დარგებიმეფუტკრეობა

პასიური ფაზა საფუტკრეში

ჭიათურის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ეკოკლუბი კვლავ გთავაზობთ მეფუტკრეობაზე სტატიას. ამჯერად მარიამ კილაძე, რომელიც პრაქტიკულ მეფუტკრეობის კურსს ასწავლის საპატრიარქოსთან არსებულ სასწავლებელში,  გვიზიარებს თავის გამოცდილებას მეფუტკრეობის ზამთრის ანუ პასიური პერიოდის შესახებ 


 ზამთარი ყველაზე რთული დროა ფუტკრის ცხოვრებაში, რადგან ფუტკრის ოჯახი გადადის აქტიური მდგომარეობიდან პასიურ მდგომარეობაში. ფუტკრის ოჯახი იკვრება გუნდად ბუდის ცენტრში საფრენთან და საკვების მინიმალური ხარჯვით ინარჩუნებს ტენიანობას და ტემპერატურას.(+19 +20 გრადუსი გუნდში) სიცივეში ფუტკარს არ შეუძლია გუნდიდან გამოსვლა, რადგან გაიყინება, დედა ფუტკარი იმყოფება გუნდის ცენტრში, გუნდში მყოფი ფუტკრები ერთმანეთს ენაცვლებიან, გუნდის ზედა მასა ჩადის შიგნით, ხოლო შიდა ამოდის ზემოთ. ამ პერიოდში ოჯახს არ ჰყავს ბარტყი, მაგრამ თბილი ამინდების შემთხვევაში შესაძლოა დედამ ადრეულად დაიწყოს კვერცხდება, რაც არასასურველი ფაქტორი იქნება, რადგან თბილ ამინდში ფუტკარი ბუდეში იშლება, გადადის გვერდითა ჩარჩოებზე, ხოლო ტემპერატურის კლების შემთხვევაში ისევ იკვრება გუნდად, ხოლო თუ ბარტყი დარჩება გუნდის გარეთ, აუცილებლად დაიღუპება.

ზამთარში ფუტკარი ოპტიმალური ტემპერატურის შესაქმნელად ერთმანეთს ეხახუნება. ხახუნის ძალით ტემპერატურა მაღლა იწევს, ამას ხელს უწყობს ისიც,  რომ ფუტკრის სხეული დაფარულია ხშირი ბუსუსებით.

    მეფუტკრემ ფუტკრის ოჯახის მომზადება ზამთრისთვის უნდა დაიწყოს ღალიანობის შემდეგ, როდესაც დედა ფუტკარი წყვეტს ან ამცირებს კვერცხდებას, მეფუტკრე ხელოვნური კვებით ახდენს დედა ფუტკრის სტიმულირებას, რომ განაახლოს დედამ კვერცხდება, ამ დადებული კვერცხებიდან ვითარდება ზამთრის თაობა,  რაც მეტი რაოდენობა იქნება ფუტკრებისა დაზამთრებაში,  საკვებსაც ნაკლებს მოიხმარენ და ტემპერატურის შენარჩუნებაც არ გაუჭირდებათ. ძლიერი ფუტკრის ოჯახი ხარისხიანი საკვებით უზრუნველყოფილი კარგი გამოზამთრების საწინდარია.

ფუტკრის ოჯახს პასიურ ფაზაში უნდა გააჩნდეს ხარისხიანი და საკმარისი საკვები, რაგდან უხარისხო საკვები გამოიწვევს ნოზემატოზის განვითარებას, ხოლო დაკრისტალებული საკვები კი გამოიწვევს ოჯახის შიმშილით დახოცვას.
ზამთარში ოჯახისთვის აუცილებელია, რომ სკაში ხდებოდეს კარგი ვენტილაცია, რადგან თუ სკაში სინესტე მაღალია, ხახუნის პროცესში ტემპერატურა მაღლა არ იწევს, რასაც მოჰყვება ფუტკრის გაღიზიანება და ჭარბი საკვების მოხმარება (ამით იქმნება ოპტიმალური პირობები ნოზემატოზის განვითარებისთვის),
ზამთარში, თბილი ამინდების შემთხვევაში ფუტკარი აქტიურდება, ხშირად გამოიმღერს (სკის გარეთ გამოფრენა) კუჭის გასასუფთავებლად,  რაც ხელს უწყობს ფუტკრის ცვეთას და რაოდენობის შემცირებას, თბილი ზამთრის პირობებში ენერგიის ხარჯვის გამო მატულობს საკვებზე მოთხოვნილება და შეიძლება მოგვიწიოს დამატებითი კვების მიცემა კანდის (შაქართაფლის ცომის) სახით.

ფუტკრის ოჯახს მეფუტკრემ უნდა შეუქმნას შეუქმნას კარგი პირობები პასიურ ფაზაში : ხარისხიანი საკვები, შევიწროვებული ბუდე, კარგი ფიჭები, ვენტილაცია, მღრღნელებისგან დაცვა და შემოდგომის თაობის დამუშავება ვაროატოზზე.

მარიამ კილაძე