დარგებიმევენახეობა-მეღვინეობასტატიები

ჩარექა – გაცოცხლებული წარსული

ქართულ ტრადიციულ მეღვინეობაში ათეულობით სხვადასხვა საღვინე ჭურჭელი გვხვდება, რომლებიც მზადდებოდა: თიხისაგან, საქონლის ტყავისაგან, სპილენძისაგან, მინისაგან, საქონლის რქებისაგან თუ ოქრო-ვერცხლისაგან. ზოგიერთი საღვინე ჭურჭლის სახელი ჩვენთან უცხო ენიდანაა დამკვიდრებული, თუმცა მარნის, სუფრის, ღვინის ტრანსპორტირებისა თუ ღვინის სასმისად ხმარებული მრავალფეროვანი ჭურჭლის აბსოლუტური უმრავლესობა ქართული სახელებითაა სახელდებული. მართლაც ძალზე მრავალფეროვანია ქართული ტრადიციული საღვინე ჭურჭელი, რაც, ალბათ, ერთი მხრივ თავად ქართული ღვინის მრავალფეროვნებასაც უკავშირდება, ხოლო მეორე მხრივ იმას, რომ ქართული მეთუნეობა და კონკრეტულად მეჭურჭლეობა, როგორც ამ სფეროს ერთ-ერთი დარგთაგანი, საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და, ამასთან, ძალიან მაღალ დონეზეც ყოფილა განვითარებული. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად ქართული არქეოლოგიური აღმოჩენების არაერთი ბრწყინვალე ნიმუშის მოტანა შეიძლება.

განსაკუთრებული გემოვნებითა და ორიგინალობით ჩვენი მდიდარი არქეოლოგიური მასალიდან ღვინის სასუფრე ჭურჭელი გამოირჩევა, ხოლო ზოგიერთის, მათ შორის ძველი წელთაღრიცხვის მონაპოვრის მსგავსება დღევანდელ სასუფრე ჭურჭელთან პირდაპირ გაოცებას იწვევს. ეს გარემოება ალბათ იმას მიანიშნებს, რომ ჩვენში ქართული საღვინე ჭურჭლის დამზადებას, მოყოლებული არქაული დროიდან, წყვეტა არ ჰქონია და შინამრეწველობის ეს დარგი ყოველთვის არსებობდა საქართველოში. ასე მოაღწია ჩვენამდე ქართულმა მეჭურჭლეობამ და უფრო კონკრეტულად კი – ღვინის სასუფრე ჭურჭლის დამზადებამ. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ქართული დახვეწილი სასუფრე ჭურჭლის წარმოება დღეისათვის თითქმის მივიწყებულია, თუ არ ჩავთვლით იმ რამდენიმე მეთუნეს, რომლებიც არ ივიწყებენ და ამასთან აგრძელებენ ძირძველ ქართულ ტრადიციებს და კვლავაც ამზადებენ სუფრის დახვეწილ საღვინე ჭურჭელს. ერთ-ერთი ასეთი სასუფრე ჭურჭელი, რომლის დამზადებაც შეწყვეტილი იყო და ამ ცოტა ხნის წინ აღდგა, არის „ჩარექა“. ჩარექა ღვინის სასუფრე ჭურჭელია. იგი ორიგინალური მოყვანილობისაა. უმრავლეს შემთხვევაში მას აქვს პატარა ტუჩი და განიერი, გადგმული ძირი, ქუსლი. ჩარექა ხშირად წითელი წერნაქითაა მოხატული, ხოლო ზოგჯერ მას ამონაკაწრების სახით აქვს სხვადასხვა დეკორები. ეს ჭურჭელი იტევს დაახლოებით ერთ ლიტრამდე ღვინოს. ჩარექა გვევლინება ასევე ჭურჭლის მოცულობის განმსაზღვრელ საწყაო ტერმინადაც, თუმცა ჭურჭლის მოცულობის ძირითად განმსაზღვრელ ტერმინად დღეისათვის მაინც ლიტრაა მიღებული. ქართულ ენაში გვხვდება ტერმინი „ნახევარჩარექაც“, რომელიც ჩარექასაგან მხოლოდ მოცულობით განსხვავდება და შეადგენს მის ნახევარს, ანუ დაახლოებით 0,3-0,5 ლიტრს. იშვიათად შევხვდებით მოჭიქულ ჩარექებსაც, რომლებიც ჩვეულებრივი, მოუჭიქავი ჩარექისაგან გამოირჩევა მხოლოდ ფორმის მცირედი სხვაობით, თუმცა არა მოცულობით. უნდა აღინიშნოს, რომ ჩარექა ზოგჯერ, და განსაკუთრებით კი საქართველოს მთიანეთში საარყე ჭურჭელსაც წარმოადგენს. ჭურჭელი ჩარექა ჩვენ, ძირითადად ქართლ-კახეთში გვხვდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის ჭურჭელი, რომელზეც ჩვენ ამ წერილში გვაქვს საუბარი, კახური წარმოშობისაა და იგი ძირითადად იყალთოსა თუ მის მიმდებარე მეთუნეობის კერებში უმზადებიათ ახლო წარსულში.

თელავთან ახლოს, სოფელ იყალთოს მეზობლად მდებარეობს სოფელი აწყური, სადაც მოღვაწეობს მეთუნე — მეჭურჭლე რამაზ გახეტიშვილი. მან ამ ცოტა ხნის წინათ გადაწყვიტა აეღორძინებინა კახური ჩარექების დამზადება, რასაც შესანიშნავად გაართვა თავი. მან მოიძია ამ ჭურჭლის ძველი ნიმუში, რომლის მიხედვითაც იდენტური ჭურჭლის დამზადება დაიწყო. რამაზ გახეტიშვილი ახალგაზრდა მეთუნეა, თუმცა მას საკმაოდ გამოცდილი ხელი აქვს. მასთან ხშირად მიდიან უცხოელი ტურისტები და სიამოვნებით იძენენ მის ნაწარმს. ფოტოსურათზე გამოსახული ორი ჩარექადან მარცხენა რამაზ გახეტიშვილის მიერ ახლახანს დამზადებული ჩარექაა, ხოლო მარჯვენა დაახლოებით 100 წლისაა და იყალთოშია დამზადებული. რამაზი თავის ნამუშევრებს უმეტესწილად წითელი წერნაქით ამკობს. მას სახელოსნოცა და ქურაც საკუთარ ეზო-კარში აქვს გამართული. გარდა ამისა, მას აქვს საკუთარი რქაწითლის ჯიშის ვენახი და მარანი, სადაც შესანიშნავ ღვინოსაც აყენებს. ახლო მომავალში იგი გეგმავს ააღორძინოს უნიკალური კახური საღვინე ჭურჭელი „გოზაური“, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია აღარ მზადდება კახეთში.

წარმატება ვუსურვოთ მეთუნე რამაზ გახეტიშვილს და იმედი ვიქონიოთ, რომ მის მიერვე სხვა დავიწყებული ქართული საღვინე ჭურჭლის წარმოებაც აღორძინდება.

გიორგი ბარისაშვილი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“