დარგებივეტერინარია

კურდღლის დაავადებები და პროფილაქტიკა

ინფექციური რინიტი

რინიტის დროს აღინიშნება ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ასპერემია. ბოცვერი აცემინებს, თათებით ისრესს ცხვირს. ცხვირიდან გამოეყოფა სეროზული, მოგვიანებით კი ლორწოვანი გამონადენი. რინიტის სამკურნალოდ დღეში 1-2-ჯერ ყოველ ნესტოში შეჰყავთ 5-6 წვეთი ეკმონოვოცილინი (1 ნაწილი პრეპარატი + 2 ნაწილი ფიზიოლოგიური ხსნარი ან ანადუღარი წყალი) ანდა ფურაცილინის 1% ხსნარი, შერეული პენიცილინის ხსნართან, რომელიც შეიცავს 15-20 ათ. ერთ. 1 მგ-ზე.

ინფექციური სტომატიტი (“სველი დრუნჩი”)

ინფექციური სტომატიტი (“სველი დრუნჩი”). აღმძვრელი – ვირუსი. ავადდება ძირითადად მოზარდეული წოვების პერიოდიდან (20-25 დღე) 2 თვემდე. ზრდასრული ბოცვრები იშვიათად ავადდებიან. დაავადების სეზონურობა არ აღინიშნება. დასნებოვნების წყაროს წარმოადგენენ ავადმყოფი ცხოველები. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს შენახვის ანტისანიტარიული პირობები, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, მომატებული ტენიანობა, ბოცვრების შექუჩებული შენახვა. საინკუბაციო პერიოდი 2-4 დღეა.
დაავადების ნიშნები. დაავადების დასაწყისში აღინიშნება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაწითლება, შემდეგ ენაზე ჩნდება თხელი მოთეთრო აპკები, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის და ქმნის მთლიან ნადებს, ნორმალური ლორწოვანისგან გამოყოფილს მოწითალო არშიით. შემდგომში ენაზე წარმოიქმნება წყლულები. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებას თან სდევს ჭარბი ნერწყვდენა. ნერწყვდენის დაწყებასთან ერთად ბაჭიები ხდებიან ნაკლებმოძრავები, ცუდად ჭამენ და სვამენ და შედეგად სწრაფად ხდებიან. ხშირად აღენიშნებათ ფაღარათი. დაავადების მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში ბოცვრები იღუპებიან მე-4-5 დღეს.

პროფილაქტიკა და მკურნალობა. ავადმყოფ ცხოველებს უტარებენ იზოლაციას, გალიებს და ინვენტარს ადეზინფიცირებენ. ავადმყოფ და მათთან ერთად მყოფ ბოცვრებს მკურნალობენ. ყოველდღიურად 2-3 დღის განმავლობაში პირში აყრიან თეთრი სტრეპტოციდის ან სულფადიმეზინის ფხვნილს დოზით 0,1-0,2 გ, ბიომიცინს დოზით 0,01 გ, პენიცილინს – 0,05-0,1 გ. პირის ღრუში უსვამენ სპილენძის შაბიამნის 2% ხსნარს ან სტრეპტოციდის ემულსიას დღეში 1-2-ჯერ 3-4 დღის განმავლობაში, ანდა შემდეგი შემადგენლობის მალამოს: პენიცილინი – 200 ათ. ერთ., ლანოლინი – 30 გ, თეთრი სტრეპტოციდი – 2 გ, თეთრი ნეიტრალური ვაზელინი – 170 გ, აგრეთვე კუნთში ერთჯერადად შეჰყავთ პენიცილინი დოზით 25-50 ათ. ერთ. ანდა ოქსიტეტრაციკლინი – 30-50 ათ. ერთ. 1 კგ ცოცხალ მასაზე.

