აგროტექნოლოგიებირუბრიკები

მცირე მექანიზაცია მეაბრეშუმეობაში

მეაბრეშუმეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ტრადიციული დარგია. იგი ყოველთვის ქვეყნის ეკონომიკის განმტკიცების, შრომითი რესურსების რაციონალური გამოყენების, სავალუტო შემოსავლების გაზრდის წყაროდ განიხილებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული აბრეშუმის ძაფს თავისი ხარისხით ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეკავა მსოფლიოში, მაგრამ ბოლო ათწლეულებია ეს დარგი ქვეყანაში დაკნინდა. ეს ობიექტურთან ერთად ბევრმა სუბიექტურმა ფაქტორმაც განაპირობა. ერთ-ერთი ასეთი მიზეზი XX საუკუნის 60-ან წლებში დასავლეთ საქართველოში გაჩენილმა მიკროპლაზმურმა დაავადებამ “წვრილფოთოლა სიხუჭუჭემ” მთლიანად გაანადგურა საკვები ბაზა და მეაბრეშუმეობა კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

იმ სიძნელეების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი, რასაც განიცდის დღევანდელი მეაბრეშუმეობა, სხვა მიზეზებთან ერთად, ამ სფეროში  მექანიზაციის ჩამორჩენაა.

მექანიზაციის საშუალებების სიმცირის გამო, აბრეშუმის პარკის წარმოება მეტად შრომატევადი პროცესია. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით 100 კგ. აბრეშუმის პარკის მისაღებად 600 – 700 კაც-საათია საჭიროა. ამ დანახარჯებიდან 15% მოდის საკვების დამზადებაზე, 15-20% _ საკვების მომზადებაზე, 55% _ თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებასა და 10% _ პარკის ჩამოკრეფაზე, დახარისხებასა და გაწმენდაზე. როგორც სტატისტიკური მასალებიდან ჩანს, საკვების მომზადებაზე და გამოკვებაზე საკმარისად დიდი დანახარჯებია; ამდენად ამ ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაციის საკითხები მეტად აქტუალურია და ამ მიმართულებით საჭიროა გარკვეული სერიოზული სამუშაოების ჩატარება.

აღნიშნული ინსტიტუტის მექანიზაციის განყოფილებაში დამუშავდა ფერმერულ მეურნეობებში თუთის აბრეშუმხვევიას ცენტრალიზებული გამოკვების ტექნოლოგიური პროცესის სქემა , რაც შემდეგი ოპერაციებისაგან შედგება: საკვების დამზადება, საკვების ტრანსპორტირება, საკვების მომზადება, საკვების ხანმოკლე შენახვა, თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვება, ცახებიდან პარკის ჩამოკრეფა, პარკის ნაპერტყულისაგან გაწმენდა,  პარკის აწონვა და ტრანსპორტირება. შემდგომი ოპერაციებია: პარკის პირველადი დამუშავება (შრობა და ხრჩოლვა), აბრეშუმის ძაფის ამოხვევა.

თუთის  აბრეშუმხვევიას გამოკვებისათვის წინასწარ საჭიროა საკვების  დამზადება და მომზადება, რაც სპეციალური მანქანა-დანადგარებით სრულდება. დღეისათვის დარგი ამ ტიპის მანქანების დიდ დეფიციტს განიცდის, რისთვისაც საჭიროა მათი დამზადება, ან არსებულის მოდერნიზაცია.

როგორც ტექნოლოგიური სქემიდან ჩანს, საკვების დამზადების მექანიზაციისათვის მიზანშეწონილია პნევმოაგრეგატი “PAB-8”, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია იმ რაიონებში, სადაც თუთის პლანტაციებია გაშენებული, ელექტროტოტმჭრელი “ЭВА-6/200”, “KAAZ”-ის ტიპის მოდერნიზებული ტოტმჭრელი (სურ.1), ხელის გაძლიერებული სეკატორები. რაც შეეხება თუთის ტოტების საჭრელ კომბაინს “ჟშ-1”-ს, მისი გამოყენება შესაძლებელია თუთის ბუჩქოვანი პლანტაციებისათვის, რომელიც დღეისათვის საქართველოში აღარ გვხვდება.

 

თუთის ღეროებიდან ფოთლის გაცლისათვის გამოიყენება თუთის  ტოტებიდან ფოთლის გამცლელი მანქანა “პს-1” (სურ.2). მისი დანიშნულებაა მოჭრილი ტოტებიდან ყლორტების და ფოთლების მოცილება. მანქანის ტექნიკური მაჩვენებლებია: გაბარიტული ზომები, მმ – 485x375x1000; ელ.ძრავის სიმძლავრე, კვტ – 0,4-0,6; მჭრელი ცილინდრის ბრუნთა რიცხვი, ბრ/წთ – 700-800; მწარმოებლურობა, კგ/სთ – 90-100.

