დარგებიმებოსტნეობა

მწვანილის (ქინძი, კამა, ცერეცო, ოხრახუში) მავნე ორგანიზმები და მათ წინააღმდეგ ბიოლოგიური საშუალებებით ბრძოლა

მწვანილის მნიშვნელობა საყოველთაოდაა ცნობილი. მას ადამიანის რაციონში დიდი ადგილი უკავია. თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი ძირითადად ნედლი სახით მოიხმარება, მის ბიოლოგიური საშუალებებით წარმოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში მწვანილის მოვლა-მოყვენა ძირითადად ბიოლოგიური საშუალებებით, კერძოდ, ორგანული სასუქებისა და ბიოპრეპარატების გამოყენებით ხორციელდება.

 მწვანილი  საქართველოში ძირითადად მინერალური სასუქებით, ქიმიური პრეპარატებითა და ნაკელით მოჰყავთ. ქიმიური პესტიციდები მათი მაღალეფექტიანობის მიუხედავად უარყოფითი თავისებურებებით ხასიათდება — ის მარტო იმ ობიექტებზე კი არ მოქმედებს, რომელთა წინააღმდეგაცაა გამოყენებული, არამედ პოტენციურად საშიშია ადამიანისა და გარემოსათვის; მათი მოქმედება მარტო მათი გამოყენების პერიოდში კი არ მჟღავნდება, არამედ ეს მოვლენა (ტოქსიკური მოქმედება) შეიძლება ქრონიკული გახდეს; ზოგიერთი გარემოშიც გროვდება, საკვებ პროდუქტებში ნელ-ნელა კონცენტრირდება, რეალურ საშიშროებას უქმნის ადამიანსა და სასარგებლო ფაუნას, იწვევს ეკოსისტემისა და ბიოცენოზის ცვლილებებს. საქართველოში ყველა პირობა არსებობს, რომ მწვანილის მოვლა-მოყვანა როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში მოხდეს ადგილობრივი წარმოების ორგანული სასუქისა და ბიოპესტიციდების გამოყენებით.

დღეს ჩვენი ფერმერები შემდეგ პრობლემებს აწყდებიან:

აგროვადების დარღვევა — რაც იწვევს მცენარის აღმოცენებას არახელსარელი ამინდის პირობებში.

ნაკელი — რომელიც არ არის (კომპოსტირებული) ფერმენტირებული, ამიტომ შეიცავს სარეველების თესლს, მრავალ უარყოფით მოკროორგანიზმებს, რაც წინაპირობაა სხვადასხვა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებისათვის ასევე მავნებლებს(მახრას ნემატოდას და სხვას)

მორწყვის სისტემა (ირიგაცია) — ფერმერი ტრადიციულად და ჩვენი შეხედულებით არასწორად მწვანილს რწყავს სათბურში სარწყავი მილით, რაც იწვევს მცენარის ტრავმირებას და იგი ბევრ ენერგიას ხარჯავს დაწვენილი მდგომარეობიდან გასწორებაზე. პრობლემის გადაჭრა შეიძლება წვეთოვანი და დაწვიმების სისტემების დანერგვით.

 არასწორი ვენტილაცია სათბურში-ხელს უწყობს ჭრაქისა და ნაცარის განვითარებას მცენარეზე. ამისათვის საჭიროა სწორი განიავება.

დღეისათვის არის კომპანიები, რომლებსაც ხელეწიფებათ ბიო ფერმერს გადააწყვეტინონ თითქმის ყველა პრობლემა როგორც კონსულტაციებით, ისე პრაქტიკული ინსტრუმენტებითა და ტექნოლოგიით. მათ შორის არის ჩვენი კომპანია, რომელიც აწარმოებს თხევად ორგანულ ბაქტერიულ სასუქსა და ბიოპესტიციდებს, რაც საშუალებას აძლევს ფერმერს მისთვის საინტერესო ფინანსური პირობებით აწარმოოს ორგანული პროდუქტი.

ეს საშუალებები შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაკელის მოხმარების შემთხვევაშიც, რაც ძირეულად შეცვლის ნაკელის შემცველობას, ხარისხს და მის სასარგებლო თვისებებს. მაგალითად, თუ ადრე გლეხი ერთ სათბურზე იყენებდა 4 მანქანა ნაკელს, ახლა იგივე და უკეთესი შედეგის მისაღწევად საჭირო იქნება ნახევარი ნაკელის რაოდენობა ბიოსაშუალებებთან კომბინაციაში, რაც გაიაფების გარდა ფერმერს მეტ სარგებელს მოუტანს.

