მცენარესა და ნიადაგს შორის ურთიერთგავლენა
მცენარის ზრდა–განვითარების ინტენსივობაზე მოქმედებს ნიადაგის ფიზიკური (სტრუქტურა, მექანიკური შედგენილობა, ტენტევადობა, სიმკვრივე და ა.შ.) და ქიმიური თვისებები (ნიადაგის pH, ჰუმუსი, მარილიანობის რეჟიმი, ძირითადი საკვები ნივთიერებები და ა.შ.), აგრეთვე ნიადაგში მობინადრე მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები და ა.შ) შემადგენლობა და რაოდენობა.
მცენარე აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ამდიდრებს მას ორგანული ნარჩენებით, არეგულირებს აერობული და ანაერობული მიკრორგანიზმების მოქმედებას, ხელს უწყობს აზოტის დაგროვებას და სხვ.
მცენარის ზრდა-განვითარებისა და სიცოცხლისუნარიანობისათვის საჭიროა: ორგანოგენული ელემენტები – ნახშირბადი, ჟანგბადი, წყალბადი და აზოტი; ნაცრის ელემენტები – ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და გოგირდი; მიკროელემენტები – ბორი, მანგანუმი, სპილენძი, თუთია, მოლიბდენი და კობალტი.
ამ ელემენტებიდან სამს – ნახშირბადს, ჟანგბადსა და წყალბადს, მცენარე ღებულობს ჰაერიდან და ნიადაგიდან წყალთან ერთად.
მცენარის კვებისათვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის – აზოტის ძირითად წყაროს წარმოადგენს ნიადაგის ორგანული ნივთიერებები, აგრეთვე შესაბამისი ბაქტერიების მიერ ფიქსირებული ჰაერის აზოტი.
წლის განმავლობაში ბალახოვანი მცენარეების და ნიადაგში მობინადრე ცოცხალი ორგანიზმების კვდომის განუწყვეტელ პროცესთან და ორგანული შენაერთების დაგროვებასთან ერთად მიმდინარეობს მათი მინერალიზაცია მცენარისათვის შესათვისებელი აზოტის ფორმების – ამონიუმისა და ნიტრატების – წარმოქმნით.
ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას მცენარე შთანთქავს ნიადაგის ხსნარიდან ადვილად ხსნადი მარილების სახით. მცენარისათვის საჭირო ამ ელემენტების ძირითადი ნაწილი ნიადაგში უხსნად, მცენარისათვის ძნელად შესათვისებელი ან შეუთვისებელი შენაერთებითა და ნივთიერებებითაა წარმოდგენილი.
უხსნადი ორგანული შენაერთები საკვები ნივთიერებების სამარაგო ფონდს წარმოადგენენ, რომლებიც ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების ზეგავლენით თანდათანობით გადადიან ხსნად, მცენარისათვის ადვილად შესათვისებელ ფორმაში.
სხვადასხვა ბოტანიკურ-სამეურნეო ჯგუფის მცენარეები ოპტიმალური ზრდა-განვითარებისათვის საკვები ელემენტების მიმართ განსხვავებულ მოთხოვნილებას ამჟღავნებს. მაგალითად, მარცვლოვანი ბალახები მაღალი მოსავლის მისაღებად დიდი რაოდენობით აზოტის შემცველ ორგანულ ნივთიერებებს საჭიროებს. პარკოსანი ბალახები კი, რომლებიც თვითონ ითვისებენ ატმოსფერულ აზოტს აზოტმაფიქსირებელი ბაქტერიების საშუალებით, პირველ რიგში ფოსფორსა და კალიუმს მოითხოვენ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფესვების როლი, რომლებიც განლაგებულია ნიადაგის ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ზედა ფენაში, სადაც ამ ნივთიერებების მინერალიზაციის შედეგად წარმოიქმნება მცენარისათვის შესათვისებელი ფორმები.
ნიტრატების მცირე რაოდენობა ნიადაგში ამონიუმთან შედარებით განპირობებულია არა მარტო მცენარეების მიერ მათი უფრო სწრაფი შთანთქმით, არამედ იმითაც, რომ ამონიფიკაცია მიმდინარეობს ეკოლოგიური თვისებებით საკმაოდ განსხვავებული მრავალი სახეობის მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედების შედეგად და ხორციელდება ეკოლოგიური პირობების უფრო ფართო ფარგლებში, ვიდრე ნიტრიფიკაცია.
აღსანიშნავია, რომ აღმონაცენი უფრო მგრძნობიარეა ნიადაგის რეაქციის მიმართ, ვიდრე ზრდასრული მცენარე. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ კირის შეტანა გაცილებით უფრო ეფექტურია გამდელოებისას ბალახის თესვის წინ, ვიდრე ჩამოყალიბებული ბალახნარის მქონე ბუნებრივ მდელოზე.
ნიადაგში ჰაერის რაოდენობასა და შედგენილობას, როგორც უშუალო, ასევე არაპირდაპირი გავლენა აქვს საკვები სავარგულების მცენარეებზე. ეს განპირობებულია იმით, რომ ნიადაგის ჰაერი მცენარეთა უმრავლესობისათვის და ნიადაგში მობინადრე ორგანიზმებისათვის ჟანგბადის ძირითადი წყაროა, რომელიც საჭიროა აგრეთვე თესლის გაღივებისათვის.
ნიადაგის ჰაერში გოგირდწყალბადის, ნახშირორჟანგის და ზოგჯერ მეთანის შემცველობამ შესაძლოა მიაღწიოს ისეთ რაოდენობას, რომელიც შეაჩერებს, ან მთლიანად გამორიცხავს ბალახოვანი მცენარეების ზოგიერთი სახეობის ცხოველმოქმედებას, თესლის გაღივებას, უარყოფითად იმოქმედებს ბაქტერიების რამდენიმე ჯგუფსა და ნიადაგში მობინადრე ცხოველებზე.
ჰაერის ნაკლებობა ნიადაგში განაპირობებს აგრეთვე ნიადაგის ქიმიური თვისებების ცვლილებებს. ატმოსფეროს ჰაერთან შედარებით ნიადაგის ჰაერი უფრო მდიდარია წყლის ორთქლით, მნიშვნელოვნად მეტს შეიცავს ნახშირორჟანგს და რამდენამდე ნაკლებს ჟანგბადს.
ნიადაგში არსებული ჰაერის რაოდენობა დამოკიდებულია ნიადაგის ფორიანობასა, ფორების მოცულობასა და წყლით მათი შევსების დონეზე. ჟანგბადის ნაკლებობა მკვეთრად აფერხებს ფესვის ზრდას და აერობული მიკროორგანიზმების სიცოცხლისუნარიანობას.
ამდენად, მცენარესა და ნიადაგს შორის ურთიერთგავლენა მეტად მრავალმხრივია და საჭიროა მათი გათვალისწინება ნებისმიერი კულტურის წარმოებისას.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახური
მზეინაბ სარალიძე – სოფლის მეურნეობის დოქტორი,
გოჩა წერეთელი – სოფლის მეურნეობის დოქტორი,
მზია ბერუაშვილი – სოფლის მეურნეობის დოქტორი,
გივი წილოსანი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
მზია წიკლაური – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

