„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს”/ ლევან დავითაშვილი_ ურთულესი გამოწვევის დროს, ქვეყნის არც ერთ რეგიონში სურსათის დეფიციტი არ შექმნილა
ლევან დავითაშვილმა, „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში სამინისტროს 2020 წლის ანგარიში წარადგინა.
„პირველ რიგში _ აღნიშნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნების მინისტრმა _ რა თქმა უნდა, შევეხები პანდემიის საპასუხოდ განხორციელებულ ღონისძიებებს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, პანდემიით შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა დაგვევალა.
ამ დავალების ფარგლებში, ჩვენ შევძელით, სურსათით მომარაგების უწყვეტობის შენარჩუნება. ურთულესი გამოწვევის დროს, ქვეყნის არც ერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა.
საჭიროების გათვალისწინებით, ჩვენ უმოკლეს ვადებში ავამოქმედეთ სუბსიდირების პროგრამები.
საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, მცირე და მსხვილ მარკეტებს, რეგულარულად მიეწოდებოდათ პანდემიის პირობებში საქმიანობის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები. ინფორმაცია მიეწოდა და გადამოწმდა 8703 ობიექტი. აგრარული ბაზრების ფუნქციონირების დასაშვებად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები. სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესში ჩაერთო ჩვენი სპეციალიზებული 80 ერთეული ტექნიკა, რომელიც მუშაობდა საზღვრებზეც. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებით და ზედამხედველობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა 90-მდე აგრარული ბაზარში. ჩვენი გარემოსდაცვითი ზედამხედველის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფას ახდენდნენ. უსაფრთხოების ახალი წესების დაცვაზე კონტროლს გზდ 500-ზე მეტ ობიექტზე ახორციელებდა.
ჩვენ შევძელით რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობა. დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო სამუშაოების თანმიმდევრულად განხორციელება, რათა მოსავლის მიღება რისკის ქვეშ არ დამდგარიყო“.
„პანდემიამ რეალურად გააჩინა მრავალი უარყოფითი ფაქტორი, რომელიც ქვეყანაში აგრარული წარმოების შეფერხების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. სწორედ ამიტომ, ჩვენ კომპლექსური ღონისძიებების გატარება დავიწყეთ. ფერმერების მხარდასაჭერად, შემუშავდა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა, მობილიზდა 300 მლნ ლარი”
სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში, მოქალაქეების დასახმარებლად შემუშავებულია რამდენიმე პაკეტი:
- პირველი – ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით უკვე ისარგებლა 172,000-ზე მეტმა ფერმერმა. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 30 მლნ ლარს აჭარბებს, სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში განაღდებულია 24,3 მლნ ლარზე მეტი. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.
- მეორე, ეს არის აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში 123,700-ზე მეტმა ბენეფიციარმა 32,000 ტონამდე მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 5.2 მლნ ლარზე მეტი თანხა დაზოგეს.
- და მესამე – წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება. ის ფერმერები კი, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგანაც თავისუფლდებიან. 2 ოქტომბრის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა 32 122 აბონენტმა. ბენეფიციართა დანაზოგმა 3 599 982 ლარი შეადგინა.
„პანდემიასთან და მის უარყოფით გავლენებთან ბრძოლის პარალელურად, ჩვენ, ვაგრძელებდით ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც სახელმწიფომ აგრარული დარგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების ხელშეწყობისთვის შეიმუშავა. ბიზნესზე ორიენტირებული აგრარული დარგის განვითარება კვლავ რჩება მთავარ მიზნად”
ჩვენ ვაძლიერებთ სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს, ვმუშაობთ ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გაზრდის ხელშეწყობისთვის. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე პროექტებში ცვლილებები შევიტანეთ, რამაც ისინი უფრო მოქნილი გახადა.
მეტად გავზარდეთ ფერმერებისა და მეწარმებისთვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა. სახელმწიფოს თანამონაწილეობა გაცილებით დიდია საფინანსო ინსტიტუტებთან აღებულ ვალდებულებებში, ვგულისხმობ ფერმერებისა და მეწარმების სესხების საპროცენტო განაკვეთებს, რომლესაც სახელმწიფო ფარავს.
მინისტრმა იმ პროეტების შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო აგრარული წარმოების გასაძლიერებლად ახორციელებს.
სახელმწიფოს მხარდაჭერით 2020 წელს ახალი მრავალწლოვანი ბაღი 2,000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა
პროგრამამ „დანერგე მომავალი“ შესაძლებელი გახადა შექმნილიყო კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მეურნეობები. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღი 10,500 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე გაშენდა.
„დანერგე მომავლის“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მიღებული მოსავლის რეალიზაციით ფერმერებმა შემოსავალი უკვე მიიღეს. გაჩნდა საექსპორტო შესაძლებლობები, რაც განპირობებულია პროგრამის ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მიღებული მოსავლის მზარდი რაოდენობით. ასევე აღსანიშნავია, რომ ეტაპობრივად იქმნება კარგი სანედლეულო ბაზა ადგილობრივი გადამმუშავებელი მრეწველობისათვის.
ცვლილებებით, რომელიც 2020 წელს განხორციელდა, რეგიონების მოსახლეობის კიდევ უფრო დიდ ნაწილს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს პროგრამით. პროგრამას დაემატა წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის, ასევე ჭაბურღილის და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დაფინანსება უკვე არსებულ ისეთ მრავალწლოვან ბაღებში, რომელიც პროგრამის სტანდარტით არის გაშენებული. პროგრამას ასევე დაემატა კომპონენტი, რომელიც მრავალწლიანი კულტურების ბაღებში სეტყვის, ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ნერგების ჩანაცვლებას ითვალისწინებს.
2020 წელს ახალი მრავალწლოვანი ბაღი 2,000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა, სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობა 20 მლნ ლარს აჭარბებს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა გრძელდება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
2020 წლიდან ამოქმედდა ახალი კანონმდებლობა, რომლითაც კიდევ უფრო მოწესრიგდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხები.
გრძელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის ერთიან ღირებულებათა ჯაჭვში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების აქტიურ ჩართულობას, როგორც პირველადი პროდუქციის წარმოების, ასევე გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.
დღეის მდგომარეობით, 1,025 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელიც 10,734 მეპაიეს აერთიანებს.
