ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლები, „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებისთვის ლექცია-სემინარი „ოზონის შრე და მისი დაცვა” ჩატარდა.
მონრეალის პროტოკოლის მიხედვით, 2024 წლის ოზონის შრის შენარჩუნების საერთაშორისო დღის თემაა – „ოზონი სიცოცხლისთვის“, რომელიც ფოკუსირებულია ოზონის ფენის აღდგენასა და კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან გამკლავებაზე.
ლექცია-სემინარზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ტრენერმა თეონა შუბლაძემ ვრცლად ისაუბრა ოზონის შრის გათხელების პრობლემის არსსა და ოზონის შრის დაცვის მექანიზმებზე, მსოფლიოსა და საქართველოში ოზონის შრის დასაცავად საჭირო ქმედებებზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მოსწავლეებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
1994 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 16 სექტემბერი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ მონრეალის ოქმის ხელმოწერასთან დაკავშირებით ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ეს დღე მსოფლიოს 197 ქვეყანაში აღინიშნება. 16 სექტემბერი გვახსენებს, რომ ვალდებულები ვართ ვიზრუნოთ ოზონის შრის დასაცავად ჩვენი და ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობისთვის.
საქართველომ 1996 წელს ხელი მოაწერა ვენის კონვენციას ოზონის შრის დაცვის შესახებ და მონრეალის ოქმს ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ. ქვეყანამ უკვე გადადგა ნაბიჯები ყველაზე საშიში ოზონდამშლელი ნივთიერებების – ქლორ-ფტორ-ნახშირბადებისა და წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადების მოხმარების შემცირების კუთხით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური დახმარებითა და UNDP-ის, UNEP-ის, UNIDO-ის მხარდაჭერით, წარმატებით ასრულებს აღებულ ვალდებულებას და მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახორციელებს ოზონის შრის დაცვისა თუ აღდგენის მიმართულებით.
2030 წლისთვის საქართველო საბოლოოდ შეწყვეტს ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების მოხმარებას.