დარგებიმეფუტკრეობა

მოზამთრე ფუტკრის ასაკი და რაოდენობა

მოზამთრე ფუტკრის ასაკი ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული ზამთრობისათვის. ზამთრობაში შესული ფუტკარი ფიზიოლოგიურად ახალგაზრდა უნდა იყოს, ე.ი. სკაში არსებულ სამუშაო პროცესებში (ნექტრის მოტანა, დაბინავება და გადამუშავება, ან შაქრის სიროფის გადამუშავება, ბარტყის გამოზრდა და სხვა) მისი მონაწილეობა სასურველი არ არის. ასეთი ფუტკარი გამოჩეკვის შემდეგ უხვად იკვებება, განსაკუთრებით ჭეოთი, რაც ამდიდრებს მის ორგანიზმს სამარაგო საზრდო ნივთიერებებით (პროტეინი, ცხიმი, მინერალური ნივთიერებები), რომელთა შემცველობა ფუტკრის ორგანიზმში ზამთრობის დასაწყისში უფრო მაღალია, ვიდრე გაზაფხულზე.
წარმოდგენა რომ იქონიოს მეფუტკრემ, როგორი ფუტკარი ჰყავს მას ზამთრობის წინ, უნდა შესრულდეს გარკვეული საანალიზო სამუშაოები: მუშა ფუტკრის შეფერილობა, ცხიმოვანი სხეულის მდგომარეობა ან ფუტკრის ორგანიზმში პროტეინისა და ცხიმის გაანალიზება, რაც შემდეგნაირად ხდება:

_ მეფუტკრე თბილ, მზიან ამინდში ხსნის სკას, იღებს ჩარჩოებს და ვიზუალურად განსაზღვრავს მასზე მსხდომი ფუტკრების ფერსა და შებუსულობას. მოზამთრე ფუტკარი უნდა იყოს ებუსულობას.

მოზამთრე ფუტკარი უნდა იყოს კარგად შებუსული, რუხი ფერის. მოშავო ფერის მბზინავი ფუტკრის არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ იგი ხანდაზმულია.

ცხიმოვანი სხეულის მდგომარეობის შესამოწმებლად იღებენ რამდენიმე ცალ მუშა ფუტკარს, წააცლიან თავებს, საპრეპარაციო ნემსით გაუხსნიან მუცლებს და აცლიან შიგა ორგანოებს (სათაფლე ჩიჩახვი, ნაწლავები), გულაღმა ქინძისთავებით ამაგრებენ ქიტინოვანი საფარვლის კიდეებით ცვილის ბრტყელ კვერეულზე და МБС მიკროსკოპში, ხელოვნური განათების პირობებში ამოწმებენ ცხიმოვანი სხეულის მდგომარეობას: იგი კარგად უნდა მოჩანდეს ერთიანი მოთეთრო მასის სახით, მუცლის დორზალურ ნაწილზე.

თუ მეფუტკრე შემოდგომაზე ეჭვობს, რომ მოზამთრე ფუტკრის ორგანიზმი კარგად არ არის მომარაგებული საზრდო ნივთიერებებით, იგი მუშა ფუტკრის ნიმუშებს აგზავნის ლაბორატორიაში, სხეულში პროტეინისა და ცხიმის შემცველობის დასადგენად (მშრალ მასაში). გაშრობამდე ნიმუშებს აცლიან შიგა ორგანოებს. პროტეინის შემცველობა მუშა ფუტკარში 45-50%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, ცხიმისა- 12_20 %.

მოზამთრე ფუტკრის რაოდენობა

მოზამთრე ფუტკრის რაოდენობაზეა დამოკიდებული მნიშვნელოვანი სამეურნეო და ბიოლოგიური მაჩვენებლები: საკვების ხარჯვა ზამთრობის პერიოდში, ფუტკრის შენარჩუნება, განვითარების ინტენსიურობა და სხვა. ძლიერი ოჯახი ერთეულ ცოცხალ მასაზე უფრო ნაკლებ საკვებს ხარჯავს, ვიდრე სუსტი და უკეთესად ვითარდება აქტიურ სეზონზე. ცნობილია, რომ შუა რუსეთის ფუტკრის ნორმალური ზამთრობისათვის ოპტიმალური რაოდენობა 9-11 ჩარჩოს შეადგენს (ტუნიკოვი და სხვა, 2001).

ქართული ფუტკრისათვის, მისი ნაკლები კვერცხმდებლობის გამო, ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია. ოპტიმალურ მაჩვენებლამდე (სავარაუდოდ 7-9 ჩარჩო) მის მისაყვანად უნდა გამოვიყენოთ ის ხერხები, რომლებიც აღწერილია ქვეთავში `აქტიურ სეზონზე ფუტკრის მოვლა და პროდუქციის წარმოება”.

წყარო: „მეფუტკრეობა“

გ. მაძღარაშვილი