შეღავათიანი აგროკრედიტის მეშვეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება იქნა შესაძლებელი
იაფ, გრძელვადიან და ხელმისაწვდომ ფულად რესურსებზე წვდომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.
მასშტაბური პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის’’ განხორციელებით აგრომეწარმეებისა და ფერმერებისათვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი.
პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დაწყებიდან დღემდე გაცემულია 2,695,338,563 ლარის ღირებულების 46,391 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 379,236,390 ლარი.
შეღავათიანი აგროკრედიტის მეშვეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება იქნა შესაძლებელი, მიმდინარე წლის განმავლობაში გაცემულია 372,086,077 ლარის ღირებულების 6,144 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 64,241,572 ლარი.
2020 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში 13 ბანკი და 4 სალიზინგო ორგანიზაციაა ჩართული. აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება საფინანსო ინსტიტუტების მიერ და ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა მინიმალურია, მთავარია ბენეფიციარი აკმაყოფილებდეს პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
აგროდაზღვევის პროგრამით დაზღვეული ფართობი 31%-ითაა გაზრდილი
აგროდაზღვევის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა. ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა კლიმატური რისკების დადგომისას დაიცვან საკუთარი შემოსავალი.
2020 წელს 2019 წელთან შედარებით 31%-ითაა გაზრდილი აგროდაზღვევის პროგრამით დაზღვეული ფართობი, რაც 18,000 ჰა-ს აჭარბებს. პროგრამის ფარგლებში გაცემულია 17,532 პოლისი. სააგენტოს სუბსიდიის თანხა 8 მლნ ლარს აჭარბებს.
აგროდაზღვევის პროგრამა განიცდის განახლებებს და ფერმერთა ინტერესებზე მეტად მორგებული ხდება, 2020 წელს განხორციელებული ცვლილებით, მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, აგროდაზღვევა სამწლიანი გახდა.
2014 წლიდან დღემდე, 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებული ზარალი 44 მლნ ლარს აღემატება.
სოფლის მეურნეობის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობაა. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერები მოსავალს მოსალოდნელი სტიქიისგან (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და ციტრუსისთვის საშემოდგომო ყინვა) აზღვევენ.
სახელმწიფოს ხელშეწყობით, 2020 წელს, 16 ახალი საწარმო შეიქმნა
მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა.
პირველადი პროდუქციის მოსავლის ზრდის პარალელურად მზარდია შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებზე მოთხოვნა.
სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათვის მნიშვნელოვანი სტიმულია წარმოების განვითარებისათვის.
მიმდინარე წელს, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 6 გადამმუშავებელი და 10 შემნახველი საწარმო, ჯამური საინვესტიციო ღირებულება 19 მლნ ლარს აჭარბებს.
2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების მიმართულებით 56 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ ლარს აჭარბებს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 28 მლნ ლარზე მეტია. შემნახველი საწარმოების მიმართულებით დაფინანსდა 43 პროექტი – ჯამური საინვესტიციო ღირებულება 53 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 23 მლნ ლარზე მეტს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო გრანტის მიღების პარალელურად, ბენეფიციარებს შეეძლოთ საინვესტიციოდ ესარგებლათ შეღავათიანი აგროკრედიტითაც.
„პანდემიის პირობებში, სოფლის მეურნეობის დარგში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა რთველი 2020 და ყურძნის ჭარბი მოსავლის დაბინავება იყო. სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, 280 ათასზე მეტი ტონა ყურძენი სრულად დაბინავდა. ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათ შემოსავლების სახით, 310 მლნ ლარამდე მიიღეს“ _ აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2020-ის სუბსიდირება განხორციელდა. ამით, ათასობით მევენახეს 1 კგ რქაწითელის 80 თეთრად რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცა. რომ არა სახელმწიფო სუბსიდია, ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ფერმერებს 1 კგ რქაწითელის გაყიდვა 50 თეთრად მოუწევდათ, რაც თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ დაფარავდა. ყურძნის სუბსიდირების თანხამ 51 მლნ ლარს მიაღწია.
- სახელმწიფო საწარმოებმა მევენახეებისგან ჭარბი ყურძენიც შეისყიდა, რომელზეც კერძოს სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იყო; ჯამში, 83 მლნ ლარის ღირებულების. რომ არა ეს მხარდაჭერა, 10 ათასამდე მევენახე ვერ შეძლებდა 94 ათასამდე ტონა ყურძნის რეალიზაციას.
- სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა ბოლო 30 წლის რეკორდული, 280 ათასზე მეტი ტონა ყურძნის მოსავლის სრულად დაბინავება. ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათ შემოსავლების სახით, 310 მლნ ლარამდე მიიღეს.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში ქართული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინის დამატება, მეღვინეობის დარგის 2020 წლის ერთ-ერთი მთავარი წარმატება იყო
ქართული ტექნოლოგიით, „დურდოზე (ჭაჭა) ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინის“ OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში დამატების გადაწყვეტილება, OIV-ის გენერალურმა ასამბლეამ 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო.
ამ დრომდე OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინო შედიოდა: „შუშხუნა“, „ცქრიალა“, „შემაგრებული“, „ლიქიორული“, „ბუნებრივად ტკბილი ღვინოები“, „აისვაინი“ და „საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო“.
„დურდოზე ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“, OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მე-8 გახდა.
აღნიშნული სიახლის შესახებ, შესაბამისი განმარტება შევა ენოლოგიის პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსში, ამ კატეგორიის ღვინოების განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ მოხდება მომხმარებლების, ასევე კონკურსებზე ჟიურის წევრების ინფორმირება, რათა მათ შეძლონ შესაბამისი შეფასების გაკეთება.
გეოგრაფიულ აღნიშვნებს 2020 წელს ადგილწარმოშობის დასახელების ოთხი ღვინო დაემატა
მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის, 2020 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარების მიმართულებით.
საქართველოში რეგისტრირებულ დაცულ გეოგრაფიულ ადგილწარმოშობის დასახელებებს, 2020 წელს ოთხი ღვინო დაემატა: „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“.
