დარგებიმემცენარეობა

მცენარის სასიცოცხლო პირობები 

ყოველი კულტურის მოსავლის მოყვანა ემყარება უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური კანონის – ორგანიზმის და გარემო პირობების ერთიანობის ცოდნას და გამოყენებას. ფერმერის ძირითადი ამოცანა იმისათვის, რომ მიიღოს მაღალი მოსავალი არის მცენარის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ყოველ მცენარეს განსხვავებული, მისთვის დამახასიათებელი მოთხოვნილებები აქვს გარემო პირობების მიმართ.
აქვე უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან გარემო პირობები და სასიცოცხლო ფაქტორები. მცენარისათვის აუცილებელი სასიცოცხლო ფაქტორებია: სითბო, სინათლე, ჰაერი, მინერალური ნივთიერებები (საკვები). ამ ფაქტორებს მცენარეები ღებულობენ კოსმოსიდან, ატმოსფეროდან და ნიადაგიდან. ერთერთი ფაქტორის არ არსებობის შემთხვევაში მცენარე ვერ იარსებებს. მცენარეზე გავლენას ახდენენ არა მარტო სასიცოცხლო ფაქტორები, არამედ გარემო პირობებიც, რომელიც უფრო ფართე ცნებაა და არის ერთიანობა ცოცხალი და არაცოცხალი ფაქტორისა: კოსმიური, ატმოსფერული, ნიადაგური (ნიადაგური ხსნარის რეაქცია-PH, სახნავი ფენის შენება), ფიტობიოლოგიური (მავნებლები, დაავადებები, სარეველები), ადამიანური, აგროტექნიკური. თავის მხრივ მცენარეებიც მოქმედებენ გარემოზე.

გარდა იმისა, რომ მცენარეული საფარი არის ჟანგბადის წყარო დედამიწაზე, მცენარეების ნარჩენები ნიადაგში აგროვებენ ორგანულ ნივთიერებებს, რაც იწვევს ნიადაგის წყლის, მიკრობიოლოგიურ და სხვა რეჟიმების ცვლილებას.

სინათლე

დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმიდან მხოლოდ მცენარეს შეუძლია შეითვისოს მზის სხივის კინეტიკური ენერგია და გარდაქმნას იგი პოტენციურ ნერგიად.
სინათლის ენერგია უშუალო კავშირშია მცენარეში მიმდინარე ფოტოსინთეზთან. ფოტოსინთეზი კი არის ნახშირორჟანგის, წყლის და მზის ენერგიის საშუალებით ორგანული ნივთიერების წარმოქმნა.

ეს პროცესი მიმდინარეობს მრავალი ფერმენტის მონაწილეობით.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარებისა და მოსავლიანობისათვის გადამწყვეტ როლს თამაშობს სინათლის ინტენსივობა, დღის ხანგრძლივობა. მცენარის დამოკიდებულება მზის ხანგრძლივობის მიმართ ცნობილია ფოტოპერიოდიზმის სახელწოდებით.

კულტურათა ერთი ჯგუფი ყვავილობასა და მსხმოიარობისთვის საჭიროებს 16-18 საათიან დღის ხანგრძლიობას (კარტოფილი, ხახვი, სტაფილო, ხორბალი, შვრია, ჭვავი) და ესენი არიან გრძელი დღის მცენარეები. მეორე ჯგუფი კულტურებისა (ლობიო, კიტრი, კომბოსტო, სიმინდი) ნორმალურად ვითარდება მხოლოდ მოკლე დღის -10-12 საათიანი განათების პირობებში. არის ასევე ნეიტრალური მცენარეები, რომელთა განვითარებაზე არ მოქმედებს დღის ხანგრძლიობა(წიწიბურა, პამიდორი). მაქსიმალური მოსავლის მისაღებად საჭიროა ოპტიმალური სტრუქტურის ნათესები, რომლებიც უფრო სრულად შთანთქავენ და იყენებენ მზის ენერგიას. მზის ენერგიის შთანთქმის ორგანოებს კი ფოთლები წარმოადგენენ.

სინათლის გარეშე მცენარე ცუდად იზრდება და ნორმალურ პროდუქციას არ იძლევა. დაუჩრდილავ ადგილებზე მოყვანილი ბალახის თივა მეტ ცილებს შეიცავს, შაქრის ჭარხალი მეტ შაქარს, მარცვლეული მეტ ცილებს, კარტოფილი მეტ სახამებელს, მზესუმზირა მეტ ცხიმს აგროვებს-ვიდრე ჩრდილში. მწვანე მცენარეში ფოტოსინთეზი იწყება დილით გარიჟრაჟზე, კულმინაციას აღწევს შუადღეზე და საღამოს ისევ მცირდება. მოსავლიანობის ერთ-ერთი პირობაა ფოტოსინთეზური მოქმედების ამაღლება. ეს კი შესაძლებელია მწვანე ზედაპირის განათებულობის რეგულირებთ. განათებულობის რეგულირება შესაძლებელია აგროტექნიკური ღონისძიებებით, როგორიცაა:

1. თესვის ნორმის და დგომის სიხშირის სწორი გაანგარიშება.

