აგრარული განათლებადარგებივეტერინარიამეცხოველეობა

პაპილომები (მეჭეჭები) მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში

ვირუსული პაპილომა მსხვილფეხა პირუტყვში გავრცელებული, პაპილომა ვირუსების (PV) გარკვეული ტიპებით გამოწვეული, დაავადებაა. ისინი აზიანებენ პირუტყვის კანსა და ლორწოვან გარსებს, წარმოქმნიან კეთილთვისებიან სიმსივნეებს (პაპილომებს), რომლებიც ცნობილია ასევე, მეჭეჭების სახელით.
მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული პაპილომატოზი (BPV – Bovine papillomavirus) წარმოადგენს დნმ-ვირუსთა ჯგუფს Papillomaviridae-ს ოჯახიდან. იწვევს კონდილომებს (პაპილომებსა და ფიბროპაპილომებს) კანზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსებზე. უფრო იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და შარდის ბუშტში.

დაავადების გადაცემის გზები

მსხვილფეხა  პირუტყვი ვირუსის ძირითადი წყარო და ბუნებრივი რეზერვუარია. პაპილომა ვირუსი ძირითადად გადაეცემა არაინფიცირებულ პირუტყვს ინფიცირებულებისაგან პირდაპირი კონტაქტით. ეს შეიძლება მოხდეს საერთო საკვებურებიდან, საწყურებლებიდან, სათლებიდან და სხვა ინვენტარიდან, ასევე დაბინძურებულ გარემოსთან პირდაპირი კონტაქტით, მწერებით – მათ შორის ბუზებით. ინფიცირების ალბათობა მეტად იზრდება თუ პირუტყვის (ნახირის) დარწყულება ხდება ბალახით დაფარულ დაჭაობებულ ადგილებში.

დაავადება  ქრონიკულად მიმდინარეობს. ყველაზე მეტად გავრცელებულია მოზარდ პირუტყვში (6 თვიდან 2 წლის ჩათვლით), რომლებიც ძირითადად ავადდებიან მეწველი ძროხების ცურზე არსებული პაპილომა-მეჭეჭებისგან. ამ პერიოდში მოზარდის იმუნური სისტემა ჯერ კიდევ არ არის სრულად განვითარებული და უფრო მგრძნობიარენი არიან ინფექციების მიმართ. ასაკის მატებასთან ერთად ხბოები ივითარებენ იმუნიტეტს ვირუსის მიმართ და მეჭეჭების წარმოქმნა ნაკლებად ხშირია. ინფექციის ხანგრძლივობა მეტად ცვალებადია (ერთი თვიდან ერთ წლამდე).

პაპილომები შეიძლება განსხვავდებოდეს ზომის, ფორმისა და გარეგნობის მიხედვით: შეიძლება იყოს ბრტყელი, ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი ან სოკოსებრი. განლაგებულები არიან როგორც ჯგუფურად, ასევე ერთეული სახით, ხშირად აზიანებენ ცურის დიდ ზედაპირს, ზოგჯერ ერთმანეთს ერწყმიან და ქმნიან ხორკლიან ნაკეცებს, რომლებიც შეიძლება გაშრევდეს და დასკდეს.

პაპილომები ცხოველებს უჩნდებათ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, მათ შორის თავზე, კისერზე, მხრებზე, ზურგზე, ცურსა და კიდურებზე, თუმცა, ბალანში არ ეტყობათ. ჩანს მხოლოდ მეჭეჭები ცურზე, აქედანაა აზრი რომ ეს დაავადება აზიანებს მხოლოდ ცურსა და ცურთითებს.

აღსანიშნავია, რომ ცხოველი შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელი მაგრამ, არ ჰქონდეს მეჭეჭები (რბილი წარმონაქმნები).