ამ ეტაპზე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელების 24 ღვინოა დარეგისტრირებული: „ქინძმარაული“, „მანავი“, „კახეთი“, „ნაფარეული“, „თელიანი“, „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“, „გურჯაანი“, „ხვანჭკარა“, „ატენი“, „სვირი“, „ვაზისუბანი“, „კარდენახი“, „ტიბაანი“, „ტვიში“, „ყვარელი“, „კოტეხი“, „ხაშმის საფერავი“, „ბოლნისი“, „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“.
„ქვეყანაში აგრარული წარმოება შეუფერხებლად ხორციელდება. 2020 წელს, მიუხედავად პანდემიით შექმნილი კრიზისული ვითარებისა, რეკორდულად მზარდია ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები”
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უკანასკნელ წლებში ბაზრების დივერსიფიკაციის და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით გაწეული სამუშაოების შედეგად, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, საქართველოდან შეუფერხებლად ხორციელდება ქართული აგრარული პროდუქციის ექსპორტი, მათ შორის:
2020 წლის 1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა:
25 287 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი (1 მაისიდან), რომლის ღირებულებამ 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
6 739 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
12 664 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 65.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
10 834 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან);
16 062 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 7.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან);
674 ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 ივნისიდან).
„სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებდა მუშაობას როგორც პანდემიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ისე თავისი ძირითადი მიმართულების შესრულებაში“
ამ კუთხით, ჩვენ არ გვქონდა შეფერხება იგივე ჩვენი ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის, ვეტერინარიის კუთხით. ვაქცინაცია გრძელდებოდა 2020 წელს, რაც ზრდის ქვეყნის კეთილსაიმედოობას და ეს პირდაპირ კავშირშია მათ შორის ჩვენს სავაჭრო უპირატესობებთან.
ჩვენ გავაგრძელეთ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. იცით, ეს იყო რამდენიმე წლის წინ ისეთივე დიდი გამოწვევა, როგორც, ფაქტობრივად, დიდი ეპიდემია. ჩვენ გვქონდა საკმაოდ რთული პერიოდები 2016-17-18 წლებში, რაც დავძლიეთ სამინისტრომ. დიდწილად მოვახერხეთ 2019 წელს პირველი შედეგების დადება და 2020 წელი განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო, ეს აისახა უკვე სავაჭრო მონაცემებზე. სწორედ ფაროსანას წინააღმდეგ 325 000 ჰექტარზე ფართობი მეტი დამუშავდა, მცენარეთა დაცვის მიმართულებით გრძელდებოდა მუშაობა სხვა მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგაც და 102 000 ჰექტარი ფართობი დამუშავდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 20 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა
სურსათის უვნებლობის მოთხოვნების და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, მიმდინარე წელს განხორციელდა:
- 19,912 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა; სხვადასხვა პარამეტრზე ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა) გამოვლინდა-2,246 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;
- ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA- ს) ფარგლებში განსაზღვრული გეგმის მიხედვით, 2020 წელს განხორციელდა 23 ნორმატიული აქტის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან;
- ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო დაამატა მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების შეტანა ნებადართულია;
- 2021 წელს კვლავ პრიორიტეტული იქნება შიდა ბაზარზე უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება და აგროსასურსათო პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის ზრდა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 4 მილიონზე მეტი ვეტერინარული მანიპულაცია განახორციელა
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის და ქვეყანაში კეთილსაიმედო მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით განხორციელდა:
- 4,110,505 ვეტერინარული მანიპულაცია (ვაქცინაცია, რევაქცინაცია, სერომონიტროინგი) მათ შორის ახალი კორონავირუსის გამო გამოცხადებულ კარანტინის ზონებში;
- 571,356 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია;
- 799,017 სული პირუტყვის დამუშავება ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ ;
- 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება ცხოველთა დაავადებების მონიტორინგი და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დადგენილი დაავდებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
მცენარეთა დაცვის ღონისძიებებმა ხელი შეუწყო მოსავლის შენარჩუნებას
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მცენარეთა მავნებლებისგან დაცვის და მოსავლის შენარჩუნების მიზნით:
- დასავლეთ საქართველოში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, 37 მუნიციპალიტეტში, დამუშავდა 325 700 ჰა-მდე ფართობი (თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიებით); დამონტაჟდა – 6000 მონიტორინგის სისტემა; „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური – 107 000 ფერომონი;
- ფართობები დამუშავდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მდელოს ფარვანას, ამერიკული თეთრი პეპელას, იტალიური კალიას და კოღოს საწინააღმდეგოდ, სულ – 102 790 ჰა ;
- პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა რეალიზაციის წესების 148 დარღვევა;
- 2021 წელს გაგრძელდება აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებები და მონიტორინგი.
სამელიორაციო სისტემების მოწესრიგება მნიშვნელოვნად ავითარებს სოფლის მეურნეობის სექტორს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფონდის გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. შედეგად, 201 ათასი ჰექტარი ფართობია მელიორირებული. უკანასკნელ წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად აღმოსავლეთ საქართველოში გასარწყავიანებული ფართობების რაოდენობა გასამმაგდა, რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დაახლოებით სამჯერ გაიზარდა დრენირებული ფართობების რიცხვიც.
„2020 წელს პანდემიის მიუხედავად სამინისტროს არ შეუჩერებია არცერთი პრიოტიტეტული მიმართულების დაფინანსება და განხორციელება, მათ შორის ეს ეხებოდა მელიორაციის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც.
რაც მეტი გვექნება წყალუზრუნველყოფილი ფართობი მით მეტი იქნება ზრდა სოფლის მეურნეობაში, წარმატება და შედეგი.
2012 წელს გვქონდა თითქმის განადგურებული სამელიორაციო ინფასტრუქტურა. ჩვენ 141 ათას ჰექტარ წყალუზრუნველყოფილ ფართობზე ავედით. 2020 წელს დამატებით 11 ათასი ჰექტარის გასარწყავიანება მოხდა. მიუხედავად ყველაფრისა მელიორაციის კომპანია მუშაობდა ინტენსიურად“,- განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
2020 წელს, საქართველოს მელიორაციამ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 36 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდა/მოწესრიგდა 97 კმ საირიგაციო და 76 კმ სადრენაჟე არხი, აშენდა 2 სათავე ნაგებობა, ხოლო ექსპლუატაციის პროგრამით გაიწმინდა და მოწესრიგდა 1 995 კმ არხი და შეკეთდა 3 495 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.
