ნიადაგის დამუშავების ტრადიციული ტექნოლოგია
ნიადაგის დამუშავების ტრადიციული ტექნოლოგია პირველ რიგში ნიადაგის ფრთიანი გუთნით მოხვნას გულისხმობს.
ტრადიციული ტექნოლოგია ყველაზე უკეთეს შედეგს იმ რეგიონებში იძლევა, სადაც ნალექების რაოდენობა 300-400 მმ აჭარბებს.
გუთანი შეუცვლელია ყამირი და ნასვენი ნიადაგების მოსახნავად, სიდერატებისა და სარეველების ჩასახნავად.
გუთანი ნიადაგის დამუშავების სხვა სისტემაშიც თავის ადგილს იკავებს, რადგან ხვნა იმის გარდა რომ ბელტის გადაბრუნებას, ნიადაგის გაფხვიერებას და არევას უზრუნველყოფს, ახდენს ნაწვერლის ნარჩენებისა და სასუქის ნიადაგში ჩაკეთებას, წვიმის შედეგად სახნავი ფენის ქვემო ნაწილში ჩატანილი ყუათიანი წვრილი კოლოიდური ნაწილების ზედაპირზე ამოტანას, ხოლო ზედა უსტრუქტურო მტვრიანი ფენის მათ ადგილზე ჩატანას.
ასეთი ადგილმონაცვლეობის შედეგად უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენში დამკვიდრებული ნიადაგის „ტოტალური” ხვნა ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებას და გაუმჯობესებას ყველა რეგიონში არ უწყობს ხელს, რადგან სახნავი ფენის ხშირი გადაბრუნება და გაფხვიერება ნიადაგის დეგრადირებას, ჰუმუსის მინერალიზაციას, ხოლო ფერდობის პირობებში გადიდებულ ეროზიას იწვევს.
თავთავიანი და სათოხნი კულტურების მოყვანის ინტენსიური ტექნოლოგია, ტრადიციული წესით მოხვნის გარდა, სპეციალურად ნიადაგის თესვისწინა დამუშავებას გულისხმობს ისე, რომ ზედაპირი წვრილკოშტოვანი და კარგად მოსწორებული იყოს (მოშანდაკებული). ეს ხელს უწყობს ჰერბიციდების, პესტიციდების და კულტურების თესლის თანაბარ განაწილებას, მზის რადიაციის თანაბრად შთანთქვას. ამის გარდა ინტენსიური ტექნოლოგია დაპროგრამებული მოსავლის მიღებისათვის ვეგეტაციური პროცესების მართვას გულისხმობს.
ბუნებრივია, ნიადაგის დამუშავების ინტენსიური ტექნოლოგია ტრადიციული ტექნოლოგიის ჩამოთვლილ ნაკლოვანებებს კიდევ უფრო აღრმავებს. დადგენილია, რომ სატრანსპორტო ტვირთბრუნვის გათვალისწინებით მინდვრის 50-80% ტექნიკის სავალი ნაწილის ნაკვალევით იფარება. ამასთან, ნიადაგის დატკეპნვის სიღრმე ერთ მეტრს აღწევს.
რევაზ მახარობლიძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი