აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

ახალშობილი ხბოს გამოზრდა

(პირველი 1 კვირა)

ფერმერულ მეურნეობაში მიღებული გაზრდის პრაქტიკის მიხედვით ახალშობილი ან რამდენიმე ხანს რჩება დედასთან ერთად (1-24 სთ), ან თავსდება ინდივიდუალურ გალიაში, სადაც იმყოფება 1-2 თვის ასაკამდე. 2 თვის ასაკის შემდეგ ხბოები გადაჰყავთ ჯგუფური შენახვის სადგომში (7-10 სული).
ხბოს გალოკვა

 ახალშობილი ხბო მშობიარობის შემდგომ მალევე არ უნდა მოვაცილოთ დედას. მნიშვნელოვანია, რომ ძროხამ ის გალოკოს, რაც აუცილებელია ხბოს სისხლის მიმოქცევისა და კანით სუნთქვის სტიმულირებისათვის. ლოკვისას ძროხა ხბოს ზედაპირიდან აშორებს ლორწოს, რითაც ათავისუფლებს ფორებს იმისათვის, რომ კანმა უკეთ ისუნთქოს.

გვახსოვდეს, რომ ახალშობილის სუნთქვა 8%-მდე ხდება კანიდან.

ხბოს გამოზრდა ხბოს გამოზრდა

დედის ნერწყვში შემავალი ლიზოციმის (ანტიბაქტერიული ფერმენტის) ზემოქმედებით ხბოს კანის საფარი იძენს ბაქტერიოციდულ თვისებებს. ძროხა ხბოს მთელ სხეულს ლოკავს 30-35 წუთს და განსაკუთრებით – ჭიპლარის მიდამოს, მუცელს და იმ ადგილებს, რომლებსაც სჭირდება ზედმიწევნით დამუშავება და რომლებიც უკავშირდება შარდგამოყოფის, დეფეკაციის რეფლექსებსა და მუსკულატურის კარგ ტონუსს. მასაჟი (ლოკვით) კარგად ზემოქმედებს ხბოს კანზე, კუნთებზე, დიაფრაგმაზე, აუმჯობესებს ფილტვების ვენტილაციასა და სისხლის მიმოქცევას კუნთებში. ამავდროულად, ხბოს ლოკვის პროცესში დედის ორგანიზმში ხვდება 1.5-2 ლიტრი თანდაყოლილი ლორწო და სანაყოფე წყლები, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით სასქესო ჰორმონებს (ოქსიტოცინი), ის იწვევს რძის გამოყოფას, აჩქარებს ძროხის ოვულაციური პროცესების (ახურების) აღდგენას, რომლებიც მაკეობის პერიოდში წყდება. ეს ჰორმონები ასევე მნიშვნელოვანად აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას. ყველაფერი კი, დადებით გავლენას ახდენს ძროხის ორგანიზმზე: უფრო მალე შორდება ლოქიები (მშობიარობისშემდგომი გამონადენი), იკუმშება საშვილოსნო, რაც ხელს უწყობს მომყოლის დროულ გამოსვლას, აღდგება სამშობიარო-სასქესო გზები.

თუ ძროხა არ ლოკავს ახალშობილს, ის უნდა გავამშრალოთ სხეულიდან სითხის მოსაშორებლად, დავზილოთ უხეში ნაჭრით ბეწვის ზრდის მიმართულებით, სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის სტიმულირებისთვის, შემდეგ კი ხბო მოვათავსოთ თბილ სადგომში.

რეკომენდებულია ძროხის მიერ გალოკილი ხბოს გამშრალება. თუ ხბოს დროზე არ გავამშრალებთ, გაცივდება. ცივ და ნოტიო სათავსში გაუმშრალებელ ხბოს სხეულის ტემპერატურა დაიწევს 32-33°C-მდე და შეიძლება ის სიცივისგან მოკვდეს. თუ სიცოცხლის პირველ კვირას გამშრალების შემდეგ, ხბოს მინდაოს არეში ისევ აქვს ბეწვის შეწებებული კოლტები, მაშინ სავარაუდოა, რომ გამშრალების პროცესი შესრულდა არასწორად.

ხსენის გამოყენება და მენეჯმენტი ფერმაში

 ხსენი ცილებითა და ანტისხეულებით მდიდარი რძის ნაირსახეობაა, რომელსაც ძროხის ორგანიზმი გამოიმუშავებს ახალდაბადებული ხბოებისათვის. ახალდაბადებული ხბოსათვის ხსენის მიღება არის აუცილებელი რიგი მიზეზების გამო, მათ შორისაა:

 ხსენის ენერგეტიკული ღირებულება

 ხსენი ნოყიერი და ამავე დროს ახალდაბადებული ხბოსთვის ადვილად მოსანელებელია, ის შეიცავს კვების ყველა ელემენტს, რაც აუცილებელია ახალშობილი ორგანიზმისთვის: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალური ნივთიერებები, ვიტამინები, ფერმენტები, წყალი და ა.შ. ხსენი საშუალოდ შეიცავს 2-ჯერ მეტ მშრალ და ენერგეტიკულ ნივთიერებას, ბევრად მეტ A და E ვიტამინს, 5-6-ჯერ მეტ ცილას და 3-ჯერ მეტ მინერალურ ნივთიერებებს, ვიდრე ჩვეულებრივი რძე. მასში ასევე არის ფერმენტები, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავის გარემოს ცვლილებას, რაც აუცილებელია საჭმლის მოსანელებლად. ხსენის მიღებისას იწმინდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, ფერხდება ნაწლავის ჩხირის გამრავლება და გავრცელება შინაგან ორგანოებში. ხსენის ჩანაცვლება სხვა ამ ღირებულებების მქონე საკვებით შეუძლებელია!

ხსენის მეშვეობით პასიური იმუტიტის ჩამოყალიბება

ხსენი მდიდარია ანტისხეულებით და ბუნებრივი პრობიოტიკია. იგი იცავს ხბოებს ინფექციებისაგან და ხელს უწყობს ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორის ჩამოყალიბებას. ხსენის მიცემა არის ერთადერთი გზა, რომლითაც ძროხას შეუძლია გადასცეს თავისი იმუნიტეტი ხბოს იმ მრავალი პათოგენური მიკროორგანიზმისათვის წინააღმდეგობის გასაწევად, რომლებსაც ის შეეჩეხება სიცოცხლის პირველ კვირებში. გამოვლენილია ხსენის დაახლოებით 22 ტიპის ანტისხეული (მაგ. Escherichia coli, Salmonella typhimurium, Rotavirus, Candida albicans, Streptococcus B, Staphylococous aureus და სხვა.). ახალშობილი ხბოებისთვის პასიური იმუნიტეტის შეძენა პირდაპირ უკავშირდება პირველ საათებში მათ მიერ მიღებული ხსენის რაოდენობასა და ხარისხს. ხბოს იმუნიტეტი საკმარისადაა უზრუნველყოფილი, როდესაც იმუნოგლობულინების შემცველობა ხსენში შეადგენს არანაკლებ 50 გრ/ლ, სიმკვრივით – 1.048 გრ/სმ3. ხსენის დამცავი თვისებები დაკავშირებულია მის მაღალ მჟავიანობასთანაც, ნორმალური მჟავიანობა (50ºT), აფერხებს ხბორების კუჭში მიკროფლორის წარმოქმნას, ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარებას.

ხსენის მოხმარების რაოდენობა და ჯერადობა

ხბოების კვება ხსენით უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ ასპექტებს:

ხსენის ხარისხი

ხბოსთვის მიწოდებული ხსენის რაოდენობამ უნდა უზრუნველყოს ანტისხეულების (კოლოსტრალური იმუნიტეტი) საკმარისი მიღება. ხსენის მნიშვნელობა და ხარისხი, პირველ რიგში, იმუნოგლობულინების შემცველობით ფასდება. საუკეთესო პორციად ითვლება პირველი ჩამონაწველი ხსენი, რომელშიც იმუნოგლობულინების შემცველობა ძროხის ნორმალური კვებისას მაღალია (60 გრ/ლ-ში). ხსენის ხარისხის შეფასება ხდება ხელსაწყო – „კოლოსტრომეტრით“ და რეფრაქტომეტრით.

დადგენილია, რომ ძროხების პროდუქტიულობის მიხედვით ხსენის ქიმიური შემადგენლობა მნიშვნელოვნად იცვლება, ასევე იცვლება იმუნოგლობულინების შემადგენლობა ძროხის ჯიშისა და ასაკის, ცურის მოვლის ხარისხის და ფარული მასტიტის არსებობის მიხედვით. ვინაიდან იმუნოგლობულინების შემცველობის მატება გრძელდება პირველი ლაქტაციიდან მეხუთე ლაქტაციამდე, არ არის რეკომენდებული ძროხის პირველი და მეორე მოგების შემდეგ მიღებული ხსენის დალევინება. ამ დროს უმჯობესია გამოვიყენოთ სხვა ძროხისგან მიღებული, გაყინული, ხარისხიანი ხსენი.

აღსანიშნავია, რომ თუ ძროხა, მაკეობის პერიოდში ვაქცინირებულია როტავირუსების, კორონავირუსების, კოლიბაქტერიოზის საწინააღმდეგოდ, ეს უზრუნველყოფს ამ დაავადებების საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტისხეულების არსებობას და შესაბამისად უმჯობესია რეზერვისთვის (გასაყინად) გამოყენებული ხსენი შეგროვილი იქნას ასეთი ძროხებისაგან.

ხსენის მიღების დრო და რაოდენობა

ხბოს მიერ ხსენის შეწოვის უნარი დაბადების შემდეგ ყოველ საათში მცირდება, მაგალითად დაბადების პირველ საათთან შედარებით, დაბადების მეექვსე საათს ხსენის შეწოვის უნარი თითქმის 10 ჯერ მცირდება.

ხბო ნატურალურ რძეზე ან რძის შემცლელზე გადაყვანამდე, ხსენით სულ მცირე 2 დღე უნდა იკვებებოდეს. აქედან დაბადებიდან პირველ 24 საათში ხბოს უნდა მივცეთ მისი ცოცხალი მასის 20%, ანუ თუ ხბო 40 კილოგრამს იწონის პირველ 24 საათში მან უნდა მიიღოს 8 ლიტრი ხსენი. ხსენის დალევინების თანმიმდევრობა და რაოდენობა ისე უნდა დავგეგმოთ, რომ შესრულდეს შემდეგი პირობები:

✔ დაბადებიდან 6 საათის ინტერვალში ხბოს მიღებული უნდა ჰქონდეს მისი სხეულის მასის 10% ხსენი (4 ლიტრი). ოღონდ აქედან აუცილებელია, რომ ხსენის პირველი პორცია (მინიმუმ 1 ლიტრი) ხბოს უნდა მივაწოდოთ დაბადებიდან 30-60 წთ ინტერვალში.

✔ ხსენის შემდეგი დალევინება უნდა მოხდეს 8-10 სთ-ის ინტერვალში, ოღონდ ხსენის ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს კუჭის მოცულობას, ესეიგი ხბოს წონის 5%-ს. მაგალითად, 40 კგ-იან ხბოს ერთ მიცემაზე ეძლევა 40-ის 5%, ანუ ლიტრი ხსენი.

საკმარისად მიღებული ხსენი განაზავებს ხბოს ექსკრემენტებს. იმ შემთხვევაში, თუ ხბო პირველი დღის განმავლობაში შესქელებულ ნაკელს გამოყოფს ეს ნიშნავს, რომ მან საკმარისი რაოდენობის ხსენი არ მიიღო. ხსენის პირველადი მიწოდების დაგვიანება იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაინფიცირებას არასასურველი, პათოგენური მიკროფლორით, რომელიც შემდგომ შეიძლება ხბოს სიკვდილის მიზეზი გახდეს.

ხსენის შენახვა

გასათვალისწინებელია, რომ ხსენი მოწველიდან 20 წთ-ის განმავლობაში უნდა მოთავსდეს საყინულეში, რადგანაც პათოგენური მიკროორგანიზმების კონცენტრაცია ორმაგდება ყოველ 20-30 წთ-ში. 1 სთ და მეტი ხნის განმავლობაში გაუყინავ ხსენში პათოგენური მიკროორგანიზმები ანადგურებენ ხსენის ანტისხეულებს, ამიტომ ხსენის გაყინვის პროცესის შეფერხება აისახება მის ხარისხზე. გაყინული ხსენის მარაგი იქმნება ჯანმრთელი ცხოველებისაგან. ხსენი ინახება მინუს 18-240C ტემპერატურაზე 6 თვემდე. ასეთ პირობებში ხსენი არ იცვლის, ფიზიკურ, ბიოქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს. რეკომენდებულია ხსენი დაფასოვდეს მოსახერხებელი მოცულობით, მაგალითად 1-1.5 ლ ან უფრო მცირე ზომის სპეციალურ შესანახ პაკეტში, რადგან მოსახერხებელი იყოს სწრაფი გალღობისთვის.

ხბოს გამოზრდა 3333333333333333

ხსენის რეზერვის შესაქმნელად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ გამოვიყენოთ ხსენი, რომელიც მიღებულია:

✔ პირველი ლაქტაციის მქონე ფურებისგან;

✔ დაავადებული საქონლისგან;

✔ ძროხებისაგან, რომლებსაც ჰქონდათ მოკლე მშრალობის პერიოდი;

✔ ძროხებისაგან, რომლებიც მოწველეს მოგებამდე;

✔ ძროხებისაგან, რომლებსაც აღენიშნებოდათ ხსენის თვითდინება;

✔ სხვა ფერმების ძროხებისაგან. დაუშვებელია ხსენის ხელახალი გაყინვა, ასევე ხსენის გალღობა მიკროტალღურ ღუმელში, ან ამ მიზნით მდუღარე წყლის გამოყენება, რადგან ეს გამოიწვევს მის შედედებას და საკვები ნივთიერებების დაკარგვას. ხსენის გალღობა რეკომენდებულია წყლის აბაზანაში არა უმეტეს 42ºC-ტემპერატურაზე, გამათბობელთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე. დალევის წინ, გალღობილი ხსენის ტემპერატურა უნდა შეესაბამებოდეს ახლადმოწველილი რძის ტემპერატურას, დასალევი ხსენის ტემპერატურაა 35-380 C.

ხბოსთვის წყლის მიცემა

 ხბოებს ნორმალური საჭმლის მონელებისათვის უმჯობესია მე-4, მე-6 დღიდან რძის დალევის შუალედში, კვებიდან 1,5-2 საათის შემდეგ, დავალევინოთ თბილი (28-30°C), ანადუღარი წყალი (ერთი კვირის შემდეგ ჩვეულებრივი სასმელი წყალი), რადგანაც ახალშობილ ხბოებს აქვთ მაღალი მოთხოვნილება წყალზე. ხბოებს ცოცხალი მასის ერთეულზე სჭირდებათ ორჯერ მეტი წყალი, ვიდრე ზრდასრულებს. წყლის დეფიციტს ახალშობილი ხბოები მეტად განიცდიან ვიდრე საკვებისას, ვინაიდან იზრდება კუჭის წვენის კონცენტრაცია და ამგვარ გარემოში რძიანი საკვები იქცევა მკვრივ, ძნელად ხსნად კოლტებად, რის ფონზეც ვითარდება ფაღარათი.

ხბოს კვება რძით და რძის შემცვლელით

ხსენით გამოკვების შემდეგ, ხბოებმა შეიძლება მიიღონ მოუხდელი რძე, რძის შემცვლელები ან შრატი, ვინაიდან ახალდაბადებულ ხბოს აქვს უნარი აითვისოს მხოლოდ რძეში არსებული საკვები ნივთიერებები: რძის ცილა, ცხიმი და შაქარი. გარდა ამისა სიცოცხლის პირველ თვეს (27-28 დღე) ხბოს საჭმლის მომნელებელ სისტემას არ შეუძლია გადაამუშაოს მცენარეული საკვები, ვინაიდან მათ არ შესწევთ უნარი გამოიმუშაონ ფერმენტები, რომლებიც შლიან მცენარეულ ცხიმებს, ცილებსა და ნახშირწყლებს.

ნედლი რძე

ნედლი რძე შესაძლოა უკეთესი არჩევანი იყოს, მაგრამ მისი შემადგენლობა შეიძლება მერყეობდეს, კერძოდ მას შეიძლება ცხიმის მაღალი შემცველობაც ჰქონდეს, რაც ხბოს გაუჩენს დანაყრების ნაადრევ შეგრძნებას, ეს კი შეამცირებს სხვა საკვების (კონცენტრატის) მიღებას. გარდა ამისა, ზედმეტი ცხიმი ნედლ რძეში გამოიწვევს კვებითი დიარეის შემთხვევებს, რადგან ცხიმი ხბოებისათვის რთული გადასამუშავებელია. ზოგადად, ნედლი რძე ყოველთვის უფრო მეტ ბაქტერიას შეიცავს ვიდრე მისი შემცვლელი, შესაბამისად მოსალოდნელია ნედლი რძით ხბოზე რაიმე დაავადების გადატანაც. ეკონომიურობის თვალსაზრისით კი გადაწყვეტილება ფერმერის მისაღებია.