მიმდინარე წელს სარწყავი წყალი მიეწოდა ისეთ სოფლებს, სადაც 2-3 ათეული წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ მორწყულა.
სოფლის მეურნეობაში სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს
იშვიათი ადგილობრივი ვაზისა და ხეხილის ჯიშების მოძიების, აღდგენის, შენარჩუნებისა და გენოფონდის კვლევის მიზნით, 2020 წელს, კოლექციას 80-მდე ახალი ჯიში შეემატა. დღეისთვის, მოძიებული და დაცულია ვაზის 450-მდე ქართული, 350-ზე მეტი უცხოური და 400-ზე მეტი მრავალწლოვანი კულტურების ჯიში.
სხვადასხვა აგროკლიმატურ ზონებში გაშენებული კოლექციებიდან მიღებული კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად დაეხმარება ფერმერებს კულტურებისა და კონკრეტული ჯიშების შერჩევისა და აგროტექნიკური ღონისძიებების სწორად განხორციელების საქმეში.
განხორციელდა ცხოველთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნების და სანაშენე საქმიანობის წარმართვისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბების სამუშაოები, რომელიც საფუძვლად დაედება კერძო სექტორში მეცხოველეობის მიმართულებით სტიმულირების პროექტების გაფართოებას.
საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა და ამ მიმართულებით სანერგე მეურნეობების გაძლიერება მიმდინარეობს. სისტემის ფართოდ დანერგვა უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯანსაღი, ხარისხიანი და ჯიშურად სუფთა სათესლე და სარგავი მასალით ბაზრის უზრუნველყოფას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას, იმპორტის ჩანაცვლებას და საექსპორტო შესაძლებლობის გაჩენას.
სასოფლო-სამეურნეო მიწების ინვენტარიზაციის პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური ერთობლივ სამუშაოებს NASA-სთან (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო, აშშ) ერთად ახორციელებს. სამუშაოების მიზანია ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული გამოსახულებების ანალიზის საფუძველზე მიწის დეგრადაციის შესწავლა.
მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის მოწყობა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ხორციელდება, სადაც ლაბორატორიულ, საკონფერენციო, საოფისე, სადეგუსტაციო სივრცეებთან ერთად, ვაზის და ღვინის სამუზეუმო კუთხე, მარანი და ენოთეკა მოეწყობა.
ანასეულში II დონის ბიოლოგიური ლაბორატორიის მოწყობა დასრულდა.
ფერმერების ცოდნის დონის ამაღლების კუთხით 2020 წელს, გადამზადდა 1500-მდე ფერმერი. სულ ჩატარდა 45, მათ შორის 18 ონლაინ ტრეინინგი, გაწეულ იქნა 800-ზე მეტი სატელეფონო კონსულტაცია და რეკომენდაცია. ფერმერთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამოცემულია სხვადასხვა თემატური ბროშურა, წიგნი და მონოგრაფია.
სამინისტროს სისტემაში წარმატებით ფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის სახელმწოფო ლაბორატორია, რომელიც, არსებული ეპიდემილოგიური ვითარების ფარგლებში დადგენილი ყველა რეგულაციის დაცვით, შეუფერხებლად მუშაობს
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (SLA)
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, საერთაშორისო დონისა და მნიშვნელოვანი ფუნქციების მქონე ლაბორატორიაა.
ლაბორატორიაში საქმიანობა მიმდინარეობს სამი ძირითადი მიმართულებით, ესენია:
- ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა;
- სურსათის კვლევა;
- მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა.
საქართველოს მასშტაბით, ლაბორატორიის ქსელი მოიცავს საერთაშორისო ISO 17025 აკრედიტაციისა და 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის მქონდე 13 ლაბორატორიას.
2020 წლის მონაცემებით:
- სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა ეროვნული აკრედიტაცია, ლაბორატორია აკმაყოფილებს საქართველოს სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის მოთხოვნებს;
- ლაბორატორიაში დაინერგა 62 ახალი, აკრედიტებული კვლევის მეთოდი;
- ლაბორატორიის თანამშრომლებმა კი წარმატებით გაიარეს საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირებები;
- ლაბორატორიაში შემოვიდა 306 477 ნიმუში და ჩატარტა 352 870 კვლევა.
დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ლაბორატორიის ვებგვერდზე –http://sla.gov.ge/Ge/Tariffs
მიწის ფონდის რაციონალური გამოყენება და გონივრული მართვა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ამ ამოცანების გადასაწყვეტად 2020 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა ახალი უწყება – სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო
მიწა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოწურვადი რესურსია, რომელსაც უდიდესი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ღირებულება გააჩნია. ახალი სააგენტო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს – მიწის ბაზრის, სოფლის მეურნეობის დარგებისა და ზოგადად სოფლის განვითარებას.
სააგენტოს უფლებამოსილებაა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება, გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმავასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
მიმდინარე წელს ქარსაფარი ზოლები გაშენდა 33 კმ-ზე, მოეწყო 2 სანერგე მეურნეობა ახლაგაზრდა ფერმერებისათვის, განხორციელდა ნაკვეთმონაცვლეობითი თესლბრუნვის საპილოტე პროექტი 448 ჰა-ზე, ინვენტარიზაცია 69,000 ჰაზე და გამოვლინდა ყველაზე დეგრადირებული ფართობები, დაიგეგმა აღდგენის ღონისძიებები, მიმდინარეობს მუშაობა საძოვრების მართვის პოლიტიკის დოკუმენტზე.
„ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ გარემოსდაცვითი მიმართულებებით პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც განსაზღვრული გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და რომელიც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობის და პოლიტიკის სრულად დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან”
სამინისტრომ შეიმუშავა არაერთი საკანონმდებლო აქტი.
- დამტკიცდა ჰაერის ხარისხის მართვის ახალი, ევროპული სტანდარტები;
- დამტკიცდა 2020-2022 წლების ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა;
- საწვავის ხარისხის ნორმების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვნად გამკაცრდა სანქციები დარღვევისთვის;
- დამტკიცდა ახალი რეგულაციები სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და გამონაბოლქვის კონტროლის ევროპული სისტემის დანერგვის მიზნით;
- ქვეყნის 200-მდე მსხვილ საწარმოს მომდევნო წლიდან დაუდგინდა მოთხოვნები ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად;
- დადგინდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ევროპული სტანდარტები;
- მომზადდა „წყლის რესურსების მართვის შესახებ” კანონპროექტი. ახალი კანონმდებლობა დანერგავს მდინარეთა სააუზო მართვას;
- შემუშავდა საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის პროექტი;
- შემუშავდა კლიმატის ცვლილების ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებული დოკუმენტი;
- შემუშავდა კლიმატის ცვლილების სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა.
ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს დაამტკიცა, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს
ახალი კოდექსის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს.
ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში (იმერეთი; გურია, სამცხე-ჯავახეთი; მცხეთა-მთიანეთი; კახეთი, შიდა ქართლი) მოეწყო 26 „საქმიანი ეზო“, რაც უზრუნველყოფს ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას.
როგორც ცნობილია, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორცილებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.
შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა გაცილებით ეფექტიანად განხორციელდება, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.
გასული საუკუნიდან საქართველოში, წაბლის დაავადების გამოჩენის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პირველად განხორციელდა სრულყოფილი და თანმიმდევრული სამეცნიერო და სატყეო ღონისძიებები დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით
ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდი ხელს შეუწყობს დაავადებული წაბლნარი კორომების გაჯანსაღებას, რაც წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, 2020 წელს, დაავადების აღმოჩენის შემდეგ, პირველად განხორციელდა ჰიპოვირულენტური შტამების შეტანა ზესტაფონის სატყეო უბნის ბოსლევის სატყეოში, სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე (43 ჰა), სადაც სანიტარული ჭრის განხორციელების შემდეგ, სპეციალურად გამოიყო საექსპერიმენტო უბნები. შტამების შეტანა 200-მდე დაავადებულ წაბლის ხეზე მოხდა. მომდევნო წლების მანძილზე კი განხორციელდება აღწერითი სამუშაოები, დეტალური დაკვირვება და მონიტორინგი.
ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება
მას ათწლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისთვის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის ათწლიანი გეგმები.
2020 წელს, ტყის ინვენტარიზაცია და 10 წლიანი მართვის გეგმების მომზადება განხორციელდა 150 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე, რაც წინა წლების წლიურ მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ახმეტისა და დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაცია ახალგაზრდა მეტყევე სპეციალისტების მიერ განხორციელდა, რომლებიც 2019-2020 წლებში ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადებული სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ, დასაქმდნენ საველე სამუშაოებზე. სააგენტოს მიერ 2019 წელს ინიცირებულმა ამ პროცესმა ახალგაზრდებში მეტყევის პროფესიისადმი ინტერესის ზრდას შეუწყო ხელი და სასწავლო პროგრამის ფარგლებში 2020 წელს 21 ახალი მეტყევე-ტაქსატორი გადამზადდა, რაც წინა წლის მსურველთა რაოდენობას აღემატება.
2020 წელს, დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად, 122 374 ჰა-ით, გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაცული ტერიტორიების შექმნა/დაარსება, გაფართოება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისად განვითარებაა.
2020 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად 122 374 ჰა-ით გაიზარდა და დღეისათვის შეადგენს 793 351 ჰა–ს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.38%-ია. 2020 წელს, შეიქმნა 3 ახალი დაცული ტერიტორია და გაფართოვდა ერთი.
2020 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო კონსერვაციული და რეინტროდუქციის პროექტების მიმართულებით. ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF)-ის მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს ჯეირნების პოპულაციის აღდგენის პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე – მათი რაოდენობა უწყვეტად იზრდება და ამ ეტაპზე 150 ინდივიდს შეადგენს. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე წარმატებით დაინერგა აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის ტელემეტრიული მონიტორინგი, პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES-ის მიერ ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აჯამეთის აღკვეთილში, 2016 წლიდან დღემდე, მიმდინარეობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, იმერული მუხის აღდგენის პროექტი, დაახლოებით 56 ჰა ფართობზე.
2020 წელს, გრძელდება მენეჯმენტის გეგმების შემუშავება და არსებულის განახლება, მათ შორის, შემუშავდა 1 ახალი მენეჯმენტის – ალგეთის ეროვნული პარკის და განახლდა 7 დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა. არსებული მდგომარეობით, 20 ტერიტორიული ადმინისტრაციიდან დაცული ტერიტორიების მართვას დამტკიცებული მენეჯმენტის გეგმით ახორციელებს 13.
დაცულ ტერიტორიებზე, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს პატრულირებისა და ბიომონიტორინგის თანამედროვე SMART ტექნოლოგიების დანერგვა, დაცვა-მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით.
აღსანიშნავია, ასევე, მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებიც, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ბზის ალურას წინააღმდეგ გამოსაყენებელი პრეპარატების შესხურება ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე და კოლხეთის ეროვნულ პარკში. ბორჯომ-ხარაგაულის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, ნეძვის აღკვეთილის წიწვოვან ტყეებში გამოყენებულ იქნა ფერომონიანი საჭერები. მაჭახელას ეროვნულ პარკში კი დაწყებულია წაბლის კიბოს კვლევა GEF/UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს საგრანტო პროექტების პორტფელის ღირებულება უპრეცედენტოდ მაღალია და 54 მილიონ ლარს აღწევს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობენ დაცული ტერიტორიების საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაზე, როგორც არსებულ, ასევე ახალი პარტნიორების მოძიების მიმართულებით. საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ფინანსური მხარდაჭერა, ისე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საქართველოში დანერგვა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს საგრანტო პროექტების პორტფელის ღირებულება უპრეცედენტოდ მაღალია და მიმდინარე პერიოდში 54 მილიონ ლარს აღწევს, საიდანაც 2020 წლისთვის გათვალისწინებული იყო დაახლოებით 14 მილიონი. ამ პროექტებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიის განვითარების ბანკის (KFW), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), შვედეთის მთავრობის, ევროკავშირის (EU), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF), მსოფლიო ბანკის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერა.
2020 წელს განხორციელებული პროექტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსის Covid 19-ის გამო არსებული გამოწვევების დასაძლევად მიღებული 4 200 000 ლარის გრანტი. ასევე, აღსანიშნავია, ფშავ-ხევსურეთის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა შატილში, რომელიც წელს დაიწყო და 4 000 000 ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. დასრულდა საზოგადოებრივი სკვერის მშენებლობა მანგლისში (ინვესტიცია დაახლოებით 760 000 ლარი), დასრულდა საფეხმავლო ბილიკების მშენებლობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ნეძვის აღკვეთილში და დასრულების ეტაპზეა აბასთუმნის და ალგეთის ეროვნული პარკის ბილიკების მოწყობა (ინვესტიცია ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარი), აშენდა „თოკების პარკის“ ატრაქცია კოლხეთის ეროვნულ პარკში (ინვესტიცია 285 000 ლარი).
2021 წელს, ამ ეტაპზე არსებული გეგმების მიხედვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება, რომელთა ჯამური ღირებულება 60 მილიონ ლარამდეა. გრანტები მიმართულია საკონსერვაციო ღონისძიებების გასაძლიერებლად, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. მათ შორის, დაგეგმილია ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითარების პროექტი, რომლისთვისაც გამოყოფილია 1 995 000 ლარის ფინანსური რესურსი. საოპერაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად კი სააგენტოს ბიუჯეტში მობილიზებული იქნება დაახლოებით 3 990 000 ლარის გრანტი.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 2020 წელს, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, 7 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ხორციელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო, Covid-19 გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, აქტიურად განაგრძობს ეკოტურიზმის განვითარებას.
2020 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული პროექტი მიმდინარეობს და საერთო ჯამში 7 000 000-მდე ლარის ინვესტიციას შეადგენს. პროექტების განხორციელების მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა.
აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დასრულების ეტაპზეა 200 კმ-მდე საფეხმავლო ეკოტურისტული ბილიკები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილსა და აბასთუმნის ტერიტორიაზე, სათაფლიაში, აჯამეთის აღკვეთილში, ალგეთის ეროვნულ პარკში. კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ მოეწყო. ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, შატილში, მიმდინარეობს 4 მილიონ ლარამდე ღირებულების საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა.
ახალი კორონავირუსის Covid 19-ის პანდემიის მიუხედავად, შეუჩერებლად მიმდინარეობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული მოცულობის საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რომელთა ღირებულება 89 მილიონ ლარზე მეტია. მათ შორის, წალკის (ყოფილი დაშბაშის) კანიონზე, რომელიც საქართველოში პირველი კერძო საერთაშორისო ინვესტიციაა.
აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, პანდემიის დასრულების შემდეგ, ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან: გერმანიის განვითარების ბანკი (KFW), კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), შვედეთის მთავრობა, ევროკავშირი (EU), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF), მსოფლიო ბანკი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), რომელთა მხარდაჭერითა და ჩართულობით განხორციელდა და მიმდინარეობს ეკოტურიზმის განვითარება საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.
„ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია სტრატეგიულ ბაზრებზე შენარჩუნებულია”
„COVID-19-ის პანდემიის პირობებშიც, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია სტრატეგიულ ბაზრებზე შენარჩუნებულია”, ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.
„სიტუაცია ძალიან რთული იყო მევენახეობა-მეღვინეობის ყველა ქვეყანაში. ჩვენ მოვახერხეთ ადაპტირება, რაოდენობაში გაყიდვებისა და ბაზრებზე პოზიციების შენარჩუნება იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი პოზიციები და გამოვასწოროთ მდგომარეობა. ღვინის სექტორში ჩვენ გვაქვს შემოსავლების კლება და ვფიქრობ, ეს არავისთვის არის გასაკვირი. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს არის საყოველთაო მოცემულობა, რომელიც სამწუხაროდ, ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში დადგა“ ,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი განცხადებით, ქართული ღვინის საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე საექსპორტო პოტენციალის გასაძლიერებლად, მარკეტინგული აქტიობები დისტანციურ ფორმატებში, ონლაინ-დეგუსტაციებისა და ონლაინ-პლატფორმების გამოყენებით გაგრძელდა, გააქტიურდა რეკლამები ღვინის ონლაინ-საცალო გაყიდვების რეიტინგულ ვებგვერდებსა და აპლიკაციებზე, ტელევიზიებსა და რადიოებში, შეიქმნა ქართული ღვინის საპრომოციო გვერდები სხვადასხვა სოციალური მედიაში.
შეიქმნა „მცირე მარნების დახმარების პროგრამა“, რომლის ფარგლებში, პანდემიის შედეგად დაზარალებული ათეულობით მცირე მარნის 1500-მდე ბოთლი ღვინის ტრანსპორტირება განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმპორტიორებთან.
ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის აღდგენისთვის მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს. მიმდინარეობს არსებული უნიკალური ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება და წითელი ნუსხის სახეობის მცენარეების გაშენება. სააგენტო ტყეპარკში, მტკვრის ჭალის ინფრასტრუქტურისა და მწვანე საფარის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს.
ხეების უკანონო ჭრისა და ბრაკონიერობისაგან პარკის დაცვის მიზნით, კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიის 150 ჰა შემოიღობა.
ტყეპარკში 100 კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა, რომელიც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF, პროგრამა “მტკვარი 2, UNDP) მიერაა დაფინანსებული. გამომუშავებული ელექტრო ენერგია განსაზღვრულია სარწყავი წყლის სატუმბი სადგურის, ჭალის ტყის საირიგაციო სისტემების, არსებული 11 სათევზაო ტბორის წყალშევსებისა და საკუთრივ ტყეპარკის გზებისა და ბილიკების განათებისათვის.
ტყეპარკში, მდინარე მტკვარზე, ველური ბუნების სააგენტოს მიერ დაპროექტებული სარწყავი წყლის სატუმბი სადგური უახლოეს მომავალში განთავსდება. ასევე, კრწანისის ტყეპარკში მიმდინარეობს ვეური ბუნების სააგენტოს სათაო ოფისის მშნებლობა, რომელიც 2021 წლის გაზაფხულამდე დასრულდება. ველური ბუნების სააგენტოს მიერ კრწანისის ტყეპარკის შესასვლელში ავტოსადგომი მოეწყო და დაცვის სამსახური განთავსდა.
ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შედეგად, პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს. ტყეპარკი წარმოადგენს მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას და იგი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის, სადაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით. ტყეპარკში დაგეგმილია „მწვანე საბჭოს” საკონფერენციო დარბაზისა და წითელი ნუსხის სახეობების დენდრო პარკის გაშენება.
