აგროსიახლეებირუბრიკებისტატიები

მსოფლიოში პრემიუმ-სურსათზე მოთხოვნა იზრდება, რა პერსპექტივა აქვს ქართულ ნაწარმს?

სასტუმრო “რედისონში” ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ფორუმი  #მე ვქმნი  გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი USAID REAP-ის პროექტთან ერთად“ საქართველოს ბანკი” იყო.

ფორუმში მონაწილე მეწარმეები აღნიშნული მიმართულებით საერთაშორისო  გამოცდილებას გაეცვნენ და ევროპულ ბაზრებზე ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ევრობანკმა (EBRD) „საქართველოს ბანკს“ გასულ წელს 100 მილიონი დოლარი გამოუყო. ფულადი რესურსი შეღავათიანი ბიზნესსესხების სახით ქართულ  საწარმოებზე უნდა გაიცეს, რათა მათ ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტები დანერგონ და  საკუთარი პროდუქტი ევროპაში ექსპორტზე გაიტანონ.

ღონისძიებაზე ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი სერბეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, გორან ზივკოვი იყო. საქართველოში მისი მოწვევის ინსპირაციის წყარო გახდა eugeorgia-info-ს მიერ მომზადებული სტატია – “170 მილიონი დოლარი ჟოლოს წარმოებიდან – როგორ გახდა სერბეთი მოწინავე ექსპორტიორი”. აღსანიშნავია, რომ სერბეთი ჟოლოს მსოფლიოში სიდიდით მეოთხე, ევროპაში კი – მეორე მწარმოებელია. პოსტსოციალისტური ქვეყანა წელიწადში 3 მილიარდი დოლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებს და კენკრის გარდა, ექსპორტზე ვაშლი, ქლიავი და სხვა ხილიც გააქვს.

გორან ზივკოვი ამ ეტაპზე  საქართველოში იკვლევს, სოფლის მეურნეობის რომელ  პროდუქტს აქვს პერსპექტივა, დაიკავოს ნიშა ევროკავშირის ბაზარზე.

როგორც სერბმა ექსპერტმა აღნიშნა, გლობალიზაციის პროცესების გაღრმავებამ დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო ვაჭრობაზე. “ დღეს ყველა ქვეყანა ჩართულია ვაჭრობაში – 15 ათას კმ-ს გადის ჩილეს ვაშლი, რომ საუდის არაბეთის ბაზარზე მოხვდეს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის ვაჭრობის მოცულობა და  ღირებულება ბოლო ათი წლის განმავლობაში, თითქმის, გაორმაგდა”, – თქვა ზივკოვმა პრეზენტაციაზე. თუმცა, მისი თქმით,  კონკრეტული ქვეყნების კონკურენტუნარიანობის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის პროდუქცია მაინც ყველგან იწარმოება. ამის მიზეზებია: 1.  ყველაზე კონკურენტუნარიანი მწარმოებლებიც კი ყველაფერს ვერ აწარმოებენ, 2. ადამიანები  პროდუქციას მნიშვნელოვანი რაოდენობით საკუთარი მოხმარებისთვისაც აწარმოებენ, თავისი შრომის ხარჯებს კი არ ითვლიან, 3. უპირატესობას მაინც ადგილობრივ ბაზარს ანიჭებენ, 4. ბევრი მალფუჭებადი პროდუქტი ტრანსპორტირებას  რთულად იტანს, 5. განსხვავებულია სავაჭრო ბარიერები.

როგორც ზივკოვმა განაცხადა, ევროკავშირში 2007-2013 წლებში ხილისა და ბოსტნეულის, ასევე მარცვლეულისა და რძის წარმოება შემცირდა, ისევე როგორც მისი ექსპორტი, სანაცვლოდ, დაახლოებით, იმავე პროპორციებით გაიზარდა აზიის წილი მსოფლიო წარმოებაში. ამასთანავე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სურსათის ფასის ინდექსი ეცემა, თუმცა, გრძელვადიან ტენდენციაში ზრდა მაინც შეიმჩნევა, რაც ფერმერებსა და სხვა მწარმოებლებს სოფლის მეურნეობაში ინვესტირებისკენ უბიძგებს.

სერბი ექსპერტის თქმით, ევროპელი და, ზოგადად, მსოფლიო მომხმარებელი სულ უფრო ინტერესდება, სად და რა პირობებში იწარმოება პროდუქცია, ორიენტირებულია სურსათის უსაფრთხოებაზე, ჯანსაღ საკვებზე, კომფორტზე, შესაბამისად, შეფუთვასა და გადამუშავებას  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა  (მაგალითად, უთესლო ხილზე, ადვილად საფრცქვნელ პროდუქტზე), იზრდება ნიშური ბაზრები, წინა პლანზე გადმოდის ასევე საგემოვნო თვისებებიც.

