მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის შენახვის სისტემები და მისი გავლენა პროდუქტიულობასა და კეთილდღეობაზე
განასხვავებენ ძროხის შენახვის ინტენსიურ და ექსტენსიურ სისტემას: ძროხის შენახვის ექსტენსიური სისტემა გულისხმობს მომთაბარეობის პირობებში შენახვას, ხოლო ინტენსიური კი — ძროხის სტაციონალურად შენახვას.
ექსტენსიური სისტემის გამოყენებისას ცხოველების მოვლა-შენახვისას იყენებენ მარტივი ტიპის სადგომებს ან ინახავენ უბინაოდ. გარდა ამისა, ყველა სამუშაო, დაკავშირებული ცხოველთა მოვლასთან, კვებასთან, რძის წარმოებასთან და ა.შ. ხელით სრულდება.
სტაციონარულ პირობებში გამოიყენება ცხოველების ბაგურად, ბაგურ-საძოვრულად, ბაგურ-ბანაკურად და საძოვრულად შენახვის სისტემები.
ბაგური შენახვის სისტემა გულისხმობს მთელი წლის განმავლობაში ცხოველების განთავსებას რეგულირებული მიკროკლიმატის მქონე ბინებში, ხოლო თბილ დღეებში მათ უშვებენ სეირანზე.
ბაგური სისტემის გამოყენებისას ფურები შეიძლება შევინახოთ როგორც დაბმულად, ასევე დაუბმელი წესით.
ფურის დაბმულად შენახვისას დასასვენებელი ადგილის ფართობი 1 სულზე უნდა იყოს 2-2,5 მ2. ასევე მნიშვნელოვანია ბაგის სიგრძის სწორად შერჩევა, რომელიც არამარტო აადვილებს სისუფთავის დაცვას ასევე იცავს ფურს ჩლიქების დაზიანებისაგან. მაგალითად: 300 კგ-მდე ცოცხალი მასის ფურისათვის ბაგის სიგრძე უნდა იყოს 1,25-1,35 მ, 400-450 კგ-მდე 1,6-1,7 მ, ხოლო 500 კგ და მეტი ცოცხალი მასისთვის კი 1,8-1,9 მ. ბაგის სიგანე უნდა იყოს 1-1,2 მ. იატაკის დაქანება სანაკელე ღარის მიმართულებით უნდა შეადგენდეს 2-40-ს. დაბმულად შენახვისას შესაძლებელია დროულად მოვახდინოთ ფურის წველა, ნორმირებული კვება და დავაკვირდეთ ცხოველის მდგომარეობას, ჯანმრთელობას და სხვ., მაგრამ ამ სისტემისთვის დამახასიათებელია ხელით შრომის მაღალი ხვედრითი წილი, როგორიცაა: საკვების დარიგება, ნაკელის გატანა, მოციონზე გაყვანა და სხვ. მიუხედავად ამისა უპირატესობას ანიჭებენ დაბმულად შენახვის მეთოდს და ფართოდ არის გავრცელებული.
დაუბმელად შენახვისას სადგომში ცხოველისთვის შექმნილია კარგი კომფორტული პირობები, ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან სადგომში, გადიან სეირანზე. ამ სისტემის გამოყენებისას ყველა შრომატევადი საწარმოო პროცესები მექანიზირებულია. გამომდინარე აქედან საგრძნობლად მცირდება შრომის დანახარჯები ცხოველის მოვლასა და 1 ლ რძის წარმოებაზე. დაუბმელი შენახვისას სადგომი დაყოფილია სექციებად (განყოფილებებად), რომელიც განკუთვნილია ცხოველთა დასასვენებლად.
დაბმულად შენახვისას შრომის დანახარჯები 1 ც რძის წარმოებაზე თანაბარი წველადობის შემთხვევაში 1,3-1,6-ჯერ მეტია ვიდრე დაუბმელად შენახვისას.
სექციის მოპირდაპირე მხარეს მოწყობილია საკვებურები, ხოლო მათ შორის დატოვებულია გასასვლელი საიდანაც ხორციელდება საკვების დარიგება და ნაკელის გატანა. საკვებურების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს განყოფილებებში სექციების რაოდენობას. თვითოეული სექციაში განთავსებულია ერთნაირი პროდუქტიულობისა და ფიზიოლოგიური მდგომარეობის მქონე ცხოველები ამ დროს აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას: ჯიში, ცოცხალი მასა, მოგების ასაკი, დღიური მონაწველი და სხვ. აღნიშნული მაჩვენებლებით ხდება საწველი დანადგარის შერჩევა და მათი სრულფასოვანი კვება.
ძროხის სადგომის ბოქსში შესასვლელი ტიხრები ისეთნაირად უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ ძროხამ ბოქსში შეძლოს თავისუფლად შესვლა, არ დაიზიანოს მინდაო, დაწვეს და მოისვენოს მშრალ და სუფთა გარემოში (არ დაისვაროს ნაკელით და შარდით). აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე დაცული იყოს შემდეგი პარამეტრები (ნახაზი).