2. ნათესში მწკრივების მიმართულება ქვეყნის მხარეების მიმართ.

3. თესვის წესის შერჩევა.

4. სარეველა მცენარეთა დროული მოცილება.

5. შუალედური კულტურების თესვა, რაც იძლევა მზის სხივების ენერგიის დაგროვების საშუალებას.

სითბო

მცენარეში ფიზიოლოგიური პროცესები (ფოტოსინთეზი, ზრდა-განვითარება, კვება, სუნთქვა, ….) მხოლოდ სითბოს გარკვეულ პირობებში მიმდინარეობს. სითბოსადმი მოთხოვნილება განსხვავებულია არა მარტო სხვადასხვა კულტურისათვის, არამედ ერთიდაიგივე მცენარისათვის მისი განვითარების სხვადასხვა ფაზაში.

მცენარის განვითარების ყოველ ფაზაში გამოყოფენ ამ ფაზისთვის მინიმალურ, ოპტიმალურ და მაქსიმალურ ტემპერატურას. მაგ. მცენარის ზრდა-განვითარების ფაზაში არჩევენ მინიმალურ ტემპერატურას, როცა ფიზიოლოგიური პროცესები ძლიერ ნელდება.

ოპტიმალურს, რომლის დროსაც მცენარის ზრდა-განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს და მაქსიმალურს, რომლის ზემოთ მცენარე ამცირებს პროდუქტიულობას და იღუპება კიდეც. აქტიურ ტემპერატურათა ჯამს უწოდებენ, საშუალო დღე-ღამურ ტემპერატურათა ჯამს იმ პერიოდში, როცა ტემპერატურა აღემატება 10°C. ამის მიხედვით გამოყოფენ ცივ, ზომიერ და თბილ აგროკლიმატურ ზონებს. არსებობს აგრეთვე ცნება – ” ნიადაგის ტემპერატურა”.

ნიადაგის ტემპერატურის ზრდასთან ერთად მცენარის ზრდა– განვითარება ჩქარდება. გარდა ამისა სითბოს გარკვეული რეჟიმი ესაჭიროება არა მარტო მცენარეებს, არამედ ნიადაგში მოსახლე მიკროორგანიზმებსაც. ამ მიკროორგანიზმებს ცუდად გადააქვთ დაბალი ტემპერატურა, აჩერებენ თავიანთ ცხოველმყოფელობას. ასევე ძალზე ცუდ გავლენას ახდენს მათზე მაღალი ტემპერატურა. ნიადაგის მიკროფლორისთვის ოპტიმალურია 15-20°C.

ზონები კულტურები
ცივი ზონა (აქტიურ ტემპერატურათა ჯამი = 12000 ) ბარდა, ადრეული კარტოფილი, კომბოსტო, ხახვი ქერი, შვრია (ადრეული)
ზომიერი ზონა (აქტიურ ტემპერატურათა ჯამი = 1200–14000 ) თავთავიანი მარცვლეული, სამარცვლე პარკოსნები, კარტოფილი, სელი ასევე სითბოსადმი შედარებით მაღალი მოთხოვნის კულტურები– სიმინდი, ბრინჯი, შაქრის ჭარხალი…
თბილი ზონა (აქტიურ ტემპერატურათა ჯამი = 4000–80000 ) ბამბა, ჩაი, ციტრუსები….

ნიადაგის ტემპერატურა დამოკიდებულია მზისგან შემოსული სითბოს რაოდენობაზე. აგრეთვე ნიადაგის თვისებებზე – თბოტევადობაზე, თბოგამტარობასა და სითბოს გაცემაზე. მზესთან ერთად ნიადაგში არსებობს სითბოს სხვა მცირე წყაროც – მიკროორგანიზმთა ცხოველმყოფელობიდან ორგანულ ნივთიერებათა დაშლის პროცესში გამოყოფილი სითბო.

