დარგებიმევენახეობა-მეღვინეობაფერმერი ფერმერს

 ნაბახუსევი („პახმელია“)

– ქეიფის შემდეგ თავი არ სტკივა მას, ვინც ცოტა კი არა, არამედ, ვინც სწორად დალია.
– თუ ადამიანი ალკოჰოლურ სასმელს ზომიერად მოიხმარს, დღის 3 საათიდან ღამის 12 საათამდე შუალედში, მას ალკოჰოლიზმით დაავადება არ ემუქრება.

თუ სუფრასთან თქვენმა შეხვედრამ მეგობართან, ნთესავებთან, თანამშრომლებთან საკმაოდ დიდხანს გასტანა და ორგანიზმმა საკმაოდ დატვირთვა მიიღო ალკოჰოლის მოხმარებით, მეორე დილით შესაძლებელია “პახმელიის”, ანუ ნაბახუსევის სინდრომმა შეგაწუხოთ. რა არის პახმელია, როგორ უნდა გამოვიდეთ ნაბახუსევიდან და რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ნაკლებად მტკივნეულად გადავლახოთ იგი. ამისათვის არსებობს ექიმების, ფსიქოლოგების, ნარკოლოგების რეკომენდაციები, რომლის ცოდნა ყველასათვის საჭიროა და სასარგებლოა.

ნიკო ჩუბინაშვილის რუსულ-ქართულ ლექსიკონში ვკითხულობთ:

ნაბახუსევი, გაბრუებული სმისგან.

ნაბახუსევად არის.

* * *

ზომიერად სასმელის მიღება ბევრს არ შეუძლია, ამიტომ ადრე თუ გვიან ყველა მასმელს ემართება პახმელია. სასმელის მომხმარებელთა უმეტესობა იტანჯება პახმელიის სინდრომით. ამიტომ ისინი სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ გამოვიდნენ ამ უხერხული სიტუაციიდან. უმრავლესობა „ნაბახუსევიდან“ გამოსასვლელად იყენებს ლუდს ან არაყს, ზოგი ბორჯომით, კიტრის მწნილის წვენით ან ცხელი ხაშით ახერხებს მას, ზოგი კი თავის ტკივილს უჩივის და ასპირინს ან სხვა სამედიცინო პრეპარატს მიმართავს.

ყველამ იცის, რომ პახმელია ემართება მათ, ვინც წინა დღით არასწორად მოიხმარა ალკოჰოლი და ნორმას გადაამეტა. ეს კი სხვადასხვა ადამიანისათვის განსხვავებულია. საშუალო, საორიენტაციო დოზა ალკოჰოლის მიღებისა ცნობილია. იგი შეადგენს 1 გრ ეთილის სპირტს კილოგრამ წონაზე. მოზრდილი მამაკაცის, რომლის წონა 80 კგ-ია, ეს ზღვარი 100 მლ აბსოლუტური ალკოჰოლის რაოდენობაა, რასაც შეიცავს 250 მლ არაყი (250 მლ X 40% = 1000 : 100 = 100 მლ ა. ა ალკო). ეს ზღვარი ალკოჰოლს ნიშნავს, ეთილის სპირტის იმ რაოდენობას, რომელიც შეუძლია ბოლომდე გადაამუშაოს ადამიანის ღვიძლის ფერმენტებმა. როცა ზედმეტი რაოდენობის ალკოჰოლი ხვდება ორგანიზმში, მაშინ მუშაობას იწყებს სხვა სისტემა ფერმენტებისა, რომლებიც იწყებენ ეთილის სპირტის გადამუშავებას, მაგრამ ამ დროს წარმოშობილი ძმარმჟავა ალდეჰიდი, რომელიც გროვდება ორგანიზმში და იგი ღვიძლიდან სისხლის საშუალებით გადაეცემა მთელ ორგანიზმს, რაც იწვევს ორგანიზმის და ქსოვილების მოწამვლას. ზუსტად ეს ალდეჰიდი გახლავთ პახმელიის მიზეზი. ექიმები პახმელიას ძმარმჟავა ალდეჰიდით მოწამვლას უწოდებენ.

დაიმახსოვრეთ – არ ეცადოთ დილით ნაბახუსევზე ლუდით ან არყით გამოსვლას, რადგან ამ დროს გამოსვლის მაგიერ ისევ თვრებით და უბრუნდებით პირვანდელ მდგომარეობას. ეცადეთ ნაკლები იმოძრაოთ, შეეცადეთ დაიძინოთ და პახმელიის ცოდვები ძილში გამოიყვანოთ, რადგანაც ძილი საუკეთესო ექიმია. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ეცადეთ გამოიყენოთ ის ხერხები, რაც თქვენ მიგაჩნიათ სწორად და ხშირად მოუტანია სიკეთე.

