საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორებისა და გასატარებელი ღონისძიებების ზოგადი საკითხები
საქართველო მრავალფეროვანი კლიმატური ზონებითა და მდიდარი ბუნებრივი რესურსებით გამორჩეული ქვეყანაა, რაც თავის მხრივ სასურველ პირობებს ქმნის სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებისათვის.
ქვეყნისთვის სოფლის მეურნეობა წარმოადგენს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სეგმენტს, რომელშიც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია დასაქმებული და ავად თუ კარგად, მიწით ირჩენს თავს. ეს ეხება როგორც აღმოსავლეთ, ისე სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ საქართველოს.
რა დადებითი მხარეები აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობას
- კლიმატისა და გეოგრაფიის მრავალფეროვნება ქმნის მემცენარეობისა და მეცხოველეობის, მათ შორის მეთევზეობის განვითარების ხელსაყრელ პირობებს.
- სასოფლო-სამეურნეო ტრადიციების მხრივ ქართველებს ფერმერული საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვთ, რაც სოფლის მეურნეობის წარმოების მდიდარ კულტურასა და ისტორიას ეფუძნება.
- საქართველო მიწის რესურსების მრავალფეროვნებით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა რეგიონში, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწების საკმაოდ დიდი ფართობებია ჯერ კიდევ აუთვისებელი.
- ბიომრავალფეროვნება და ორგანული პროდუქციის პოტენციალი ამ სექტორის განვითარების კარგ პირობებს ქმნის. განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, ბევრი ფერმერი აწარმოებს ორგანულ და მაღალი ხარისხის პროდუქტებს, რომელთა მიმართ ბაზრებზე მოთხოვნილება სულ უფრო იზრდება.
- სამკურნალო მცენარეები და ტყის არამერქნული რესურსები, რითაც მდიდარია ჩვენი ტყეები, თუ სწორ სტრატეგიას შევიმუშავებთ, შეიძლება მოსახლეობის სერიოზულ შემოსავლის წყაროდ და მძლავრ საექსპორტო პროდუქციად იქცეს, რითაც ბიზნესის დაინტერესებაც შესაძლებელია.
- ტრადიციული პროდუქციის (ღვინო, თხილი, ხილი, ციტრუსი) ექსპორტის ზრდა, უცხოეთის ბაზრებზე წარმატებული პოზიციების შენარჩუნება და ახალი, ან ძველად დაკნინებული კულტურების (ჩაი, ეთერზეთები, თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები) წარმოების განვითარება.
რა ხარვეზები და უარყოფითი ფაქტორები უშლის ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას ქვეყანაში
- სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის სისუსტე, მოძველებული მექანიზმები, სარწყავი სისტემების განუვითარებლობა.
- მიწის ნაკვეთების ფრაგმენტაცია ხელს უშლის მასშტაბური მეურნეობების შექმნასა და დიდი ინვესტიციების მოზიდვას.
- თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ნაკლებობა, ინვესტიციების სიმცირე და ტექნოლოგიური სწავლების ცუდი მდგომარეობა.
- ბიუროკრატია და რეგულაციების არასწორი ან გაუმართავი სისტემა ფერმერთა ხელშეწყობის მხრივ.
- ბაზრებზე არასაკმარისი წვდომა, რაც ხშირად პროდუქციის გაყიდვას მცირე და ადგილობრივ ბაზრებზეც კი ზღუდავს.
- უცხოეთიდან დაუბეგრავად ან მცირე ბეგარით შემოტანილი პროდუქცია კონკურენციას უწევს და ხშირად აზრს უკარგავს ადგილობრივ წარმოებას.
რა უნდა გაკეთდეს სოფლის მეურნეობის პოტენციალის ასამოქმედებლად
- ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, სარწყავი სისტემების გაუმჯობესება, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აგროტექნიკის შემოტანა და დანერგვა.
- მიწის რეფორმის გაგრძელება, მიწის ნაკვეთების კონსოლიდაცია და კომერციული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა, ფერმერებისთვის მიწის გაერთიანებისკენ საინტერესო და ხელსაყრელი პირობების შექმნა.
- ფერმერთა გაძლიერება და განათლება, ადგილზე და უცხოეთში სპეციალისტების გადამზადება, თანამედროვე ცოდნისა და უნარების გავრცელება, მუდმივი სასწავლო-ექსტენციის პროგრამების დანერგვა.
- ფინანსური მხარდაჭერა და ინვესტიციების მოზიდვა, სპეციალური აგრარული საკრედიტო სისტემის შექმნა, სესხებსა და გრანტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
- ბაზრების განვითარება, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში წარმოებული აგროპროდუქციისთვის ლოჯისტიკური ცენტრების შექმნა, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანიის წარმოება, რეალიზაციაში ხელშეწყობა.
- სოფლის ტურიზმის განვითარება და აგრარულ პროდუქტებზე ნიშური ბაზრების შექმნა, ბიოპროდუქტების, ორგანული და ეთნოგრაფიული ფერმერული პროდუქციის პოპულარიზაცია და რეალიზაციაში ხელშეწყობა, ბაზრობების, ფესტივალების, საჯარო გაყიდვების ორგანიზება.
- სახელმწიფო პოლიტიკის გამართულობა – საგადასახადო და რეგულაციური გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ფერმერთა ინტერესებისა და ინოვაციების დანერგვას, დაეხმარება პროდუქციის რეალიზაციაში.
საქართველოს სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო სასურსათო პროდუქტებით უზრუნველსაყოფად, თუმცა სექტორი ამჟამად თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აგრარული სექტორის მოთხოვნებს ვერ პასუხობს. ეს გამოწვეულია მოწინავე ტექნოლოგიების სიმწირით, განათლების დეფიციტით, ინფრასტრუქტურის განუვითარებლობით და ფინანსებზე წვდომის შეზღუდულობით.
სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა – რადგან გუშინდელი უკვე ძველია – აგრარული განათლების გაძლიერება, სოფლის მეურნეობაში ხელოვნური ინტელექტის როლის გაზრდა, ამ მიმართულებით ფერმერთა დახმარება, მიზნობრივ ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაიოლება და ფულის სწორად დახარჯვის მიზნით კონტროლის გაძლიერება, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე აგროტექნოლოგიების საყოველთაო დანერგვა.
მხოლოდ სისტემური და ინტეგრირებული პოლიტიკის გატარებით გახდება შესაძლებელი ძლიერი, ტრადიციებზე დაფუძნებული თანამედროვე აგროსექტორის აშენება, რომელიც შეძლებს ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი სურსათით სტაბილურ მომარაგებას და კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხის საექსპორტო პროდუქციის შექმნას.
ეს არის მოკლე, ზოგადი ანალიზი არსებული ვითარებისა.
თქვენ რას ფიქრობთ, კიდევ რა რეფორმის გატარება დასჭირდება ქვეყნის აგრარულ სექტორს, რომ გაძლიერდეს და მასზე დაკისრებული მისია შეასრულოს?
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №.8(155), 2025წ