პეკინური კომბოსტოს მოყვანა _ როგორ მივიღოთ უხვი მოსავალი და ავიცილოთ თავიდან „აყვავილება“
პეკინურ კომბოსტოსთან დაკავშირებით ხშირად იქმნება პრობლემა: თავის ნაცვლად, მცენარე უზარმაზარ აღერებული ყვავილს ემსგავსება, რომელსაც შუაში უხეში საყვავილე ღერო აქვს.
საქმე ის არის, რომ პეკინური კომბოსტო ჩვეულებრივი თავხვეულა კომბოსტო არ გახლავთ, ის პრეტენზიული მცენარეა, რომელიც თავისი კანონებით ცხოვრობს.
განვიხილოთ, როდის და როგორ დავრგოთ ჩითილი ჩვენს ბოსტანში, რომ მივიღოთ წვნიანი, ხრაშუნა თავები და არა „ყვავილნარი“.
პეკინური კომბოსტო გამოირჩევა სწრაფი ზრდით. ულტრასაადრეო ჰიბრიდები აღმოცენებიდან 45-55 დღეში უკვე მზადაა გამოსაყენებლად და ამ ჯიშებით სეზონზე ორი სამი მოსავლის მიღებაა შესაძლებელი: გაზაფხულზე _ ჩითილის მეთოდით (სწრაფი მოხმარებისთვის) და ზაფხულის ბოლოს _ პირდაპირ გრუნტში დათესვით (შემოდგომის მოსავლის მიდაღებად _ შესანახად).
შემოდგომის თავები სარდაფში, ფირში გახვეული, 3-6 თვეს ძლებს. მისი ფოთლები ნაზია, მდიდარია ლიზინით (იმუნიტეტისთვის) და უჯრედისით.
მთავარი გამოწვევა: დაყვავილება
პეკინური კომბოსტო „მოკლე დღის“ მცენარეა. თავის მოსახვევად მას დღის სინათლე 12 საათზე ნაკლები დროით და ტემპერატურა +15-22°C ფარგლებში სჭირდება.
თუ მაისში დარგავთ, როცა დღე გრძელი და ცხელია, მცენარე „ჩათვლის“, რომ ზაფხული მოდის და სასწრაფოდ უნდა დატოვოს შთამომავლობა. შედეგად, თავის ნაცვლად საყვავილე ღეროს მიიღებთ, ფოთლები კი გაუხეშდება და საკვებად უვარგისი გახდება.
ჩითილის გამოყვანის თავისებურებანი
ჩითილის გამოყვანის მეთოდი საშუალებას გვაძლევს, მოსავალი სიცხეების დადგომამდე ავიღოთ. თუმცა, გაითვალისწინეთ: პეკინური კომბოსტო ვერ იტანს გადარგვას, ფესვვების, დაზიანებას, რადგან მას ძალიან ნაზი ფესვთა სისტემა აქვს. გადარგვისას ფესვზე ნებისმიერი უხეში შეხება მცენარისთვის სტრესია, რაც ისევ დაყვავილების მიზეზი ხდება.
ამიტომ თითოეული მცენარე ცალკეულ ჭიქაში ან ტორფის აბებში დათესეთ. ერთ ჭიქაში ჩააგდეთ 2-3 თესლი, გრუნტსი გადატანისას დატოვეთ ყველაზე ძლიერი აღმონაცენი, დანარჩენები კი მოაცილეთ.
დათესვის ვადები
- საზაფხულო მოხმარებისთვის (საადრეო): დათესეთ მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში.
- ზამთრის შესანახად (საშემოდგომო): დათესეთ 20 ივლისიდან 10 აგვისტომდე (პირდაპირ გრუნტში).
თესვა და მოვლა
- სუბსტრატი: ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი და ფხვიერი. შეგიძლიათ გამოიყენოთ უნივერსალური გრუნტი ვერმიკულიტთან ან სხვა სუბსტრატთან ნარევში (3:1).
- დათესვა: 1 სმ. სიღრმეზე მოათავსეთ თესლი, დააფარეთ ფირი და დადგით სითბოში (+22-25°C).
- აღმოცენების შემდეგ: როგორც კი პირველი „მარყუჟები“ გამოჩნდება (2-3 დღეში), სასწრაფოდ მოხსენით ფირი და გადაიტანეთ გრილ ადგილას, სადაც დღისით +15-18°C იქნება, ღამით კი +8-12°C. სიცხეში ჩითილი გაიწელება და დასუსტდება.
- განათება: აპრილში დამატებითი განათება საჭირო არ არის. პირიქით, ზედმეტი სინათლე დაყვავილების სიგნალია.
- მორწყვა: ზომიერი, დატბორვის გარეშე.
გადარგვა გრუნტში
დაახლოებით ერთ თვეში (როცა 4-5 ნამდვილი ფოთოლი ექნება), ჩითილი მზადაა გრუნტში_ კვლებში გადასასვლელად.
- მანძილი: მცენარეებს შორის უნდა იყოს 30-40 სმ, რიგებს შორის _ 40-50 სმ.
- დარგვა: ჭიქიდან გრუნტიანად ამოიღეთ და ისე ჩარგეთ მიწაში. არ ჩაფლათ ღრმად _ ზრდის წერტილი აუცილებლად მიწის ზემოთ უნდა დარჩეს.
- პირველი კვირა: თუ მზე აჭერს, ნარგავებს აგრობოჭკოთი ან ტოტებით ჩრდილი მოუწყვეთ.
მავნებლებისგან დაცვა
პეკინური კომბოსტოს ყველაზე დიდი მტერი კომბოსტოს რწყილი და ლოკოკინებია. გადარგვისთანავე მოაყარეთ კვლებს ნაცარი ან თამბაქოს მტვერი (შეგიძლიათ აურიოთ მდოგვი და წიწაკა).
რწყილებისგან დასაცავად საუკეთესოა თხელი აგროფირის გადაფარება პირველი ორი კვირის განმავლობაში.
პეკინური კომბოსტოს მოყვანა, თუ დაიცავთ ორ მთავარ პირობას, ტემპერატურულ რეჟიმს და ფესვების ხელშეუხებლობას, რთული არ არის.
სწორად შერჩეული ვადები და ჩითილის ინდივიდუალური ქოთნები ხარისხიანი და უხვი მოსავლის მიღებას უზრუნველყოფს.
მოამზადა, ნატა მაჭარაშვილმა

