მზადება ზამთრობისათვის და მისი მიმდინარეობის შეფასება

ჩვენს ქვეყანაშიც კი, სადაც ზამთარი ჩრდილოეთთან შედარებით ბევრად უფრო ადვილი გადასატანია ცოცხალი ორგანიზმისათვის, მაინც იგი მძიმე გამოცდის წინ აყენებს მეფუტკრეობას, რის შედეგადაც ზამთრობაში საკმაოდ ბევრი  ფუტკარი იღუპება. მიჩნეულია, რომ დაღუპული ოჯახების რაოდენობა საშუალოდ 10%-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი მყარი არ არის და ხშირად ბევრად მეტია (Furgala, Cutcheon, 2010). საფუტკრემ რომ ნორმალურად გამოიზამთროს, მისი მფლობელი ამ საქმისათვის ზაფხულის პერიოდიდანვე უნდა შეემზადოს, რადგან ზამთრობასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი ამ დროს წყდება.

ზამთრობისათვის საჭირო საკვების მარაგი და მისი ხარისხი ზაფხულის ბოლოს უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თუ მეფუტკრე ამჩნევს, რომ იგი საკმარისი არ არის, მან საფუტკრე უნდა მოამარაგოს საჭირო მასალებით: კონცენტრირებული შაქრის სიროფით (60%-იანი) ან ინვერსიული შაქრით. სასურველია, რომ ამ უკანასკნელის კონცენტრაცია თაფლთან მაქსიმალურად იყოს მიახლოებული (76-77 მას. %), რაც ფუტკარს დაუზოგავს სასიცოცხლო ენერგიას. ფუტკრის მიერ 60%-იანი შაქრის სიროფის დიდი რაოდენობით გადამუშავების დროს შაქრის 20-23% ამ პროცესისათვის საჭირო ენერგეტიკული დანახარჯებია, რაც საზარალოა საფუტკრისათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ფუტკრის ცვეთაზე. მიიჩნევენ, რომ ზამთრობის პერიოდში (ღალიანობის დამთავრებიდან მომდევნო წლის ნექტრის ღალის დაწყებამდე) თითოეულ ჩარჩო მოზამთრე ფუტკარზე 2 კგ უნდა იყოს მომარაგებული, თუმცა ზოგჯერ გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება: თბილი ზამთრობის დროს ფუტკარი აქტიურდება და შეიძლება ბუდეში კვერცხდებაც დაიწყოს, რაც ზრდის ამ პერიოდში დახარჯული საკვების რაოდენობას და საჭირო ხდება დამატებითი საკვების მიცემა.

ზაფხულის პერიოდში უნდა განსაზღვროთ ფუტკრის მიერ მოტანილი თაფლის სახეობა. თუ საზამთრე მარაგში ივარაუდეთ მანანა თაფლის არსებობა, ზაფხულის ბოლოს ასეთი რამ ზუსტად უნდა დაადგინოთ, ან შეამოწმებინოთ მანანას არსებობა ლაბორატორიულად. დადასტურების შემთხვევაში თაფლის მარაგი მაქსიმალურად უნდა გამოწუროთ  და შაქრის სიროფით ან ინვერსიული შაქრით შეცვალოთ. იგივე პროცესი უნდა განახორციელოთ,  თუ საზამთრე მარაგში შერეულია ადვილად დაკრისტალებადი ოქროწკეპლას ან სუროს თაფლი.

ზამთრის II ნახევარში (თებერვალი) ფუტკრის ბუდეში ხშირად იწყება კვერცხდება და შესაბამისად ბარტყის კვება, ე.ი. ფუტკრის მიერ რძის გამოყოფა, ამ პროცესისათვის საჭირო ჭეოს ხარჯვით. თუ ეს უკანასკნელი სკაში შეზღუდული რაოდენობითაა, საჭირო ხდება ფუტკრისათვის ცილოვანი დანამატების (სოიის შროტი ან ფარში, მშრალი რძე, საფუარი და სხვ.) მიცემა ნახშირწყლოვან საკვებთან (კანდი) ერთად, უფრო მიზანშეწონილი იქნება თუ მეფუტკრე გაითვალისწინებს წინა ზაფხულის პერიოდში ყვავილის მტვრის დამზადებას ზამთრობის დასასრულისათვის, რადგან ეს კომპონენტი ფიზიოლოგიურად ბევრად უფრო ეფექტიანია მონელებადობის თვალსაზრისით.

