დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

მივხედოთ ვენახს და მევენახეს სანამ კახეთი ატმის და ჟოლოს ბაღებად არ ქცეულა

დღემდე თუ სადავოა „კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი“, ყურძნის და ღვინის შემთხვევაში ყველაფერი გარკვეულია, ყურძენს მომთაბარე ცხოვრებით დაკავებული ძველი იბერები მრავალი საუკუნით ადრე იცნობდნენ და იყენებდნენ, ვიდრე მისგან ღვინოს დააყენებდნენ, ანუ პირველადი ვაზი და ყურძენია, ხოლო ღვინო, მისი წვენიდან დამზადებული ერთერთი პროდუქტი. მიუხედავად იმისა რომ ღვინო ყურძნის პროდუქტია, მის დაყენებას და რეალიზაციას ქვეყანაში გაცილებით დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ყურძნისას, თითქოს ღვინის დაყენება ყურძნის გარეშე შეიძლებოდეს; არადა ღვინის ხარისხი მთლიანადაა დამოკიდებული ყურძნის ხარისხზე, რადგან უხარისხო ყურძნიდან ვერანაირი ტექნოლოგიით ხარისხიან ღვინოს ვერ დააყენებთ.
ხარისხიანი ყურძნის მოყვანა უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რომელთაგან პირველი მისი მეცნიერული კვლევაა.

ევროპაში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ყურძნისა და ღვინის კვლევას ათობით ინსტიტუტი, კვლევით ცენტრი, საცდელი სადგურები და ლაბორატორია არ ემსახურება. მაგალითისათვის ავიღოთ საფრანგეთი: იქ, 2002 წლის მონაცემებით 54 ასეთ ინსტიტუტი მუშაობდა, იტალიაში კი 36. რაც შეეხება საქართველოს, აქ კომუნისტების ხელისუფლების დროს ერთი ასეთი ინსტიტუტი და მევენახეობის კვლევის მრავალი საცდელი სადგური მუშაობდა, სააკაშვილის ხელისუფლებამ კი პირწმინდად გაანადგურა ყველა საცდელი სადგური და დახურა კვლევითი ინსტიტუტი, რაც დღემდე აუნაზღაურე-ბელი დანაკლისია ქართული მევენახეობა-მეღვინეობისათვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ოცნების“ ხელისუფლების 13 წლიანი მმართველობის მიუხედავად, დღემდე ვერ გაისიგრძეგანა, რომ ვაზისა და ღვინის სამშობლოსთვის თუნდაც ერთი კვლევითი ინსტიტუტი და რამდენი საექსპერიმენტო საცდელი სადგური, ფუფუნება კი არა, სასიცოცხლო აუცილებლობაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინც დახურა დიდი მავნებლობა ჩაიდინა, ხოლო ვინც არ ხსნის, არანაკლებს ჩადის.

მსოფლიო მევენახეობას ჰქონდა ოქროს ხანა, როცა ვაზს შეწამვლა არ სჭირდებოდა, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის 50-იანი წლებიდან ევროპულ ვაზს ამერიკული დაავადებები შეეყარა, ჯერ ფილოქსერამ დაიწყო ევროპული ვაზის განადგურება, ხოლო მოგვიანებით სხვა ათობით დაავადებამ იჩინა თავი, რომელთა საწინააღმდეგოდ მეცნიერებამ უამრავი დასახელების პესტიციდები და შხამქიმიკატები შექმნა. მიუხედავად ამისა ვაზის დაავადებათა და მავნებელთა რაოდენობა არ შემცირებულა, ამიტომ ამ დროს გონიერი კაცი უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ ვაზზე საწამლი პრეპარატების ასეთი რაოდენობით და მეთოდებით ფრქვევა, დიდი უგუნურებაა და ამიტომ სხვა გამოსავალია მოსაძებნი. ქვეყანაში ძველი თაობის მეურნეები მიღმიერ სამყაროში გადავიდნენ, მათ შთამომავლები კი ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, დღემდე ვაზისა და ვენახისთვის ვერ იცლიან, ხოლო ვინც იცლის, მასწავლებლის გარეშე დარჩენილებს ძალიან უჭირთ ვაზთან ურთიერთობა. ამ შემთხვევაში მასწავლებლის როლი მეცნიერებმა და სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტებმა და საცდელმა სადგურებმა უნდა შეასრულონ.

სამწუხაროდ, დღემდე არავის უფიქრია, რომ ღვინის სამშობლოში თუნდაც ერთი ასეთი სამეცნიერო ინსტიტუტი და საცდელი სადგური, რომ გაეხსნა. სწორედ ამიტომაა, რომ ევროპელ მევენახეს ხარისხიანი მოსავალი ვაზის 4-5 შეწამვლით მოჰყავს, ქართველ მეურნეს კი ამისთვის 12-15-ჯერ შეწამვლაც არ ყოფნის. მიუხედავად ამდენი წამლობისა, იშვიათია საოჯახო მეურნეობაში ყურძენი არ დაზიანდეს. ეს კი იმის ბრალია, რომ საქართველო თვითონ ვაზის შესაწამლ არანაირ საშუალებას არ აწარმოებს, ევროპიდან კი ძირითადად ძველი პრეპარატები შემოდის. ეს თუ ასე არ არის, მაშინ მიპასუხონ წამლის იმპორტიორებმა: დასავლეთში, რომ ფერმერმა ვაზი შეწამლოს და ის დაავადებამ დააზიანოს, რა დაემართება წამლის მწარმოებელს და მის რეალიზატორ მაღაზიას? მომენტალურად ხომ არ გაკოტრდებიან? საქართველოში კი იშვიათია ოჯახი, რომელმაც საღი ყურძენი მიიღო. სამწუხაროდ ამაზე პასუხი არც არავის უგია და არც აპირებენ, რადგან არ გვაქვს შესაბამისი კანონმდებლობა. სწორედ ამიტომაა, რომ ქვეყნის მეღვინეობის ცნობილ ფირმებს, თავისი წარმოებისთვის საჭირო ყურძენი თვითონ მოჰყავთ. რაც შეეხება მათ მიერ შესყიდულ საოჯახო მეურნეობაში მოწეულ ყურძენს, მისგან არაყს ხდიან. ერთი სიტყვით ამ პრობლემების მოგვარება, საქართველოს ხელისუფლებისა და მისი ორგანოების საქმეა და ამ საქმეს მანამდე უნდა მიხედვა, სანამდე კახეთში ვენახის ზვრები ატმისა და ჟოლოს ბაღებად არ გადაქცეულა.

რა თქმა უნდა, საქართველოში საოჯახო მევენახეობის პრობლემა, მხოლოდ ის არ არის, რაც ზემოთ დავწერეთ. აღნიშნულზე უფრო დიდი პრობლემა თვითონ ქართველი მეურნეა, რომელსაც ყოველთვის „შეჩვეული ჭირი ურჩევნია _ შესაჩვევს“ და გამოსავალი თვითონ მოძებნოს კი არა, წლები ჭირდება შენგან სიახლე მიიღოს. ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ ათეულობით წლების განმავლობაში საბჭოთა მეურნე, ყველაფერს ზემოდან კარნახით აკეთებდა და ეს ზემოთა, ყოველთვის ხელისუფლების ორგანოები იყო. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გვქონდეს. ასეთი ინსტიტუტი მეურნისათვის ავტორიტეტი იქნება და მის რეკომენდაციას აუცილებლად მიიღებს.

ქვეყანაში რაოდენობის გაზეთი გამოდის და ყველა მათგანი მხოლოდ პოლიტიკაზე წერს, რაც შეეხება სოფლის მეურნეობაზე მწერალ გაზეთს, არ არსებობს. კომუნისტების დროს გამოდიოდა გაზეთისოფლის ცხოვრება“, რომლის გამოწერა სავალდებულო იყო ყველა სოფლის მაცხოვრებელთათვის და სწორედ იქიდან იღებდა გლეხი ბევრ ინფორმაციას. დღეს კი ასეთი გაზეთი არ არსებობს, სამაგიეროდ გვაქვსსოფლის მეურნეობის სამინისტრო“. საინტერესოა, რა არხებით აწვდის გლეხს სამინისტრო თავის გადაწყვეტილებებს და მათთვის საინტერესო ინფორმაციას? თუ არ აწვდიან, მაშინ რად გვინდა ასეთი სამინისტრო, რომელსაც სოფელთან და გლეხთან კავშირი არ აქვს? მართალია, არსებობს ელექტროს საინფორმაციო საშუალებები, მაგრამ ჯერჯერობით ქვეყანაში არ არის ცხოვრების ის დონე, რომ სამინისტრომ სოფლის მეურნეობა კომპიუტერული ტექნიკით მართოს.

დიდი ხანია თსუ-სთან არსებული „ნახევარგამტართა ფიზიკის ს/ ინსტიტუტი, ქვეყნის მევენახეობაში პეპტიდების ალტერნატივად ოზონირებული წყლისა და წყალბადის ზეჟანგის დაბალპროცენტიანი ხსნარების დანერგვაზე მუშაობს, რომელთა დახმარებით ბიომოსავალი მიიღება, ამასთანავე ჰექტარი ვენახის შეწამვლაზე გაწეული  ხარჯის შემცირება, სულ მცირე, ორჯერ შეიძლება. მიუხედავად დიდი მცდელობისა და მიღებული შედეგებისა, მსურველი იმისა, რომ შხამებიდან ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატებზე გადავიდნენ, თითზე ჩამოსათვლელია. ამის მიზეზად კი ის მიმაჩნია, რომ ამას მეურნეს ნახევარგამტართა ფიზიკის კვლევითი ინსტიტუტი სთავაზობს და არა მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომელმაც შესაბამისი კვლევები მევენახეობის საცდელ სადგურში ჩაატარა. ყველა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარ ჩვენს ხელისუფლებას მინდა შევახსენო, რომ ვაზისა და ღვინის სამშობლო ერთ კარგად აღჭურვილ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ნამდვილად იმსახურებს და ეს ქვეყნისათვის ფუფუნების საგანი კი არ არის, არამედ ამას ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ბევრი, რაც ზემოთ დავწერე, სხვა დროსაც ბევრჯერ დამიწერია, მაგრამ მისადმი ყურადღება არც ხელისუფლებას გამოუჩენია და არც მეურნე ფერმერებს, ამ წერილის დაწერის მიზეზი კი სულ სხვაა და ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის სულ სხვა სიმაღლეზე აყვანას გულისხმობს.

ვაზი და ღვინო, არა მარტო ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და ეროვნული განძია, ის ქვეყნის ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა. ამიტომ ხელისუფლების მიერ ამ საქმის თვითდინებაზე მიშვება, შეუწყნარებელი ცოდვაა. რადგანღვინის ეროვნული სააგენტო“, ექსპორტზე გასაგზავნ ღვინოებს ამოწმებს აქ, ასე თუ ისე წესრიგია, მაგრამ რა კეთდება იმისათვის, რომ ღვინის მისაღები ნედლეული (ყურძენი), მაღალი ხარისხის იყოს? ძირითადად არაფერი და ეს დარგი ქვეყანაში თვითდინებაზეა მიშვებული, რადგან ხელისუფლებამ ის საბაზრო ეკონომიკას მიანდო, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში დღემდე ვერ მოიკიდა ფეხი, ან როგორ მოიკიდებს თუ გლეხს ყურძნის ფასს დღემდე მთავრობა უწესებს

დღეს, არავინ კითხულობს ვაზის შესაწამლად, როგორი ხარისხის პრეპარატები შემოდის ქვეყანაში და იყიდება ქვეყნის მაღაზიებში. რომ იქ, „ნოქარი“ კი არა, შხამქიმიკატების რაობაში კარგად გარკვეული აგრონომი უნდა მუშაობდეს, რათა შესაწამლი პრეპარატების მყიდველს დაწვრილებით აუხსნას პრეპარატის გამოყენების მეთოდი, კლინიკური ნიშნებით ამოიცნოს დაავადების სახე და ამის მიხედვით გაყიდოს პრეპარატი. ასევე, აუცილებელია ქვეყანაში იყოს თუნდაც ერთი სპეციალიზებული საკვლევი სადგური, სადაც გამოიცდება ყველა ის ახალი სახის პრეპარატი, რომელიც ქვეყანაში შემოდის. ასევე, აუცილებელია ისეთი კვლევითი ცენტრის ან ლაბორატორიის არსებობა, რომელიც ძირფესვიანად შეამოწმებს ქვეყანაში შემოსული პრეპარატების ხარისხს და ამ პრეპარატების გამყიდველ ფირმასთან ერთად, პასუხს აგებს ქვეყანაში სარეალიზაციოდ შემოტანილი პესტიციდებისა და შხამ-ქიმიკატების ხარისხზე. გარდა ამისა, აუცილებელია ქვეყანაში ვაზის შეწამვლის რაოდენობა ევროპის დონეზე დავიყვანოთ და როგორც მათ, ისე საქართველოს მევენახე-მეურნემაც ყურძნის მოსავალი ვაზის 3-5 შეწამვლით მიიღოს. ამისათვის კი აუცილებელია მევენახეთა ორგანიზება და ამ მიზნისკენ ერთობლივად სვლა, რისთვისაც საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება:

მეცნიერებამ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ ვაზის შტამბზე არსებული აქერცლილი კანი და მასზე არსებული ნახეთქები იმ დაავადებათა გამომწვევი ვირუსების, ბაქტერიების, ვაზის მავნებლების და მათი კვერცხების გამოსაზამთრებელი ადგილია, რომლითაც გაზაფხულიზაფხულის სეზონში ვაზი ავადდება. ამიტომ მეცნიერება მეურნეს ურჩევს, რომ ვაზის შტამბს ყოველწლიურად ეს აქერცლილი კანი გააცალოს, მასში დაავადებათა ბაქტერიებმა და მავნებლებმა, რომ არ გამოიზამთრონ

დასავლეთში ვაზზე ძველი კანის გამცლელი სპეცტექნიკაც კი შექმნეს და მიმდინარეობს საქართველოში მისი რეკლამირება. არადა ეს დიდი შეცდომაა, რადგან მავნებელმა შენი ვაზის შტამბზე თუ ვერ ნახა გამოსაზამთრებელი ბუდე, თავს არ „ჩამოიხრჩობს“, წავა და სხვაგან გამოიზამთრებს, გაზაფხულზე კი სითბოს დადგომისთანავე მოვა და ძველებურად გააგრძელებს მავნებლობას. აქედან გამომდინარე,  ვაზს ეს კანი კი არ უნდა გააცალოთ, ბევრი სხვაც უნდა დაამატოთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ვირუს-ბაქტერიამ და მავნებელმა გამოსაზამთრებლად თქვენი ვაზის შტამბზე დაიბუდოს. ამ შემთხვევაში თქვენ იცით სად არიან ისინი და გვიან შემოდგომიდან ადრე გაზაფხულა-მდე შესაბამისი შხამქიმიკატით, ოზონირებული წყლით ან 05 %-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარით, ვაზის ის შტამბი შეწამლოთ, რომელზედაც ეს მავნებლები იზამთრებენ. ქართველ მევენახეთა უმრავლესობა (კერძოდ კი დასავლეთ საქართველოს მევენახეები) გაზაფხულზე ვაზს კვირტის ჭიაზე  წამლავენ, რომელთაგან ბევრი ცოცხალი რჩება, რადგან სითბოა და ვაზის რქებზე ასწრებენ გასვლას. არადა ეს კვირტის ჭია, მთელი ზამთარი ვაზის შტამბზე იზამთრებდა, უკეთესი ხომ არ იქნება ეს კვირტის ჭია, ვაზის შტამბზე სხვა მავნებლებთან და ვირუსბაქტერიებთან ერთად ზამთარში შეწამვლით გაანადგუროთ და გაზაფხულზე ვაზის რქებზე არ დაუწყოთ დევნა? ამას ევროპაში ყველა მევენახე აკეთებს და მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, საქართველოში ვერავის გავაკეთებინე. სწორედ ამიტომაა, რომ ევროპელ მევენახეს ყურძნის მოსავალი 3-5 შეწამვლით მოჰყავთ, ჩვენ მეურნეს კი 12-15 შეწამვლა სჭირდება და მიუხედავად ამისა, ყურძენი მაინც უხარისხო მოჰყავს.

აქ, აღნიშნულმა პროექტმა საქვეყნო სიკეთე რომ მოიტანოს, ვაზის შტამბის შეწამვლა ზამთრის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოხდეს. ამისათვის მევენახეთა დარაზმვა თავისთავად არ მოხდება და ეს სახელმწიფო უწყებამ უნდა გააკეთოს (სწორედ ამიტომაა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო). გადაწყვეტილების შეუსრულებ-ლობისათვის კი ხელისუფლება, ჯარიმის შემოღებასაც არ უნდა მოერიდოს, რადგან სასწორზე ქართული ღვინის ხარისხი და ავტორიტეტი დევს.