„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” – ახალი პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშავა ახალი პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში’’, რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობასა და სასკოლო სივრცეში ინტეგრირებას ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში, კერძოდ – დაწყებით საფეხურზე. პროგრამის ფარგლებში შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელო დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის – „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლებში”, რომელიც ცენტრის მიერ დაწყებული გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშემწყობი პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს და მოიცავს ორივე სფეროსათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის.
სახელმძღვანელო ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა სკოლისათვის, შესაბამისად გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლება თანაბრად შესაძლებელი იქნება როგორც მსხვილ ქალაქებში, ისე საქართველოს ყველა სოფელში.
ფერმერთა შესაძლებლობების გაზრდა
ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანი წინაპირობაა სოფლის მეურნეობის ეფექტიანი და მდგრადი განვითარებისთვის. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი თავისი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე აქტიურად უწყობს ხელს ფერმერთა შესაძლებლობების გაზრდას აგრარული განათლების ხელშეწყობის გზით.
ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს, რომლიც ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში განისაზღვრა ქვეყნის სხვადასხვა მხარისთვის დამახასიათებელი პრიორიტეტული მიმართულებები, რის შემდეგადაც შემუშავდა ტრენინგ-პროგრამა და ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივი ფერმერებისთვის.
პროექტის ფარგლებში, კახეთის მხარის რვა მუნიციპალიტეტში 123 ფერმერს ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიები”, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს დარგის სპეციალისტებმა გააცნეს მარცვლოვანი კულტურებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოყენების და პრაქტიკაში დანერგვის საკითხები.
სამეგრელოს, გურიის და იმერეთის მუნიციპალიტეტებში 286 ფერმერს ჩაუტარდა ტრენინგები თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს დარგის სპეციალისტებმა გაუზიარეს გამოცდილება თხილის წარმოების აგროტექნოლოგების, მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების, მოსავლის აღებისა თუ შენახვის პირობებისა და მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.
იმერეთის რვა მუნიციპალიტეტში (ზესტაფონი, წყალტუბო, ჭიათურა, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხარაგაული) 160-მდე ადგილობრივი მეფუტკრისთვის გაიმართა ტრენინგები თაფლის წარმოების და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ, რომლის ფარგლებში მეფუტკრეები გაეცნენ ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს, თაფლის წარმოებისა და ფუტკრის ოჯახის მოვლის ტექნოლოგიურ რუკას და მეურნეობის დაგეგმვის მნიშვნელობას.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს აგრარული განათლების ხელშეწყობას და გეგმავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ფერმერთა შასაძლებლობების გასაძლიერებლად.
2020 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 405 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2020 წელს, გამოვლინდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 405 ფაქტი, მათ შორის, 367 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სამართალდარღვევებზე დაკისრებული ჯარიმების თანხამ, ჯამში, 1 602 800 ლარი, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 3 758 345 ლარი შეადგინა. 2020 წელს, რეგულირების ობიექტების 1547 ინსპექტირება განხორციელდა, მათ შორის, 46 – საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ინსპექტირება გარემოსდაცვითი მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მასშტაბური სახე მიიღო პარკების მწარმოებლების შემოწმების პროცესმა, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები და შემცირდეს გარემოს დაბინძურება. 2020 წელს პარკების მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაილუქა და კონფისკაციას დაექვემდებარა 2 142 450 ერთეული პლასტიკის პარკი.
2020 წელს „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განხორციელდა 20 შემოწმება. აღსანიშნავია, რომ შემოწმებების შედეგად გარემოში გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმის ინტროდუქციის ფაქტი არ გამოვლინდა.
გრძელდება საავტომობილო საწვავის ხარისხის კვლევა, მიწოდების პროცესში და აღნიშნული ღონისძიებების შედეგად მინიმუმადე შემცირდება არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც თავისთავად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. 2020 წელს ქვეყნის მასშტაბით, 280 ავტოგასამართი სადგურის რეზერვუარებიდან საწვავის 344 სინჯია აღებული. ჯამში, დიზელისა და ბენზინის მხოლოდ 33 სინჯი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს.
დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 24-საათიანი ცხელი ხაზის ფუნქციონირებას. 2020 წელს, გარემოსდაცვითი სავარაუდო სამართალდარღვევის შესახებ ცხელ ხაზზე (153) შევიდა 2 592 შეტყობინება. თითოეულ შეტყობინებაზე დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას ახდენს და კანონმდებლობით დადგენილ ზომებს ატარებს.
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება
2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე მომზადდა.
კანონპროექტის მიზანია გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მონეტარული ანაზღაურების ნაცვლად, გარემოს აღდგენის ეფექტური, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის დანერგვა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენციის/შერბილების ღონისძიებების შესრულების უზრუნველყოფა.
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები ეფუძნება პრინციპს – „დამბინძურებელი იხდის“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ვალდებულია აანაზღაუროს გარემოზე მიყენებული ზიანი. ზიანის მიმყენებელი პირი ვალდებული იქნება ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები თავად განახორციელოს. ახალი მიდგომის მთავარი მიზანი გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენცია და აღმოფხვრაა. კანონპროექტით იქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი არამხოლოდ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიებისთვის, არამედ ყველა საწარმოსათვის, რომ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, მათ განახორციელონ შესაბამისი სარემედიაციო ღონისძიებები და საქმიანობის განხორციელებამდე შექმნან მყარი ფინანსური გარანტიები, რომ თუკი ზიანი დადგება, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები მობილიზებული ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად.
საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებათა პაკეტის მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, დადგინდება ადეკვატური სანქციები, რაც გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია.
მონადირეებს მოსაკრებლის ქვითრის დედნის წარდგენა აღარ უწევთ
2020 წელს, მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, განთავისუფლდა ვალდებულებისგან – ნადირობის სეზონის განმავლობაში თან იქონიოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინიციატივით, გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში (ms.emoe.gov.ge) დაინერგა ელექტრონული მოდული „სახაზინო კოდი – 3033 გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებელის გადახდის თაობაზე“ – რომლის მეშვეობით კონტროლის განმახორციელებელი ელექტრონულ სისტემაში ამოწმებს მოსაკრებლის გადახდის ფაქტს. ინიციატივის მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ უფრო ეფექტური კონტროლის განხორციელება და ასევე, მონადირეების ინტერესების დაცვაა.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების უწყვეტი კონტროლის ახალი სისტემა დაინერგა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ვალდებულების – არალეგალური, არადოკუმენტირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა სატელიტური ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესყიდვა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდა უცხო ქვეყნის იურისდიქციაში შემავალ ტერიტორიულ ზღვასა და ღია ზღვაში თევზჭერაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების უწყვეტი კონტროლი.
