აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმებაღეობამემცენარეობა

ფეიჰოას კულტურის  (Feijoa sellowiana Berg) ნერგის გამოყვანა, ბაღების გაშენება  და მოვლა /რეკომენდაცია

სუბტროპიკული მცენარის ფეიჰოას სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. საქართველოში შემოტანილი იქნა მე-20 საუკუნის დასაწყისში. გავრცელებულია აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელოსა და გურიაში.

საქართველოს ტერიტორიის ცალკეული ადგილების განსაკუთრებული კლიმატური პირობები, სუბტროპიკული, მშრალი სუბტროპიკული, მშრალი და ტენიანი ზონები, იძლევა იმის საშუალებას, მოვიყვანოთ ისეთი კულტურა, როგორიცაა ფეიჰოა, რომელსაც სუბტროპიკულ კულტურებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

საქართველოში არსებობს ყველა პირობა მაღალი გემური თვისებების მქონე პროდუქციის მისაღებად, აქედან გამომდინარე უნდა გაშენდეს მაღალინტენსიური ტიპის სამრეწველო ბაღები, რისთვისაც საჭიროა ფეიჰოას პერსპექტიული ჯიშები.

    ფეიჰოას კულტურის ბიოეკოლოგიური თავისებურებანი

ფეიჰოა (Feijoa sellowiana Berg)  ეკუთვნის ტვიისებრთა ოჯახს (Myrtaceac),  ტვიისებრ ყვავილიანთა რაზმს (Myrtales).

ფეიჰოა მარადმწვანე ბუჩქისმაგვარი ხეა, სიმაღლით 3-5 მ-მდე. მისი ვარჯი კომპაქტურია, იშვიათად გაშლილი.

ლამაზი ყვავილებისა და ფოთლების თავისებური შეფერვის გამო (მოვერცხლისფრო მწვანე) ხე ყვავილობის დროს ძალიან ლამაზია. მას სადეკორაციო მიზნისთვისაც აშენებენ.

ფეიჰოა კარგად ვითარდება ზღვის დონიდან 300 მ-ზე. ცუდად ხარობს იქ სადაც გრუნტის წყალი 1,5 მ-ზე უფრო ახლოს დგას. მიმდინარე წლის ნაზარდები 5-60-ზე იყინება, ხოლო 6-80-ზე ზევით კი – მიწის ზედა ნაწილები. ვარჯი დასავლეთის პირობებში თოვლის დროს ვერ უძლებს სიმძიმეს და იმტვრევა. საჭიროა ვარჯზე თოკის შემოხვევა.

ფეიჰოას მწიფე ნაყოფები ხასიათდებიან მეტად სასიამოვნო გემოთი და არომატით. მასში კონცენტრირებულია ანანასის, ხენდროს და ბანანის სურნელება.

ნაყოფის მაღალი ღირსება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი შეიცავენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: კუმარინს, სუნკუმარინს, მჟავეებს, ვიტამინებს, აქროლად ნივთიერებას მეთილბენზოატს; ნაყოფში დიდი რაოდენობითაა შაქრებიც –

10-12 %-მდე.

ფეიჰოას გადამუშავებით შეგვიძლია მივიღოთ საუკეთესო ხარისხის ჟელე, ჯემი, მარმელადი, კომპოტები, მურაბები, ლიქიორი; გამოიყენება აგრეთვე საკონდიტრო ნაწარმში.

    ნერგის გამოყვანა

ფეიჰოას ძვირფასი სამეურნეო ნიშანთვისებების გადაცემა და შენარჩუნება შეიძლება მიღწეულ იქნას ვეგეტატიური გამრავლებით – გადაწვენით, ამონაყრებზე შემორგოლვით.

სადედე  მცენარეების შერჩევა – ფეიხოას ვეგეტატიური წესით გასამრავლებლად ვარჩევთ სადედედ სრულ მსხმოიარობაში (7-8 წლის) მყოფ ახალგაზრდა ბუჩქს, რომელიც ხასიათდება უხვი მსხმოიარობით, ნაყოფის ერთგვაროვნებით, ადრე სიმწიფით.

სუბტრატი – ფეიჰოას მწვანე კალამს ვათავსებთ ისეთ ჭურჭელში, რომელიც ხასიათდება ჰაერგამტარობით, წყლის კარგი შეკავებით, სითბოტევადობის უნარით, სტერილურია, იაფია და სამუშაოდ მოსახერხებელი.

კალამს ვიღებთ სადედე ბუჩქიდან, ფესვის ყელთან ახლოს, ფეიხოას ყლორტების ზრდის შენელება და გამსხვილება იწყება აგვისტოს შუა რიცხვებში და გრძელდება სექტემბრამდე. კალამი უნდა ავიღოთ 5-6 თვიანი ნახევრად გამერქნებული, ერთწლიანი და ორწლიანი კალმები არ ფესვიანდება. აღებული კალამი თავსდება ზრდის სტიმულიატორებში, ხსნარში დამუშავებული კალმებში ჩქარდება დაფესვიანება და შედეგს ზრდის 20-30 %-ით. ნერგის მისაღებად ნაზარდის გადაწვენა ხდება ბუჩქის ქვედა ნაწილიდან; აგრეთვე, სადედე მცენარეზე ამონაყრების შემორგოლვით და მიწის მიყრით.

ბუჩქის შუა და ზედა ნაწილიდან აღებული კალმები არ ფესვიანდება.

    დახურულ ფესვთა სისტემით ნერგის აღზრდა

(დასაკალმებლად ჭურჭელი, სუბტრატი, დაკალმება და მოვლა)

დახურულ ფესვთა სისტემით ფეიჰოას ნერგის წარმოებისათვის გამოიყენება პოლიეთილენის ტოპრაკები, მცირე მოცულობის პლასტმასის ჭურჭლები, სპეციალური ქოთნები და ა.შ. მოსახერხებელი და იაფია პოლიეთილენის ტოპრაკები ზომით 40X20 სმ.

ნაზავად გამოიყენება ფხვიერი მიწა, მდინარის შლამი, გადამწვარი ნაკელი, ტორფი.

საუკეთესო ნაზავია გადამწვარი ნაკელი და კორდის მიწა შეფარდებით 1:1; მასში არსებული საკვები ელემენტები მთლიანად უზრუნველყოფს შეზღუდულ არეში ნერგის კვებას, როგორც მუდმივ ადგილზე გადარგვამდე, ისე გადარგვის შემდეგ.

დასაკალმებელი ჭურჭლის ნაზავით შევსების შემდეგ იგი ირწყვება და ფეიჰოას კალამი მასში სათითაოდ იდება.

ნერგების მოვლა ითვალისწინებს მორწყვას, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას, ფესვურ და ფესვგარეშე გამოკვებას. გამოიყენება კრისტალონი 300 გრ 100 ლ წყალში. გამოკვება და შესხურება ხდება 3-ჯერ 10-10 დღის ინტერვალით.

სუბტრატში ტენიანობის რეგულირება ხორციელდება მორწყვით, სპეციალური დასაწვიმებლებით 7-10-ჯერ ამინდის პირობების გათვალისწინებით.

დატენიანების თავიდან აცილების მიზნით ჭურჭელს უკეთდება სადრენაჟე ხვრელები.

მოვლის სათანადო პირობებში ფეიჰოას საძირეები აღწევენ სტანდარტულ მაჩვენებლებს.

    ბაღის გაშენება

ადგილის შერჩევა და მომზადება. ფეიჰოას სამრეწველო ინტენსიური ტიპის ბაღის გასაშენებლად პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ სითბოს რეჟიმი, ნალექების რაოდენობა, ზამთრის ყინვები, ქარის სიძლიერე და მიმართულება, ნიადაგის ტიპი.

ბაღი უნდა გაშენდეს ქარებისგან ბუნებრივად დაცული ან მოეწყოს ქარსაფარი ზოლები 2-3 წლით ადრე.