 მოზამთრე ფუტკრის ასაკი

ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული ზამთრობისათვის. ზამთრობაში შესული ფუტკარი ფიზიოლოგიურად ახალგაზრდა უნდა იყოს, ე.ი. სკაში არსებულ სამუშაო პროცესებში (ნექტრის მოტანა, დაბინავება და გადამუშავება, ან შაქრის სიროფის გადამუშავება, ბარტყის გამოზრდა და სხვა) მისი მონაწილეობა სასურველი არ არის. ასეთი ფუტკარი გამოჩეკვის შემდეგ უხვად იკვებება, განსაკუთრებით ჭეოთი, რაც ამდიდრებს მის ორგანიზმს სამარაგო საზრდო ნივთიერებებით (პროტეინი, ცხიმი, მინერალური ნივთიერებები), რომელთა შემცველობა ფუტკრის ორგანიზმში ზამთრობის დასაწყისში უფრო მაღალია, ვიდრე გაზაფხულზე. წარმოდგენა რომ იქონიოს მეფუტკრემ, როგორი ფუტკარი ჰყავს მას ზამთრობის წინ, უნდა შესრულდეს გარკვეული საანალიზო სამუშაოები: მუშა ფუტკრის შეფერილობა, ცხიმოვანი სხეულის მდგომარეობა ან ფუტკრის ორგანიზმში პროტეინისა და ცხიმის გაანალიზება, რაც შემდეგნაირად ხდება:

_ მეფუტკრე თბილ, მზიან ამინდში ხსნის სკას, იღებს ჩარჩოებს და ვიზუალურად განსაზღვრავს მასზე მსხდომი ფუტკრების ფერსა და შებუსულობას. მოზამთრე ფუტკარი უნდა იყოს კარგად შებუსული, რუხი ფერის. მოშავო ფერის მბზინავი ფუტკრის არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ იგი ხანდაზმულია;

 ცხიმოვანი სხეულის მდგომარეობის შემოწმება

იღებენ რამდენიმე ცალ მუშა ფუტკარს, წააცლიან თავებს, საპრეპარაციო ნემსით გაუხსნიან მუცლებს და აცლიან შიგა ორგანოებს (სათაფლე ჩიჩახვი, ნაწლავები), გულაღმა ქინძისთავებით ამაგრებენ ქიტინოვანი საფარვლის კიდეებით ცვილის ბრტყელ კვერეულზე და МБС მიკროსკოპში, ხელოვნური განათების პირობებში ამოწმებენ ცხიმოვანი სხეულის მდგომარეობას: იგი კარგად უნდა მოჩანდეს ერთიანი მოთეთრო მასის სახით, მუცლის დორზალურ ნაწილზე.

თუ მეფუტკრე შემოდგომაზე ეჭვობს, რომ მოზამთრე ფუტკრის ორგანიზმი კარგად არ არის მომარაგებული საზრდო ნივთიერებებით, იგი   მუშა ფუტკრის ნიმუშებს აგზავნის ლაბორატორიაში, სხეულში პროტეინისა და ცხიმის შემცველობის დასადგენად (მშრალ მასაში). გაშრობამდე ნიმუშებს აცლიან შიგა ორგანოებს. პროტეინის შემცველობა მუშა ფუტკარში 45-50%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, ცხიმისა- 12-20 %.

 მოზამთრე ფუტკრის რაოდენობა

მასზეა დამოკიდებული მნიშვნელოვანი სამეურნეო და ბიოლოგიური მაჩვენებლები: საკვების ხარჯვა ზამთრობის პერიოდში, ფუტკრის შენარჩუნება, განვითარების ინტენსიურობა და სხვა. ძლიერი ოჯახი ერთეულ ცოცხალ მასაზე უფრო ნაკლებ საკვებს ხარჯავს, ვიდრე სუსტი და უკეთესად ვითარდება აქტიურ სეზონზე. ცნობილია, რომ შუა რუსეთის ფუტკრის ნორმალური ზამთრობისათვის ოპტიმალური რაოდენობა 9-11 ჩარჩოს შეადგენს (ტუნიკოვი და სხვა, 2001). ქართული ფუტკრისათვის, მისი ნაკლები კვერცხმდებლობის გამო, ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია. ოპტიმალურ მაჩვენებლამდე (სავარაუდოდ 7-9 ჩარჩო) მის მისაყვანად უნდა გამოვიყენოთ ის ხერხები, რომლებიც აღწერილია ქვეთავში „აქტიურ სეზონზე  ფუტკრის მოვლა და პროდუქციის წარმოება”.

