ნიადაგის დამუშავების No Till ტექნოლოგია
საქართველოში, სოფლის მეურნეობის სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიებს ნაკლებად იყენებენ. ბოლო პერიოდში, აგრო საკონსულტაციო კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მეტი ინვესტიციით ფერმერი მოსავალს 50-100%-ით გაზრდის. ასეთი ინვესტიციების უმეტესი წილი კი სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიწაზე მუშაობის განსხვავებულ მეთოდებზე მოდის.
კომპანია „აგრო სოლუშენს ჯგუფში“ ხშირად საუბრობენ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ქართველი ფერმერები დგანან. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა მათი სიახლეებზე წვდომის არ არსებობაა. ფერმერებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა და ინფორმაცია იმისთვის, რომ მოსავლის რაოდენობა საგრძნობლად გაზარდონ. განსაკუთრებით სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან ის ფერმერები, ვინც ხორბლის წარმოებაზე მუშაობს.
„აგრო სოლუშენს ჯგუფის“ კონსულტანტები განმარტავენ, რომ ხარისხიანი ქართული ხორბლის არარსებობის მთავარი მიზეზი ნიადაგია. მათი თქმით, სამხრეთ-აღმოსავლეთის იმ ნაწილში, სადაც უმეტესად ხორბალი მოჰყავთ, გაუდაბნოებისკენ მიდრეკილი მიწებია. სწორედ ასეთი ნიადაგისთვის იყენებენ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში No Till, ანუ მოხვნის გარეშე ტექნოლოგიას.
„ხვნა ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება ნიადაგს გავუკეთოთ. აუცილებელია, შევინარჩუნოთ ნიადაგის ნაყოფიერი ფენა. No Till ტექნოლოგიის გამოყენებით, ნიადაგში თესლი მოხვნის გარეშე ითესება. არსებობს სპეციალური სათესი დანადგარები, რომლებიც თესლს ზუსტად თესავს საჭირო ადგილას და ტერიტორიის დაახლოებით 70%, ფაქტობრივად, ხელუხლებელი რჩება. სწორედ ამით ვინარჩუნებთ ნიადაგის ზედაპირს ისე, რომ ეროზია აღარ მიმდინარეობს,“ _ განმარტავს „აგრო სოლუშენს ჯგუფის“ დირექტორი დიანა ბერია.
No Till ტექნოლოგიის გამოყენებით ნიადაგს საქართველოში იშვიათად ამუშავებენ, რადგან ჯერჯერობით სპეციალური ტექნიკა ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, აღნიშნულ ტექნოლოგიას აქტიურად იყენებენ ამერიკასა და ევროპაში.
დევიდ ჰოლუბეკმა, რომელსაც ხორბლისა და ჭვავის ყანები ტექსასში აქვს გაშენებული, ტრადიციული მეთოდების გამოყენება რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა და No Till ტექნოლოგიით ჩაანაცვლა. შესაბამისად, შეცვალა სასუქების ტიპი, დაავადებების მართვის მიდგომა და ა.შ. ამერიკელი ფერმერი ამბობს, რომ No Till ტექნოლოგიის გამოყენების შემდეგ, არასდროს დამდგარა ძირების გაყინვის საფრთხის წინაშე. ასევე, მოეხსნა წყლის პრობლემაც და ყანას, ადრინდელთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის წყალი სჭირდება.