ნიადაგის მზრალად დამუშავება
ნიადაგის მზრალად დამუშავების სისტემა გულისხმობს საგაზაფხულო მინდვრის კულტურებისათვის ნიადაგის მომზადებას შემოდგომით. ასეთ ხნულს მზრალი ეწოდება. წინათ მზრალს უწოდებდნენ იანვარ-თებერვალში, ანდა ადრე გაზაფხულზე მოხნულსაც. მაგრამ მას მზრალისა მხოლოდ სახელწოდება ჰქონდა მიცემული.
ის ამოცანები კი, რაც მზრალად მოხვნით გადაიჭრება, მიუღწეველი იყო. საქმე იმაშია, რომ შემოდგომის მზრალი ხნულად შეჰყვება ხოლმე ზამთარს და განიცდის გვიანი შემოდგომისა და ზამთრის სუსხის გავლენას, რის გამოც მას „მზრალი“ ეწოდება.
მზრალის შემოდგომით დამუშავება ხელს უწყობს ნიადაგში მეტი ტენისა და საკვები ელემენტების დაგროვებას, ამასთან ნიადაგი მავნებელთა და დაავადებებისგან უკეთესად იწმინდება, ისპობა სარეველა მცენარეების ფესვები და თესლი, უმჯობესდება ხნულის ფიზიკური მდგომარეობა.
ნიადაგის მზრალად დამუშავების რამდენიმე სახეობას არჩევენ:
კორდის დამუშავების სისტემა;
ნაწვერალის და მუშავების სისტემა;
სათოხნი კულტურებისაგან განთავისუფლებული მინდვრის დამუშავების სისტემა.
ესენი ერთიმეორისაგან განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რა ამოცანაა პირველ რიგში გადასაჭრელი იმ წინამორბედი კულტურების შემდეგ, რომელიც დასამუშავებელ ფართობზე იყო და შექმნა გარკვეული მდგომარეობა. კორდის (ბუნებრივი კორდი, ხელოვნური კორდი, აგრეთვე ყამირი და სხვა) შემთხვევაში მნიშვნელოვან და პირველ რიგში გადასაჭრელ ამოცანას შეადგენს მრავალწლოვანი ბალახის სიცოცხლის უნარის ჩახშობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ადვილად გამოცოცხლდება, მთლად დაფარავს ნაკვეთს და შეუძლებელი იქნება მინდვრის კულტურის მოყვანა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ბელტის სრული გაფხვიერება იმგვარად, რომ არ გამტვერდეს და შერჩეს მტკიცე სტრუქტურა. ნაწვერალის შემთხვევაში, პირველ რიგში გადასაჭრელ ამოცანას შეადგენს ნაკვეთის გაწმენდა სარეველებისაგან, რომელიც რჩება მოსავლის აღების შემდეგ. სათოხნი კულტურების შემდეგ კი (სიმინდი, მზესუმზირა და სხვა) რჩება მათი კაჭაჭები და სხვა ნარჩენები, რომელთაგან ნაკვეთის პირველ რიგში გაწმენდა გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს.
ბუნებრივი კორდის დამუშავება იწყება ნაკვეთის გაწმენდით და მოსწორებით თესვამდე რამოდენიმე თვით ადრე. გაწმენდის შემდეგ მოასწორებენ და დისკოებიანი ფარცხით დაფარცხავენ ნიადაგის ქვედა ფენების ამოუბრუნებლად გაფხვიერების მიზნით, შემდეგ კი ხნავენ სრულ სიღრმეზე წინმხვნელიანი გუთნით. თუ ბუჩქნარია, ზაფხულის ბოლოს ხნავენ სრულ სიღრმეზე 2-3 ტანიანი საჯაგე გუთნით. მომდევნო გაზაფხულზე მძიმე ფარცხით აფხვიერებენ.
ხელოვნური კორდის დამუშავება, ნიადაგის სტრუქტურის და ნაყოფიერების მაქსიმალურად შენარჩუნებისათვის წარმოებს წინმხვნელიანი გუთნებით. უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური კორდის ძირითადი დამუშავება წინმხვნელიანი გუთნით დამუშავებით შემოიფარგლება, ზოგიერთი შემთხვევის გამოკლებით, თუ ხნული უსწორმასწორო და ბელტიანია, საჭირო ხდება მისი სპეციალური აგრეგატებით დამუშავება იმისდა მიხედვით, თუ რა კულტურა იქნება დათესილი. ცხადია, საშემოდგომო თავთავიანი კულტურების დასათესად ნაკვეთი ჯერ კიდევ ზაფხულში მოიხვნება. საერთოდ, კორდის მოხვნის კონკრეტული ვადების დადგენისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ადგილობრივი კლიმატური და ნიადაგობრივი პირობები, რელიეფი, კულტურის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა და სხვ.
