აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებისტატიები

მცენარეული საღებავები ტრადიციულ ფშაურ რეწვაში

სტატიაში  მოცემულია საქართველოს ტყეებში გავრცელებული სამღებრო მცენარეების მოკლე დახასიათება და სპეციალური  ლიტერატურიდან  ამოკრეფილი წესები ღებვის შესახებ რომლებიც გამოცდილი და დამუშავებულია ავტორის  მიერ.
ბუნებრივი საღებავების წარმოება საქართველოს ცალკეული კუთხეების კულტურისა და ავთენტურობის ნაწილია. მთაში დღემდე შემორჩენილ ტრადიციულ მეურნეობებში ქსოვილი არა მხოლოდ იღებება, არამედ ადგილზევე  იქმნება.

 ფარდაგ-ხალიჩებისა სამოსის დამზადების უწყვეტი ტრადიცია და პრაქტიკული  ცოდნა მაღალი ღირებულების პროდუქტებისა  და მომსახურებების შექმნის  შესაძლებლობებს იძლევა. კაკლის, თრიმლის, ენდროს, ხაქოლის, თავშავას, კრაზანას, ჯანგაროსა და ბევრი სხვა მცენარის ფოთლებით, ყვავილებით, მერქნით თუ  ფესვებით მიღებული ბუნებრივი ფერებიდან გამოყოფენ:  წითელს, შავს, მწვანეს,  ყავისფერს, ლურჯს და ყვითელს. ცალკე გამოიყოფა გარდამავალი ფერები:  ალისფერი, რუხი (ნაცრისფერი), წყლისფერი, მტრედისფერი, ნავთისფერი,  ლილისფერი შინდისფერი (ბორდოსფერი). 

ღებვის ხარისხი დამოკიდებულია არა  მხოლოდ იმაზე, თუ რით იღებება,  არამედ იმაზეც, თუ რა იღებება.

ამ თვალსაზრისით, მატყლის სამ სახეობას განასხვავებენ: გაზაფხულის (რისვი), შემოდგომის და ბატკნის მატყლი (კრაველი).  ღებვას კარგად ემორჩილება რისვი და კრაველი. კრაველი ყველაზე უკეთ იღებება და ხარისხიანი ძაფი მიიღება. საღებავი მცენარეები გროვდება ივლისიდან ყინვების დაწყებამდე. დიდი მნიშვნელობა  ენიჭება ნედლეულის შეგროვების, შრობისა და შენახვის ტექნოლოგიას.  აუცილებელია, ნედლეული გაშრეს ჩრდილში და ისეთ შენობაში, რომელიც კარგად  ნიავდება, მაგალითად, სხვენში ან ფარდულში. საღებავად გამოსაყენებელი მცენარე  ინახება 1-დან  3 წლამდე, რის მერეც ფერის ინტენსივობა, იკლებს.

საღებავები ლკლლკჯალჯლკჯ222222

საუკეთესო შედეგი მიიღება ახლად მოკრეფილ ნედლეულში შეღებვით.

სხვადასხვა მცენარეს განსხვავებული ფერმჭერი და დოზირება სჭირდება.

ფერმჭერებია:  ნაცართვალი  (მზადდება ნებისმიერი ხის ნაცრისგან.  საუკეთესოა არყის  ხის  ნაცარი),  თეთრი შაბი, შაბიამანი, ძროხის შარდი,  ძაღა  (რკინის შაბიამანი),  ტუტა (მზადდება ნაცრით, არყის ხის ნაცარი საუკეთესოა).

ფერმჭერის დახმარებით შეღებილი მასალა აღარ ხუნდება. ღია ფერის მისაღებად თეთრი შაბი გამოიყენება, მუქი ფერებისთვი კი –ნაცართვალი  ან ძაღა. ნაცართვალი  შემდეგნაირად მზადდება: წყალში ყრიან ნაცარს და მიჰყავთ ადუღებამდე, კარგად  მოურევენ და გააჩერებენ მანამ, სანამ ნაცარი არ დაილექება, ზემოდა კი სუფთა წყალიარ დარჩება. სწორედ ეს სუფთა წყალია ნაცართვალი. იმისთვის, რომ ზედმეტად  ინტენსიურმა (ცხარე) ნაცართვალმა ძაფი არ დაწვას, შემოწმება და სუფთა წყლის  დამატებაა საჭირო. გასათვალისწინებელია, რომ ფერმჭერი ყველა მცენარეს არ  სჭირდება, მაგალითად, კაკლის წენგოში ღებვას, ვაშლის ქერქში ღებვას და სხვა.

შავი ფერი ყოველთვის ორჯერ ღებვით მიიღება, მაგალითად, თავშავასა და ძაღაში, თავშავაში შეღებვას „დედება“ ჰქვია. პირველ ეტაპზე ქსოვილს „ადედებენ“ და  შემდეგ, ძაღას დამატებით, უკვე შავად ღებავენ. შესაღები ქურჭელი აუცილებლად  უნდა იყოს მომინანქრებული ან თუჯის.  შავად ან ყავისფრად შეღებვის დროს ასევე  გამოდგება სპილენძის ქვაბიც, სხვა ფერის მისაღებად კი, აუცილებლად მოკალული უნდა იყოს.

ღებვის წინ ძაფს ხიფებად (შულოებად) ახვევენ, შემდეგ კი ნაცრისფერთვალში ან თეთრ შაბიან წყალში წამოადუღებენ ან ადუღებამდე მიჰყავთ.

ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ მცენარეების ძირითად სიას, რომლებიც გამოიყენება შალის, აბრეშუმისა და მატყლის ბუნებრივი საღებავებით ღებვისას: ანწლი, ბროწეული, გვირილა, დეკა, ენდრო, ვირისტერფა, თავშავა, თუთა, თრილმი, კაკალი, ჩვეულებრივი კოწახური, კრაზანა, ლაფნის ქერქი, მარმუჭი, მოცვი, მურყანი, მუხა, ჯაგნა, რძიანა, სოსანი, ტუხტი ყვითელი, ყაყაჩო,ცაცხვი, ჭინჭარი, ჭნავი, ხახვის ფურცელი, ხაქოლი.

დაწვრილებით წარმოგიდგენთ ხუთ მათგანს:

ანწლი

ღებავს ლურჯად და რუხად.

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ხარობს. ნაყოფი შემოდის სექტემბერ-ოქტომბერში. შესაღებ მასალად გამოიყენება მწიფე ნაყოფი.

შეღებვის წესი: მოკრეფილ ნაყოფს ჭყლეტენ, ასხამენ წყალს და ადუღებენ. შემდეგ წურავენ დოლბანდის პარკში, იმდენს, რამდენიც ძაფს ეყოფა.  ჩააყრიან ძაღას და ასე  შეღებავენ. შედეგად   მიიღება ნავთისფერი – გარდამავალი რუხი, მოლურჯო-რუხი ლურჯი. სასურველი ფერის მიღების შემდეგ აგდებენ გამდინარე  ცივ  წყალში და აშრობენ ჩრდილში.

ბროწეული.

ღებავს შავად.

ბროწეული გავრცელებულია მთელ საქართველოში. იზრდება 3-4მეტრი სიმაღლის.  ყვავის -აგვისტო -სექტემბერში ალისფერი ყვავილებით. ნაყოფს იძლევა გვიან შემოდგომაზე.

საღებავად, გამოიყენება როგორც მცენარის, ასევე ნაყოფის ქერქი. ბროწეულის  ნაყოფისა და ღერო-ტოტების  ნახარში გამოიყენება შალის ნაწარმის შავად შესაღებად.

შეღებვის წესი: ბროწეულის ქერქს მოხარშავენ, მდუღარეში ჩადებენ შაბში წინასწარ გამოყვანილ მასალას (ძაფი, მატყლი), დატოვებენ ერთი დღე-ღამის   განმავლობაში და კიდევ მოადუღებენ. მიიღება ყავისფერი. თუ შაბის ნაცვლად დავუმატებთ ძაღას, მივიღებთ შავს.

გვირილა.

 ღებავს ღია ყვითლად, კანისფრად.

გვირილა რთულყვავილოვანთა ოჯახის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მისი  ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი, 35 სმ სიმაღლის. ბუნებაში გვირილა  მრავალნაირია.   სამედიცინო, დეკორატიული, ვარდისფერი და სხვა.  ღებვაში გამოიყენება სწორედ სამედიცინო გვირილა-მრავლად დატოტვილი და  უხვყვავილიანი. ღებავს ღია ყვითლად ან კანისფრად თეთრ შაბთან ერთად.

შეღებვის წესი: ჭურჭელში (უმჯობესია მომინანქრებული ჭურჭელი) ფენა-ფენა ალაგებენ გვირილას და შესაღებ მასალას. ძაფი ან მატყლი უნდა იყოს დადედვილი  (გამოხარშული) შაბწყალში. დგამენ ცეცხლზე და ადუღებენ  სასურველი ფერის მიღებამდე. შემდეგ  ავლებენ  გამდინარე წყალში და აშრობენ  ჩრდილში.

დეკა.

ღებავს ჟანგისფრად.

დეკა  მთიან ადგილებში, ალპურ ზონაში ხარობს. ეს მარადმწვანე ბუჩქი 1-1,5 სიმაღლის იზრდება. ყვავის მაის-ივნისში. სასურველია, შეგროვდეს ყვავილობის  პერიოდში.  ინახება 2-3 წელიწადს ისე, რომ არ კარგავს თვისებებს.

შეღებვის წესი: კარგად ადუღებენ დეკას და წყლის ნარევს, მასში ალაგებენ  გამოყვანილ ხიფებს და ადუღებენ სასურველი ფერის მიღებამდე. ბოლოს, კარგად   რეცხავენ გამდინარე წყალში და აშრობენ ჩრდილში. ხევსურეთში ყვითელი ფერის მისაღებად ფერმჭერად იყენებენ არა ნაცართვალს, არამედ თეთრ შაბს; ფშავში კი  იღებენ ჟანგისფერს შაბიამნის დამატებით.

ბუნებრივ საღბავი 33333333333333333333333333

ენდრო.

ღებავს წითლად.

ენდრო მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა საკმაოდ ძლიერი და სიღრმეში დატოტვილი, მთავარი ფესვით. საღებავად სწორედ მისი ფესვები გამოიყენება. ძირითადად, მოიპოვება ქართლ-კახეთსა და მესხეთ-ჯავახეთში. ყვავილს ივნისში  იკეთებს, ნაყოფი კი მწიფდება აგვისტოში. ნედლეულად ამზადებენ ენდროს  ფესურასა და ფესვებს, გაზაფხულზე, მარტ-აპრილში, ან  ვეგეტაციის ბოლოს – სექტემბრიდან ყინვის დაწყებამდე. შეგროვილ ნედლეულს აცლიან მიწას ფესვების დაბერტყვის გზით და გამოსაშრობად შლიან თხელ ფენად ჩრდილში, ფარდულში ან სხვენში. ენდროს ფესვები შეიცავს 5-6% საღებავ ნივთიერებებს (ოქსიმეთილსა და  ოქსიანტრაქინონებს) მას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყენებდნენ როგორც  ქსოვილის (შალი, ბამბა), ისე სააღდგომო კვერცხების შესაღებად.

შეღებვის წესი:  ენდროს ფხეკენ, ჩეჩავენ, ასხამენ იმდენ წყალს, რომ  კარგად  ფარავდეს მას და კარგად ადუღებენ. მიღებულ საღებავში კი აწყობენ  შაბიან  წყალში ამოვლებულ ძაფს  ან მატყლს (250 გ 1კგ ძაფზე) და ადუღებენ სასურველი  ფერის მიღებამდე. ამოღების შემდეგ ავლებენ ცივ წყალში და აშრობენ ჩრდილში.

თინა ნაყეური,

ნინო ბჟალავა, ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის  მოწვეული პროფესორი

გამოყენებული ლიტერატურა: 1.აზიკური ნ. მატყლის ღებვის ტრადიცია თუშეთში. თბილისი 1999წ. 2.მაყაშვილი ა, ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი 1991წ. 3.მაკალათია ს, ფშავი, თბილისი 1933წ.