„მოგუდული“, ანუ „შუმი“, „ბლანდე“ ღვინის დაყენება
„მოგუდული“, ანუ „შუმი“, „ბლანდე“ ღვინის დაყენების მეთოდი აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული წესი ყოფილა. ბევრგან ასეთი მეთოდით დაყენებული ღვინო, „ჩუმის“, ბევრგანაც „ბლანდეს“ სახელით ყოფილა ცნობილი.
ამ მეთოდის არსი, შემდეგში მდგომარეობს: ღვინოდ დასაყენებელ ყურძნის წვენს საცერში ატარებენ, რათა მტევნის მაგარი ნაწილები არ გაჰყვეს და ძლიერი დუღილი არ გამოიწვიოს. ქვევრის სუფთა წვენით გავსების შემდე, სარქველს დააფარებენ და დაგლესენ. ტკბილი, წყნარად დუღს, ამას მიძინებულ დუღილსაც ეძახიან. ასეთი წესით დაყენებული ღვინო, სიტკბოს ინარჩუნებს და სმის დროს კაცის მოპარვა (ჩუმად დათრობა) იცისო. თავს კი დიდხანს არ ინახავს. „შუმის“ განხილვისას ი. ჯავახიშვილი წერს: … „ეს რა თქმა უნდა, ფორმის მხრივ ყველაზე უფრო ადვილი დასაჯერებელია, შუმი, ვითარცა უწყლო და ამის გამო მაგარი ღვინო მირთმეული, რასაკვირველია, დამათრობელი უნდა ყოფილიყო. მნიშვნელობის მხრივაც მას დამათრობელის სახელი შეშვენოდა კიდევაც“.
„ჩუმი“ ღვინის დაყენების თავისებური წესი და სახელწოდებები ჰქონდათ დასავლეთ საქართველოს კუთხეებში: იმერეთში, გურიაში და რაჭაში.
დასავლეთ საქართველოს მაღალმჟავიანი ყურძნის წვენის ამ მეთოდით დაყენება, მართლაც რომ გამართლებულია. ღვინის დაყენების ამ წესის შესატყვის სახელწოდებებს ვხვდებით საქართველოს ყოფაში: „ჩუმს“, „შუმს“, „ბლანდეს“, „ფეთქს“ და „ფეხში გამოღებულს“.
ეთნოგრაფიული მასალებით მტკიცდება, რომ ამ წესით ღვინოს მხოლოდ ოჯახში სასმელად აყენებდნენ და საბაზრო მნიშვნელობა არ ჰქონია.
ნაქაჩი ღვინის დაყენება
საქაჩავი ქართული მარნის ერთ-ერთი ძირითადი იარაღია და ის ჭაჭიდან ტკბილის გამოწურვა-გამოქაჩვას ემსახურება. საქაჩავით ჭაჭისგან გამოწურულ წვენს ცალკე ქვევრში აგროვებენ და ცალკე ორდინალურ ღვინოდ აყენებდნენ. ქართლ-კახეთში ასეთი წვენისგან დაყენებული ღვინო კარგ დასალევ ღვინოდ მიიჩნეოდა, მაგრამ ნაკლიც ჰქონია, თურმე სიმწკლარტე გაჰკრავდა (ალბათ, დამტვრეული წიპწის, უმწიფარი კლერტისა და უმწიფარი მარცვლების წვენის გამო). ნაქაჩ ღვინოს, ძირითადად, ოჯახში სასმელად აყენებდნენ.
ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის
უფროსი მკვლევარი. საქ ეროვნული აკადემიის
ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი/,
ტელ. 551 333 155