 ინვაზიური დაავადებების წინააღმდეგ  ბრძოლა

ეს დაავადებები (ნოზემატოზი, ვაროატოზი და სხვა) მეტად იჩენს თავს ზამთრობის პერიოდში, თუ მოქმედებისათვის ხელშემწყობი პირობები დაუდგათ. ნოზემატოზისათვის ასეთი პირობებია: უხარისხო საკვები (მაგ, მანანა თაფლი), ჩრდილოვან ადგილზე ფუტკრის მოთავსება, სინესტე სკაში, ზამთრობის პერიოდში ფუტკრის ფრენის (გამომღერა) შესაძლებლობის არარსებობა. ნოზემატოზის წინააღმდეგ გამოიყენეთ ბრძოლის გავრცელებული საშუალებები (საკვების ხარისხის გაუმჯობესება, საფუტკრის განთავსება შესაფერის ადგილზე, მკურნალობა პრეპარატების საკვებში ჩართვით და სხვა).

რაც შეეხება ვაროატოზს, მის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საფუტკრეს ამუშავებენ გავრცელებული პრეპარატებით, როგორც ღალიანობის დასასრულს, ისე ბუდეში ბარტყის გაქრობის შემდეგ, როცა ტკიპების ნარჩენი რაოდენობა ზრდასრულ ფუტკარზეა გადასული (შემოდგომა). ასეთ შემთხვევაში ეფექტიანი სამკურნალო პრეპარატის გამოყენება განსაკუთრებით შედეგიანია.

 საზამთრედ ბუდის შედგენა

მოზამთრე გუნდის განთავსება ბუდეში  მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გუნდმა უნდა მიიღოს შესაძლებლობა, შეუფერხებლად იკვებოს და შეძლოს საჭირო საარსებო პირობების შენარჩუნება. ზამთრობისათვის გუნდი ეწყობა ფიჭის ქვედა მხარეზე, საკვებისგან თავისუფალ უჯრედებზე. ამდენად, საკვებით მთლიანად გავსებული ფიჭის გამოყენება არ შეიძლება. ბუდის შუაგულში დგამენ კარგად აშენებულ, ღია ფერის ჩარჩოებს, რადგან ფუტკარი ბარტყის გამოზრდას ამჯობინებს ასეთ ფიჭებში. მოზამთრე გუნდისათვის ბუდეში ტოვებენ იმდენ ჩარჩოს, რამდენსაც იგი ფარავს. ამავე მოსაზრებით გუნდი ზემოდან და საჭიროების შემთხვევაში გვერდიდან უნდა დათბუნდეს საფარი ტილოთი და ბალიშებით.

საკვების მომჭირნედ, ეფექტიანად ხარჯვა ის ძირითადი მაჩვენებელია, რაც განსაზღვრავს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას.

   მოზამთრე გუნდის მიკროკლიმატი

რეკომენდებული მაჩვენებლების დაცვა ამცირებს საკვების ხარჯვას და ეხმარება ფუტკარს, ზამთრობა ნორმალურად გადაიტანოს.

ოპტიმალურად ითვლება ტემპერატურა -20+2°С-ის ფარგლებში. ექსტრემალურ (გაძნელებულ) პირობებში, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონაში შეიძლება სკაში გამათბობელი ბატარეის ჩადგმა, რომ გუნდის გარემომცველ ჰაერში იგი მერყეობდეს ზემოაღნიშნულ ფარგლებში.

ფუტკრის ზამთრობას დიდ სიძნელეებს უქმნის საფუტკრის განთავსება ნესტიან ადგილზე, ჩრდილში, რაც სკაში ტენის დაგროვებას და შესაბამისად ბუდის დანესტიანებას იწვევს. ასეთ პირობებში მარაგი საკვები ტენს შთანთქავს და იწყებს ამჟავებას, რამაც მოზამთრე გუნდის დაღუპვა შეიძლება გამოიწვიოს. ტენის დაგროვებისას სკის კედლებზე, ფიჭებსა და ბალიშებზე ობი ჩნდება, ფუტკარი წუხს და ამის გამო სკაში ტემპერატურა ზევით იწევს, რაც ნოზემატოზის განვითარებისა და ფუტკრის ფაღარათის საფრთხეს წარმოშობს. მდგომარეობის გამოსასწორებლად სკა უნდა გადაიდგას მზიან ადგილზე და მასში შეიქმნას პირობები ბუდის ვენტილაციისათვის.

 ზამთრობის მიმდინარეობის ერთ-ერთ მაჩვენებლად გამოიყენეთ გუნდში ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაცია. ეს ნივთიერება განაპირობებს გუნდში ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობის შემცირებას და შესაბამისად – საკვების ხარჯვისაც.

დამტკიცებულია, რომ რაც მაღალია ჩჴ2ის შემცველობა (3-4%-მდე), მით ზამთრობა უკეთესად მიმდინარეობს. ეს არის მოზამთრე გუნდის დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც ძლიერ ოჯახებში უფრო მაღალია სუსტებთან შედარებით და ფუტკრის ჩრდილოურ ჯიშებს უფრო განვითარებული აქვთ, ვიდრე სამხრეთულს (მკაცრი, ხანგრძლივი ზამთრის გავლენა).

გახსოვდეთ! ზედმეტი ჩარჩოების დატოვება იწვევს ზედმეტი სივრცის გათბობის საჭიროებას და შედეგად საკვების არამწარმოებლურ ხარჯვას, რაც  იწვევს ფუტკრის გაზრდილ ცვეთას და საკვების დანაკლისს!

 სკების განთავსება საფუტკრეში

ეს საყურადღებო მაჩვენებელია იმ მოსაზრებით, რომ ფუტკარს ზამთრის იმ დღეებში, როცა ამინდი კარგია და შედარებით თბილა, შეეძლოს გარეთ გამოფრენა ფეკალისაგან ნაწლავის გასასუფთავებლად.

სკები ისე უნდა დადგათ, რომ კედლები სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან მზის სხივებით თბებოდეს, ხოლო საფრენი მიქცეული არ იყოს ჩრდილოეთისაკენ, რათა ჰაერის ცივი მასების შეჭრა თავიდან აიცილოთ.

  სკის წინა მხარე ცოტა უფრო დაბალი უნდა იყოს, რომ საფრენში ნალექი არ შეიჭრას და ბუდე არ დაანესტიანოს.

 მოზამთრე გუნდის მოძრაობა

იგი იწყება ფიჭის ქვემო ნაწილიდან, საფრენის სიახლოვეს და თანდათან ზემოთ მიიწევს, ბოლოს სკის უკანა კედლისაკენ მიიმართება, რასაც გუნდისათვის დაცვითი ფუნქცია აქვს: ზამთრობის ბოლოს იგი აღმოჩნდება იმ ადგილზე, სადაც უფრო მეტია სითბო და ნაკლებია ჰაერის ცივი ნაკადის მოხვედრა, რაც კვერცხდების დაწყებას ხელს უშლის.

შესაძლებელია, ფიჭაში აღმოჩნდეს ადვილადკრისტალებადი თაფლის გარკვეული ფენა, რომლის გადალახვა ფუტკრის გუნდს არ ძალუძს. ასეთ შემთხვევაში გუნდი შეიძლება შიმშილით დაიღუპოს, თუნდაც უფრო ზემოთ თხევადი თაფლის მარაგი იყოს. იგივე შემთხვევასთან გვექნება საქმე, თუ ფიჭის ერთ მხარეზე საკვების მარაგის შეზღუდულობაა და სკის გარეთ არსებული უამინდობა გუნდს გადაჯგუფების საშუალებას არ აძლევს. სხვა შემთხვევაში გუნდს შეუძლია, დაძლიოს ასეთი სირთულეები და შიმშილს გადაურჩეს.

