ნატურლანდი, ბიოფახი და ბიო საქართველოს პერსპექტივა
სინთეზური პესტიციდების, ჰერბიციდების, ქიმიური სასუქების ინტენსიურმა და გადაჭარბებულმა მოხმარებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე ჩვენი მასაზრდოებელი ნიადაგის სტრუქტურაზე, გამოფიტა და იგი ხშირ შემთხვევაში უნაყოფო გახადა.
მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად სულ უფრო და უფრო მეტი მთავრობა ერთვება ეკოსისტემის და ცოცხალი ბუნების დაცვის მარათონში, რომლის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ორგანული წარმოების აღორძინება/განვითარების ხელშეწყობაა.
რატომ ორგანული წარმოება?
ჯანმრთელობა – ადამიანები, რომლებიც ორგანულ საკვებს მოიხმარენ, ნაკლებად არიან ქიმიური ნარჩენების ზემოქმედების ქვეშ;
გარემოს დაცვა – ორგანულ მეურნეობებში ნიადაგის გაუმჯობესებისა და მავნებლებთან ბრძოლისთვის ბუნებრივ მეთოდებს იყენებენ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში იცავს ბუნებას და არ აბინძურებს წყალსა და ჰაერს;
ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა – ორგანული მეურნეობა ხელს უწყობს ბუნებრივ ეკოსისტემებს, რაც მნიშვნელოვანია ბუნებრივი მტაცებლების, ფუტკრების, მწერებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების შესანარჩუნებლად;
ეკონომიკის მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე – ორგანული პროდუქტები ძირითადად მცირე საოჯახო მეურნეობებში იწარმოება, რაც ადგილობრივ ფერმერებს ფინანსურ კეთილდღეობას ჰპირდება;
ნაკლები გენმოდიფიცირებული ორგანიზმები (GMO) – ორგანულ წარმოებაში მინიმუმამდეა დაყვანილი გენმოდიფიცირებული თესლის გამოყენება და ა.შ.
რას აკეთებენ მთავრობები?
♦ გამოყოფენ სუბსიდიებს და გრანტებს ბიოპროდუქტების მწარმოებლებისთვის; აწესებენ საგადასახადო შეღავათებს (მაგალითად, გადასახადის შემცირება ან გათავისუფლება ეკოლოგიური მასალების და ბიოენერგიის მწარმოებლებისთვის); იზიდავენ ინვესტიციებს, საამისოდ ხდება საჯარო და კერძო პარტნიორობის წახალისება, ინვესტორების ხელშეწყობა მწვანე სექტორში და ა.შ.;
♦ ატარებენ სპეციალურ პოლიტიკას, მაგალითად, ახდენენ ბიოპროდუქტების სტანდარტიზაციას (სერტიფიცირების სისტემები, როგორიცაა „ბიო“, „ორგანული“, „ეკო“, რაც მომხმარებლებს არჩევანს უმარტივებს); ეკოლოგიური რეგულაციები, მაგალითად, მავნე ქიმიკატებისა და პლასტმასის გამოყენების შეზღუდვა ან აკრძალვა, რაც ბიოალტერნატივებზე მოთხოვნას ზრდის;
♦ აფინანსებენ კვლევით ცენტრებს და უნივერსიტეტებს ბიოენერგიისა და ბიოქიმიის მიმართულებით;
♦ აუმჯობესებენ ინფრასტრუქტურას, მაგალითად, აშენებენ ბიოწარმოების ქარხნებს, გადამამუშავებელ ცენტრებს; აგრეთვე, აუმჯობესებენ ლოჯისტიკას ადგილობრივი წარმოების ბაზრებზე წვდომის გამარტივების მიზნით;
♦ ზრუნავენ ცნობიერების ამაღლებაზე, რაც მოიცავს ბიოპროდუქტების სარგებელზე ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობაში; მწვანე წერტილების შექმნას, სადაც მომხმარებლებს ბიოპროდუქტების შეძენა ან გადამუშავება შეეძლებათ. და ა.შ.
BioFach
ორგანული წარმოების ხელშეწყობის და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების საუკეთესო მაგალითია ორგანული ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, საერთაშორისო გამოფენა BioFach, რომელიც 1990 წლიდან იღებს სათავეს. ორგანულ სოფლის მეურნეობაში ჩართულმა პირებმა ყველამ თუ არა, ძალიან ბევრმა იცის ბიოფახის შესახებ, მაგრამ ინფორმაციისთვის მოგახსენებთ, რომ ეს არის ორგანული (ბიო) პროდუქტების ყველაზე დიდი გამოფენა-გაყიდვა მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება გერმანიაში, კერძოდ ქალაქ ნიურნბერგში. მას ესწრებიან პროდუქტების მწარმოებლები, დისტრიბუტორები, მომხმარებლები და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გამოფენა მოიცავს ორგანული პროდუქციის ფართო სპექტრს, როგორიცაა: საკვები, სასმელი, კოსმეტიკა, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიები და სხვა პროდუქტები. გამოფენის მიზანია ორგანული აგროტექნოლოგიების პოპულარიზაციას და ახალი ბაზრების შექმნა. ღონისძიებაზე იმართება ასევე სამიტები და კონფერენციები, რომლებიც ეხება ორგანული აგროტექნოლოგიებისა და გარემოსდაცვითი ინოვაციების საკითხებს.
Biofach გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა. ეს არის შეხვედრის ადგილი მათთვის, ვისაც ორგანულ ბაზარზე შესვლა სწადია ან საკუთარი მეურნეობის განვითარებით არის დაინტერესებული, ეძებს პარტნიორებს, ახალ კონტაქტებს ან თუნდაც, ორგანულ სექტორის უახლეს ტენდენციების, გარემოსადმი მეგობრული მეურნეობის მეთოდების, სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ინფორმაციების მიღება და დისკუსიებში მონაწილეობა სურს.
