აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

ნეზვების და კერატების შეფასება

ღორების პროდუქტიულობის შეფასების დროს ძირითად მაჩვენებლად ნეზვისგან მიღებული ნამატის სიდიდე ითვლება. მნიშვნელოვანია მსხვილნაყოფიანობა, მერძეულობა, ხოლო კერატების შეფასებისას _ მწარმოებლური უნარი (დაგრილებული და განაყოფიერებული ნეზვის პროცენტული თანაფარდობა).

კერატის შეფასებისას აუცილებელია დაგრილებული დედაღორების ნაყოფიერების, ნაყოფის ხარისხი, 2 თვის ასაკში ბუდის წონის გათვალისწინება. ღორების საშუალო ნაყოფიერება 10-11 გოჭია, ხოლო ცალკეული ღორებისა 20 _  გოჭამდე.

მსხვილნაყოფიანობა დაყრისას გოჭების წონას აჩვენებს.

გოჭების წონა ნეზვთან მიშვებამდე 1-1,3 კილოგრამი უნდა იყოს.

მერძეულობა _ ეს გოჭების ცოცხალი წონაა ბუდეში 30 დღის ასაკში.

ყველა ჯიშის ღორები სქესობრივ მომწიფებას 5-6 თვეში აღწევენ, თუმცა, სანაშენე მეურნეობაში კერატებს დასაგრილებლად 11-12 თვის შემდეგ უშვებენ, როცა ტახები 160-180 კილოგრამს, ხოლო საწარმოო მეურნეობაში 10-11 თვის ასაკში, როცა ღორები 130-150 კილოგრამს მიაღწევენ. ბუნებრივი დაგრილებისას ახალგაზრდა კერატის დატვირთვა წელიწადში 10-15 ნეზვია. დღეში დასაშვებია ერთი შეჯვარება.

დაგრილებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე და თვეში ერთხელ დაგრილების დროს მოწმდება სპერმის ხარისხი. კერატებს, რომლებიც მომწვანო ან მოწითალო შეფერილობის, შარდის სუნის მქონე სპერმა და ეაკულატის მოცულობა 100სმ-ზე ნაკლები აქვთ, დასაგრილებლად არ იყენებენ. სპერმა, რომელიც 1 მლ/ლ-ში 0,21 მლრდ და მეტ სპერმატოზოიდს შეიცავს, სქელ სპერმად ითვლება, 0,11-დან 0,21 მლრდ-მდე _ საშუალო სისქის სპერმად. თუ სპერმაში მკვდარი სპერმატოზოიდები 50%-ზე მეტია – იგი უვარგისია. ბუნებრივი განაყოფიერებისას 2 დღეში ერთი შეჯვარება ნორმალურ დატვირთვად ითვლება. ყოველდღიური შეჯვარება დასაშვებია 2 წელზე უხნესი კერატებისათვის.

ნეზვები გოჭების ასხლეტიდან მე-4 _ მე-6 დღეში ხურდებიან. სანაშენე მეურნეობებში ღორებს მე-10-11 თვეზე აგრილებენ, როცა მათი წონა 130-150 კილოგრამს აღწევს, საწარმოო მეურნეობებში კი მე- 9-10  თვეს, როცა ნეზვების წონა 110-120 კილოგრამია.

ღორის სქესობრივი ციკლი 3 პერიოდად იყოფა: 1.  ახურება 2. ახურების შემდგომი პერიოდი 3. სიმშვიდე.  სქესობრივი ციკლი ყოველ 16-21 დღეზე 14-30 დღის ცდომილებით მეორდება.

ახურების პერიოდი შეიძლება დაიყოს სამ სტადიად:

პირველში _ ნეზვებს უშუპებენ და უწითლებენ გარეგან სასქესო ორგანოებს.

მეორეში – საერთო აგზნების დროს ჩნდება კერატისკენ ლტოლვა. ნეზვს უმახვილდება სმენა, ყნოსვა, უქვეითდება მადა, ახტება სხვა ღორებს, ​კერატი ცდილობს მის დაგრილებას, მაგრამ ის ერთ ადგილზე არ ჩერდება.

მესამე სტადიისას _ (ატეხვა) ნეზვი დაგრილებისას გაუნძრევლად დგას. გაუნძრევლობის რეფლექსი – მესამე პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია.

ახურება გრძელდება 3-4 დღე, ახურებიდან ერთი დღის შემდეგ ნეზვი მზად არის შეჯვარებისთვის და ეს 50-60 საათი გრძელდება. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში იგი 10-12 საათით მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე ზამთარში.
ზრდასრულ ნეზვებს ოკულაცია ატეხვიდან 20 საათის შემდეგ ეწყებათ, ახალგაზრდა ღორებს _ 24-30 საათის შემდეგ. რომ არ გაცდეს დაგრილებისათვის საუკეთესო დრო, ახურების ნიშნების შენარჩუნებისთანავე ნეზვებს აცალკევებენ და კერატით დღეში 2-3 ჯერ ცდას ატარებენ.

ერთ ატეხვაზე ნეზვი 2-ჯერ, 12-15 საათის ინტერვალით უნდა დაგრილდეს. ნორმალური დაგრილება 5-8 წუთი გრძელდება.

დაგრილებულ ღორებს 2-3 დღე ცალკე ამყოფებენ, შემდეგ მაკე ღორებს 25-30 სულს ერთად აჯგუფებენ და სხვა ნეზვებისაგან აცალკევებენ.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“