აგროსიახლეები

ომის ვეტერან ფერმერებს ტექნიკა გადაეცათ

იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ომის ვეტერან ფერმერებს სოფლის მეურნეობის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 20 ერთეული ხელის ტრაქტორი გადაეცათ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან ერთად, იმერეთში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა.

20 ერთეული ხელის ტრაქტორი ვეტერან ფერმერებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით გადაეცათ.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, სახელმწიფოსთვის სოფლის მეურნეობის განვითარება და მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, რაც ფერმერებს საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში ეხმარება და, საბოლოოდ, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

პროექტი ომის ვეტერანი ფერმერების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაძლიერებასა და მათი შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და TİKA-ს შორის პარტნიორობა 2017 წელს დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში, თურქული მხარის მხარდაჭერით, ვეტერანებისთვის სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მიმართულებებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

ომის ვეტერანი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემა მათი ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერების პრაქტიკული მხარდაჭერის მაგალითია. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და სოფლის მეურნეობაში მცირე და საშუალო ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერებას.