მოცვის მწარმოებელმა ფერმერებმა მინისტრის მოადგილესთან დარგში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ლურჯი მოცვის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც მოცვის მწარმოებელი ფერმერები გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან ესწრებოდნენ, დარგში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოცვის მოსავლიანობის თვალსაზრისით, 2023 წელი გამორჩეული იყო.
„სახელმწიფო არაერთი პროგრამის, უპირველეს ყოვლისა კი, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, ფერმერებს აქტიურად ეხმარება მოცვის ბაღების გაშენებაში. წინასაწარი პროგნოზით, მოცვის მოსავლიანობა შემდგომ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, ერთი მხრივ, ეკონომიკურ საქმიანობას გააფართოებს, მეორე მხრივ, კი აჩენს აუცილებლობას, რომ ჩვენ დიდი რაოდენობის მოსავლის დაბინავებისა და რეალიზებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას შევუწყოთ ხელი. მოცვის მწარმოებელ ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე არაერთი საინტერესო ინიციატივა მოვისმინეთ და, ვფიქრობთ, რომ, შემდგომ წლებში, სახელმწიფო თავისი პროგრამების მეშვეობით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს, რათა მოცვის კულტურამ თავისი წილი ეკონომიკური სარგებელი კიდევ მეტად გაზარდოს“, – განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე ლურჯი მოცვის მწარმოებელი ასოციაციის წევრების შეკითხვებს ადგილზევე გაეცა პასუხი მინისტრის მოადგილისა და შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან.
„ჩვენი ქვეყნიდან ექსპორტზე გასული მოცვის კულტურის არეალის გაფართოებისთვის მიმდინარეობს სხვადასხვა ბაზრის მოძიება. შესაბამისად, გაზრდილი ექსპორტი დამატებით შემოსავალს მოუტანს მოცვის მწარმოებლებს და მთლიანად ქვეყანას“, – აღნიშნა გიორგი გუგუჩიამ.
ფერმერ გიორგი კვატაიას განცახდებით, შეხვედრაზე ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც.
„გვინდა, ჩამოვაყალიბოთ კოოპერატივები და მათი საშუალებით სახელმწიფოსგან მივიღოთ მეტი მხარდაჭრა თანადაფინანსების სახით“, – განაცხადა გიორგი კვატაიამ.
თენგიზ ნასარიძე სოფელ ზედა ეწერშიც იმყოფებოდა, სადაც ლურჯი მოცვის თანამედროვე ბაღი დაათვალიერა. მოცვის ბაღი შპს „ქისტოუნმა“ სახელმწიფო დაფინანსებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2022 წელს გააშენა. მინისტრის მოადგილე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შპს „თხილისა და აგროკულტურების კომპანიის“ სამაცივრე მეურნეობის შესაძლებლობებს გაეცნო. კომპანიამ სამაცივრე მეურნეობა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მოაწყო.