მწვანილზე აღინიშნება სხვადასხვა მავნე ორგანიზმების გავრცელება, რაც დიდ ზიანს აყენებენ მათ, იწვევენ მოსავლის შემცირებას და ხარისხის გაუარესებას.

ფუზარიოზი იწვევს ფესვების სიდამპლეს, მცენარეთა ფესვთა სისტემა სუსტდება და ადვილად ითხრება ნიადაგიდან. ხშირად ადგილი აქვს მათ გამუქებას.

მწვანილის ფესვთა სისტემის ლპობას იწვევს აგრეთვე რიზოქტინიოზი, ალგერნარიოზი, ასკოხიტოზი, პითიუმი და სხვ.

ნაცარი მორუხო თეთრი ფიფქის სახით ვლინდება ფოთლებსა და ღეროებზე. მის განვითარებას ხელს უწყობს მაღალი ტენიანობა, არასწორი ვენტილაცია და ჭარბი რწყვა, რომლის დროსაც მცენარეები უფრო ნაკლებ გამძლეობას ავლენენ მიკროორგანიზმების მიმართ.

სათბურის პირობებში, რწყვის რეჟიმის დარღვევისას, ხშირად ადგილი აქვს დაავადების სწრაფ გავრცელებას.

სეპტორიოზი იწვევს ფოთლების თეთრ სილაქავეს, მწვანილს უკარგავს სასაქონლო ღირებულებას, მისი მასიური გავრცელებისას კი ადგილი აქვს ფოთლების მასიურ ცვენასაც.

მავნებლებიდან თითქმის ყველგან გვხვდება ბუგრები, რომლებიც წუწნით აზიანებენ მცენარის მიწის ზედა ორგანოებს, იწვევენ ფოთლების დეფორმაციას (დახუჭუჭებას), გადააქვთ სოკოვანი და ვირუსული დაავადებები. სათბურის პირობებში ისინი ინტენსიურად მრავლდებიან და იძლევიან 12-14 თაობას.

ხვატარები ძირითადად ფესვის ყელის და ახალგაზრდა ფესვებს აზიანებენ. მატლები ღრღნიან ვეგეტირებულ ნაზარდსაც, ხოლო მცენარე იღუპება.

ბაღლინჯოები ძირითადად გავრცელებულია როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში, წუწნით აზიანებენ მიწისზედა ორგანოებს, იწვევენ მცენარეთა ზრდაში ჩამორჩენას, ნაზი ფოთლების დეფორმირებას და საბოლოოდ მათ ჭკნობას.

ხერხიები გვხვდება როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში, თუმცა ღია გრუნტში უფრო მეტი მავნებლობით ხასიათდება. ისინი ღრღნიან მცენარის ყველა ორგანოს და დიდ ზიანს აყენებენ მას.

ავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით აუცილებელია თესლის თესვისწინა დამუშავება ბიოფუნგიციდების და ბიოინსექტიციდების კომბინირებული ნაზავით.

ამ ხსნარის დასამზადებლად 1 ლიტრ წყალში ვხსნით 10 მლ. ფიტოკატენას, 20 მლ. ბიოკატენას, 20 მლ. ლეპიდინს და 20 მლ. ტურინგინს. აღნიშნულ ნაზავში ვათავსებთ 1 კგ. თესლს 12 სთ-ის ექსპოზიციით, რის შემდეგაც ვაშრობთ და ვთესავთ.

სავეგეტაციო პერიოდში უნდა ჩატარდეს წამლობა აღნიშნული პრეპარატების კომბინირებული ნაზავით, რომელსაც ემატება 1% ორგანიკას სამუშაო ხსნარი.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს სტატია პრაქტიკულად დაეხმარება საქართველოს ფერმერებს აქტიურად აუბან მხარი მსოფლიო ტენდენციას ბიომეურნეობების შექმნასა და ჩამოყალიბებაში, რაშიც ჩვენ მათ კვალიფიციურ თანადგომასა და ხელშეწყობას ვპირდებით.

კარლო კიკორია, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის „ბიოაგროს“ დირექტორი,

შაქრო ყანჩელი, სამეცნიერო ხელმძღვანელი,

ლია რეხვიაშვილი, ლაბორატორიის უფროსი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“