დარგებიმებაღეობა

მუშმულა (Eriobotrya japonica)

მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის ადრე მომწიფებით, ნაყოფი გემრიელი და უხვწვნიანია. იჭმევა ნედლად, შეიძლება გამოყენებულ იქნას აგრეთვე დასაკონსერვებლად. ნაყოფი შეიცავს შაქარს 8-დან 12 %-მდე, ვიტამინი C – 1,72 მგ. 100 გრამში. ადრე შემოსვლის გამო (ივნისი) მის ნაყოფზე მოთხოვნილება ძალზე დიდია. ნაყოფის უარყოფითი მხარეა თესლის დიდი რაოდენობით შემცველობა და სუსტი ტრანსპორტაბელურობა. ხე მარადმწვანე, დიდი ზომის მუქი მწვანე ფოთლებით და ლამაზი ყვავილების მტევნებით არის შემკობილი, რის გამოც იგი ითვლება საუკეთესო სადეკორაციო მცენარედ. მის ფოთლებს იყენებენ სამკურნალო დანიშნულებითაც.. მუშმულა მიუხედავად მისი მაღალი ყინვაგამძლეობის, ყვავილობს რა გვიან შემოდგომაზე, ყვავილი და ნაყოფი ხშირად ზიანდება ყინვებისგან.

    იაპონური მუშმულა წარმოშობილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ის გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, იაპონიაში, ჰიმალაის მთისწინეთში. იაპონიაში მუშმულა კულტივირებულია ათას წელზე მეტი ხნის წინათ. მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისათვის იგი შედარებით ახალი კულტურაა. ევროპაში პირველად ინტროდუცირებული იქნა 1784 წელს.

იტალიაში მუშმულა შედარებით გვიან (1913 წ) შემოიტანეს, თუმცა აქ ეს კულტურა ძალზე პოპულარული გახდა. ამიტომაცაა, რომ რამდენიმე ათეული საუკეთესო ჯიში გამოყვანილია იტალიაში.

   საქართველოს სუბტროპიკებში მუშმულა ყვავილობს ნოემბერ-დეკემბერში, ნაყოფს იძლევა მხოლოდ თბილი ზამთრის პირობებში, როდესაც ყინვები -5ºC-ზე დაბლა არ იწევს. მისი ყვავილები და ნასკვები ზიანდება -5-6°C ტემპერატურის დროს, ხოლო მცენარე -14°C-მდე ყინვას უძლებს. როგორც ნაყოფის მომცემი მცენარე მისი გაშენება შესაძლებელია შავი ზღვის სანაპირო თბილ ზოლში ციტრუსოვან კულტურებთან ერთად. როგორც დეკორატიული მცენარე იგი ფართოდაა წარმოდგენილი დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში და აღმოსავლეთ საქართველოშიც კი.

მუშმულა მიეკუთვნება ვარდისებრთა  (Rosaceae) ოჯახს, ხე საშუალო სიმაღლისაა 6-9 მეტრამდე, ფოთლები დიდი ზომისაა, მუქი მწვანე ფერის, სქელი, ტყავისებრი. ყვავილები თეთრია, სურნელოვანი, მწარე ნუშის სუნის მქონე, შეკრებილია ფართო საგველად. ნაყოფები ჩამოკიდებულია თავისუფალ მტევნებში, ნაყოფი მრგვალია, ოვალური ან მსხლისებრი ფორმის, ფერით მკრთალი ყვითლიდან ნარინჯისფერამდე. ნაყოფი წვნიანი, ოდნავ მჟავე. ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში. ნაყოფში ვითარდება 3-5 თესლამდე, გვხვდება ერთ და ათთესლიანი ნაყოფიც კი, თესლი საკმაოდ დიდია.

იაპონელ მეცნიერს იკედას მიერ აღწერილია 45 ჯიში, რომელთაგან სამრეწველო გაშენებისთვის რეკომენდირებულია 8 ჯიში: „ედვანსი“, „შამპანი“, „ადრეული წითელი“, „პრემიერი ტანაკა“, „ფელასი“, „კომუნე“. აღნიშნული ჯიშები ერთმანეთისგან განსხვავდება ნაყოფის ფორმით, გემოთი, შეფერილობით, თესლის შემცველობით, წვნიანობით და სხვა მაჩვენებლებით. სამწუხაროდ საქართველოში მუშმულას ჯიშობრივი კლასიფიკაცია დაცული არაა, რასაც პერსპექტივაში ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს.

    მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

 მუშმულა მრავლდება თესლითა და მყნობით. თესლით გამრავლებისას მცენარე არაერთგვაროვანია და მნიშვნელოვნად განსხვავდება საწყისი ფორმისგან ნაყოფის ფორმით, სიდიდით და გემოთი, თუმცა თესლით გამრავლება მეტად იოლი და ხელმისაწვდომია. თესლით გამრავლებისას არჩევენ მხოლოდ საუკეთესო თვისებების მქონე – მცენარეებს და მისგან ამზადებენ თესლს. თესლი მზადდება ივნისში და მაშინვე თესვას აწარმოებენ წინასწარ მომზადებულ კვლებში ერთმანეთისგან 7-8 სმ დაცილებით. დათესვიდან 10-15 დღეში თესლი იძლევა აღმონაცენს და კარგი მოვლის პირობებში (კვება, გასუფთავება, მორწყვა) შემოდგომისთვის აღწევს 20-30 სმ. სიმაღლეს, რაც სტანდარტულად ითვლება. თუ კი ნერგების გამოყვანა მყნობითაა გათვალისწინებული  ნათესის (საძირის) დიამეტრი უნდა იყოს 1-1,5 სმ. მყნობა ტარდება სექტემბერში. კვირტი სამყნობად აიღება გასული წლის ტოტებიდან. დასამყნობი კვირტი უნდა იყოს არანაკლები 3 სმ-ისა, რადგან მუშმულას კანი სქელია. გაზაფხულზე გახარებული ნერგი გადაიჭრება ცერზე.

კვირტით მყნობისას მყნობა შეიძლება ჩატარდეს გაპობით. ამ შემთხვევაში საძირის დიამეტრი უნდა იყოს 3-5 სმ. ასეთი წესით მყნობა ტარდება მარტში. დამყნობილ მცენარეს შემოეყრება ფხვიერი ნიადაგი ზედა კვირტამდე, რაც იცავს ნამყენს გამოშრობისგან. მას შემდეგ, როდესაც ნამყენი დაიწყებს ზრდას, ნიადაგს მოაშორებენ. ნარგაობის ან პლანტაციის გასაშენებლად მუშმულას სტანდარტულ ნერგებს რგავენ გაზაფხულზე მარტ-აპრილში, ან შემოდგომაზე – ოქტომბერში. უკეთესი გახარებისთვის ნერგების გამოყვანა ხდება მიწის კომით კონტეინერებში, ან პოლიეთილენის პარკებში. ნერგების დარგვა მუდმივ ადგილზე შესაძლებელია 6X4 ან 5X4 მეტრზე დაშორებით, რაც შეადგენს 400-500 მცენარეს ერთ ჰექტარზე. ვარჯის ფორმირებისას შტამბს აძლევენ 50-80 სმ-ის სიმაღლეს და ტოვებენ 4-5 ძირითად ტოტს. 2-3 წლის შემდეგ, როდესაც ვარჯი ფორმირდება, აწარმოებენ მსუბუქ გამოხშირვას, გარდა ამისა აშორებენ დაზიანებულ ტოტებს. ნიადაგის დამუშავება და შემდგომი მოვლა მსგავსია სხვა ხეხილოვანი მცენარეებისა. კარგ შედეგს იძლევა თითოეულ ძირზე გაზაფხულზე კომპლექსური მინერალური სასუქით NPK -1 კგ. ერთ ძირზე გამოკვება, ასევე გადამწვარი ნაკელის (15-20 კგ) შეტანა ჩაკეთება. სოკოვანი დაავადებებისაგან დასაცავად მიზანშეწონილია მარტ-აპრილში მსხმოიარე ხეების ბორდოს 2 %-იანი ხსნარის შესხურება.

    მუშმულა, როგორც დეკორაციული მცენარე, შესაძლებელია დავრგოთ ინდივიდუალურად ეზოებში, ან ხეივნებში შერეულ ნარგაობასთან ერთად. ასევე, როგორც მარადმწვანე მცენარე შესაძლებელია გამოვიყენოთ კულისებად ქარებისა და ჰაერის ცივი მასებისგან დასაცავად ლიმონის პლანტაციებში.

ამრიგად ეს კულტურა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. ჩვენს ეზოებში, აგარაკებს და ხეივნებში მას აუცილებლად უნდა მივუჩინოთ საპატიო ადგილი  სხვა კულტურებთან თანაარსებობაში.

ზაურ გაბრიჩიძე  სმმ. დოქტორი, პროფესორი,

ნიკა გუნთაძე, მაგისტრანტი