ნიადაგი უნდა მომზადდეს წინასწარ, გასუფთავდეს ქვა-ღორღისგან, ჯაგ-ეკლებისაგან, მოიხნას ღრმად.

ნიადაგის მექანიკურ-ქიმიური ანალიზის შემდეგ დოზებისა და ვადების დაცვით შეგვაქვს ორგანულ-მინერალური სასუქები. ძირითადი ხვნის შემდეგ ნაკვეთი მოშანდაკდება და დაიგეგმება.

უხვი, მაღალმოსავლიანი, ხარისხიანი მოსავლის მიღებისა და მცენარის პროდუქტიულობის პერიოდის გახანგრძლივებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს კვების არის დადგენას, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ჯიშური თავისებურებები, ნიადაგური პირობები, რელიეფი…

ჩვენს მიერ რეკომენდებული ჯიშებისათვის კარგ შედეგს იძლევა  4X3, 4X4, 4X5 კვების არეზე მცენარის გაშენება.

ბაღის გაშენება.  ფეიჰოას ბაღის გაშენება შეიძლება როგორც შემოდგომაზე, ასევე გაზაფხულზე; უპირატესობა ენიჭება შემოდგომაზე გაშენებას, რადგანაც გახარების პროცენტი მაღალია და მცენარე გაზაფხულზე ინტენსიურად იწყებს ვეგეტაციას. დასარგავი ორმოები ამოიღება 50ხ50 სმ სიღმეზე. დარგვის წინ ორმოში შეგვაქვს გადამწვარი ნაკელი 5-10 კგ, 100 გრ ნპკ. დარგვის შემდეგ ნიადაგი მოიტკეპნება, ჯამი გაუკეთდება და მოირწყვება.

ბაღის განოყიერება. უხვი და მაღალხარისხოვანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ბაღის განოყიერება მინერალური და ორგანული სასუქებით. მინერალური სასუქების შეტანა კარგ ეფექტს იძლევა გადამწვარ ნაკელთან ერთად, რადგან ნაკელი წარმოადგენს არამარტო საკვები ნივთიერებების წყაროს, არამედ ხელს უწყობს ნიადაგის ფიზიკური თვისებების გაუმჯობესებასაც.

მინერალური სასუქების შეტანა ნიადაგში ზრდის და ავითარებს ვარჯს, იზრდება გამონასკვის პროცენტი, აქედან გამომდინარე იზრდება მოსავალიც.

მორწყვა. ფეიხოას ახალგაზრდა ბაღში სავეგეტაციო პერიოდში 3-4 მორწყვა დადებით შედეგს იძლევა.

სხვლაფორმირება. ფეიჰოა ბუჩქისმაგვარი ხეა, რომელიც ექვემდებარე სხვა ფორმირებას. შემოდგომაზე აუცილებელია ვარჯი გასუფთავდეს ჩახშირებული ხმელი დაზიანებული ტოტებისაგან, რათა გაუმჯობესდეს  ვარჯის განათება; უნდა გამოიჭრას მობერებული მსხვილი ტოტები, რათა მოხდეს ახალგაზრდა სანაყოფე ტოტების სწრაფი ზრდა.

ფეიჰოას მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა მოიცავს აგროტექნიკური, პროფილაქტიკური ქიმიური ბრძოლის ღონისძიებების თანმიმდევრულ ჩატარებას.

პროფილაქტიკური ღონისძიებებიდან აუცილებელია დაავადებულ-დაზიანებული გამხმარი ტოტების, ღეროების, ფოთლების, ნაყოფების გამოჭრა, შეგროვება, გამოტანა და დაწვა.

ბრძოლის ქიმიური მეთოდებიდან საჭიროა ჩატარდეს მავნებლების წინააღმდეგ პესტიციდების შესხურება ყვავილობამდე, ბი-58  200 გრ და დეცის პროფი 10 გრ 100 ლ წყალზე.

დაავადების წინააღმდეგ გამონასკვის შემდეგ ანტრაკოლი 300 გრ ან ზატო 30 გრ ანტოპაზი 100 გრ 100 ლ წყალზე.

