძო საკუთრებად მიცემის შესახებ და ყოფილ სანადელო [4], სახაზინო და სხვა მიწების კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ. კანონების გამოცემის პარალელურად შეჩერდა მიწების ყიდვა-გაყიდვა, დაგირავება.

რეფორმა [5] ორ ეტაპად დაიგეგმა. პირველი ითვალისწინებდა სახელმწიფო, საუფლისწულო, საეკლესიო-სამონასტრო და კერძო მესაკუთრეთა მიწების კონფისკაციას და სახელმწიფო და საადგილმამულო ფონდში გადაცემას. ტყეები, წყლები, ბუნებრივი წიაღისეული და საძოვრები განაწილებას არ ექვემდებარებოდა. მეორე ეტაპი გულისხმობდა დარჩენილი მიწების უმიწო ან მცირემიწიანი გლეხებისთვის კერძო საკუთრებაში გადაცემას; მიწის ფონდის სიმცირის გამო, მჭიდროდ დასახლებული რაიონებიდან უმიწო გლეხების აუთვისებელი მიწებზე დასახლებას და სასაზღვრო რაიონების უსაფრთხოების მიზნით, ქართველი მოსახლეობის მომიჯნავე ტერიტორიებზე ჩასახლებას.

კანონის ძალით, მესაკუთრედ გამოცხადდნენ სახაზინო გლეხები, ხიზნები, მთიან ოსეთის გლეხთა ნაწილი, რომელიც სამაჩაბლო მიწებით სარგებლობდა და სხვა კატეგორიის გლეხები.

მიწა „გლეხის ხელში გადავიდა და, უეჭველია, იგი სოფლის ეკონომიკური აღორძინების უდიდეს ფაქტორად გადაიქცევა“ – წერს ნოე ხომერიკი.

1919 წლიდან  მიწების ჩამორთმევის პარალელურად მუშაობა რეფორმის მეორე საფეხურის განსახორციელებლად მიმდინარეობდა, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  გულისხმობდა საფონდო მიწების განაწილებას უმიწო და მცირემიწიან გლეხთა შორის.

აი რას წერს ამ პროცესის მსვლელობაზე თავად ნოე ხომერიკი:

საკმაოდ რთული აღმოჩნდა ფაქტიური მდგომარეობის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა. იგი უფრო გამანაწილებელი ორგანოს კეთილსინდისიერებაზე იყო დამოკიდებული. მიწა ახალ მეპატრონეს არა სრულიად უფასოდ, არამედ შეღავათიან ფასებში ეძლეოდა. შემოსული თანხებით მთავრობა რეფორმის დახვეწას  ვარაუდობდა. 


მიწის გადაცემის გეგმა საბოლოოდ ამგვარად ჩამოყალიბდა: მიწის გადაცემა მოხდებოდა: საკუთრებაში; მხოლოდ უმიწაწყლოებისა და მცირემიწიანებისთვის; მცირე საფასურით. ფასების შკალას სამინისტრო რაიონების მიხედვით აწესებდა; უშუალოდ რაიონებში  კი ფასს კომისია[6] მიწის ხარისხის მიხედვით ადგენდა და გასცემდა „მყიდველთ საბუთს.“

რეფორმის [7] წყალობით კერძო საკუთრების წახალისებამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების რეალური პირობები შექმნა. სოფლის მეურნეობის რიგ დარგებში (მევენახეობა, მეაბრეშუმეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მეთამბაქოეობა) თვალშისაცემი აღმავლობა დაიწყო, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის რეალურ წინაპირობას ქმნიდა. თუმცა მოგვიანებით, მინისტრმა ხომერიკმა თანამდებობა დატოვა. ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა შიდა და გარე ფაქტორებიდან გამომდინარე ნელ-ნელა იძაბებოდა.

საქართველოს ისტორიაში შემდგომ დატრიალებული ცნობილი ამბების შემდეგ, სიტუაცია კერძო საკუთრების მხრივ სრულიად შეიცვალა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე კერძო საკუთრების მორიგი ნიშნები მხოლოდ 70 წლიანი უღლის მოშორების შემდეგ გაჩნდა.

თამარ ფხაკაძე, მკვლევარი

[1] აგრარული რეფორმის გატარების შემდეგ თავადაზნაურობა ფლობდა 1 776 823 დესეტინა მიწას, 1918 წლისათვის კი 622 625 დესეტინაღა შემორჩა.  

[2] ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, იურისტი

[3] ძალიან ხშირი იყო გადაფარვები, ცდომილებები.

[4] მიწის პატარა ნაკვეთი, რომელსაც აძლევდნენ გლეხის ოჯახს სარგებლობისათვის; ნაწყალობევი მიწა.

[5] 1919 წლის 30 იანვარს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „მიწათმოქმედების სამინისტროს განკარგულებაში ორი მილიონი მანეთის გადადებისა და აგრარული რეფორმის ჩასატარებლად“. კანონს ხელს აწერდნენ პარლამენტის თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე) ექვთიმე თაყაიშვილი და საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.

[6] საქმის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად, კომისიის წევრების არჩევა თავისი წრიდან სათემო ხმოსანთა კრებას მიენდო.

[7] პირველი რესპუბლიკის აგრარულ რეფორმას ხალხი  „ხომერიკის რეფორმის“ სახელით მოიხსენიებდა.