პარლამენტის თავმჯდომარე შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში ხორბლის აღების მიმდინარე პროცესს გაეცნენ.
„ბოლო წლების სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, სტაბილურია ხორბლის წარმოების მაჩვენებლები, გაზრდილია საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა და, შედეგად, გაუმჯობესებულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი. ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რაც პირდაპირ აისახება წარმოების ეფექტიანობაზე. ფერმერთა საჭიროებებზე მორგებული ტექნიკის განახლების პროგრამულ მხარდაჭერას ვაგრძელებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ხორბლის წარმოებაში არსებობს და ეტაპობრივად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
წლეულს 200 000 ტონამდე ხორბლის მოსავალი აღებაა პროგნოზით ნავარაუდევი.
11 ივლისის ოპერატიული მონაცემებით, ხორბალი უკვე აღებულია 15 323 ჰექტრამდე ფართობზე, ხოლო ქერი – 25 554 ჰექტარზე. ამ ეტაპზე ხორბლის გადამმუშავებელმა საწარმოებმა ჯამში შეისყიდეს 1 364 ტონა ხორბალი, რომლის ჩაბარების საშუალო ფასი 0.70 ლარამდეა.
კახეთში მოსავლის აღება შეუფერხებლად მიმდინარეობს. პროცესების ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით, შექმნილია საორგანიზაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ხორბლის მოსავლის ორგანიზებულ დაბინავებასა და ლოგისტიკური ჯაჭვის გამართულ მუშაობას. შესაბამის სამსახურებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ფერმერებთან, წისქვილკომბინატებთან და მეფრინველეობის ფაბრიკებთან, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსავლის დაბინავებას და რეალიზაციას.
შალვა პაპუაშვილთან და დავით სონღულაშვილთან ერთად შირაქის ველზე იმყოფებოდნენ პარლამენტის დეპუტატები, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ხორბლის წარმოება 135-150 ათასი ტონის ფარგლებშია. საერთაშორისო ტენდენციების ფონზე, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის ზრდაში. 2023 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 2.6 ტონას ჰექტარზე, ხოლო 2024 წელს გაიზარდა 3 ტონამდე. ნათესი ფართობი ასევე სტაბილურია და 50-55 ათასი ჰექტრის ფარგლებში მერყეობს. ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეადგენს საშუალოდ 22%-ს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2017-2020 წლების მაჩვენებელს, როდესაც კოეფიციენტი, საშუალოდ, 15% იყო.