კოლიბაქტერიოზი

კოლიბაქტერიოზი. აღმძვრელი – ნაწლავის ჩხირი. დაავადებისადმი ყველაზე მიდრეკილნი არიან ახალგაზრდა ბოცვრები. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს საკვები, წყალი, რომელიც შეიცავს ფეკალიებს, სადაც ბუდობს ნაწლავის ჩხირის პათოგენური შტამები. დაავადების წარმოქმნას ხელს უწყობს ორგანიზმის დასუსტება ცუდი კვების შედეგად, უხარისხო საკვები, კოქციდიოზი, ჰელმინტოზები და სხვა ფაქტორები.
დაავადების ნიშნები. კოლიბაქტერიოზის დროს აღინიშნება დათრგუნული მდგომარეობა, ბოცვრები ცუდად ჭამენ საკვებს, უჩნდებათ ფაღარათი, სწრაფად ხდებიან და 2-8 დღეში იღუპებიან. გაკვეთისას ვლინდება ძლიერი ცვლილებები ნაწლავში: ლორწოვანი გარსი ჰიპერემირებულია, შეშუპებულია, ლორწოვანში და სეროზული გარსის ქვეშ სისხლჩაქცევებია. ნაწლავის სანათურში ხშირად ნახულობენ სისხლიან ლორწოს. განსაკუთრებით ძლიერი ცვლილებები აღინიშნება კოლინჯსა და ბრმა ნაწლავში, სადაც ლორწოვანა ძლიერ სივდება და ალაგ-ალაგ აშრევდება კიდეც.

ლისტერიოზი

ლისტერიოზის აღმძვრელია მიკრობი ლისტერია. ავადდებიან მრავალი სახის ცხოველები და ადამიანი. ლისტერიოზი შეიძლება გაჩნდეს წელიწადის ყველა დროს. ბოცვრებში ავადდებიან ძირითადად მაკე მდედრები. დასნებოვნების წყაროს წარმოადგენენ ლისტერიოზით დაავადებული ცხოველები, რომლებიც გამოყოფენ ინფექციას ცხვირიდან გამონადენთან, შარდთან, განავალთან, მოწყვეტილ ნაყოფთან ერთად, აგრეთვე თაგვისებრი მღრღნელები, რომლებიც ლისტერიებით აბინძურებენ საკვებს, წყალს, ქვეშაგებს.

დაავადების ნიშნები. დაავადება მიმდინარეობს ზემწვავე, მწვავე, ქვემწვავე, ქრონიკული და ატიპიური ფორმით. ზემწვავე მიმდინარეობისას მაკე მდედრი ბოცვრები უეცრად იღუპებიან ბაჭიების დაყრის დღეს ხილული კლინიკური ნიშნების გარეშე. ყველაზე ტიპურია მწვავე ფორმა, რომლის დროსაც მაკეობის მეორე ნახევარში მდედრებს ეშლებათ მუცელი. ამ დროს აღინიშნება არა ყველა ნაყოფის, არამედ მხოლოდ ნაწილის გამოდევნება. საშვილოსნოში დარჩენილი ნაყოფები ხელით ისინჯება. აბორტის შემდეგ მდედრი ბოცვრები უარს ამბობენ საკვებზე, ხდებიან, ბალანი აბურძგნული აქვთ. საშოდან გამოიყოფა ჭუჭყიან-ყავისფერი გამონადენი. დაავადება გრძელდება 2-4 დღეს და თითქმის ყოველთვის სრულდება დაღუპვით. ქვემწვავე და ქრონიკული ფორმის დროს აბორტები არ ხდება, მაგრამ საშვილოსნოში ჩნდება ანთებითი პროცესები, ნაყოფების დაღუპვა და მათი გახრწნა. მდედრი ბოცვრების უმეტესობა იღუპება მე-10-15 დღეს, ზოგჯერ 1-2 თვის შემდეგ. ატიპიური ფორმის დროს მდედრები გამოდევნიან ყველა ნაყოფს ან მოიგებენ მკვდარ ან ცოცხალ ბაჭიებს, რომლებიც იღუპებიან პირველ 6-7 დღეში. გაკვეთისას საშვილოსნოში აღმოაჩენენ გახრწნილ ნაყოფებს. ღვიძლი გადიდებულია, მომჩვარულია, წერტილოვანი ნეკროზული დაზიანებებით, ელენთა გადიდებულია, შეშუპებულია, ნეკროზის წვრილი წერტილოვანი კერებით.

