მხარგრძელი
მხარგრძელი კახეთში მცირედ გავრცელებული იშვიათი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. სახელწოდება მიღებული აქვს ჯიშისათვის დამახასიათებელი გრძელი მტევნების მიხედვით. ამ ნიშნით იგი საგრძნობლად გამოირჩევა კახეთის დანარჩენი ჯიშებისაგან, სხვა ნიშნებით კი იგი მათთან მეტად ახლოს დგას.
მხარგრძელი საკმაოდ ძველ ჯიშად ითვლება.
ჯიშს დიდი, თხელი მტევნები და საშუალო სიდიდის მარცვლები აქვს. მისი ყვავილები მდედრობითი სქესისაა და მისი წმინდა ნარგავები მოსავალს არ იძლეოდა. ჯიში ზრდის საშუალო სიძლიერით ხასიათდება.
მხარგრძელის ნამყენი სრულ მოსავალს დარგვიდან მეოთხე-მეხუთე წლიდან იძლევა.
ჯიშის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა და ჭრაქის მიმართ საშუალოა, ხოლო ნაცრის მიმართ საშუალოზე მცირეა.
ჯიშის ფილოქსერას მიმართ გამძლეობა რქაწითელთან შედარებით სუსტია.
მხარგრძელი საღვინე ჯიშია, იგი გამოსადეგია ასევე ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნადაც.
კარგ წლებში ყურძენში შაქრიანობა-მჟავიანობის შეფარდება ნორმალურია და ღვინოც ხარისხიანი დგება. მისი ღვინო ღია ჩალისფერია, კარგად დაწმენდილი.
ჯიშური არომატი სუსტად აქვს გამოსახული.
გემო ნაზი, ჰარმონიული აქვს საკმარისი სხეულით.
მხარგრძელის ყურძენი კარგად არ ინახება და არა აქვს კარგი ტრანსპორტირების უნარი.
ყურძნის შენახვის უნარი ტრადიციული წესით შენახვისას (ჯაგნებად) გრილ მარანში ან შენობაში ნორმალურია.