ოკავანგო _ მდინარე, რომელიც არსად ჩაედინება, მაგრამ უდაბნოს სიცოცხლით ასაჩუქრებს
აფრიკის სამხრეთი, სადაც ქარი და ქვიშა ბატონობს, ხოლო მზის მცხუნვარება თითქოს ყველაფერს წვავს, არსებობას საოცარი ბუნებრივი ფენომენი — მდინარე ოკავანგო, რომელიც ბუნების კანონებს თითქოს არ ემორჩილება და თავის განუმეორებელ სამყაროს ქმნის.
ეს მდინარე მაროტო გამორჩეული და განსაცვიფრებელი სილამაზით კი არ არის უნიკალური, არამედ იმითაც, რომ იგი არც ზღვაში და არც ოკეანეში არ ჩაედინება, „უდაბნოში იკარგება“ და დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და მრავალფეროვან ცოცხალ ეკოსისტემას — ოკავანგოს დელტას ქმნის.
ოკავანგო ანგოლას მთიანეთში იღებს სათავეს, სადაც კუბანგოს სახელით არის ცნობილი. მდინარე სამხრეთისკენ მიემართება, კვეთს ნამიბიას (კაპრივის ზოლი) და აღწევს ბოტსვანას, სადაც მისი ნაკადები ფართოდ იშლება და ქმნის უზარმაზარ ჭაობიან ტერიტორიებს – ოკავანგოს დელტას.
დელტა სეზონურად იტბორება და ზოგჯერ 15 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას ფარავს, რაც თითქმის საქართველოს ნახევარია.
ოკავანგო ბოტსვანისა და ნამიბიის ფერმერებისთვის სიცოცხლის წყაროა.
მდინარე იძლევა შესაძლებლობას, განვითარდეს:
-
მებოსნეობა, მემარცვლეობა, განსაკუთრებით სიმინდის წარმოება;
-
მეცხოველეობა, საძოვრების ეფექტიანად გამოყენება — განსაკუთრებით გვალვის სეზონზე;
-
თევზჭერა და აგროტურიზმი, როგორც ადგილობრივი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო.
დელტის პერიოდული დატბორვა ბუნებრივად ანაყოფიერებს ნიადაგს, ქმნის ორგანულ მასას და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. თუმცა სპეციალისტები აფრთხილებენ, რომ ირიგაციული სისტემების გადაჭარბებული მოხმარება ან წყლის არხებით სხვა ტერიტორიებზე გადამისამართება დაარღვევს დელტას ბუნებრივ ბალანსს.
ოკავანგოს დელტა აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბუნებრივი ოაზისია. აქ ბინადრობს:
-
აფრიკაში სპილოების ყველაზე დიდი პოპულაცია;
-
ზებრები, გნუები, ლომები, მარტორქები და ნიანგები;
-
ასეულობით სახეობის ფრინველი, რომლებიც სეზონურად ბუდობენ ჭაობებში.
ეს ბუნებრივი სიმდიდრე ძლიერ ეკოტურიზმის ინდუსტრიად არის ქცეული, რომელიც ფერმერებსა და ადგილობრივ თემებს დამატებით შემოსავალს აძლევს, ხოლო ტურისტებს უქმნის შესაძლებლობას, ნახონ მსოფლიოს ერთ-ერთი უნიკალური ბუნებრივი საოცრება.
ოკავანგო მსოფლიოში იშვიათი მაგალითია მდინარისა, რომელიც თავისუფლად მიედინება საინჟინრო ნაგებობების გარეშე, მასზე არ არის არცერთი კაშხახლი და წყალსაცავი თუ სხვა ჰიდრონაგებობა.
ამის გამო ოკავანგოს დელტა 2014 წელს იუნესკომ მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად აღიარა (UNESCO World Heritage Site).
– ეს სტატუსი მარტო მის ეკოლოგიურ ღირებულებას კი არ უსვამს ხაზს, არამედ გვაკისრებს პასუხისმგებლობას მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ სიცოცხლის ეს უნიკალური წყარო, – ამბობს ოკავანგოს დელტის მკვლევარი და მცველი რუთდ ბულარსენი.
ოკავანგო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ბუნებრივი რესურსი და სოფლის მეურნეობა ეკოლოგიური ჰარმონიით თანაარსებობდეს.
მდინარე ასწავლის, რომ მდგრადი აგრარული განვითარება იწყება ბუნებისადმი პატივისცემით, იქ, სადაც თითოეული წვეთი წყალი სიცოცხლეს შობს უდაბნოს გულში.
მოამზადა, ნატა მაჭარაშვილმა