ნიადაგის თბური რეჟმის რეგულირების მეთოდები განსხვავებულია სხვადასხვა ზონაში. მაგ. მთიან ზონაში აგროტექნიკის ყველა ხერხი მიმართულია ნიადაგის ტემპერატურის ამაღლებისკენ, დაბლობში კი პირიქით. ადრე გაზაფხულზე დაფარცხვა და გაფხვიერება აძლიერებს ნიადაგის გათბობას. ჰაერი. როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, მცენარე სუთქავს – მოიხმარს ჟანგბადს და გამოყოფს ნახშირორჟანს. ამ დროს მიმდინარეობს ჟანგვითი რეაქციები, რომელთა შედეგად თავისუფლდება დაგროვილი ენერგია ისეთი მნიშვნელოვანი პროცესისათვის, როგორიცაა ზრდა, გამრავლება და სხვა…. ჟანგბადი ასევე საჭიროა ფესვთა სისტემისათვის. ნახშირორჟანგი საჭიროა ფოტოსინთეზისათვის. ნახშირორჟანგი ჟანგბადის წყაროა მცენარეში ორგანული შენაერთების წარმოსაქმნელად ფოტოსინთეზის დროს.
ნახშორორჟანგის შემცველობა ჰაერში დაახლოებით 0, 03% -ია, ხოლო ფოტოსინთეზი იწყება 0,008-0,001% – ის კონცენტრაციის დროს.

კულტურათა მოთხოვნა ნიადაგის ჰაერზე სხვადასხვაა. მაგ. ყველაზე მომთხოვნი ამ თვალსაზრისით არის ძირხვენები და ტუბერიანები, პარკოსნები და ზეთოვანები. ნაკლებად მგრძნობიარეა მარცვლოვანები, რომლებიც ნაწილობრივ ამარაგებენ ფესვებს ღეროს სიღრუეში არსებული ჰაერით. ჰაერის ჟანგბადს საჭიროებენ ნიადაგის მიკროორგანიზმებიც, რომლებიც ნიადაგში შლიან მცენარეულ  ნარჩენებს. ჟანგბადის გარდა ზოგიერთ მიკროორგანიზმს ესაჭიროება ჰაერის აზოტი, რომელსაც ისინი გარდაქმნიან ორგანულ აზოტად. მაგ. კოჟრის ბაქტერიებს სჭირდებათ ჰაერის აზოტი. სამარცვლე პარკოსნები კოჟრის ბაქტერიებთან სიმბიოზის მეშვეობით მოიხმარენ ჰაერის აზოტს.

წყალი

მცენარის ცხოველმყოფელობა დამოკიდებულია წყალზე. თესლის გაჯირჯვებისთვის, მასში არსებული მშრალი ნივთიერების ჩანასახისათვის შესათვისებელ ფორმაში გადასასვლელად სხვადასხვა მცენარეს სხვადასხვა რაოდენობით წყალი(% თესლის მასასთან მიმართებაში) სჭირდება. ეს კარგად ჩანს შემდეგ ქვემოთ მოცმულ სქემაში.

წყლის მოთხოვნა თესლის გაჯირჯვებისთვის

კულტურა წყლის რაოდენობა (%): 
ფეტვი, სიმინდი- 40%;
ხორბალი 50-%;
სელი, ბარდა 100-%;
შაქრის ჭარხალი 120-%.

თვითონ მცენარეში წყალი შედის თესლში (10-20%), ღეროში (59%), ძირხვენებსა და ტუბერებში (80-85%). წყალი მონაწილეობს ფოტოსინთეზში და მცენარეში მიმდინარე სხვა პროცესებში. ამავე დროს ზრდა-განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მცენარეს სხვადასხვა მოთხოვნილება აქვს წყალზე. წყლისადმი კრიტიკული პერიოდებია: თავთავიანებისთვის – აღერებიდან დათავთავებამდე; სიმინდისათვის -ყვავილობა – სიმწიფის პერიოდში; მზესუმზირისთვის – კალათის წარმოქმნის პერიოდში; კრიტიკულ პერიოდებში წყლის ნაკლებობისას მცენარე მკვეთრად ამცირებს პროდუქტიულობას. მცენარის ფოთლების მიერ წყლის აორთქლებას ტრანსპირაცია ეწოდება. ეს პროცესი დამოკიდებულია განათებულობაზე, ტემპერატურასა და ტენიანობაზე. ტრანსპირაციის კოეფიციენტი (ტკ) კი არის წყლის ის რაოდენობა (გ), რომელიც იხარჯება 1გრ. მშრალი ნივთიერების წარმოქმნაზე. ყველაზე მაღალი ტრანსპირაციის კოეფიციენტი აქვს მრავალწლიან ბალახებს, ყველაზე ცოტა -ფეტვნაირ პურეულებს.

ტრანსპირაციის კოეფიციენტს გარკვეულ ზღვრებში მნიშვნელოვნად ამცირებს სასუქები. მაგ. საკვები ნივთიერების უკმარისობი დროს შვრიის ტკ -483-ია, ხოლო საკვებით უზრუნველყოფისას -372. ამიტომ, საკვებით უზრუნველყოფილი კულტურები უფრო ეკონომიურად ხარჯავენ წყალს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს გვალვიანი მიწათმოქმედების რაიონებისათვის. ტენისადმი მოთხოვნილების მიხედვით ბოსტნეული კულტურები შეიძლება დაიყოს: წყლისადმი მომთხოვნ კულტურებად, როგორიცაა კიტრი, ხახვი, ბადრიჯანი, პამიდორი, წიწაკა და ნაკლებ მომთხოვნი კულტურები- კარტოფილი, სტაფილო, ლობიო, ჭარხალი.