ძველი, მამა-პაპების წესი არის კიტრის მწნილის წვენის მიღება, რომელიც სასიამოვნო დასალევია და ამავე დროს, ხელს უწყობს მოაწესრიგოს წყლისა და მარილების დისბალანსი, რომელსაც ადგილი აქვს ორგანიზმში.

დიდი პოპულარობით სარგებლობდა ცხელი წვნიანის და კერძების: ​თათარიახნის, ხაშის, მჟაუნისა და მაწვნის წვნიანის მიღება, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია.

პახმელიის დროს რეკომენდებულია ცივი კომპოტებისა და წვენების მიღება, რადგანაც მათში არსებული გლუკოზა, საქაროზა და ფრუქტოზა ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას და წესრიგში მოჰყავს ორგანიზმში მჟავიანობის თანაფარდობა. ამ პრინციპით საუკეთესოა ვაშლისა და ბროწეულის წვენი.

ზოგი სპეციალისტის აზრით, საუკეთესოა პახმელიის სინდრომის მოსახსნელად ნახევარ ლიტრ ცხელ ჩაიში გახსნილი 8-10 სუფრის კოვზი თაფლისა და ერთი ლიმონის წვენის ნაზავი, რაც საკმარისია, რომ კაცმა თვალებში გამოიხედოს.

ზაფხულის დღეებში პახმელიის წამალია ცივი საზამთრო, რომელიც წყლისა და ფრუქტოზის გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს.

რძისა და მაწვნის სიკეთე ბევრს თავის თავზე გამოუცდია, რადგან ისინი შეიცავენ ცილებს, რომლებიც ანეიტრალებენ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომელიც ორგანიზმში გროვდება და მათ შორის, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ძმარმჟავა ალდეჰიდს.

პახმელიის დროს საჭიროა თავი შეიკავოთ ზოგიერთი პოპულარული ჩვევებისგან, რომელიც ვითომ პახმელიის მოხსნას უწყობს ხელს. ამიტომ არ მიიღოთ მაგარი ჩაი და მაგარი ყავა, რადგანაც იგი გულზე ამაჩქარებლად მოქმედებს და შესაძლოა სავალალო შედეგით დამთავრდეს. ასევე უკუეფექტი მოაქვს ცხელი გოგირდის აბანოს და საუნას, რადგან პახმელიის დროს ცხელი ორთქლი და მაღალი ტემპერატურა თავბრუსხვევას და გულის წასვლას იწვევს.

იმისათვის, რომ სუფრაზე თქვენს ყოფნას არ მოჰყვეს უარყოფითი ეფექტი და დილით არ იგრძნოთ ნაბახუსევი მდგომარეობა, დაიმახსოვრეთ:

ალკოჰოლის მიღება სუფრის დაწყების წინ

თუ წინასწარ იცით, რომ სუფრაზე მოგიწევთ დალევა და ქეიფი დიდხანს გასტანს, რეკომენდებულია 2-3 საათით ადრე მიიღოთ 50 გრ არაყი, რათა ორგანიზმი წინასწარ შეეგუოს იმ დატვირთვას, რომელსაც შემდგომ მიიღებს.

დალევის წინ თუ შეგიძლიათ მიირთვით ცხიმიანი კერძი ან თოხლო კვერცხი, რაც ხელს შეუშლის ალკოჰოლის სწრაფ შეწოვას ორგანიზმის მიერ.

სუფრის დაწყების წინ მიირთვით ფინჯანი ჩაი პიტნით ან ლიმონით.

ალკოჰოლის მიღება სუფრის მიმდინარეობის დროს

სუფრაზე მიირთვით მხოლოდ ერთი სახის სასმელი, სხვადასხვა სასმელს ნუ აურევთ. თუ ვერ ასცდით ამ პროცესს, მაშინ ეცადეთ დაიცვათ თანმიმდევრობა. სასმელის მიღება ალკოჰოლის სიმაგრის მატებასთან ერთად უნდა მიმდინარეობდეს. მაგალითად, თუ ჯინ-ტონიკით დაიწყებთ, არყით დაამთავრეთ.

არასდროს დაიწყოთ სუფრა ტკბილი, სადესერტო, შამპანური ღვინოებით და კონიაკით.

შესაძლებელია სუფრაზე მაგარ ალკოჰოლიან სასმელებთან ერთად მცირე დოზებით მიირთვათ ლიქიორები, ვერმუტები, შემაგნებული ღვინოები, ოღონდ დილით პახმელიის სინდრომი მეტად მძიმე იქნება.

აუცილებლად ყოველი ულუფა სასმელის მიღების შემდეგ დააყოლეთ პური, კარტოფილი, მჟავე კომბოსტო: ესენი ანეიტრალებენ ალკოჰოლის მოქმედებას.

მოდაშია მაგარი სასმელების გაზავება ლიმონათით, კოლას ტიპის სასმელებით, ტონიკებით. დაიმახსოვრეთ, რომ ნახშირმჟავა აირის მიღება ხელს უწყობს ალკოჰოლის სწრაფ შეწოვას და აჩქარებს სიმთვრალეს.

თუ ატყობთ, რომ თვრებით, მიირთვით ერთი ულუფა კონიაკი და შემდეგ შეწყვიტეთ სმა.

თუ ატყობთ, რომ ზომაზე მეტად დათვერით, არავითარ შემთხვევაში ცივი ამინდის დროს სწრაფად გარეთ ნუ გახვალთ, რადგან სიმთვრალე კიდევ უფრო მოგეკიდებათ და შეიძლება გრძნობაც დაკარგოთ.

სმის დროს რაც შეიძლება ნაკლები მოწიეთ, რადგან ნიკოტინი ორჯერ მეტად აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას.

იცოდეთ, რომ ალკოჰოლი გამოდის ორგანიზმიდან სიჩქარით 1 გრ სუფთა ალკოჰოლი 1 კგ სხეულის წონაზე. ეს ნიშნავს, რომ 70 კგ-იანი ადამიანი განთავისუფლდება 50 გრ მიღებული არყისგან დაახლოებით 3,5 საათში.

და ბოლოს, ყოველთვის ადექით სუფრიდან ნაკლები ალკოჰოლით დატვირთული. ერთი სიტყვით, ნუ დალევთ ზედმეტს…

რჩევები სუფრის დამთავრების შემდგომ

სუფრის დამთავრების შემდგომ სასურველია, მიიღოთ ფინჯანი მაგარი ჩაი პიტნით ან ლიმონით და ყავა ლიმონით.

გამოსაფხიზლებლად რეკომენდებულია ჭიქა ცივი წყალი 20 წვეთი პიტნის ნაყენით, ან ჭიქა ცივ წყალზე 2 წვეთი ნიშადურის სპირტი.

გულისრევის შეგრძნების შემთხვევაში უნდა მიირთვათ ფინჯანი ცხელი ყავა მარილით.

თუ მთვრალ ადამიანს გული მისდის, რეკომენდებულია სწრაფი მოძრაობით დაუზილოთ ყურები. ამით სისხლის მოქმედებას შეუწყობთ ხელს და იგი მალე გონს მოეგება.

ნაბახუსევის სინდრომი

დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების დროს ორგანიზმში გროვდება ტოქსინები, რომლებიც იწვევენ ნაბახუსევს. დიდი რაოდენობით ღვინის, შამპანურის, არყის, ვისკის, პორტვეინის ან ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ გამოწვეული გართულებების მიზეზი არის მხოლოდ ერთი – ალკოჰოლი. ალკოჰოლის გადამეტებული რაოდენობით მიღებას არ მოაქვს სიკეთე. ადამიანს შესწევს უნარი, რომ მიღებული ალკოჰოლისგან მალე განთავისუფლდეს, მაგრამ სისხლში დიდი რაოდენობით მოხვედრის შემდგომ ადამიანს უკვე უჭირს მასთან ბრძოლა, ამიტომ დილით საზიზღარ პახმელიაზე მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებს: “მეტი არასდროს, არც ერთი წვეთი!”

თეორიულად მედიცინას წამლების სახით გააჩნია საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ მოხსნან პახმელიის სინდრომი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ, რამდენიც გინდათ და როცა გინდათ, უნდა დალიოთ; დილით შეიძლება უკეთ გახდეთ და მალე გამოხვიდეთ პახმელიიდან. რა ეშველება მთავარ და ყველაზე საშიშ დაავადებას, რაც თან ახლავს ლოთობას – ღვიძლის დაშლას?!

ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ამიტომ ერთიანი რეცეპტი, რომელიც ითვალისწინებს, თუ რა საშუალებები უნდა გამოიყენო ნაბახუსევის დასაძლევად, ძალზე ძნელი შესარჩევია. თავის ტკივილი, უხასიათობა, საერთო სისუსტე, გულის რევის შეგრძნება, კრუნჩხვები და მრავალი გართულება – ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილობრივ არის დაკავშირებული ალკოჰოლთან. პახმელიის სიმპტომებმა შეიძლება მოიმატოს მას შემდეგ, რაც ორგანიზმი ალკოჰოლის ზემოქმედებისგან გათავისუფლდება.

გადაჭარბებული ალკოჰოლის მიღებას აუცილებლად მოჰყვება პახმელია, მაგრამ ყველაზე მეტად ეს მოსალოდნელია ბრენდის, პორტვეინის, ლიქიორის, რომის და ბურბონ ვისკის მიღების შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამ სასმელებს წყლით, წვენებით ან ყინულით განაზავებთ და ამცირებთ ალკოჰოლის რაოდენობას, ფაქტობრივად ამას სასურველი ეფექტი არ ახლავს, რადგან ეს სასმელები წინასწარი დუღილისა და შემდგომი გამოხდის შედეგად იმდენ თანაურ პროდუქტებს იძენენ, რომ მათი ტოქსიკური თვისებები აუცილებლად უარყოფით გავლენას მოახდენს ორგანიზმზე.

ეს თანაური პროდუქტებია: რახის ზეთები, ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, რომელთა რაოდენობა გამოხდის დროს ალკოჰოლურ პროდუქტებში მცირდება და რაც მეტჯერ არის დისტილირებული ესა თუ ის სპირტი (რისგანაც შემდგომ სასმელი მზადდება), იმდენად ნაკლებია მათი შემცველობა.

ის, ვინც არაყს მოიხმარს, ბევრად უფრო ადვილად იტანს პახმელიის სინდრომს, ვიდრე ის, ვინც სისტემატურად ბურბონ ვისკის მიირთმევს.

ზედმეტი ჭიქის მიღების შემდეგ ადამიანი ცუდ ხასიათზე დგება, თავდაპირველად საგრძნობლად უქვეითდება შაქრის შემცველობა სისხლში, ხშირ შემთხვევაში ზედმეტი დოზის მიღების შემდეგ მისი რაოდენობა ნულის ტოლი ხდება და ეწყება თავბრუსხვევა, ენის დაბმა, გულის რევა, ღებინება, გრძნობის დაკარგვა.

დილით ენის სიმშრალე და წყურვილი პახმელიის პირველი ნიშანია. ალკოჰოლი ძლიერი შარდმდენია, ამიტომ თუ დალევ ერთ ლიტრ ღვინოს – დაკარგავ ორ ლიტრ სითხეს.

​დაგაზიანებული სასმელები უფრო სწრაფად აღწევს სისხლში, ამიტომ შამპანურით დათრობა უფრო ადრე ხდება, ვიდრე წყნარი ღვინოების სმისას.

არ არის სასურველი სხვადასხვა წარმოშობის სასმელის ერთად მიღება; მაგალითად, ღვინის და არყის (ღვინო ყურძნის პროდუქტია, არაყი მარცვლეულის), ლუდისა და შამპანურის, პორტვეინისა და ვისკის. პახმელიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია თამბაქო, ზედმეტი საკვები და ძილის უკმარისობა.

დილით, გაახელთ თუ არა თვალს, ეცადეთ მიიღოთ წყალი, რომ აღიდგინოთ წინა დღეს დაკარგული სითხის რაოდენობა. მისაღებია აგრეთვე ბანანი, წყალში ხსნადი ვიტამინი C, გასეირნება სუფთა ჰაერზე.

დაუშვებელია დილით ნაბახუსევზე უზმოდ ყავის, ალკოჰოლური სასმელების, ლუდის მიღება, რადგან ამ სასმელების მიღება დაგიფრთხობთ ძილს და ნაბახუსევს არ მოგიხსნით.

მუქი ფერის ალკოჰოლური სასმელები (წითელი ღვინო, ბრენდი, ვისკი) მეტ მავნე პროდუქტებს შეიცავენ, ვიდრე ღია ფერის (თეთრი ღვინო, არაყი, ჯინი).

გთავაზობთ ცხრილს, სადაც მოცემულია უსაფრთხოების ნორმები, რომლის მიხედვით შეგიძლიათ პირადად გააკეთოთ დასკვნა სასმელების შერჩევისა და მოხმარების უპირატესობაში.