აღნიშნული სტანდარტი შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდეს მაღალი ტანის ძროხის მოთხოვნებს, რადგან ძროხებს შორის სიმაღლეში განსხვავება მერყეობს 10 და მეტი სმ-ის ფარგლებში, ეს კი უზღუდავს მათ ბოქსში თავისუფალ მოსვენებას. ასეთი კატეგორიის ძროხებისთვის მიზანშეწონილია გამოვიყენოთ რბილი მასალის ტიხარი.
პრაქტიკული რჩევა: შეიძლება გამოყენებული იქნას რბილი, დრეკადი საბმელი.
დაბმულად შენახვის თავისებურება კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ერთი და იგივე ადგილას გამოყოფილ გარკვეულ ფართობზე ძროხა იღებს საკვებს, წყალს და ისვენებს. ამიტომ იატაკი და ქვეშსაფენი ისეთნაირად უნდა იყოს შერჩეული, რომ დასვენებისას თავი იგრძნოს კომფორტულად და მყარად იდგეს იატაკზე.
ძროხის სადგომში შეიძლება გამოიყენებულ იქნას ორი სახის ქვეშსაფენი:
_ ორგანული ქვეშსაფენი (ჩალა, ხის ბურბუშელა, ნახერხი, ქაღალდი, ტორფი);
_ არაორგანული ქვეშსაფენი (ქვიშა, რბილი რეზინის საფენები) ჩამოთვლილი ქვეშსაფენებიდან უპირატესობა ენიჭება რბილი რეზინის საფენს რომლის მოხმარება მიზანშეწონილია იმ ზონაში სადაც ძროხა ღებულობს საკვებს, წყალს და ისვენებს.
დაუბმელად შენახვისას ძროხის სადგომში ასევე მნიშვნელოვანია მათი გამონაყოფის ნაკელის და შარდის დროულად გატანა, რომელიც არა მარტო აბინძურებს სადგომში მიკროკლიმატს იგი უარყოფითად მოქმედეს ჩლიქების მდგომარეობაზე, არბილებს კანს და რქოვან ქსოვილს, ასევე ხელს უწყობს პათოგენური მიკრობებით მათ დასნებოვნებას.
ბაგურ-საძოვრული შენახვისას ცხოველები წლის ცივ პერიოდში იმყოფებიან ბაგაზე, ხოლო გაზაფხულ-ზაფხულში ძირითადად ფერმისპირა საძოვარზე. აღნიშნული სისტემით ფურების შენახვისას ძირითადი საწარმოო პროცესები (წველა, დამატებითი კვება და სხვ.), წლის მთელი პერიოდის მანძილზე ხორციელდება ძირითად სადგომში (ბოსელში), ხოლო დღისით ცხოველები იმყოფებიან ფერმისპირა საძოვარზე.
ბაგურ-ბანაკური შენახვის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საძოვრული პერიოდის დასაწყისიდანვე ცხოველები გადაჰყავთ სპეციალურად მოწყობილ ბანაკებში, სადაც სრულდება ყველა აუცილებელი საწარმოო ოპერაცია. ეს აუცილებელი ხდება მაშინ, როდესაც საძოვრები ფერმიდან შორს მდებარეობენ, ბაგურ-ბანაკური სისტემა გვაძლევს საშუალებას ეფექტურად გამოვიყენოთ საძოვრები, მთელი დღე-ღამის მანძილზე უბინაოდ ყოფნა დადებითად მოქმედებს ცხოველის ორგანიზმზე და გაიოლებულია ძირითად სადგომში სარემონტო, სადეზინფექციო და სხვა სამუშაოების განხორციელება.
საძოვრული შენახვაშესაძლებელია მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც ზამთარი თბილია და ბალახის ვეგეტაცია მთელი წლის მანძილზე გრძელდება, ან კიდევ არის საზამთრო საძოვრების საკმაო ფართობები. შენახვის ასეთ სისტემას მიმართავენ თბილი კლიმატის ქვეყნებში, ძირითადად კი სპეციალიზებული სახორცე მეძროხეობის ფერმებში.
დამატებით ეძლეოდათ თივა, კონცენტრატები, ნამჯა, ჩალა. საძოვრული შენახვისას ცხოველები წლის უმეტეს პერიოდში იკვებებოდნენ საძოვრული საკვებით, ხოლო გვიან შემოდგომაზამთარში მათ საძოვარზე მოწყობილ საკვებურებში.
ერთი სული ძროხა დღე-ღამეში საშუალოდ გამოყოფს 35-40კგ ნაკელს და 10-12კგ შარდს; უშობელი 20-25კგ ნაკელს და 6-7კგ შარდს; მოზარდი — 10-15კგ ნაკელს და 3-4კგ შარდს; ხბო _5-10კგ ნაკელს და 2-3კგ შარდს.
წყარო:http://agriedu.ge