წყალი ასევე ესაჭიროება ნიადაგის მიკროორგანიზმებს. მშრალ ნიადაგში ბიოლოგიური პროცესები ნელდება. წყდება ორგანული ნივთიერებების დაშლა. მიკროორგანიზმები კარგად ვითარდება ნიადაგის 60% ტენიანობის დროს.

საქართველოს ტერიტორიაზე მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია გვალვიან-სარისკო მიწათმოქმედების ზონებში, სადაც მოურწყავად შეუძლებელია კულტურათა ნორმალური მოსავლის მიღება. ატმოსფერული ნალექები ქვეყნის ტერიტორიაზე არათანაბრად მოდის როგორც რაოდენობის, ისე დროის მიხედვით.

ყოველივე ეს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მკვეთრად გამოხატულ ზონალურ ხასიათს განაპირობებს. საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილია 6 ერთმანეთისგან განსხვავებული ზონა:

1. სუბტროპიკული ზონა

აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 4000°C აღემატება, ხოლო ნალექების წლიური საშუალო ჯამი 1500- 2500 მმ-ის ფარგლებშია. ზონა თავის მხრივ ტენის რაოდენობის მიხედვით 2 ქვეზონად იყოფა: სუბტროპიკულ ტენიან და სუბტროპიკულ მშრალ ქვეზონად. ნოტიო სუბტროპიკული ზონა რამდენიმე ქვეზონისგან შედგება: ციტრუსების, ჩაის, სიმინდის, დაფნის, ხურმის და კარტოფილის.

2. თბილი ზონა

 სადაც აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3500-4000°C შეადგენს. ნალექების რაოდენობა 500-700მმ. აქ 6 ქვეზონაა:

ვაზის (კახეთი, იმერეთი);  კონტინენტური მეხილეობის (ქართლის ვაკე, კახეთი, მესხეთი), თეთრი დოლის პური (ქართლის ვაკე), შაქრის ჭარხალი(ქართლის ვაკე), სიმინდის (კოლხეთის ბარი-ჭალები,  ქართლის ვაკე სარწყავი ადგილები); კარტოფილის (დას. საქართველოს დაბლობი ზონა, კოლხეთის დაბლობი, ალაზნის ველი, თბილისის გარეუბნები).

3. ზომიერად გრილი ზონა

აქტიურ ტემპერატურათა ჯამი მერყეობს 2500-3000°C, ნალექების წლიური რაოდენობა 600-1500მმ. აქ არჩევენ ზონებს: ვაზის(ქართლის ვაკე, ბაღდათი, წითელხევი), კონტინენტური მეხილეობის (ქართლის ვაკის შემაღლებული ნაწილი, მესხეთი და რაჭა-ლეჩხუმის დაბლობი ნაწილი), სიმინდის(ქართლი, კახეთი, მესხეთი, იმერეთი), ხორბლის(მთის ქვედა და ზედა სარტყლები) უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთში(რაჭა-ლეჩხუმი, ზემო იმერეთი), კარტოფილის (ბოლნისი, მარნეული, ახალციხის ვაკე).

4. გრილი ზონა

აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 2500-1500°C. ნალექების წლიური რაოდენობა 500-700მმ. კარტოფილი ზონაა. ეს ზონა შედგება ქვეზონებისგან: კარტოფილის(ბორჯომის ხეობა, მესხეთი, დუშეთის რაიონი, თეთრიწყაროს რაიონი, დმანისი).

5. ცივი ზონა

აქტიურ ტემპერატურათა ჯამი -1000-1500°C, ნალექების რაოდენობა 550-650მმ. გავრცელებულია, როგორც მთავარი კავკასიონის, ისე მცირე კავკასიონის მთის კალთებზე. იყოფა 2 ქვეზონად: ჯავახეთის  იკას(ახალქალაქის პლატო, დმანისი, წალკა) და დიკას(კავკასიონის მაღალმთიანი რაიონი-დუშეთი, ფშავ-ხევსურეთი, სამაჩაბლო, თიანეთის ზედა ნაწილი.

6. ძლიერ ცივი ზონა

აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 10000 -ზე ნაკლებია, ნალექების რაოდენობა 1500მმ. ზონა მთლიანად ალპურ საძოვრებს უჭირავს.

ლ. ალფაიძე,

ე. მოთიაშვილი,

ნ. ჭანკვეტაძე,