RENURE _ ნაკელიდან აღდგენილი აზოტი
ევროპულმა ინსტიტუტებმა (ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა) ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაამტკიცეს ახალი რეგულაცია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სექტორში რევოლუციურ ცვლილებებს ნიშნავს.
საქმე ეხება RENURE-ის სისტემის დანერგვას, რომელიც ფერმერებს საშუალებას მისცემს, ძვირადღირებული ქიმიური სასუქები საკუთარი მეურნეობის ნარჩენებიდან მიღებული გადამუშავებული აზოტით ჩაანაცვლონ.
რა არის RENURE?
ტერმინი RENURE (REcovered Nitrogen from manURE) „ნაკელიდან აღდგენილ აზოტს“ ნიშნავს.
ეს არის მაღალკონცენტრირებული აზოტოვანი სასუქი, რომელიც ნაკელის სპეციალური დამუშავების შედეგად მიიღება.
აგრონომიული თვისებებით ის არაფრით ჩამოუვარდება სამრეწველო პირობებსი ქიმიურად მიღებუ სასუქებს, თუმცა მათგან განსხვავებით, სრულად ეკოლოგიურია და „მწვანე ეკონომიკის“ პრინციპებს ეფუძნება.
როგორ გამოცალკევდება აზოტი ნაკელიდან?
ტექნოლოგიური პროცესი ნაკელის ორგანული მასისგან აზოტის გამოყოფას ისახავს მიზნად. ძირითადი მეთოდებია:
- აირით დაშლა (სტრიპინგ–სკრუბინგი): ნაკელის თხევად ფრაქციაში უშვებენ ჰაერს ან ორთქლს, რაც აზოტს ამიაკის სახით აირად მდგომარეობაში გადაიყვანს. შემდეგ ეს აირი გადის მჟავე ხსნარში (მაგალითად, გოგირდმჟავაში), რის შედეგადაც მიიღება მინერალური მარილი _ ამონიუმის სულფატი.
- მემბრანული ფილტრაცია (უკუოსმოსი): ნაკელი მაღალი წნევით გადის სპეციალურ ფილტრებში, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ ე.წ. „მინერალური კონცენტრატი“.
- სტრუვიტის (საშარდე კენჭები) გამოლექვა: ფოსფორისა და აზოტის ექსტრაქცია, გამოყოფა კრისტალური მარილის სახით.
ახალი შესაძლებლობები ფერმერებისთვის
2026 წლიდან ევროკავშირში ეს ტექნოლოგია აქტიურად ინერგება, რათა შემცირდეს იმპორტირებულ სასუქებზე დამოკიდებულება. გადაწყვეტილება ფერმერებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან შეღავათს ითვალისწინებს:
- ლიმიტების გაზრდა: თუ ადრე ორგანული სასუქების გამოყენებაზე მკაცრი ლიმიტები არსებობდა, RENURE გაუთანაბრდა მინერალურ სასუქებს. ფერმერებს უფლება ეძლევათ, ჰექტარზე 170 კგ. ჩვეულებრივ ნაკელთან ერთად დამატებით შეიტანონ 80 კგ. RENURE-ის სახით მიღებული აზოტი.
- ავტონომიურობა: ფერმერს აღარ უწევს ძვირადღირებული აზოტოვანი სასუქების ყიდვა, რადგან მას საკუთარი „ქარხანა“ აქვს მეურნეობაში.
რეგულაცია ოფიციალურად ძალაში უახლოეს პერიოდში შევა. ამჟამად მიმდინარეობს სერტიფიცირების დამატებით მოთხოვნებზე მუშაობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას როგორც წარმოების, ისე გამოყენების უსაფრთხოება.
მოდით, დავთვალოთ საშუალო მონაცემები 1 ტონა ნედლი ნაკელისთვის და ვნახოთ, რამდენ ქიმიურ სასუქს (მაგალითად, ამონიუმის გვარჯილას) უდრის ის.
აზოტის შემცველობა 1 ტონა ნაკელში (საშუალოდ)
| ნაკელის სახეობა |
სუფთა აზოტი (N) |
ეკვივალენტი ამონიუმის გვარჯილაში (34% N) |
| ფრინველის (ქათმის) |
15 – 20 კგ |
45 – 60 კგ |
| ღორის |
5 – 7 კგ |
15 – 20 კგ |
| მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის |
4 – 5 კგ |
12 – 15 კგ |
თუ ავიღებთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელს, 1 ტონა შეიცავს დაახლოებით 5 კგ. სუფთა აზოტს.
- ტრადიციული შენახვისას (ღია ცის ქვეშ), ამ აზოტის 50-70% იკარგება (ორთქლდება).
- RENURE ტექნოლოგიით ან თუნდაც სწორი სეპარაციით, თქვენ ინარჩუნებთ თითქმის სრულ 5 კილოგრამს.
თუ გაქვთ 50 სულიანი ფერმა, წელიწადში დაახლოებით 500-600 ტონა ნაკელი გროვდება. სწორი მართვის შემთხვევაში, ეს დაახლოებით უდრის 7-9 ტონა ამონიუმის გვარჯილას.
დღევანდელი ფასებით, ეს ფერმერისთვის რამდენიმე ათასი ლარის პირდაპირი დანაზოგია.
ეს სიახლე ქართველი ფერმერებისთვისაც საინტერესოა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მეცხოველეობის ნარჩენების მართვას არა მხოლოდ გარემოსდაცვით, არამედ მაღალმომგებიან ბიზნეს–პროცესად აქცევს.

