აგრარული განათლებარუბრიკებისტატიები

ნიადაგის დეგრადაცია საქართველოში

ნიადაგის დეგრადაცია (ფიზიკური, ბიოლოგიური, ქიმიური) უარყოფითი პროცესია, რომლის შედეგად ნიადაგი კარგავს ადრე დაგროვებულ ორგანულ ნივთიერებებს – ჰუმუსს, რაც იწვევს ნიადაგის ნაყოფიერების კლებას 55-65%-ით და შესაბამისად, მისი ეკონომიკური ღირებულების შემცირებას.

ევროკომისიის უდაბნოების მსოფლიო ატლასის თანახმად   დედამიწის მიწის ფართობის 75 პროცენტზე მეტი უკვე დეგრადირებულია.   2050 წლისთვის ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი 90%-მდე გაიზრდება. 1994 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააწესა კონვენცია გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ (UNCCD), რომლის მიხედვითაც  122 ქვეყანამ მიიღო ვალდებულება მიწის დეგრადაციის ნეიტრალიზაციის  მიმართულებით მუშაობაზე.საქართველოში ნიადაგის ხარისხი უარესდება. ნიადაგის დეგრადაციის ხელშემწყობი ბუნებრივი ფაქტორებია:  რელიეფი, კლიმატი, მცენარეული საფარის არარსებობა, ნიადაგის ხასიათი / შემადგენლობა და სხვა;  ნიადაგის დეგრადაციის გამომწვევი ანთროპოგენური ფაქტორებია: ეროზია, დაბინძურება, მეორეული დაჭაობება, დამლაშება, სასარგებლო წიაღისეულისა და საშენი მასალების ღია წესით მოპოვება, არასწორი და არამდგრადი სამეურნეო საქმიანობები, საძოვრების არამდგრადი მართვა და სხვ.

წყარო: აგროკავკასია

ნიადაგის დამლაშება

ნიადაგის დამლაშებას იწვევს დედამიწის ზედაპირზე ამოსული მარილი, რომელიც გრუნტის წყლის აორთქლების შედეგად წარმოიქმნება. პრობლემა დამახასიათებელია ქვემო ქართლის, გარე კახეთისა და ალაზნის ვაკისათვის. ამ ტერიტორიაზე არსებული ნიადაგი ბუნებრივად შეიცავს სხვადასხვა ადვილადხსნად მარილს, თუმცა ინტენსიურ, მეორეულ დამლაშებას ხელი ანთროპოგენურმა საქმიანობამაც შეუწყო, კერძოდ, მოსახლეობის მიერ ნიადაგების არასწორმა მელიორაციამ და ექსპლოატაციამ.ასეთი ტიპის ნიადაგისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შერჩევა,მაგ., მარცვლეულიდან – ქერი და ჭვავი (0,5%-მდე დამლაშებისას). ბოსტნეული კულტურებიდან დამლაშებულ ნიადაგს უკეთ იტანენ სატაცური და ხახვი, რომლებიც უძლებენ 0,6%-ის დამლაშებას. მლაშე ნიადაგისადმი ამტანობა ახასიათებთ: მსხალს, ლეღვსა და ზეთისხილს.

დამლაშების თავიდან აცილების მიზნით, მოსავლის აღების შემდეგ, ზაფხულში ნიადაგი უნდა აიჩეჩოს ან გადაიხნას, რათა შემცირდეს აორთქლება.

ნიადაგის ეროზია

ნიადაგის ეროზია- ეს არის ნიადაგის ზედა, ყველაზე ნაყოფიერი ფენის რღვევის, დაშლის პროცესი. არსებობს ეროზიის სამი ძირითადი სახე: წყლისმიერი, ქარისმიერი (ეოლური) და გეოლოგიური ეროზია.

       ნიადაგის ეროზიის გამომწვევი მიზეზებია:

  • ნიადაგის დამუშავება წესების დარღვევით;
  • ფერდობების უსისტემო ათვისება ;
  • კულტურების არასწორი შერჩევა;
  • შეუფერებელი ან არასწორი სასოფლო-სამეურნეო მექანიზმების გამოყენება ;
  • ნიადაგის ზედაპირის დამცავი მცენარეული საფარის გამეჩხერება ;
  • საძოვრების ინტენსიური გამოყენება და გადაძოვება;
  • ტყის მასივების უსისტემო გაკაფვა;

საძოვრები

საძოვრების ინტენსიური გამოყენება მიწის დეგრადაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. ძოვებისაგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესამცირებლად, აუცილებელია საძოვრების მდგრადი მართვა. ფინანსური და ეკოლოგიური თვალსაზრისით უფრო მომგებიანია საძოვრების გაუმჯობესება ზედაპირული ღონისძიებებით.

პესტიციდების და სასუქები

თანამედროვე სოფლის მეურნეობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად ინდუსტრიულ ტექნოლოგიებს იყენებს, რომელიც, თავის მხრივ, პესტიციდებისა და სასუქების ინტენსიურ მოხმარებას ითვალისწინებს. პესტიციდების და მცენარეთა დაცვის სხვა ქიმიური საშუალებებისა და არაორგანული/მინერალური და ორგანული სასუქების არასწორმა გამოყენებამ მნიშვნელოვნად დააბინძურა გარემო, რამაც, საბოლოო ჯამში, ნიადაგისა და ატმოსფეროს, მცენარეული და ცხოველური პროდუქტების, სასმელი და სარწყავი წყლების დაბინძურება და დეგრადაცია გამოიწვია, რაც ხშირად ადამიანისა და ცხოველების არა მარტო მოწამვლის და მძიმე დაავადებების, არამედ სიკვდილის გამომწვევი მიზეზიც გამხდარა.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა, მკაცრად რეგულირდებოდეს ამ ნივთიერებების დოზირების, ტრანსპორტირების, შენახვარეალიზაციის, ნარჩენების გაუვნებელყოფისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხები. ასევე მნიშვნელოვანია სიფრთხილით შეირჩეს გამოსაყენებელი ქიმიური საშუალებები.

ნიადაგის დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან საქართველოში ნიადაგის მდგრადი გამოყენება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მთავარი რეზერვი და მდგრად გარემოში ცხოვრების წინაპირობაა.

ავტორი: მარიამ გერგედავა