ისმის კითხვა: რა იქნება ჩატარებული ოპერაციის შედეგი? თუ დაავადებათა გამომწვევი ბაქტერიების, ვირუსებისა და მავნებლების განადგურებას ვაზის შტამბზე მოახდენთ, გაზაფხულზე კვირტის გაშლის და ყლორტის ზრდის დროს, მასზე ამსვლელი მავნებელი აღარ იქნება და ყველა კვირტი გაიშლება, ასევე საგრძნობლად შემცირდება დაავადებათა რაოდენობა გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე და თუ დღეს ვაზის პირველ შეწამვლას 4-6 ფოთლის ფაზაში ახდენთ, ვაზს პირველი შეწამვლა დაყვავილების წინ ან მის შემდეგ დასჭირდება. ამით ვაზის შეწამვლის რაოდენობა პირველ წელს 3-4-ით შემცირდება, ხოლო 3-4 წლის შემდეგ ვაზის შეწამვლათა რაოდენობით ევროპულ ნორმაზე ჩამოვალთ. ამით კი მევენახეობაში გამოსაყენებელი პესტიციდებისა და შხამქიმიკატების რაოდენობა, ათასობით ტონით შემცირდება, ამასთანავე მევენახის ჯიბე და ქვეყნის ბუნება, დიდ შვებას იგრძნობს.

რა თქმა უნდა, აღნიშნული ღონისძიება საგრძნობლად შეამცირებს ქვეყანაში შხამქიმიკატების შემომტანთა შემოსავალს, მაგრამ ქართული ღვინის ხარისხი, სახელი და დიდება რამდენიმე ბიზნესმენის და მთავრობაში მათიკრიშისშემოსავალზე მაღლა უნდა დადგეს. აღნიშნულის განხორციელება კი, მხოლოდ ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და სწორედ ამიტომაა აუცილებელი, ქართული ღვინის ხარისხზე ზრუნვა, ხელისუფლების ზრუნვის საგანი გახდეს. თუ ვაზის შტამბის შეწამვლა მთელი ქვეყნის მასშტაბით არ მოხდება და ხელისშემშლელები ეყოლება, ამის გაკეთებას საოჯახო მევენახეობას და კერძო ფირმებს ვერავინ დაუშლის. ასე, რომ წარმატება ამ კუთხით მევენახეთა გონიერებაზედაც არის დამოკიდებული.

ვაზის პესტიციდებით და შხამქიმიკატებით შეწამვლა, არა მარტო მევენახის ჯიბეს და ქვეყნის ბუნებას ვნებს, არამედ მას სხვა უფრო დიდი უბედურება ახლავს. ცნობილია, რომ ვაზის მასიურად გავრცელების რაიონებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ადგილი აქვს ხშირ სეტყვას. თუ კახეთში სეტყვას კავკასიონის ყინულოვან მწვერვალებს აბრალებენ, დასავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ კი სვანეთში ეს მწვერვალები ათჯერ მეტია, ვიდრე კახეთის ზონაში, სეტყვა კი დასავლეთ საქართველოში კერძოდ კი სვანეთში უიშვიათესი მოვლენაა. ასეთივე მდგომარეობასთან გვაქვს საქმე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ეს სეტყვა ამ ტერიტორიებზე მას შემდეგ გახშირდა, რაც ვაზის შეწამვლა მასობრივად დაიწყეს.

შექმნილი მდგომარეობიდან დასავლეთის მეცნიერებმა გააკეთეს დასკვნა, რომ სწორედ სოფლის მეურნეობაში გამოყენებული პესტიციდები და შხამქიმიკატები ახდენენ იმ რეგიონებში სეტყვის პროვოცირებას, სადაც ვაზი მასიურადაა გაშენებული. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ახლანდელი და მომავალი ხელისუფლებები კარგად უნდა დაუფიქრდნენ ამ საკითხს და მევენახეობაში და სოფლის მეურნეობაში ისეთი ტექნოლოგიების კულტივირება უნდა მოახდინონ, რომლებიც მაქსიმალურად შეამცირებენ შხამქიმიკატების სოფლის მეურნეობაში გამოყენების რაოდენობას. ამ შხამების ალტერნატივას კი ოზონირებული წყალი და წყალბადის ზეჟანგის დაბალპროცენტიანი ხსნარები წარმოადგენენ, რომელთა გამოყენებაზე წლებია თსუსთან არსებული ნახევარგამტართა ფიზიკის / ინსტიტუტის“ მეცნიერ-თანამშრომლები ვმუშაობთ.

ჟორა გაბრიჭიძე /თსუ-სთან არსებული ნახევარგამტართა ფიზიკის  

ს/ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.

მის. გლდანი I მ/ სახლი 4. ბინა 44.

შეკითხვებისათვის დარეკეთ: ტელ– 551-333-155