მედიარუბრიკებისტატიები

„ნამოხვანის კრიზისი“:  სისტემა უნდა შეიქმნას და არა დაინგრეს!

ქართველი პოლიტვეტერანები ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ნამოხვნაის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ მწვავე კონფლიქტს.

ჩვენი გამოცდილება გვკარნახობს და ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობა გვავალებს განვაცხადოთ:

  1. ნამოხვანის კრიზისი“ მკაფიოდ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის გადაუწყვეტელ სისტემურ პრობლემებზე, რაც აფერხებს სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითადი ფუნქციას, ტერიტორიის ჯეროვან მოვლა-პატრონობასა და კეთილგონივრული გამოყენებას; განაპირობებს გადაუწყვეტელ კონფლიქტებს მოსახლეობის სხვადასხვა ფენებსა და ხელისუფლებას შორის. ამ კონფლიქტის გამწვავებამ, ხელოვნურად ინსპირირებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, შესაძლოა დამატებითი საფრთხე შეუქმნას ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგრადობას.
  2. „ნამოხვანის კრიზისით“ გაშიშვლებული სისტემური პრობლემების ყველაზე ნათელი და უტყუარი ილუსტრაციაა, რომ ქვეყანას, ისევე როგორც მისი ტერიტორიული ერთეულების აბსოლუტურ უმრავლესობას, ჯერ კიდევ არ გააჩნია კანონმდებლობით განსაზღვრული სივრცითი მოწყობის სათანადო გეგმები, რითიც მსგავსი მასშტაბის სტარატეგიული ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების გამოყენების მიზანშეწონილობა ცალსახად და მკაფიოდ იქნებოდა გარკვეული. აშკარაა: ვიდრე სათანადოდ, კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით – რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარისთვის გარანტირებულია მონაწილეობა – მიღებული ასეთი, კომპეტენტური, პროფესიულად უმაღლესი სტანდარტებით დასაბუთებული და ამავდროულად, საკმაოდ რეპრეზენტაციული, ქართველი ხალხისა თუ ადგილობრივი საზოგადოებების ფართო ფენების ინტერესებს ამსახველი, გეგმები არ გვექნება, ტერიტორიების ჯეროვანი მოვლა-პატრონობისა და კეთილგონივრული გამოყენების საკითხი ღიად და სადავოდ დაგვრჩება.
  3. სივრცითი მოწყობის საერთო-ეროვნული, მუნიციპალური თუ ინტერმუნიციპალური გეგმების – რაც საბოლოოდ უნდა ასახავდეს შესაბამისი ტერიტორიების ჯეროვნად მოვლა-პატრონობასა და კეთილგონივრულ გამოყენებას – შედგენასა და მიღებას არათუ აფერხებს, არამედ, ფაქტობრივად, შეუძლებლადაც ხდის ფუნდამენტური სისტემური პრობლემები, მათ შორის:

ა)  მიწის საკითხის მოუწესრიგებლობა, უწინარეს ყოვლისა – სახელმწიფოს, როგორც მიწის უმსხვილესი და არაჯეროვანი მესაკუთრის, მიწის ძირითადი განმკარგავის ფაქტობრივად მონოპოლიური მდგომარეობა, სათემო მიწათმფლობელობის არარსებობა, მიწაზე მუნიციპალური და სახელმწიფო საკუთრების არაადექვატურად გამიჯვნა, მიწის ყიდვა-გაყიდვის არასათანადო რეგულირება; მიწათმფლობელობის, როგორც არა მხოლოდ უფლების, არამედ ვალდებულებისაც – ეს უფლება გამოყენებული იქნეს საზოგადოებრივი სიკეთეებისთვის -დაუწესებლობა; მიწის სახელმწიფო და განსაკუთრებით, მუნიციპალური პოლიტიკის გაუმართაობა, მიწათსარგებლობის არასათანადო რეგულირება და დაგეგმვა, მიწათმოწყობის ფაქტიურად მთლიანად მოშლა და სხვ. რაც გადაულახავ ბარიერებს ქმნის ტერიტორიების კეთილგონივრული გამოყენებისთვის და წარმოშობს არსებით საფრთხეებს, რის გამოც ვეღარ შევძლებთ ჩვენი მიწის,  მიწასთან ძირეულად დაკავშირებული ყველა სხვა ბუნებრივი რესურსის,  ჯეროვნად მოვლა-პატრონობას. უარესიც, სათემო მიწათმფლობელობის არ არსებობა, თავისთავად, იმდენად დიდი საფრთხეა, რომ სამკვიდრომოკლებული სოფელი კარგავს საკუთრ იდენტობას, მკვიდრი საზოგადოებრივი ერთობიდან, თემიდან, გადაიქცევა სხვისი ხელის შემყურე და მოიმედე ხიზანთა უსახურ მასად, რითაც სახელმწიფოს, ერს, ერთ-ერთი მთავარი ბურჯი ეცლება.