რძის შემცვლელი

ხბოების მიჩვევა რძის შემცვლელებისადმი შეიძლება ხსენის შეწყვეტის შემდეგ, პირველივე დღიდან, ხბოები უკეთ ითვისებენ ცხოველურ პროტეინს, შესაბამისად რძის შემცვლელი უმჯობესია მცენარეულის ნაცვლად შეიცავდეს ცხოველურ ცილას. რძის შემცვლელის გამოყენების უპირატესობებია:

✔ რძის შემცვლელის შემადგენლობა მდგრადი და დაბალანსებულია;

✔ შემცირებული დაავადებების დედიდან შვილზე გადაცემის რისკები;

✔ მცირდება ხბოს კვების ხარჯები, რადგან რძის შემცვლელი რძეზე იაფია.

რძის ნარევის მოსამზადებლად, ხბოების ჯგუფური გამოკვების დროს, გამოიყენება სპეციალური მომზადების მოძრავი ტანკერი, რომელიც უზრუნველყოფს წყალთან რძის შემცვლელის შერევის რეჟიმს რძის ერთგვაროვანი მასის მისაღებად.

ზოგადად, ბიოლოგიური თვალსაზრისით, ხბოს მიერ საკვების მოხმარების ოპტიმალური ხერხი არის ცურიდან წოვება. გამოზრდის ასეთი ტექნოლოგია ხელს უწყობს საკვებ ნივთიერებათა უკეთეს ათვისებას, დედისგან მოცილებით გამოწვეული სტრესული სიტუაციების შემცირებას, იმუნოგლობულინების შემცველობის გაზრდას, აგრეთვე გარემოსადმი უფრო სწრაფ ადაპტაციას. ხბოების ავადობა წოვებისას მცირდება 50-70%-ით, ხოლო ცოცხალი მასის ნამატი იზრდება 25-30%-ით. ხბოების ცურიდან წოვებით გამოზრდის მეთოდს აქვს თავისი ხარვეზებიც:

✔ მეტად აგრესული ძროხები არ უშვებენ ხბოს ცურის საწოვად;

✔ თუ ცური სუფთა არ არის, ჩნდება პათოგენური მიკროფლორით ხბოს დაავადების რისკი;

✔მოწოვილი რძის რაოდენობა, დედასთან ყოფნის დროს არ ექვემდებარება კონტროლს (შეიძლება მიიღოს ჭარბი რაოდენობა და განვითარდეს ფაღარათი, ან პირიქით, მიიღოს არასაკმარისი რაოდენობის საკვები).

 რძე უნდა მიეცეს ისე, რომ ხბო არ სვამდეს ზედმეტ რაოდენობას და სწრაფად, ვინაიდან რძე მაჭიკში შეიძლება შედედდეს მკვრივ, ძნელად მოსანელებელ კოლტად. ამის გამო სიცოცხლის პირველ სამ კვირას რეკომენდებულია ხბოებისთვის ხსენისა და რძის დალევინება საწოვარიანი ბოთლით ან საწოვარიანი სათლით. რძის დალევის გასამარტივებლად საწოვარა საკმარისად მაღლა უნდა გვეჭიროს, ეს ხელს შეუწყობს მონელებას და საკვები ნივთიერებების სისხლში შეწოვას.

მიხეილ ჭიჭაყუა – ექიმი ვეტერინარი, ბიოლოგიის დოქტორი;

ნიკოლოზ ზაზაშვილი -ვეტერინარიის დოქტორი;

 დავით ბოსტაშვილი – ექიმი ვეტერინარი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი;

ლიანა ჭიჭაყუა – დოქტორანტი;

ლაშა  ავალიანი – USDA Food for Progress SQIL პროექტის დირექტორის მოადგილე, ექიმი ვეტერინარი (DVM), აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი (PhD);

თამარ  ჩხიკვიშვილი – USDA Food for Progress SQIL პროექტის მეცხოველეობის სპეციალისტი, ექიმი ვეტერინარი, დოქტორანტი