პაპილომა ვირუსის ტიპები

არსებობს პაპილომა ვირუსების (BPV-ის) ექვსი ძირითადი კლასიფიცირებული ტიპი, BPV-1 დან BPV-6-მდე, რომლებიც იყოფა სამ დიდ ქვეჯგუფად.

Deltapapillomavirus (BPV-1, BPV-2) ფიბროპაპილომის (ფიბროპაპილომა-ბრტყელი და მკვრივი სტრუქტურის სხვადასხვა ფორმის წარმონაქმნები) ვირუსები. ამ ჯგუფის ვირუსებით გამოწვეულ კანის ფიბრო-პაპილომებს აქვთ დაკვანძული ზედაპირი. შეუხედავი იერის მიუხედავად, ასეთი მეჭეჭები იშვიათად იწვევს პრობლემებს. თუმცა მსხვილი მეჭეჭებიდან შესაძლებელია სისხლდენა და მეორადი ინფექციების წარმოქმნა. ცურის ძაფისებრმა მეჭეჭებმა შეიძლება გამოიწვიოს მასტიტი, ტრავმები და ხელი შეუშალოს  წველას. ფიბროპაპილომები შემაწუხებელია, როდესაც ჩნდება სასქესო ორგანოების მიდამოში, იწვევს ტკივილს, ზოგჯერ კი რეპროდუქციული ფუნქციის დაკარგვასაც, ხელის შემშლელია ხბოს მოგებისას. ქრონიკულად დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ცხოველებს შესაძლებელია განუვითარდეთ გავრცობილი პაპილომატოზი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა განყოფილებებში, რაც იწვევს სიძნელეებს საკვების მიღებისა და სუნთქვის დროს.

Xipapillomavirus (BPV-3, BPV-4, BPV-6) ანუ ეპითელიოტროპული პაპილომატოზი. აინფიცირებს ეპითელურ უჯრედებს, წარმოქმნის სუფთა პაპილომებს მხოლოდ ეპითელიუმის მონაწილეობით. ამ ჯგუფის ვირუსებით გამოწვეული მეჭეჭები წააგავს ყვავილოვან კომბოსტოს და შეიძლება აღწევდეს მუშტისოდენას. ყველაზე უფრო გავრცელებულია თავზე, კისერსა და მხრებზე, შესაძლებელია გაჩნდეს სხვა ადგილებშიც.

Epsilonpapillomavirus-ში არის ერთადერთი ტიპი BPV-5. ის აზიანებს  ცურთითებსა  და ცურს, შეუძლია გამოიწვიოს როგორც სუფთა პაპილომები,  ისე ფიბროპაპილომებიც.

როგორც აღვნიშნეთ არსებობს BPV პაპილომა ვირუსების 6 ძირითადი კლასიფიცირებული ტიპი:

BPV-1 იწვევს პაპილომებს კანზე და სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე.

BPV-2 იწვევს კანის, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის და შარდის ბუშტის ლორწოვანი    გარსის პაპილომებს.

BPV-3 იწვევს კანის პაპილომების წარმოქმნას.

BPV-4 იწვევს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პაპილომების წარმოქმნას.

BPV-5 იწვევს წვრილი პაპილომების წარმოქმნას ცურსა და ცურთითების დაბოლოებებზე.

BPV-6 ასევე იწვევს ცურსა და ცურთითებზე პაპილომებს.

წყარო: Peter D. Constable, Kenneth W. Hinchcliff, Stanley H. Done, Walter Grünber – Textbook of the Diseases of Cattle, Horses, Sheep, Pigs, and Goats.

პაპილომა ვითარდება ამავე სახელწოდების ვირუსის კანქვეშ მოხვედრის შედეგად. ეს შეიძლება მოხდეს დაინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ. ვირუსი, რომელიც შემდგომ შედის ეპითელიუმში შესაძლოა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არსებობდეს ლატენტური ფორმით, სანამ ორგანიზმი არ დასუსტდება, როდესაც იმუნური სისტემა ვერ თრგუნავს პაპილომა ვირუსებს. მისი სიმპტომები იწყება კანზე, ზრდის ხელშემწყობი ფაქტორებია: დაბალი იმუნიტეტი, არასრულფასოვანი კვება,  ჰიგიენური წესების შეუსრულებლობა და სხვა.

კლინიკური ნიშნები

 ვირუსული პაპილომის მთავარი სიმპტომებია მეჭეჭები, რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ,  ყალიბდება პირუტყვის კანსა და ლორწოვან გარსებზე და შეიძლება გამოჩნდნენ ცალკე ან ჯგუფურად. მეჭეჭების წარმოქმნის შედეგად გამოწვეული ტკივილისა და დისკომფორტის გამო, ცხოველები ხშირად ავლენენ შეცვლილ ქცევებს, როგორიცაა მადის დაკარგვა, აქტივობის დაქვეითება, ქავილი. პაპილომებმა შეიძლება გამოიწვიოს მეორეული ბაქტერიული ინფექციები, აბსცესების წარმოქმნით. პირუტყვი დასტრესილია.

დიაგნოსტიკა უპირველეს ყოვლისა ემყარება პაპილომების დამახასიათებელ გარეგნობას.  პაპილომატოზის დიაგნოზს სვამენ კლინიკური ნიშნების, პათოლოგო-ანატომიური ცვლილებებისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგების საფუძველზე.

ჰისტოპათოლოგია

ბიოფსია და ჰისტოლოგიური გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს BPV-ის დასადასტურებლად დაზიანებების სიმძიმის შესაფასებლად.

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ანალიზს შეუძლია აღმოაჩინოს BPV-ის დნმ-ის არსებობა ქსოვილის ნიმუშებში.

მკურნალობა და მართვა

ხშირ შემთხვევაში პაპილომები განიცდის სპონტანურ რეგრესიას რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე მაქსიმალური გაზრდის შემდეგ მეჭეჭები შეიძლება მოძვრეს, მაგრამ შესაძლებელია განმეორება.

კომპლექსური მკურნალობა

  1. იმუნიტეტის ამაღლება: სწორი დაბალანსებული კვება, სათანადო შენახვა (ცურისა და კანის მიკროტრამვებისთავიდან აცილება), იმუნომოდულატორები (პროტოპლაზმა, პოლიპრენოლების შემცველი პრეპარატები და სხვა)
  2. პაპილომების ქირურგიულმა მოცილებამ შეიძლება გამოიწვიოს რეციდივი.  მსხვილ პაპილომებს ამოკვეთენ ქირურგიული გზით, თუ ჭრილობა დიდია, ადებენ ნაკერს და ჭრილობას ამუშავებენ ანტიბიოტიკის შემცველი აეროზოლით ან სპეციალური ხსნარით (ჩემისპრეიაპოდერმი, ახალი კანი და სხვა) წვრილ პაპილომებს მოწვავენ ძლიერი მჟავეებით (აზოტმჟავა, ძმარმჟავა), თხევადი აზოტით ან უსვამენ სალიცინისმჟავაზე დამზადებულ მალამოებს, პაპივეტის (Papivet) გელს, პიხტის მალამოს, თუთიის მალამოს და სხვას.
  3. დაავადებამოხდილიცხოველების შრატის შეყვანა ინფიცირებულ პირუტყვში ხელს უწყობს დაავადების უფრო მსუბუქ მიმდინარეობასა და სწრაფ მორჩენას.
  4. ნოვოკაინის თერაპია: შესაძლებელია ვენაში და მეჭეჭის ირგვლივ პენიცილინ-ნოვოკაინის შეყვანა ან ნოვოკაინის ბლოკადის გამოყენება-საუღლე ვენაში ნოვოკაინის 1%-იანი ხსნარის შეყვანა დღე გამოშვებით.  სულ 4 ინექცია.
  5. თუ მეჭეჭი ბევრია, ვირუსზე უნდა ვიმოქმედოთ როგორც გარედან, ისე შიგნიდანაც.

დაავადების მკურნალობისას შესაძლოა გამოვიყენოთ B12 ვიტამინი. 2 დღეში ერთხელ კუნთში, 5 მლ ინექციით (სულ 4 ჯერ). მანამდე ვაკეთებთ 2%-იან ნოვოკაინის ინექციას (1 მლ) მეჭეჭის ძირში.

ძროხისათვის პაპილომების მოსაშორებლად გამოიყენება ხალხური მეთოდებიც:

  1. გაღვივებული კარტოფილის ნახარში (ღივების მოჭრა არ არის საჭირო) სამჯერ დღეში უნდა წაესვას ცურს, მეჭეჭების სრულ გაქრობამდე;
  2. ნივრის გამოყენებით – ღორის ქონისა და ნივრის 1:1 -ზე შეფარდებით ნარევი, ცურს ეზილება ყოველ დღე შედეგის დადგომამდე;
  3. მჟავე ვაშლის წვენს უსვამენ მტკივან ადგილებზე გაქრობამდე;
  4. არსებობს სხვა მეთოდებიც.

სამკურნალოდ რომელ ხერხს გამოიყენებთ, სამედიცინოს თუ ხალხურს – ფერმერების გადასაწყვეტია, მნიშვნელოვანია რომ მკურნალობა დავიწყოთ დროულად და არ მივცეთ დაავადებულ პირუტყვს სხვა ცხოველების დაინფიცირების საშუალება.

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას პაპილომა ვირუსის სპეციალური ვაქცინა, ვირუსების გადაცემის შესამცირებლად, განსაკუთრებით გაზრდილი რისკის მქონე პირუტყვში, როგორიცაა ცხოველების მოშენება.

პრევენცია

  სუფთა და ჰიგიენური გარემო ამცირებს პაპილომა ვირუსების გადაცემას. ეს მოიცავს პირუტყვთა სადგომების, აღჭურვილობების რეგულარულ გაწმენდას. ასევე, ინფიცირებულ და არა ინფიცირებულ ცხოველებს შორის პირდაპირი კონტაქტის მინიმუმამდე შემცირებას.

ვაქცინაციის პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს დაავადებების გავრცელების კონტროლს და პირუტყვში მეჭეჭების გაჩენის რისკის შემცირებას.

დაბალანსებული დიეტა და ვიტამინებისა და მინერალების დროული მიწოდება გააუმჯობესებს ცხოველთა საერთო ჯანმრთელობას და მის იმუნურ ფუნქციას, რაც განაპირობებს მდგრადობას ინფექციების მიმართ.

ფერმერმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საძოვარზე გაყვანისას აუცილებლად უნდა  ჩაატაროს საძოვრის მონიტორინგი და მაქსიმალურად შეამციროს პირუტყვის ძოვება დაჭაობებულ ადგილებში, ასევე უზრუნველყოფს საძოვრის სწორი მართვა-მისი ოპტიმალური დატვირთვა, წყალი არ უნდა მიეცეს უმოქმედო არხებიდან, ტბორებიდან და ა.შ.

პაპილომატოზი გავლენას ახდენს მსხვილფეხა პირუტყვის პროდუქტიულობაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ზოგადად სპონტანურად ქრება, მას შეუძლია გამოიწვიოს ეკონომიკური ზარალი და საჭიროებს სათანადო მართვის სტრატეგიას, მათ შორის ვაქცინაციას, ბიოუსაფრთხოების ღონისძიებებს, კლინიკური შემთხვევების დროულ გამოვლენას და  მკურნალობას.

მსხვილფეხა პირუტყვის პაპილომატოზი საქართველოში გვხვდება თითქმის ყველა რეგიონში.

მიხეილ ჭიჭაყუა,

ვეტერინარ-ექიმი, ბიოლოგიის დოქტორი, აგრო ექსპერტთა ასოციაცია