ბლოგიმე და ჩემი სოფელი

მოზვერი თუ გაჩნდება, ან ჯოტიას დავარქმევ ან ბუსკას

ახალგაზრდა ფერმერის დღიურები  (გაგრძელება)
გაზაფხული დადგა, ჯერ ისევ ცივა,  ვზივარ თბილ ღუმელთან და მოგონებებით ვირთობ თავს.  ვიხსენებ ფერმაში გადადგმულ ჩემს პირველ ნაბიჯებს, რამდენი რამ შეიცვალა მას შემდეგ, იმდენი რამე ვისწავლე, ისეთი სასაცილო ისტორიები გადამხდენია, დღემდე უემოციოდ რომ ვერ ვიხსენებ. თითქმის ჩემი ყველა ბოლოდროინდელი მოგონება ბუნებას და ცხოველებს უკავშირდება. ერთი სიტყვით,  ფერმაში ვერ მოიწყენ კაცი!  

სანამ ჩემი ფერმის ამბებს მოგიყვებით, სოფლის ამბებს გიამბოთ.

რაიონიდან ჩემი სოფლისკენ მომავალი გზა დაახლოებით სამი კილომეტრია და საკმაოდ დატოტილი, მიხარია რომ ნელ-ნელა ასფალტის საფარით კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც წვლილი შეაქვს ამ საქმეში. ვიმედოვნებთ რომ მომავალშიც გაგრძელდება სამუშაოები და დარჩენილი გზაც მალე დააკმაყოფილებს ცივილიზებული სოფლის სტანდარტებს.

იუხედავად იმისა რომ ხონის საძოვრებზე ჯერ კიდევ ბალახი არ გაზრდილა, პირუტყვს მაინც უშვებენ საბალახოდ. მე პირადად,  ნოემბრის ბოლოდან შუა გაზაფხულამდე  გარეთ არ ვუშვებ, რადგან ვთვლი, რომ საქონელი მაგ პერიოდში გარეთ გასვლით უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იძენს. ზამთარში გაშვება კიდე,   სიმართლე გითხრათ, მეშინია გარეული ცხოველების გამო. ამასწინათ მეზობელს ძროხები ნადირმა დაუგლიჯა, სხვებისგანაც მსმენია იგივე.

სოფელში ძალიან მომრავლდა მგელი. პარადოქსია ისე,  სოფელს ვაშენებთო და მგელი თავის ნებაზეა მიშვებული.

გულწრფელად დამაინტერესა სოფლის მეურნეობაში მოწინავე ქვეყნებმა რა გზებს მიმართეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ევროპის ისტორიაში ყველაზე ადრეული ინგლისში მომხდარი ამბებია. თურმე 966 წელს მეფე ედგარმა თავის ქვეშევრდომებს შფოთს პატიობდა მხოლოდ ერთი პირობით – აჯანყებულებს მისთვის ხარკი მგლის თავებით უნდა ეხადათ. ამას გარდა, მან უფლება დართო მათ, გადასახადის და ბაჟის ჯარიმები დახოცილი მგლებით გადაეხადათ. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ  მე–15 საუკუნის ბოლოს ინგლისში არცერთი მგელი აღარ იყო დარჩენილი. ბოლო მგელი შოტლანდიაში 1680 წელს მოუკლავთ, ხოლო ირლანდიაში – 1710 წელს. უელსის ერთ ქალაქს იმ ძაღლის სახელი ჰქვია, რომელმაც მგლის კბილებისგან პატარა ბავშვი იხსნა.

არ გეგონოთ ზოგადად მგლების განადგურების მომხრე ვიყო, მაგრამ  ხომ უნდა მიექცეს ყურადღება იმ ფაქტს, რომ მგელი გლეხის ზარალის ხარჯზე მრავლდება. ამ კუთხით თუ შევხედავთ, იგი სოფლისთვის 99 %-ით უფრო პარაზიტი გამოდის ვიდრე ბუნების სანიტარი, როგორც ამას გვეუბნებიან.  

ისმის კითხვა როგორ უნდა მოვიქცეთ? მე პირადად, დიდი სიამოვნებით გავიშვერდი ხელს იმ სტრუქტურებისკენ, რომლებიც ასე მფარველობენ  მგლებს და ჯარიმებით დაკისრებით იმუქრებიან. თუ იცავ, მაშინ კეთილი ინებე და მიყენებული ზარალი აანაზღაურე, ან ისეთი რამ მოიფიქრე, არცერთი მხარე რომ არ დაზარალდეს.