ნაწვერალის დამუშავების სისტემა ჩვეულებრივად შედგება მოსავლის აღებისთანავე ნაწვერალის აჩეჩვისა და შემდგომში ნიადაგის სრულ სიღრმეზე კულტურული მოხვნისაგან. ამა თუ იმ მხარის კლიმატური, ნიადაგობრივი პირობებისა და სახნავი მინდვრების დასარევლიანების მიხედვით, ზოგჯერ საჭირო ხდება დამუშავების აღნიშნულ ძირითად ხერხებს დაემატოს ესა თუ ის დამატებითი ღონიძიება, ზოგჯერ კი ღრმა ცვლილებების შეტანაც. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებად ითვლებოდა ანეულების სისტემა, რომელიც გულისხმობს ნიადაგის გარკვეული დროით „დასვენებას“ თესვის წინ დამუშავების სხვადასხვა სისტემებით.
ამჟამად ანეულების ეს სისტემა ბევრ ქვეყნებში უარყოფილია, მას პრაქტიკულად არსად აღარ მისდევენ, ვინაიდან უკვე დამუშავებულია ნიადაგის ნაყოფიერების და სტრუქტურის უფრო ეფექტური ღონისძიებები „კულტურა აღმდგენების“ (მაგ. იონჯა) და მინერალური და ორგანული სასუქების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მიწათმოქმედებაში მინიმუმადეა შემცირებული დროის დანაკარგები, მემცენარეობის პროდუქცია ყველაზე კონკურენტუნარიანი მიიღება.
მინდვრის სათოხნი კულტურებისაგან განთავისუფლებული ნიადაგის დამუშავების სისტემა დამოკიდებულია იმაზე, რომ სათოხნი კულტურების აღების შემდეგ ნაკვეთი ჩვეულებრივ უფრო გაფხვიერებულია და სარეველებისაგან გაწმენდილი, მაგრამ ნიადაგში მაინც ბევრი რჩება სარეველების თესლის და მავნებლებისა და დაავადებათა კერები. მოვლის პერიოდში ჩატარებული კულტივაციათოხნის გამო ნიადაგის ზედაფენა გაცილებით უფრო მეტად გამტვერებულია ნაწვერალთან შედარებით.
სათოხნი კულტურების უმეტესობა ნაკვეთს ზაფხულის დამლევს ან გვიან შემოდგომით ათავისუფლებს. მოსავლის აღების შემდეგ ნაკვეთზე რჩება მათი ნარჩენები, რომელთა ნიადაგში ჩახვნა მიზანშეუწონელია, რადგან ხშირად ისინი იმდენად დიდი ზომისანი არიან, რომ არც ბელიტით იფარება(სიმინდის, მზესუმზირას, თამბაქოს, ბამბის კაჭაჭები) და არც მოკლე ხანში ხდება მათი დაშლამინერალიზაცია.
ამის გამო, ნაკვეთი, როგორც წესი, პირველ რიგში ამ ნარჩენებისაგან უნდა გაიწმინდოს. რაღა თქმა უნდა, აქ გამორიცხულია აჩეჩვის ოპერაცია და ნარჩენებისაგან გაწმენდის შემდეგ ნაკვეთი მოიხვნება მზრალად, წინმხვნელიანი გუთნით. როგორც ცნობილია, წინმხვენილიანი გუთანი ზედა გამტვერებულ ფენას ქვეშ მოაქცევს, ხოლო ქვედა ფენას, სადაც გვხვდება სარეველა მცენარეთა თესლისა და ვეგეტატიური გამრავლების ორგანოთა წინა წლების მარაგი, ზევით ამოიტანს. ნიადაგში არსებული ტენისა და შემოდგომის სითბოს პირობები ხელს უწყობს მათ აღმოცენებას. როდესაც ხნული მოიფინება მათი აღმონაცენებით, მიზანშეწონილია შემოდგომითვე ჩატარდეს ერთი-ორი აოშვა და კულტივაცია.
სათოხნი კულტურები საუკეთესო წინამორბედს წარმოადგენენ საშემოდგომო თავთავიანი კულტურებისათვის. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდდება რთულმინდვრიანი თესლბრუნვების პირობებში. როგორც ზევით იყო აღნიშნული, საქართველოს დაბლობში შემოდგომა იმდენად ხანგრძლივი და თბილია, რომ სათოხნი კულტურების დასათესად მომზადებისათვის დრო საკმარისზე მეტია. ცხადია, ასეთი ნაკვეთები მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული საშემოდგომო კულტურების მოსაყვანად.