“ხარისხი სხვადასხვა კატეგორიას ითვალისწინებს: პროდუქციის შემადგენლობა (უკეთესი გემო, ფერი, კვებითი ღირებულება, მაღალი ან დაბალი კალორიულობა), წარმოება (პესტიციდების გარეშე, ცხოველთა კეთილდღეობის გათვალისწინებით, არაგენმოდიფიცირებული, სპეციალური კვების სქემებით), გეოგრაფიულ წარმოშობასთან კავშირი (ადგილობრივი, ტრადიციული გზით, ან გარკვეული სოციალური ჯგუფებისა და მცირე ფერმერების მიერ წარმოებული)”, – აღნიშნა ზივკოვმა პრეზენტაციაზე.

“აღსანიშნავია, რომ ორგანულ პროდუქციაზე, “სუპერსურსათსა” და კენკრაზე მოთხოვნა იზრდება როგორც ევროკავშირის წამყვან 15 ქვეყანაში, ასევე ქვეყნებში, რომლებიც საშუალოშემოსავლიან კატეგორიაშია. ასევე შესამჩნევია საშუალოსეგმენტზე ორიენტირებული მომხმარებლების შემცირების ტენდენცია. უფსკრული მომხმარებლებს შორის, რომლებიც უიაფეს და უძვირეს საკვებს ყიდულობენ, სულ უფრო მატულობს”, – თქვა სერბმა ექსპერტმა.

სურსათის მიწოდების ტენდენციებს შორის აღსანიშნავია, რომ არასეზონური პროდუქცია სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, ტექნოლოგიების წყალობით  იზრდება მისი შენახვის ვადა,  სურსათის წარმოების ინტენსიური მეთოდები ინერგება, დიეტურ წარმოებაზე მეტი აქცენტი კეთდება. შეიმჩნევა სურსათის გლობალიზაცია, ე.წ.  “ვესტერნიზაცია”  (დასავლური ცხოვრების სტილი ინერგება განვითარებად ქვეყნებში) კვების კულტურა და  ჩვევები ქვეყნებს შორის ადვილად ვრცელდება, იზრდება მოთხოვნა ეგზოტიკურ საკვებზე.

სერბი ექსპერტის მტკიცებით, იზრდება ასევე მოთხოვნა პროდუქციაზე, რომელსაც დამატებითი ღირებულება აქვს, ასეთი ტიპის პროდუქციას მოგების მაღალი მარჟა აქვს.

ახალი ბაზრების მოპოვებისთვის მწარმოებლებს შეუძლიათ, დანერგონ შემდეგი სტანდარტები:  BRC standard – ბრიტანეთის სუპერმარკეტებში, HALAL -არაბულ მაღაზიებში,  KOSHER – ებრაულ მარკეტებში, GlobalGAP -ევროპულ სუპერმარეტებში, ასევე სპეციფიკური (ორგანული, მთის, fair trade და ა.შ.).

რაც შეეხება საქართველოს, როგორც გორან ზივკოვმა აღნიშნა, კლიმატური ზონების მრავალფეროვნების გამო განსხვავებული პროდუქცია იწარმოება, ერთგვაროვანი პროდუქცია ხშირად დეფიციტურია, რადგან მოსახლეობა საკუთარი მოხმარებისთვისაც აწარმოებს.

“ხილის წარმოება ყველაზე კონკურენტუნარიანია საქართველოში, თუნდაც, ხორცთან შედარებით. პროდუქტები, რომლებიც არა მარტო რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით კონკურენტუნარიანია, თხილი, კაკალი, მანდარინი, ატამი და ყურძენია. ფასის თვალსაზრისით, ოთხი პროდუქტია კონკურენტუნარიანი: თხილი, ბალი, ქლიავი, ცხვრისა, თუ თხის ხორცი, თუმცა, მოცულობით –  მხოლოდ ორი: მანდარინი და ატამი. სხვა პროდუქტების, განსაკუთრებით, ბოსტნეულისა და ხორცის წარმოებაში სტრუქტურული პრობლემებია, ამ მიმართულებით გამოკვეთილია სავაჭრო დისბალანსი, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ფასი არ აქვს”, – აღნიშნა ექსპერტმა პრეზენტაციაში.

წყარო: http://eugeorgia.info