 

მანქანის მუშაობის ტექნოლოგიური პროცესი შემდეგნაირად   მიმდინარეობს: ტოტს მოჭრილი ბოლოთი ხელით აწოდებენ აპარატს ცენტრში დანების მხრიდან (სურ. 3.) მიწოდებული ტოტი მთლიანად გაივლის აპარატს.

I _ რამდენიმე დღის მოჭრილი და შენახული თუთის ტოტი; II _ ახლად მოჭრილი თუთის ხის ტოტი; III _ გვერდითი ყლორტების გასხვლის წესი; IV _ ბოლო ყლორტების მოჭრის წესი.

პატარა ასაკის თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვებად გამოიყენება წვრილ ზოლებად დაჭრილი ფოთოლი, ხოლო დიდი ასაკის გამოსაკვებად კი – მთლიანი ფოთოლი ან ყლორტები. ხშირად საკვები ხელით მზადდება, რაც მეტად შრომატევადი პროცესია და საგრძნობლად ზრდის ერთეული პროდუქციის თვითღირებულებას. თუ გამოკვება მიმდინარეობს მექანიზებულ დანადგარებზე, მაშინ საკვების დოზირების ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭიროა საკვებად  სხვადასხვა სიგანის ზოლებად დაჭრილი ფოთლების მიცემა.

აბრეშუმის ძაფის ხარისხზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აბრეშუმის ჭიის მიერ საკვების მოხმარების ხარისხს, რისთვისაც მიზანშეწონილია ჭია იკვებებოდეს დაჭრილი ფოთლებით არა ნაკლებ ხუთი ასაკიდან ოთხ ასაკში მაინც. დღემდე არსებული მანქანა-დანადგარებით შესაძლებელია ფოთლების დაჭრა 3 მმ-დან 6 მმ-მდე, სიგანის ზოლებად, რაც თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვებდ I და II ასაკში გამოიყენება.

თუთის ფოთოლსაჭრელ მანქანა “რტლ-25”-ის (სურ.3) მოდერნიზაციის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ მან დაჭრას თუთის ფოთლები 3-დან 30-40 მმ-მდე სიგანის ზოლებად, რათა შემდეგ ჩატარდეს დაჭრილი ფოთოლით I, II, III და IV ასაკის თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვება და ფოთლის დოზირებული მიწოდება გამოსაკვებ ზედაპირებზე. დაჭრილი ფოთლის სხვადასხვა სიგანისათვის ცვალებადია  ფოთოლსაჭრელი მანქანის მოდიფიცირებული ვარიანტის მწარმოებლურობა და იგი 60 კგ/სთ-დან 300 კგ/სთ-მდე იცვლება, რაც დადებითად მოქმედებს გამოკვების ეკონომიკურ მხარეზე.

 

თუთის აბრეშუმხვევიას ხელით გამოკვების დროს ყველაზე უფრო გავრცელებულია მათი განთავსება სხვადასხვა კონსტრუქციის თაროებზე (სურ.4). ამ ტიპის დანადგარების უარყოფით მხარეს წარმოადგენს თუთის აბრეშუმხვევიას დიდი გადაადგილებები და ნაძირის გამოცვლის დროს მათი საგრძნობი დანაკარგები, აგრეთვე სასარგებლო ფართის არა რენტაბელური გამოყენება.

 

ხელით გამოკვების დროს აღნიშნული უარყოფითი მხარეების აღმოსაფხვრელად საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში დამუშავებულია და მიღებულია საავტორო მოწმობა გამოგონებაზე (№695667, ავტორები ე. შაფაქიძე, ე. წოწკოლაური), რომელსაც გააჩნია მთელი რიგი დადებითი მხარეები, როგორიცაა: გამოსაკვები ზედაპირების ერთეულ ფართზე გაბარიტების შემცირება; კონსტრუქციის სიმარტივე სხვა მოწყობილობებთან შედარებით; გამოსაკვები ზედაპირების ვენტილაციის გაუმჯობესება; თუთის აბრეშუმხვევიას დაავადების თავიდან აცილება ნესტიანი და დაბინძურებული ექსკრემენტების არ არსებობის გამო და სხვა.

 

საავტორო მოწმობის საფუძველზე დამზადებულია თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვები მარტივი ტიპის სტაციონალური მოწყობილობის მოდულის სექცია, რომელიც შედგება ათი თაროსაგან და მათი გამოსაკვები ზედაპირების საერთო ფართია 6,0 მ2; იმის მიხედვით, თუ რა ფართობის საჭიე შენობა აქვს კონკრეტულ ფერმერს, მას შეუძლია იქ განალაგოს რამდენიმე მოდული და ჩაატაროს გამოკვებები (სურ.5).

დღევანდელი არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის ფერმერულ მეურნეობებში დარგის აღორძინებისა და განვითარებისათვის პირველი ნაბიჯები იქნება ზემოთ განხილული მეაბრეშუმეობის მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების დამზადება და დანერგვა, რისთვისაც შესაძლებელია სსაუ-ის მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გამოცდილებისა და რეკომენდაციების გამოყენება.

ირაკლი ქორჩილავა _ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი