მცენარის მინერალური კვების თეორიის შესახებ

მსოფლიოში ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მიაღწია მოსავლიანობის ამაღლებას, ვიდრე არ ჩამოყალიბდა ახალი მეცნიერების _ აგრონომიული ქიმიის ძირითადი პრინციპები, რომელმაც ახსნა მცენარის კვების კანონები და დაასაბუთა მათი მართვის შესაძლებლობა სასუქების დახმარებით.
ეს ეპოქა დაიწყო სულ რაღაც 150-მდე წლის წინათ, მაგრამ მისი შედეგები ჭეშმარიტად გადამწყვეტი აღმოჩნდა მიწათმოქმედების პროგრესში. შეაჯამა რა ხჳხ საუკუნის მანძილზე აგრონომიული ქიმიის განვითარების შედეგები, კ.ა.ტიმირიაზევი წერდა: „მიწათმოქმედება გახდა ის, რაც არის მხოლოდ აგრონომიული ქიმიის და მცენარეთა ფიზიოლოგიის წყალობით”.

აგრონომიული ქიმია ხჳხ საუკუნეში ახალ აღმავლობას განიცდიდა. იქმნებოდა ახალი თეორიები და ადგილი ჰქონდა შეხედულებათა წინააღმდეგობას. 1809-1812 წლებში გერმანელმა მეცნიერმა ალბერტ თეერმა გამოაქვეყნა საყურადღებო ნაშრომი — „რაციონალური სოფლის მეურნეობის საფუძვლები”. თეერის აზრით, მცენარე მისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებას ითვისებს ორგანული ნივთიერების სახით. იგი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ მცენარის განვითარება შეუძლებელია, თუ ჰუმუსიდან ფესვების მეშვეობით ის არ მიიღებს ნახშირბადს ნახშირორჟანგის სახით.

თეერის მცენარის კვების ჰუმუსოვანი თეორია გააკრიტიკეს ჟ.ბ.ბუსენგომ (1802-1887) და ი.ლიბიხმა (1803-1873), რომლებიც მსოფლიოში თანამედროვე აგრონომიული ქიმიის ფუძემდებლებად ითვლებიან. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა ბუსენგომ ქვიშის კულტურაზე ჩატარებული ცდებით, რომლებშიც გამოყენებული იყო ნაცარი და არაორგანული ნივთიერებები, დაადგინა, რომ მცენარეს შეუძლია განვითარდეს ორგანული ნივთიერების გარეშე, რითაც ლიბიხზე ადრე უარყო მცენარის კვების თეერისეული ჰუმუსოვანი თეორია.

გამოჩენილი გერმანელი ქიმიკოსი ი.ლიბიხი იყო მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი; 1830 წ. მას ირჩევენ პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1840 წ. ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად. 1825 წელს მან შექმნა ლაბორატორია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო-სასწავლო ქიმიური ლაბორატორიის საწყისს გერმანიაში. ლიბიხმა საბოლოოდ გააკრიტიკა თეერის მცენარეთა კვების ჰუმუსოვანი თეორია თავის წიგნში „ქიმიის გამოყენება მიწათმოქმედებასა და ფიზიოლოგიაში” (1840 წ.). თეერის ჰუმუსოვან თეორიას ლიბიხმა დაუპირისპირა მცენარის მინერალური კვების თეორია, რომელმაც ხელი შეუწყო მინერალური სასუქების ფართოდ დანერგვას სოფლის მეურნეობაში. იგი საჭიროდ თვლიდა აზოტის გარდა მცენარის მიერ გამოტანილი ყველა მინერალური ნივთიერების მთლიან დაბრუნებას ნიადაგისთვის; თუმცა, თვით ნივთიერებათა სრული დაბრუნების იდეა არავითარ მანკიერს არ შეიცავს, მაგრამ სრული დაბრუნება იმ ელემენტების ჩათვლით, რომელიც ნიადაგში ისედაც ბევრია, ხოლო მცენარისათვის მისი საჭიროება დადგენილი არ არის, გაზვიადებულია, რაშიც შემდგომში თვით ლიბიხიც დარწმუნდა.

კ.ა.ტიმირიაზევი თავის შესანიშნავ წიგნში „მიწათმოქმედება და მცენარეთა ფიზიოლოგია” წერდა: „სწავლება დაბრუნების საჭიროების შესახებ წარმოადგენს მეცნიერების მიღწევათა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს”. ლიბიხის დებულება მოსავალთან ერთად გამოტანილი საკვები ნივთიერებების ნიადაგში დაბრუნების შესახებ მას მიაჩნდა მიწათმოქმედების ძირითად კანონად.

კ.მარქსი, რომელიც იცნობდა ლიბიხის წიგნს, აღნიშნავდა: „თანამედროვე მიწათმოქმედების უარყოფითი მხარის გამორკვევა ბუნებისმეტყველების თვალსაზრისით წარმოადგენს ლიბიხის უკვდავ დამსახურებას”.

რუსული (და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების) აგროქიმიური სკოლის ფუძემდებელი, ხხ საუკუნის გამოჩენილი აგროქიმიკოსი, აკადემიკოსი დიმიტრი ნიკოლოზის ძე პრიანიშნიკოვი ლიბიხის შრომების დადებითი შეფასების დროს მიუთითებდა ლიბიხის მიერ სასუქებში აზოტის როლის შეუფასებლობაზე, აგრეთვე მის დაბნეულობაზე მთლიანი დაბრუნების თეორიაში. პრიანიშნიკოვი მსოფლიოში პირველი მივიდა დასკვნამდე — მიწათმოქმედებაში საკვები ნივთიერებების ბალანსის შესწავლის აუცილებლობის შესახებ. მისი ხელმძღვანელობით ყოფილი საბჭოთა კავშირის 300-ზე მეტ პუნქტში ჩატარდა 3800 მინდვრის ცდა სასუქებზე, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით სწორად შენიშნავდა, რომ მიწათმოქმედებაში ნივთიერებათა წრებრუნვაში აგროქიმიის ჩარევის ყველაზე ძლიერი ბერკეტია სასუქები (ორგანული, მინერალური), რომელთა გარეშე შეუძლებელია მცენარის კვების პროცესის წარმართვა, მოსავლის ხარისხის შეცვლა, ნიადაგის ნაყოფიერებაზე ზემოქმედება.

საქართველოში აგრონომიული ქიმიის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილის სახელთან (1850-1927წ.წ.). ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი მივლინებული იყო გერმანიაში ლიბიხის ლაბორატორიაში, ელზასში, სადაც ეუფლებოდა ბუსენგოსა და ლიბიხის მეცნიერული მუშაობის შედეგებს. მან პირველმა საქართველოში მშობლიურ უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა აგროქიმიის ლაბორატორია, შექმნა აგროქიმიის დამოუკიდებელი კურსი და აგროქიმიის კათედრა. მელიქიშვილის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტში აგროქიმიაში მოღვაწეობდა ქიმიის მრავალი დარგის მცოდნე, ახალგაზრდა მეცნიერი შალვა ცინცაძე (1900-1937წ.წ.) იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ტიმირიაზევის ს`ს აკადემიაში პრიანიშნიკოვის და დომონტოვიჩის ხელმძღვანელობით, პარიზის, ლონდონის და კემბრიჯის უნივერსიტეტებში, როტამსტეტის საცდელ სადგურში აგროქიმიის სფეროში მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერებთან, იყო მათი მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებელი.

მცენარის მინერალური კვების თეორიის მიმდევარი იყო და არის დღესაც მსოფლიოში აღიარებულ აგრარიკოს მეცნიერთა მთელი პლეადა. საქართველოში აგროქიმიის სფეროში მოღვაწეობდნენ დიდი მეცნიერები, ჩვენი სახელოვანი მამულიშვილები — გიორგი ნიკოლოზის ძე ურუშაძე, შ.ჭანიშვილი, ი.სარიშვილი, ა.მენაღარიშვილი, მ.ბზიავა, ი.გამყრელიძე, ი.ნაკაიძე, მ.გაბისონია, ი.მარშანია, გ.აბესაძე, ბ.ვაშაყმაძე, ო.კაჭარავა, თ.ბურჭულაძე, ო.ონიანი (1930-2012), ო.ზარდალიშვილი (1928-2014 წ.წ.). და მრავალი სხვა (საკმაოდ ვრცელია ჩამონათვალი). მათი გზის გამგრძელებლები დღესაც მრავლად არიან საქართველოში და თავიანთი მეცნიერული რჩევებითა და რეკომენდაციებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში.

ჩვენ ქვეყანაში ქართველი მეცნიერების მიერ სხვადასხვა დროს, განსხვავებულ ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებში, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ჩატარებულმა ათასობით მინდვრის ცდამ სასუქებზე დაადასტურა მცენარის მინერალური კვების თეორიის ჭეშმარიტება, რამაც ასახვა ჰპოვა ასობით მონოგრაფიასა თუ სახელმძღვანელო წიგნში, ათასობით სამეცნიერო სტატიაში.

მინერალური სასუქების გამოყენების 150-წლიანმა მსოფლიო გამოცდილებამ, მათი გამოყენების საფუძველზე მიღწეულმა წარმატებებმა დაადასტურა მინერალური კვების თეორიის სიმართლე. სხვა საქმეა, რომ აუცილებელია მათი გონივრულად გამოყენება, რაზეც მომდევნო სტატიებში გვექნება საუბარი.

გოგოლა მარგველაშვილი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიული განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.