პროფილაქტიკა და მკურნალობა. ყველა ავადმყოფ თუ დაავადებაგადატანილ ბოცვერს გამოარიდებენ საერთო ჯოგიდან და დაკლავენ, ლეშს და მოწყევტილ ნაყოფებს დაწვავენ. ხორცის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ დაკვლის ადგილზე ორსაათიანი ხარშვის შემდეგ. ტყავებს ადეზინფიცირებენ. ატარებენ ინვენტარისა და გალიების დერატიზაცია-დეზინფექციას. მომსახურე პერსონალმა უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენის ზომები. მეურნეობას ადებენ კარანტინს, რომელიც იხსნება 2 თვეში დაავადების ლიკვიდაციისა და დასკვნითი დეზინფექციის ჩატარების შემდეგ. სპეციფიკური პროფილაქტიკისათვის დადებითი შედეგით გამოცდილია “აუფ”-ის შტამისაგან დამზადებული ვაქცინა. ვაქცინის ოპტიმალურ მაიმუნიზებელ დოზებს წარმოადგენს: კუნთში ერთჯერადი შეყვანისას – 10 მლრდ მიკრობული სხეული, ორჯერადისას – 4 და 6, კანქვეშ შეყვანისას – შესაბამისად 20 და 10-20, აეროგენურისას – 10 მლრდ მიკრობული სხეული. იმუნიტეტი წარმოიქმნება ვაქცინაციიდან 3-5 დღეში, მისი ხანგრძლივობაა 5 თვემდე. მკურნალობა შემუშავებული არ არის.

მიქსომატოზი

მიქსომატოზი. აღმძვრელია ვირუსი. მიქსომატოზისადმი მგრძნობელნი არიან გარეული და შინაური ბოცვრები. ინფექციის წყაროს წარმოადგენენ მიქსომატოზით დაავადებული და დაავადებაგადატანილი ბოცვრები და კურდღლები. დაავადების აფეთქებები უფრო ხშირად აღინიშნება ზაფხულში და შემოდგომაზე. ვირუსის ძირითადი გადამტანებია მწერები (კოღოები, მოსკიტები) და ექტოპარაზიტები (ტილები, რწყილები, ტკიპები). მექანიკური გადამტანები შეიძლება იყვნენ ფრინველები, ცხოველები, ადამიანი, აგრეთვე ინფიცირებული საკვები, მოვლის საგნები. საინკუბაციო პერიოდი 2-20 დღეა.

დაავადების ნიშნები. დაავადება მიმდინარეობს ორი ფორმით: კლასიკური (შეშუპებითი) და კვანძოვანი (ატიპიური). კლასიკური ფორმის დროს ვლინდება ორმხრივი კონიუნქტივიტი, რომელიც გადადის ბლეფაროკონიუნქტივიტში (ამ დროს ქუთუთოები უსივდებათ, აღინიშნება თვალებიდან ჯერ სეროზული, შემდეგ კი ჩირქოვანი გამონადენი). ვლინდება ჩირქოვანი გამონადენი ცხვირის ღრუდან (რინიტი). თავზე, მკერდზე, ზურგზე უჩნდებათ შეშუპებები, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის და ბოცვერს აძლევს მახინჯ ფორმას (გასიებული თავი, ყურები). აღინიშნება შეშუპება სასქესო ორგანოებისა და ანალური ხვრელის არეში. დაავადება გრძელდება 4-10 დღეს და ჩვეულებრივ მთავრდება სიკვდილით. ცალკეული ინდივიდები შეიძლება გამოჯანმრთელდნენ, თუმცა ხდებიან ვირუსის მატარებლები. სხეულის ტემპერატურა მატულობს 40-41,5°C-მდე. კვანძოვანი ფორმისას დაავადება მიმდინარეობს უფრო მსუბუქად. ბოცვრებს თავზე, ყურის ნიჟარებზე, ზურგზე, ქუთუთოებზე უჩნდებათ გამონაყარი (კვანძები), რომლებიც მე-10-14 დღეს ნეკროტიზირდება. გამოჯანმრთელებისას ნეკროზის კერები ხორცდება 2-3 კვირის განმავლობაში.

პროფილაქტიკა და მკურნალობა. ბოცვრებში მიქსომატოზის ნიშნების მქონე დაავადების გამოვლენისას ვეტერინარულმა სპეციალისტმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ რაიონის (ქალაქის) მთავარ ვეტერინარულ ექიმს. ვაქცინაციას უტარებენ 45 დღიდან მოყოლებული და უფროსი ასაკის. კარანტინს არაკეთილსაიმედო პუნქტიდან მოხსნიან 15 დღეში დაავადების ბოლო შემთხვევიდან და მასში ბოცვრების განადგურებიდან (დაკვლიდან). კარანტინის მოხსნის შემდეგ აკრძალულია ბოცვრების შემოყვანა 2 თვის განმავლობაში, ხოლო საშიშ ზონაში _ 1 თვის განმავლობაში. შემოსაყვანი ბოცვრები ექვემდებარებიან ვაქცინაციას მიმწოდებელ მეურნეობებში, რომლებიც აკეთებენ შესაბამის ჩანაწერს ვეტერინარულ დოკუმენტში. მსხვილ მებოცვრეობის ფერმებს აკომპლექტებენ მხოლოდ რესპუბლიკის, მხარის, ოლქის ვეტერინარული ორგანოების ნებართვით. მკურნალობა მიქსომატოზის დროს შემუშავებული არ არის.

პასტერელოზი (ჰემორაგიული სეპტიცემია)

პასტერელოზი (ჰემორაგიული სეპტიცემია). გამოწვევიპასტერელა. პასტერელოზისადმი მგრძნიბიარენი არიან ყველა ასაკის ბოცვრები. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ბოცვრები და პასტერელოზისადმი მგრძნობიარე სხვა სახის ცხოველები (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორები, ცხვრები, ბატები, ფრინველები და სხვ.). ინფექციას შეიძლება ავრცელებდნენ ადამიანები (ტანსაცმელთან, ფეხსაცმელთან ერთად), ფრინველები, მღრღნელები. საინკუბაციო პერიოდი – 5-10 საათი.

დაავადების ნიშნები. ავადმყოფი ბოცვრები დათრგუნულნი არიან, უარს ამბობენ საკვებზე, სუნთქვა გახშირებულია, ტემპერატურა მატულობს 41-41,5°C-მდე, დაავადების ბოლოსთვის იკლებს 33-36°C-მდე, ხშირად აღენიშნებათ სეროზული გამონადენი ცხვირის ღრუდან და ფაღარათი. 1-3 დღეში ბოცვრები იღუპებიან. გაკვეთისას გამოავლენენ წერტილოვან სისხლჩაქცევებს ფილტვებში, ჩიჩახვის ჯირკვალში, გულში და ლიმფურ კვანძებში, ხშირად ღვიძლში, ნაწლავებში, თირკმლებში, შარდის ბუშტში. ელენთის ზომები გადიდებულია. დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ზოლისებრი სისხლჩაქცევები სასუნთქი მილის რგოლებს შორის.

პროფილაქტიკა და მკურნალობა. ავადმყოფ ბოცვრებს კლავენ ან უტარებენ იზოლირებას, გალიებსა და ინვენტარს ადეზინფიცირებენ, ნაკელს, ქვეშაგებს, გალიებიდან ამოღებულ საკვებს ანადგურებენ. დაკლული ბოცვრების ტყავებს უტარებენ დეზინფექციას. დაკლული ბოცვრების ხორცი 1-საათიანი ხარშვის შემდეგ შეიძლება გამოიყენებოდეს ადამიანების საკვებად. შინაგან ორგანოებს ანადგურებენ. ბრძოლისა და პროფილაქტიკის სპეციფიკურ საშუალებებად იყენებენ ბოცვრების პასტერელოზის საწინააღმდეგო ვაქცინას. საინკუბაციო პერიოდში მყოფი ბოცვრების დახოცვის თავიდან ასაცილებლად ვაქცინაციის წინ კუნთში ერთჯერადად შეჰყავთ 1 მლ ტერამიცინის 20% ხსნარი 1 კგ ცოცხალ მასაზე ანდა ორჯერადად 8-10 საათის ინტერვალით – ბიომიცინი იმავე დოზით. შემდეგ დეზინფექციას უტარებენ ყველა გალიას, ინვენტარს, აღჭურვილობას ერთი დღე-ღამის განმავლობაში, რადგანაც პასტერელებზე ანტიბიოტიკების მოქმედების ვადა 24 საათია. მეორე დღეს ყველა ბოცვერს (ავადმყოფების გარდა) უტარებენ იმუნიზებას ექსტრაქტ-ფორმოლის ვაქცინით. ვაქცინა შეჰყავთ ორჯერადად 7 დღის ინტერვალით შემდეგი დოზებით: 40 დღიდან სამ თვემდე ასაკის ბოცვრებს პირველ დღეს 1 მლ, 7 დღეში – 2 მლ, სამ თვეზე უფროსებს = შესაბამისად 1,5 და 3 მლ. იმუნიტეტი დგება ვაქცინაციიდან მე-5-10 დღეს და გრძელდება არანაკლებ 15 თვისა. 40 დღეზე უმცროსი ასაკის ბოცვრებს ჯერ შეუყვანენ შრატს სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ჰემორაგიული სეპტიცემიის წინააღმდეგ დოზით 4 მლ 1 კგ ცოცხალ მასაზე, ხოლო 40 დღის ასაკის მიღწევის შემდეგ უტარებენ ვაქცინაციას. ბორცვრების აღნიშნულ ვაქცინაციას და შრატის შეყვანას აგრეთვე ატარებენ საფრთხის ქვეშ მყოფ მეურნეობებში. არაკეთილსაიმედო მეურნეობებს ადებენ კარანტინს. მას მოხსნიან 14 დღეში ავადმყოფი ბოცვრის დაღუპვის ან დაკვლის ბოლო შემთხვევისა და დასკვნითი დეზინფექციის ჩატარების დღიდან.

მკურნალობა: კუნთში ოქსიტეტრაციკლინის ერთჯერადი შეყვანა დოზით 20 მგ 1 კგ ცოცხალ მასაზე ანდა ბიომიცინის ორჯერადი შეყვანა იმავე დოზით 8-10 საათის ინტერვალით. საბოცვრეებში სამკურნალოდ იყენებენ ოქსიტეტრაციკლინის, ლევომიცეტინის ან ბიომიცინის აეროზოლებს კონცენტრაციით 1,5-2,0 გ 1 კგ ჰაერზე. დამუშავებას ატარებენ დღე-ღამეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში 1 საათიანი ექსპოზიციით. გარდა ამისა, სამკურნალოდ შეიძლება რიგი პრეპარატების დამატება საკვებში 5 დღის განმავლობაში: ოქსიტეტრაციკლინი, ნეომიცინი და ნატრიუმ სულფაპირიდაზინი დოზით 20 მგ და ნარევები – 20 მგ ოქსიტეტრაციკლინი 300 მგ ნორსულფაზოლით; 20 მგ ტეტრაციკლინი 100 მგ სულფაპირიდაზინით; 20 მგ ლევომიცეტინი 100 მგ სულფაპირიდაზინით 1 კგ ცოცხალ მასაზე.