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპების ეფექტური ტერიტორიული მართვის არ არსებობა, სანაცვლოდ, დარგობრივ-ცენტრალიზებული მართვის შენარჩუნება, როცა მმართველობითი გადაწყვეტილებები მიიღება არა ტერიტორიული ერთეულის ინტერესების, არამედ ამა თუ იმ დარგობრივი, ხშირად კი უწყებრივი, ინტერესების  პრიორიტეტულობიდან გამომდინარე. ეს კი იმთავითვე განაპირობებს ასეთი გადაწყვეტილებების ნაკლებ ეფექტიანობას და ასევე, მოსახლეობის ინტერესებთან ნაკლებად თავსებადობასაც.

გ) საჯარო პოლიტიკის დაგეგმვის მწყობრი, ტრანსფარენტული და შედეგებზე ორიენტირებული  სისტემის – რაც მმართველობითი გადაწყვეტილებების საკმარის კომპეტენტურობასა და რეპრეზენტაციულობას უზრუნველყოფდა – არ არსებობა. სწორედ ეს  კვებავს მუდმივად  საზოგადოების სხვადასხვა ფენების ხშირად საკმაოდ საფუძვლიან ეჭვებს, რომ კონკრეტული პროგრამები თუ საინვესტიციო პროექტები არ ემსახურება როგორც საერთო-ეროვნულ, ასევე სექტორალურ თუ დარგობრივ ანდა მუნიციპალურ პოლიტიკას, მის პრიორიტეტულ მიზნებს და ამოცანებს, ხოლო ბიუჯეტი ვერ წარმოადგენს ამ პროგრამებისა და პროექტების ადექვატურ ასახვას და მკაფიო ფინანსურ გეგმას.

  1. მოუწოდებთ ხელისუფლებასა და ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ძალებს, რათა „ნამოხვანის კრიზისი“ გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა ქვეყნის წინაშე მდგარი ამ სისტემური პრობლემებისა და გამოწვევების საერთო-ეროვნულ და ასევე, ადგილობრივი საზოგადოებების ინტერესებით გადასაწყვეტად. ამისათვის, როგორც ხელისუფლებას, ასევე ყველა დაინტერესებულ მხარეს ვთავაზობთ გამოვნახოთ საერთო ენა და ვიპოვოთ სერთო ნიადაგი, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება დროულად შეძლოს: მიწის საკითხის სისტემური მოწესრიგება, ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპების შესაბამისად დარგობრივ-ცენტრალიზებული მმართველობის ეფექტიან ტერიტორიულ მართვად სისტემური ტრანსფორმირება; საჯარო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორცილების მწყობრი, ტრანსფარენტული და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება, რაც მმართველობითი გადაწყვეტილებების საკმარის კომპეტენტურობასა და რეპრეზენტაციულობას უზრუნველყოფს.
  2. სწორედ ეს სისტემური ცვლილებები უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ მისი უმნიშვნელოვანესი, ძირეულ ფუნქციას – ტერიტორიების ჯეროვან მოვლა-პატრონობასა და კეთილგონივრულ გამოყენებას. რაც აისახება ქვეყნისა და მისი ტერიტორიული ერთეულების სივრცითი მოწყობის გეგმების მიღებით. სწორედ ეს – გამართული სისტემის შენება არის გზა, რაც ერთხელ და სამუდამოდ აგვარიდებს თავიდან „ნამოხვანის კრიზისის“ მსგავს მწვავე დაპირისპირებებს.

მოგიწოდებთ ყველას: სისტემა კი არ უნდა დაინგრეს, არამედ უნდა შეიქმნას!

რაც არ არის, რას ანგრევთ?!

გურამ სანადირაძე, პაატა კოღუაშვილი, პაატა ჩხეიძე, ზურაბ მარშანია, დავით მარღანია, გოგიტა ქერქაძე, სანდრო სვანიშვილი, დავით ზარდიაშვილი, ნოდარ ლაბარტყავა, შალვა უგრეხელიძე,  გია იაკობაშვილი