აგროსიახლეები

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩიკაგოს საერთაშორისო გამოფენაზე

აშშ-ში, ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show საქართველოს ეროვნული პავილიონი მოეწყო. გამოფენაში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი ექვსი კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც ამერიკელ და კანადელ პოტენციურ პარტნიორებს საკუთარი პროდუქცია წარუდგინეს.

საქართველოს პავილიონი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო.

გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მრჩეველი დავით ჩარკვიანი ესწრებოდნენ.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის, ზურაბ გოზალიშვილის განცხადებით, სააგენტოს მხარდაჭერით ქართული აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები მიმდინარე წელს უკვე მეათე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ. მისი შეფასებით, საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმებზე მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას.

ჩიკაგოში საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო ექვსი კომპანიის პროდუქცია. კერძოდ, კომპანიებმა „აჩინებული“, „არომაპროდუქტი“, „კამპა“, „კულა“, „ხონის პლანტაციები“ და „ალფაინ სფაისიზ“ გამოფენაზე ხილის წვენები და სუნელ-სანელებლები წარადგინეს.

U.S. Private Label Trade Show მნიშვნელოვანი სავაჭრო პლატფორმაა იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და პროდუქციის რეალიზაციის ახალი არხების მოძიებას ცდილობენ. გამოფენა მონაწილეებს საშუალებას აძლევს, უშუალო საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ აშშ-ისა და კანადის მსხვილი საცალო სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან, საბითუმო მოვაჭრეებსა და იმპორტიორებთან.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კერძო სავაჭრო ნიშნით (Private Label) პროდუქციის წარმოების შესაძლებლობასაც. ეს მოდელი მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, პროდუქცია უცხოური სავაჭრო ქსელების ბრენდით აწარმოონ და ამ გზით საერთაშორისო ბაზრებზე დამატებითი გასაღების შესაძლებლობები მოიპოვონ.

ქართული კომპანიებისთვის მსგავს გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქციის წარდგენის, არამედ გრძელვადიანი საექსპორტო პარტნიორობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. განსაკუთრებით საყურადღებოა აშშ-ისა და კანადის ბაზრები, სადაც სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობა ქართულ აგროსასურსათო პროდუქციას რეალიზაციის დამატებით პერსპექტივას უხსნის.