სალმონელოზი (პარატიფი)

სალმონელოზი (პარატიფი). აღმძვრელები პარატიფის ჯგუფის მიკრობები – სალმონელებია. ავადდებიან ყველა ასაკის ბოცვრები, უფრო ხშირად ერთიდან სამ თვემდე ასაკის მოზარდეული, აგრეთვე მრავალი სახეობის ცხოველები (მღრღნელები, ღორები, ცხვრები, ხბოები, მელიები, ყარსაღები, ნუტრიები, წაულები), ფრინველები (იხვები, მტრედები და სხვ.) და ადამიანი. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ცხოველები, რომლებიც ასნებოვნებენ საკვებს, წყალს, ქვეშაგებს, ინვენტარს.

დაავადების ნიშნები. ავადყმოფი ბოცვრები მოთენთილები არიან, უარს ამბობენ საკვებზე, ხშირად აღენიშნებათ ფაღარათი. მაკე მდედრებს აღენიშნებათ მეტრიტები და აბორტები. დაავადება, როგორც წესი, მწვავედ მიმდინარეობს, და 2-5 დღეში (უფრო იშვიათად – 2-3 კვირაში) ბოცვრები იხოცებიან. გაკვეთისას გამოუვლინდებათ კუჭისა და ნაწლავის ლორწოვანას ანთება, ელენთის გადაგვარება და გადიდება. მდედრებში მეტრიტების დროს საშვილოსნოს ლორწოვანა ანთებულია, ხოლო სეროზული გარსის ქვეშ ჩანს წვრილი ჩირქგროვები.

პროფილაქტიკა და მკურნალობა. არაკეთილსაიმედო მეურნეობას ხურავენ საკარანტინედ. ავადმყოფ ცხოველებს აქცევენ იზოლაციაში, გალიებსა და ინვენტარს უტარებენ დეზინფექციას. ავადმყოფ ბოცვრებს მკურნალობენ ფურაზოლიდონით, რომელსაც აძლევენ 2-ჯერ დღეში პირის მეშვეობით ანდა საკვებთან ერთად ანგარიშით 30 მგ 1 კგ ცოცხალ მასაზე 7 დღის განმავლობაში. დაკლული ავადმყოფი ბოცვრების ხორცი საკვებად დასაშვებია მხოლოდ 1,5-საათიანი ხარშვის შემდეგ. გამოფიტულ ბოცვრებს დაკლავენ და უტარებენ უტილიზებას. კარანტინს ხსნიან 30 დღეში დაავადების ბოლო შემთხვევისა და დასკვნითი დეზინფექციის ჩატარების შემდეგ.

სტაფილოკოკოზი

 დაავადების აღმძვრელია სტაფილოკოკი. სტაფილოკოკოზისადმი მგრძნობიარენი არიან ყველა ასაკის ბოცვრები. ინფექციის ძირითადი წყაროა ავადმყოფი ცხოველები. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს შენახვის ანტისანიტარიული პირობები, შექუჩულობა, ტრავმები, დაკბენილობა და ა.შ.

კლინიკური ნიშნების გამოვლენის ხასიათის მიხედვით სტაფილოკოკოზები დაიყოფა ახალშობილი ბაჭიების სეპტიკოპიემიად (პიოდერმია), მოხეტიალე პიემიად, მასტიტად, ზოგად სეპტიცემიად.

ახალშობილი ბაჭიების სეპტიკოპიემიას თან სდევს 1-5 დღის ბაჭიებში ფეტვის მარცვლის ზომის მრავალრიცხოვანი ჩირქგროვების გამოჩენა. როგორც წესი, ასეთი ბაჭიები რამდენიმე დღეში იხოცებიან.

მოხეტიალე პიემია ხასიათდება ყველაზე ხშირად კანქვეშ (უფრო იშვიათად – ორგანოებში) ცერცვის მარცვლიდან ვაშლამდე ზომის მკვეთრად შემოსაზღვრული აბსცესების წარმოქმნით. თვალის კაკლის უკან აბსცესის წარმოქმნისას აღენიშნება თვალის ამობურცვა.

