ნიადაგის თესვისწინა და თესვისშემდგომი დამუშავება
ნიადაგის თესვისწინა დამუშავებაში იგულისხმება ნიადაგის დასათესად მოსამზადებლად გარკვეული თანმიმდევრობით შესრულებული დამუშავების წესების ერთობლიობა. კულტივაცია, დადისკოება, ფარცხვა უნდა ჩატარდეს მხოლოდ თესვის დღეს, რაც გაზრდის კულტურის კონკურენტუნარიანობას სარეველებთან შედარებით.
თესვისწინა დამუშავება და თესვა თუ მჭიდრო ვადებში არ განხორციელდა, მაშინ სარეველები ადრე აღმოცენდება და განვითარდება, ვიდრე დათესილი კულტურები.
თუ თესვისწინა კულტივაციის შემდეგ წვიმის მოსვლის ან სხვა მიზეზის გამო, შეუძლებელია თესვა, მაშინ აუცილებელია თესვისწინა დამუშავების განმეორება. თესვისწინა დამუშავების დროს ნიადაგის გადაბრუნება რეკომენდებული არ არის1!
თესვისწინა დამუშავება მსუბუქ ნიადაგებზე ფარცხვის ჩატარებით უნდა განხორციელდეს, ხოლო მძიმე ნიადაგებზე _ კულრივაცია_ ფარცხვით.
თესვისშემდგომი დამუშავება
თესვის (დარგვის) შემდეგ დამუშავება მიმართულია სარეველა მცენარეთა განადგურების და ნიადაგის ზედაპირის გაფხვიერებისკენ, თესლის გაღივებისა და აღმოცენებისათვის.
მწკრივთაშორისების პირველი გაფხვიერება ტარდება მოცემული პირობებისათვის მაქსიმალურ სიღრმეზე, რადგან ამ სიღრმეზე ჯერ კიდევ არ არის მცენარეების ფესვები.
შემდეგ კულტივატორზე კეთდება ბრტყლადმჭრელი თათები და გაფხვიერება ტარდება ნაკლებ სიღრმეზე, მცენარის ფესვებს ზევით.
ნიადაგის მინიმალური დამუშავება. ნიადაგის დამუშავებას, დადებით ზეგავლენასთან ერთად შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს მის ნაყოფიერებაზე. მძიმე ტრაქტორების და იარაღების გამოყენება ამკვრივებს სახნავ და ზოგჯერ ქვესახნავ ფენას. ძლიერი გამკვრივების შედეგად ირღვევა ნიადაგის სტრუქტურა, ითრგუნება მიკრობიოლოგიური პროცესები, რაც მოსავლის შემცირებას იწვევს.
ხშირი გაფხვიერება ხელს უწყობს ორგანული ნივთიერების მინერალიზაციას, რაც იწვევს აზოტის დაკარგვას და ჰუმუსის შემცველობის შემცირებას, ტენის ნაკლებობისას მნიშვნელოვნად აშრობს ნიადაგს და აძლიერებს მის ეროზიას. დათვლილია, რომ ევროპაში და აშშ-ში ეროზიის გამო წელიწადში 1ჰა-ზე დაახლოებით 17ტ. ნიადაგი იკარგება, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში -20დან – 60ტ/ჰა. აშშ-ში ნიადაგის დეგრადაციის გამო ნაყოფიერების დაკარგვის საკომპენსაციოდ სასუქის 50%-ს იყენებენ. ნიადაგის მასობრივი დეგრადაციის პროცესი მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს.
ბოლო 50-60 წლის განმავლობაში ნიადაგის ნაყოფიერება 2-ჯერ, ცენტრალურ შავმიწანიადაგიან ზონის ნიადაგებში ჰუმუსის რაოდენობა _ 8-10%-დან 3-4%-მდე შემცირდა.
ზოგიერთ ლანდშაფტზე მიმდინარეობს ინტენსიური ბიოლოგიური და ფიზიკური დეგრადაცია: ჰუმუსის შემადგენლობა ჩამოვიდა კრიტიკულ ზღვარზე -1,3-1,4%. სამხრეთ რუსეთის უამრავი საველე ფართობები განიცდის ქარისმიერი ეროზიის ზემოქმედებას და ნახევარუდაბნოებად იქცა.