აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობარუბრიკები

ნესვი

ნესვის სამშობლოდ შუა აზია, მცირე აზია და ამიერკავკასია ითვლება. იგი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებს (14-18 %-მდე). მდიდარია A, B და C ვიტამინებით. ნესვი გამოიყენება, როგორც ნედლად, ისე გადასამუშავებლად- მისგან ამზადებენ თაფლს, ჩირსა და ფაფას.

ბიოლოგიური დახასიათება

თესლი ბრტყელია, კვერცხისებური ან წაგრძელებულ-ოვალური ფორმის, ძირითადად ყვითელია ან თეთრი. 1 გრამში 18-24  ცალი თესლია. ნესვს ფესვი ძლიერ განტოტვილი აქვს. ფესვების ძირითადი მასა ნიადაგში გაშლილია ზედაპირულად. ღერო მხოხავია, მომრგვალო, დაკუთხული, ისეთივე დატოტვა ახასიათებს, როგორც კიტრს. ფოთოლი შებუსულია მომრგვალო ან გულისებური მწვანე, ფოთლის იღლიაში მოთავსებულია ულვაშები. ნესვი ერთსახლიანი და ერთსქესიანი მცენარეა. მამრობითი ყვავილები ფოთლის იღლიაში ყვავილედად შეკრული სხედან, ხოლო მდედრობითი ყვავილები ერთდროულად არიან. განაყოფიერება ხდება ჯვარედინად, მწერების მეშვეობით.

ნაყოფი შეიძლება იყოს მრგვალი, ბრტყელი, ცილინდრული მსხლისებური და ა.შ ზედაპირი გლუვი, დანაოჭებული, დასეგმენტებული და მეჭეჭიანი. შეფერვა: ყვითელი, მწვანე, თეთრი. კონსისტენცია: მკვრივი, ხრაშუნა, ფხვიერი.

გარემო პირობები

ნესვი სითბოს მოყვარული მცენარეა, თესლის აღმოცენება იწყება 15 გრადუსზე, მაღალ ტემპერატურაზე ამოდის  7-12 დღეში.  ნაყოფის განვითარებისათვის 25-30 0 C-ია. მცენარე მგრძნობიარეა ყინვების მიმართ, როგორც ახლად აღმოცენებული, ისე მოზრდილი მცენარე იღუპება მცირე ყინვების დროსაც კი.

ნიადაგი და აგროტექნიკური მახასიათებლები

ნესვი დიდ მოთხოვნას უყენებს ნიადაგის ტენიანობასა და ნაყოფიერებას. კარგ მოსავალს იძლევა სტრუქტურული, მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის ნიადაგებზე. ნიადაგის დამუშავებისას შეაქვთ 40-60 ტონა ნაკელი. სუპერფოსფატი 120-160 კგ, კალიუმი 80-120 კგ და აზოტი 100-150 კგ

თესვა

ნესვი მოყავთ, როგორც ჩითილის გამოყვანით, ისე პირდაპირ ღია გრუნტში თესვით. ჩითილი გამოყავთ ერთჯერად ჭიქებში ან სპეციალურ კასეტებში. გადასარგავად გამზადებული ჩითილი უნდა იყოს 20-25 დღის აუწოწავი. თესლი ითესება კარგად დამუშავებულ ნიადაგში, ბუდობრივად. მწკრივებს შორის  1,5-2 მ-ის დატოვებით, ხოლო მწკრივში ბუდნებს შორის  0,5-1 მეტრის დატოვებით. სათესი ნორმა 1,5-2 კგ/ჰა-ზე.

სარწყავ პირობებში საჭიროა 3-4-ჯერ მორწყვა პირველ ყვავილობამდე და შემდეგ ნაყოფების გამონასკვის პერიოდში. ყოველი მორწყვის შემდეგ ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს კულტივატორით. მცენარეთა გამოკვება მინერალური სასუქებით დაკავშირებული უნდა იყოს მორწყვასა და კულტივაციასთან.
აღმოცენების შემდგომ ტარდება 2-4 კულტივაცია. პირველი კულტივაცია 14-16 სმ სიღრმეზე, დანარჩენი 10-12 ზე.

მოსავლის აღება

ბაღჩეული კულტურები ერთდროულად არ შემოდის. ნაყოფი უნდა მოიწყვიტოს ყუნწიანად. სათესლედ განკუთვნილი ნაყოფები აღებული უნდა იქნეს გვიან, თესლის კარგად მომწიფებისას.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“

წყარო: www.agrovitafsc.com