მასტიტის (სარძევე ჯირკვლის ანთება). მასტიტის მიზეზი შეიძლება იყოს კერტების დაკბენა ბაჭიების მიერ, ტრავმები ჩასადგმელი საბუდარი ყუთების კიდეებისაგან და სხვ. მასტიტის თავიდან ვლინდება სარძევე ჯირკვლის დაზიანებული წილის გაწითლებითა და შეშუპებით, შემდეგ მისი გამაგრებით. სარძევე ჯირკვალზე მიჭერით კერტებიდან გამოიყოფა სქელი რძე ჩირქის მინარევით. კანქვეშ და სარძევე ჯირკვალში ხშირად წარმოიქმნება აბსცესები.

ზოგადი სეპტიცემია. ამ დროს სტაფილოკოკები ხვდება სისხლში და ვრცელდება მთელ სხეულში, აბსცესები ჩნდება სხვადასხვა ორგანოებში (ფილტვები, ღვიძლი, თირკმლები, კუნთები). აბსცესების მოხვედრისას მუცლის ღრუში ბოცვრები იღუპებიან. დაავადებას თან სდევს გახშირებული სუნთქვა, ტემპერატურის მომატება 41-42°C-მდე, დათრგუნული მდგომარეობა.

სტაფილოკოკოზებთან საბრძოლველად ჩასატარებელია შემდეგი პროფილაქტიკური ღონისძიებები: ბოცვრების სისტემატური კლინიკური გასინჯვა და ავადმყოფი ბოცვრების დაუყოვნებლივ იზოლაცია, საბუდე განყოფილებების ან საბუდე ყუთების დეზინფექცია ბაჭიების მოგების წინ, მდედრებისა და ახალშობილების გასინჯვა მოგების შემდეგ პირველ 5-7 დღეში და ავადმყოფების მოცილება. საბოცვრეებში მუდმივად აკეთებენ ჰაერის ბაქტერიული დაბინძურების საკონტროლო აზომვებს და ატარებენ მის გაუსნებოვნებას რძემჟავით, წყალბადის ზეჟანგით, ქლორსკიპიდარის აეროზოლით.

სეპტიკოპიემიის დროს ბაჭიებისათვის მცირე დაზიანებების შემთხვევაში შეჰყავთ კუნთში 10-20 ათ. ერთ. ბიცილინი. ჩირქგროვებს კანზე ყოველდღე უსვამენ კარბოლმჟავის 30% ხსნარს ან ბრილიანტის მწვანეს 50% ხსნარს.

მოხეტიალე პიემიის დროს ოპერატიული გზით აცილებენ აბსცესებს კაფსულასთან ერთად, ღრუს გამორეცხავენ რივანოლის, წყალბადის ზეჟანგის, პენიცილინის ხსნარით, ჭრილობას აყრიან მადეზინფიცირებელ ფხვნილს ან უსვამენ მალამოს. თუ აბსცესის ამოკვეთა ვერ ხერხდება, სისხლდენის შეჩერების შემდეგ ამოიღებენ ჩირქს, ღრუს ამორეცხავენ, ჭრილობას დაამუშავებენ მადეზინფიცირებელი ხსნარით. კუნთში ერთჯერადად შეჰყავთ ბიცილინი დოზით 15-20 ათ. ერთ. 1 კგ ცოცხალ მასაზე ანდა 2-3 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ პენიცილინი ან სტრეპტომიცინი იმავე დოზით.

მასტიტის დროს სარძევე ჯირკვლის ნაკბენების, ნაკაწრებისა თუ გამაგრების მკურნალობას ატარებენ ქაფურის, იქტიოლის, პენიცილინის, სინტომიცინის, სტრეპტომიცინის მალამოს წასმითა და შეზელვით. კუნთში შეჰყავთ დღეში 2-ჯერ 2-3 დღის განმავლობაში პენიცილინი ან სტრეპტომიცინი დოზით 15-20 ათ. ერთ. ანდა ბიცილინი დღეში ერთხელ იმავე დოზით 1 კგ ცოცხალ მასაზე.
ტულარემია

ტულარემია

ბევრი ცხოველის, ფრინველისა და ადამიანის საშიში ინფექციური დაავადებაა. განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან მღრღნელები: თაგვები, ვირთაგვები, თრიები.

ტულარემიისადმი მგრძნობიარენი არიან ასევე ბოცვრები, ცხვრები, თხები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენები, იხვები, ბატები.
ინფექციური საწყისის ძირითადი გამავრცელებლები არიან თაგვისებრი მღრღნელები. ინფექციის წყაროდ შეიძლება იყვნენ: დაავადებული კურდღლები, გარეული ბოცვრები, ონდატრები, თახვები, ენოტისებრი ძაღლები, კაკბები, ქორები და სხვ. აღმძვრელებს ერთი ცხოველებისაგან მეორეებს გადასცემენ ტკიპები, კოღოები, ბუზები და რწყილები. ბოცვრებში ინფექციის საშიშ გამავრცელებლებს წარმოადგენენ ბოცვრის ტილები. დაავადება ცხოველებისაგან გადადის ადამიანზეც.

ტულარემიის დიაგნოზის დასმა შეუძლია მხოლოდ სპეციალისტ ვეტერინარს. შინაურ ბოცვრებში, როგორც წესი, ვლინდება არამკაფიოდ, მოგვაგონებს სტაფილოკოკოზს, ზოგჯერ სნეულების საერთოდ არავითარი ნიშნები არ შეიმჩნევა (ფარული ფორმა). მტკივნეული პათოლოგიური პროცესი ხასიათდება ლიმფური კვანძების (ჯირკვლების) დაზიანებით. მათ ცენტრში წარმოიქმნება ჩირქგროვები, რომლებიც ხშირად სკდება. უმეტეს შემთხვევებში დაავადებული ცხოველები იღუპებიან. ტულარემიაგადატანილები იძენენ მის მიმართ ხანგრძლივ არამგრძნობელობას (იმუნიტეტს).
დახოცილი ბოცვრების გაკვეთისას ყურადღებას იქცევს კისრის, იღლიისა და მენჯის ჯირკვლების (ლიმფური კვანძების) ძლიერი გადიდება. ქსოვილები მათ ირგვლივ შეშუპებულია. თავად ლიმფური კვანძები გავსებულია სისხლით. ფილტვებში, ღვიძლში, ელენთასა და მუცლის აპკში ნახულობენ წვრილ მრავლობით ჩირქგროვებს.

დაავადების ზუსტი განსაზღვრისათვის უნდა ჩატარდეს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ის აუცილებელია ყველა საეჭვო შემთხვევაში.
ტულარემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიან ზომას წარმოადგენს ვეტერინარულ-სანიტარიული წესების მკაცრი დაცვა. საჭიროა ფერმაზე თაგვისებრი მღრღნელებისა და სისხლისმწოველი მწერების რეგულარული მოსპობა, პირადი პროფილაქტიკის საგულდაგულოდ დაცვა (ხელების დეზინფიცირება, ხალათებით მუშაობა, ცხოველების გაკვეთა მხოლოდ ხელთათმანებით და ა.შ.).

ტულარემიის მხრივ არაკეთილსაიმედო მეურნეობებს ადებენ 20-დღიან კარანტინს.
დასნებოვნებაზე ეჭვმიტანილ ყველა ბოცვერს უტარებენ იზოლირებას. ავადმყოფებს დაკლავენ, გვამებს ანადგურებენ ტყავებიანად. ტულარემიის მხრივ არაკეთილსაიმედო ადგილებში აკრძალულია წყლის აღება და ბალახის თიბვა.

ასოციაცია „მომავლის ფერმერი“

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“