საქართველოსვე ბიოფახზე
ბიოწარმოება საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება. ძირითადი მიმართულებებია: ბიომეღვინეობა, ბიოთხილი, ბიო მეფუტკრეობა; სამკურნალო მცენარეები და ა.შ. გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობის მოტივით, ადგილობრივი ბაზარიც თანდათან ინტერესდება ბიოპროდუქტებით, ექსპორტის პოტენციალიც საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან) ამარტივებს ბიოპროდუქტების ექსპორტს. ამასთან, დონორი ორგანიზაციები ბიოწარმოების განვითარებას ხელს უწყობენ სხვადასხვა გრანტითა და ტრენინგით. უამრავი გამოწვევის წინაშე მდგარი ბიო მწარმოებლების შესახებ სხვა დროს გიამბობთ, ახლა ბიოფახით შემოვიფარგლოთ მხოლოდ.
ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, Biofach ევროპის ფანჯრის გახსნის და ქვეყნის ამ მიმართულებით პოპულარიზაციის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ქვეყანა პირველად გამოფენაზე 2004 წელს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას ძალისხმევით მოხვდა. მაშინ, სპეციალისტებისა და დამთვალიერებლების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სამი სახის ქართულმა ღვინომ – „საფერავი“, „რქაწითელი“ და „ჩინური“, – და თაფლის ნაირსახეობებმა.
გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო მაღალმთიანი ზონების სუნელები, თხილი, ჩირი და წიწაკა. ამის შემდეგ თითქმის ყოველ წელს მცირე მასშტაბებით, თუმცა მაინც ახერხებენ ქართველი ბიო მწარმოებლები ბიოფახზე საკუთარი პროდუქციის პრეზენტაციას.
წლევანდელ საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაზე საქართველო განსხვავებული ფორმატით წარსდგა. ქართული დელეგაცია ნიურნბერგში გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაემგზავრა, სადაც მას მიეცა შესაძლებლობა ნატურლენდის ლაუნჯში მოეწყო სპეციალური ღონისძიება – ქართული გემო: თხილი, ღვინო და ორგანული საოცრებები. პრეზენტაციების საშუალებით სტუმრები გაეცნენ საქართველოს ორგანულ სექტორს და მის ღირებულებათა ჯაჭვებს: ღვინოს, თხილს და ველურ კოლექციებს.
პრეზენტაციების ბოლოს ქართული ორგანული პროდუქტების დეგუსტაცია გაიმარტა. სტუმრებმა დააგემოვნეს უმაღლესი ხარისხის ქართული თხილი და ღვინო. ამის შემდეგ, პროექტმა უზრუნველყო ქართველი მეწარმეების შეხვედრები ორგანულ მწარმოებლებთან, შემსყიდველებთან და მასერტიფიცირებელ ორგანოებთან.
ორიოდე სიტყვა პროექტის შესახებ 2023 წლის ოქტომბრიდან გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით, ასოციაცია ნატურლანდმა (Naturland) დაიწყო პროექტის „KVP საქართველო“ განხორციელება, რომლის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების და სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების დანერგვას, რაც მომავალში, სოფლებში სტაბილურ დასაქმებას და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას უნდა მოემსახუროს. პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა საგანმანათლებლო კურსი, რომელიც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: ორგანული სოფლის მეურნეობა და სამართლიანი ვაჭრობის პრინციპები; ქართული ჩაი; ქართული ღვინო; ორგანული სოფლის მეურნეობა და მცირე საოჯახო მეურნეობები. ნატურლანდი
|
P.S. არ შეიძლება განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადოთ ნატურლანდის გუნდს ევა გემელს, მარიამ მირცხულავას და ლაშა ჭანტურიას Biofach-ზე საქართველოს ასე ღირსეული წარდგენის და ასევე ქართველი ფერმერებისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნის ორგანიზებისთვის.
და ბოლოს, ბიოფახის თანმდევი ემოცია
დადიხარ უზარმაზარ პავილიონებში, ათვალიერებ კოხტა, მოწესრიგებულ, ერთმანეთისგან განსხვავებულ დახლებს როგორც შინაარსით ასევე დიზაინით; აკვირდები ადამიანებს ყველა კონტინენტიდან, სხვადასხვა ღიმილებით და მანერებით; გამომეტყველებით და ტრადიციის შესაბამისი ფამილიარობით, რომლებიც უყოყმანოდ გთავაზობენ საკუთარ ნაწარმს, ხბოს აღტაცებით დაუზარებლად გესაუბრებიან მისი შექმნის ყველა ეტაპის შესახებ და ამით, იმისდაუნებურად გიწილადებენ თავიანთი ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას, სითბოს… უკვე მერამდენედ ჩერდები ერთსა და იმავე დახლთან კმაყოფილებით აღვსილი…
ამ პავილიონებში სეირნობისას აღმოვაჩინე, რომ ჰედონიზმით გაჯერებულ მომხმარებლურ სამყაროს ჯერ კიდევ აქვს სიცოცხლის პერსპექტივა, რომელიც ბუნებაში არსებული ყველანაირი მრავალფეროვნების ნებისმიერ ფასად გადარჩენა/შენარჩუნებაში მდგომარეობს, ოღონდ ეს მრავალფეროვნება ორგანული უნდა იყო ანუ ბიო.
მოამზადა თამარ ფხაკაძემ,
ფერმერ ქალთა ასოციაციის მკვლევარმა