 შიმშილისგან დაცვა

ზამთრობის პერიოდის გაუთვალისწინებელი სახით მიმდინარეობისას (ამინდის არატიპიური ცვალებადობა, ცივი პერიოდის გახანგრძლივება) შეიძლება ბუდეში შეიქმნას საკვების დეფიციტი, რომლის დასაძლევად მეფუტკრემ უნდა ჩაატაროს დამატებითი გამოკვება. ამ შემთხვევისათვის გამოყენებული საკვები საშუალებები, როგორც წესი, ნახშირწყლებისაგან შედგება და ორი სახეობისაა: თხევადი და ცომისებრი. თხევად საკვებად იყენებენ შაქრის კონ-ცენტრირებულ სიროფს (Буренин и Котова,1984), აგრეთვე მაღალკონცენტრულ (76-77 მას.%) ინვერსიულ სიროფს. თხევადი საკვების უპირატესობა ისაა, რომ იგი კონცენტრაციით თაფლის ანალოგიურია, თუმცა იმის გამო, რომ სიროფის ნაწილი ფუტკარს ფიჭაში გადააქვს, ინვერსიული სიროფის დაკრისტალებისა და ამჟავების საფრთხეც ნაკლებია მაღალი კონცენტრაციის გამო.

 დამატებითი საკვები ფუტკარს მაშინ მიეცით, თუ გუნდმა ჩარჩოს ზედა თამასას მიაღწია, ე.ი. საკვებთან უშუალოდ აქვს შეხება, წინააღმდეგ შემთხვევაში საკვები აუთვისებელი რჩება.

ინვერსიული სიროფის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მისი მიცემისას მოზამთრე გუნდი არ აქტიურდება, რაც არსებითია ფუტკრისთვის ამ პერიოდში. 0,5-0,8 ლ ინვერსიული სიროფი ფუტკრის ოჯახისათვის საკმარისია 15-20 დღის განმავლობაში. უფრო ხშირი კვება სასურველი არ არის.

ტრადიციულად ცომისებრი საკვების გამოყენება ზამთრობის პერიოდში უფრო გავრცელებულია იმის გამო, რომ მეფუტკრეთა საზოგადოება მას უკეთესად იცნობს, მაგრამ კანდის მოხმარებას აქვს რიგი უარყოფითი მოვლენებისა: კანდი ძვირადღირებულია იმის გამო, რომ მისი დამზადება ტექნიკურად უფრო რთულია (ინვერსიული სიროფის მომზადებაკონდიცირება, შაქრის დაფქვა, კომპონენტების შერევა, მოზელა, შეფუთვა). ამის გამო კანდის ღირებულება ინვერსიული შაქრის ამ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ჯერჯერობით კანდის გამოყენების ერთ-ერთი დადებითი მხარე იმაშია, რომ მასში შეიძლება ჩაირთოს არაწყალხსნადი პროტეინოვანი საკვები საშუალებები ნებისმიერი რაოდენობით და ნაზავი ხანგრძლივად  ინარჩუნებს ფიზიკურ ფორმას.

 თაგვებისაგან დაცვა

ზამთრის პერიოდში სკაში შეიძლება თაგვმა დაიბუდოს და მთელი ოჯახი გაანადგუროს. ის ჭამს როგორც ცოცხალ ფუტკარს, ისე ჭეოს დაგროვილ მარაგს. თუ სკის დათვალიერებისას მეფუტკრემ შეამჩნია შეჭმული ფუტკრის ნარჩენები  საფრენში ან შიგნით, დაუყოვნებლივ  უნდა შეამოწმოს ფუტკრის მდგომარეობა და თაგვი  მოსპოს.

შენახულ ფიჭას ცარიელ კორპუსებში აწყობენ, კორპუსებს ალაგებენ ლითონის ქვესადგამზე, არანაკლებ 0,5 მ სიმაღლით, იატაკზე, კორპუსების გარშემო ქაღალდის ზოლებს აწყობენ და მასზე ასხამენ თხევად, პასტისებურ საწამლავს, რომლის გადალახვას თაგვი ვერ ახერხებს (შიგ ეფლობა და კვდება).

 მოზამთრე გუნდის ხმა

ნორმალურად მოზამთრე ფუტკარს ახასიათებს მშვიდი, თანაბარი ზუზუნი. თუ მას რაიმე აწუხებს (დაავადებები, ბუდეში გაჩენილი თაგვი, საზამთრე   ნაგებობაში – მაღალი ტემპერატურა), ხმაური მატულობს, შიმშილობის გამო გუნდი გამოსცემს შრიალისმაგვარ ხმას. მეფუტკრემ პერიოდულად უნდა შეამოწმოს მოზამთრე გუნდის ხმა, გამოარკვიოს გაზრდილი ხმაურის მიზეზი და შეასრულოს ყველა სამუშაო მდგომარეობის ნორმალიზაციისათვის.

გიორგი მაძღარაშვილი

„მეფუტკრეობა“