სასმელის დასახელება
ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობა
1
2
3
4
5
6
7
8
არაყი
ჯინი
ლუდი
თეთრი ღვინო
წითელი ღვინო
შოტლანდიური ვისკი
კონიაკი, ბრენდი, მუქი რომი
ბურბონ ვისკი
1/2
1
1,5
2
3
4
6
8
ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც მიღებულ საკვებსა და სასმელს ამუშავებს, ხელს უწყობს მის მონელებას. კუჭისთვის ალკოჰოლი ისეთივე ნახშირწყლებია, როგორიცაა კარტოფილი, მაკარონი და კანფეტები. ფერმენტები ალკოჰოლის გადამუშავების დროს წარმოშობენ აცეტალდეჰიდს, რომელიც ნაბახუსევს არ ასვენებს ადამიანს.

იმ ქვეყნებში, სადაც განვითარებულია მეღვინეობა და მოსახლეობა ღვინოს მასიურად მოიხმარს, ისე ხშირი არ არის ალკოჰოლიზმი და ქრონიკული ალკოჰოლური დაავადებები, ამიტომ ამ ქვეყნებში დემოგრაფიულ კატასტროფებს ადგილი არა აქვს.

გენეტიკურად, ნაცია, რომელიც ეტანება ალკოჰოლს, იხოცება შედარებით სწრაფად და უუნარო შთამომავლობას ტოვებს.

ალკოჰოლის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე (უწყლო სპირტზე ანგარიშით) რუსეთში 9-დან 15 ლიტრამდე მერყეობს. “იუნესკოს” და მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ცნობით, 15 ლიტრი ეს არის ზღვარი, რომლის იქით იწყება ნაციის გენეტიკური დეგრადაცია.

ღვინო და ალკოჰოლი შეიცავს უამრავ კალორიას და მათი ზომიერად მოხმარება ხელს უწყობს გახდომას, ვინაიდან ამ დროს ხდება მეტაბოლიზმის სტიმულირება. გადამეტებული ალკოჰოლი კი ხშირ შემთხვევაში გასუქებას იწვევს.

სასურველია ალკოჰოლი მივიღოთ ჭამის დროს.

2004 წლის მონაცემებით საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, მოსკოვში იაფფასიანი, უხარისხო არყების წილი 68%-ია, საშუალო ხარისხის არყებისა – 30% და უმაღლესი, პრემიუმ კლასის არყების – 2%. იგივე სიტუაციაა პეტერბურგში იმ განსხვავებით, რომ აქ პრემიუმ კლასის არყები 2-3%-ით მეტი იყიდება. რუსეთში იაფიან არყებს ბაზრის 90% უკავია. აქ ადგილობრივი წარმოშობის 5000-ზე მეტი დასახელების არაყი იყიდება. საქართველოში ალბათ პრობლემა არის მომხმარებელში, რომელიც ძირითადად სამ ნაწილად იყოფა:

პირველი, “ბრმა”, რომელსაც არ აქვს ორიენტაცია პროდუქტის ასორტიმენტში.

მეორე, “მერყევი”, რომელიც ცდილობს აარჩიოს სასურველი პროდუქტი, მის გემოვნებას რომ დააკმაყოფილებს, მაგრამ ფასის გამო არ უყურებს ხარისხს.

მესამე, “მცოდნე”, რომელიც ერკვევა, როგორც პროდუქცის ასორტიმენტში, ასევე ხარისხში.

როგორც რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც მომხმარებელი ცუდად არის ორიენტირებული ალკოჰოლური სასმელების ასორტიმენტში და კიდევ უფრო უარესად მის გემოვნურ თვისებებში.

ნაბახუსევს ყველა ქვეყანასა და ენაში შესატყვისი გამოთქმა მიესადაგება, რომელიც შემდეგნაირად გამოითქმის:

ნაბახუსევი – ქართულად;

Hangover – ინგლისურად (The morning after);

Guele de bois – ფრანგულად (ხის დინგი);

Katzenjammer – გერმანულად (კატების კნავილი);

Ressaca – პორტუგალიურად (გადაგორება);

Jeg har tommermenn – ნორვეგიულად (დურგალი თავში);

Stonato – იტალიურად (მოშლილი);

El crudo – ესპანურად;

Konmelo – ფინურად;

Bakfylla – შვედურად;

Kater – ჰოლანდიურად;

Tommerand – დანიურად (დურგალი);

სარემნ დეშა – იეზიდურად (თავი მტკივა);

Мамурлюк – სერბიულად;

Похмелье – რუსულად;

გლუხს ცაუმა – სომხურად.

ბონდო კალანდაძე

წყარო: vinoge.com