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემები უკვე ჩართულია საერთაშორისო მონიტორინგის პროგრამაში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები მუდმივად აკონტროლებენ გემების მოძრაობას, არალეგალური თევზჭერის პრევენციის მიზნით და ასევე მათ მიერ მოპოვებული თევზის სახეობებსა და რაოდენობას.
მონიტორინგის ახალი სისტემის შედეგი, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ უკანონო თევზჭერის პრევენცია იქნება.
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მუშაობა გრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
მიმდინარე წელს დასრულდა ინიციატივა „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის „მმართველობის რეფორმის ფონდის” (UNDP-GRF) პროექტის ფარგლებში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
მონიტორინგის სადგურების გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნა მათი მომსახურების ტექნიკური ინსტრუქციები და გადამზადდა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.
გარდა ამისა, სააგენტომ შეიმუშავა შესაბამისი საკანონმდებლო და სისტემური მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საქართველოს პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის „სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ პროგრამის (CAFE დირექტივა) მოთხოვნებთან.
ასევე, შემუშავდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების გზამკვლევი, მათ შორის სადგურების რაოდენობისა და განთავსების ადგილების იდენტიფიცირებითა და ქსელის განვითარების, ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო რესურსების შეფასებით, რაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს სრულყოფილი მონაცემები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.
სამრეწველო მარაგების შეფასება შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში
მიმდინარე წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, პირველად ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO/GFCM) მხარდაჭერით, შავ ზღვაში 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის ქაფშიის, რომელიც 109 000 ტონას შეადგენს.
განხორციელებულმა კვლევებმა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს პირველად მისცა საშუალება მარაგი ევროკავშირის სტანდარტების და ხმელთაშუა ზღვის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად განესაზღვრა.
ამავე მხარდაჭერის ფარგლებში, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს საზღვაო სივრცეში განახორციელა არანაკლებ მნიშვნელოვანი, შავი ზღვის რაპანას (Rapana venosa) მასშტაბურ კვლევები. რეგიონის ზღვისპირა ქვეყნებს აღნიშნული პროდუქტის ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს. როგორც მოთხოვნადი პროდუქტი, მისი რეალიზაცია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზღვის პროდუქტების მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში დარგის მდგრად განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
მეტეოროლოგიური რადარი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ქ, ქუთაისში თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი დამონტაჟდა, რომლის მომწოდებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია „VAISALA“.
მეტეოროლოგიური რადარი ქუთაისიდან დაახლოებით 250 კმ-ის რადიუსში, ოპერატიულ რეჟიმში გადმოსცემს მონაცემებს ღრუბელთა ტიპების, მათი ინტენსივობის, გადაადგილების, მიმართულების, სიჩქარის და სხვა ფიზიკური პარამეტრების შესახებ.
აღნიშნული რადარი შესაძლებლობას იძლევა დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც უზრუნველყოფს მათგან გამოწვეული წყალმოვარდნების და ღვარცოფების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის დროულად მიწოდებას.
პროექტის სრული ღირებულება ამერიკისა და ქართული მხარის თანადაფინანსებით, ჯამში 3 500 000 ლარს შეადგენს.
ლევან დავითაშვილი: „მზარდი დინამიკა სოფლის მეურნეობაში თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“
„ჩვენი დამოუკიდებლობის პირობებში, ისტორიული მაქსიმუმი გვაქვს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობების გამოშვებაში – ეს არის დაახლოებით 5 მლრდ 800 მლნ საპროგნოზო მონაცემი.
2020 წლის ბოლო 2 კვარტლის მონაცემები ჯერ შეჯამებული არ არის, თუმცა სამინისტროს მიერ გაკეთებული ანალიზის მიხედვით, 2010 წლიდან დღემდე სახეზეა მზარდი დინამიკა რაც, სოფლის მეურნეობაში მიღებული შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. ეს არის იმ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რასაც სამინისტრო ახორციელებს.
რა თქმა უნდა, ჩვენ სიღარიბე არ დაგვიძლევია 100 %- ით და არც 100 %-ით მიგვიღწევია კეთილდღეობისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც ამ რიცხვებში არის გამოხატული და ასეთი თანმიმდევრული პოლიტიკის პირობებში, მერწმუნეთ, რამდენიმე წელიწადში შევძლებთ როგორც თვითუზრუნველყოფის, ასევე თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის გაზრდას.
ისტორიულ მაქსიმუმზეა აგროსასურსათო სექტორის მთლიანი გამოშვება და 2020 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 12 მლრდ ლარს შეადგენს , საიდანაც 5 მლრდ 400 მლნ პირველადი წარმოებაა, 6 მლრდ-ზე მეტი კი გადამუშავების შედეგად არის მიღებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მეურნეობის დარგში დამატებითი ღირებულება ორიათასი წლების დასაწყისიდან 2012 წლამდე მცირდებოდა. ჩვენს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების შედეგად 2017 – 2020 წლებში აღინიშნება დამატებითი ღირებულების მუდმივი ზრდა, რაც სწორი პოლიტიკის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.
მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო შედეგებია ვაჭრობის მაკრომაჩვენებლები. ხშირად ისმის კითხვა – სოფლის მეურნეობაში რამდენად თვითუზრუნველყოფილები ვართ თუ ყველაფერს იმპორტირებულს მოვიხმართ? – 2012 წლისთვის, აგრო-სასურსათო პროდუქტების ვაჭრობის დეფიციტი თითქმის 800 მლნ-მდე გვქონდა. დღეს, აღნიშნული მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა და 251 მლნ-ს შეადგენს. ჩვენი მიზანია, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ეს დეფიციტი აღმოვფხვრათ, საქართველო იქნება ნამდვილად თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა და ამის მაჩვენებელი იქნება მეტი ექსპორტი, იმპორტთან შედარებით, რაც დამატებითი სავალუტო შემოდინებების წყაროა ეკონომიკაში“.