მოსავლის აღება. ფეიჰოას საადრეო ჯიშები მწიფდება ოქტომბრის მეორე-მესამე დეკადიდან, საგვიანო ჯიშები კი – ნოემბრის პირველ-მეორე დეკადაში.

ფეიჰოა იკრიფება და ლაგდება სპეციალურ 10 – 12კგ-იან კონტეინერებში (ტარაში) და თავსდება სათავსოში, დაბალ ტემპერატურაზე. ფეიჰოას ნაყოფები კრეფის შემდეგ მწიფდება და საკვებად გამოყენების თვისებებს ინარჩუნებს ადრე გაზაფხულამდე კრეფიდან 4-5 თვის განმავლობაში.

 

სამრეწველო ჯიშების დახასიათება

ჯიში ანდრეს –  ნაყოფი მოგრძო ან ოვალური ფორმისაა, სიგრძით 5-დან 7 სმ-მდე და სიგანით 4 სმ-მდე. ნაყოფის ფუძე მომრგვალებულია, წვერი კი მრგვალია. კანი მოუხეშოა, ღია მწვანე ფერის, მოთეთრო ელფერით, რბილეული მოთეთროა, წვნიანი, სურნელოვანი სასიამოვნო არომატით. თესლები ცოტა რაოდენობითაა და ძალიან წვრილია. ნაყოფი მწიფდება ნოემბერ-დეკემბერში, თვითგამანაყოფიერებელი ჯიშია, ხასიათდება უხვი მსხმოიარობით, მცენარე ზოგჯერ მაღალია და გადაშლილი, ზოგჯერ დაბალი, მკვრივი, კომპაქტური.

კალიფორნიული ჯიშებია: ჩოისეანა (Choiceana), სუპერბა (Superba) და კულიჯი. ეს ჯიშები სელექციური მუშაობის შედეგადაა მიღებული.

ჩოისეანას ნაყოფი დიდი ზომისაა, სიგრძით 7 სმ და სიგანით 5 სმ, სიმეტრიული, ოვალური, საუცხოო გემოს მქონე. ერთ-ერთი ადრეული ჯიშია. მწიფდება კალიფორნიაში, ოქტომბერ-ნოემბერში; ამ ჯიშის ნაკლოვანებას წარმოადგენს მისი უნაყოფობა, წმინდაჯიშიან ნარგაობებში, ამიტომ ამ ჯიშის პლანტაციებში აუცილებელია დამამტვერიანებელი ჯიშების დარგვა.

სუპერბას ნაყოფი წააგავს ჩოისეანას ნაყოფს, ისიც დიდი ზომისაა, არომატული და ძალიან გემრიელი; ფორმის მიხედვით ნაყოფი ფართო მსხლისებრია, გვხვდება მომრგვალო ფორმებიც. მსხმოიარობის წმინდაჯიშიან ნარგაობებში. მწიფდება ცოტა უფრო გვიან, ვიდრე ჩოისეანა.

კულიჯი თვითფერტილური ჯიშია და არ საჭიროებს დამამტვერიანებელს, ნაყოფი გრძელია, სწორი, გლუვი, ოვალური, ზომით აღწერილ ორ ჯიშზე უფრო პატარაა.

სოხუმის ტენიან სუბტროპიკულ კულტურათა ყოფილი სასელექციო სადგურის მიერ გამოყოფილი იქნა რამდენიმე ფორმა, რომელიც გაფანტულია საკარმიდამო ნაკვეთებზე (ფორმა #15, #27, #39, #64, #89, #120)

იუზა ვასაძე – სსმმა აკადემიკოსი პროფესორი;

/გივი ბადრიშვილი/–სსმმა აკადემიკოსი, პროფესორი;

ნუგზარ შენგელია – სმმ დოქტორი

ნანა მიროტაძე – სმმ დოქტორი

იოსებ ბასილია – სმმ დოქტორი

ლალი გოგინავა – სმმ დოქტორი;

ნატრული მიქაძე – სმმ აკადემიური დოქტორი