ტურებიც გემოზე დასეირნობენ სოფლის ეზოებში. ბოლო 5-6 წელიწადში ძალიან გამრავლდნენ. თუ  რამე ფრთოსანი შემთხვევით გარეთ დაგრჩა, ჩათვალე,მის ბუმბულს ვერ იპოვი მეორე დღეს. ვიფიქრე, თოფს შევიძენთქო, მაგრამ… სამხედრო სამსახური წარმატებით გავიარე, თვეობით მიწევდა ცხელ წერტილებზე ყოფნა, ხან სად და ხან სად დავრბოდი ამ ჩემი ავტომატით და ყუმბარმტყორცნით. მოკლედ, სამხედრო ბილეთი ავიღე, შიგ დიდი ასოებით „მსროლელი“ მიწერია, მაგრამ რად გინდა, ახლა კი თოფსაც არ მანდობენ ჩემ ფერმაში შემოპარული ნადირი რომ მოვიგერიო. კარგი ბატონო, ყველაფერს თავისი წესი აქვსო და მეც ამ წესების დაცვით ჩავაბარებ იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ტესტებს. ხელები მექავება, ისე  მინდა იარაღის შეძენა, სამი-ოთხი ტურის ჯინი მჭირს, ჩემი ბომბორა დამიკბინეს უთანასწორო ბრძოლაში.

ახლა ჩემი ფერმის ამბებსაც მოგითხრობთ.

გაგიკვირდებათ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ხბოს მოგებას არასდროს შევსწრებივარ.  სულ ვცდილობდი, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად იმისა რომ სოფელში ბოსელი ყველას სახლთან ახლოს აქვს და მეზობლებმაც ასე მირჩიეს, მე მაინც შორს აშენება გადავწყვიტე, სახლიდან დაახლოებით 100 მეტრში მიდგას. ფერმაში პირველი ხბოს მოგების დროს რომ დადგა, კარგად გვარიანად დავიძაბე.  გამუდმებით შევდიოდი ფერმაში, გეფიცებით, მოგებას რომ ველოდებოდი იმ ღამეს 60 ჯერ მაინც ჩავედი ძროხის სანახავად. ალბათ ბევრს იცინებდით მე რომ დაგენახეთ. წარმოიდგინეთ სახლიდან მხრებამდე აკაპიწებული ცელოფნის ხელთათმანში გამოწყობილი გამოვდიოდი. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ხბოს მოგება რომ გართულდეს მზად რომ ვიყოთქო, არადა დარწმუნებული ვარ  ძროხის თავზე ხელის გადასმის მეტს ვერაფერს გავაკეთებდი. ფერმაში ამ უამრავი ვიზიტის შემდეგ,  მეზობელთან გადავედი დაღონებული, ვისაუბრეთ და დაახლოებით ერთ საათში  უკან დავბრუნდი. სახლში რა შემიყვანდა პირდაპირ ბოსლისკენ გავეშურე. ხბო კი დანხვდა შუა ეზოში გემრიელად წამოწოლილი. ალბათ მეზობლისათქო და ეზოდან გადადენა დავაპირე, მაგრამ ამ დროს ძროხის ბღავილი გავიგონე, ხბოს თავი მივანებე და გავარდი. ბოსელში მივიხედ-მოვიხედე, ვიფიქრე, ალბათ ახლა იგებსთქო, გავემზადე ჩემი ცელოფნის ხელთათმანებით, მაგრამ აწრიალებულ ძროხას მშობიარობის არაფერი ეტყობოდა. ვიფიქრე, კარს გავუღებ, გავიდეს გარეთ და სადაც უნდა იქ მოიგოსთქო. კარის გაღება ვინ გაცალა, კისრისტეხვით გავარდა ეზოში. რას ვიფიქრებდი, ძროხას ასეთი სირბილი თუ შეეძლო?! რამდენიმე წამში ეზოში წამგორებულ ხბოსთან გაჩნდა და ტლეკვა დაუწყო. კიდევ კარგი მეზობელთან რომ არ გადავდენე ეს ჩემი ახალმოგებული ხბო, თორე სიცილი და ხარხარი მერე გენახათ!

ასე გაჩნდა ჩვენი პირველი ჯერსი ფერმაში. მეორე და მესამე ხბოს მოგებაც გამოვტოვე, ისინიც მოგებული დამხვდნენ რომ მივედი.

მართალია, სუფთა სისხლის „ჯერსი“ ჯერ არ მყავს, სუფთა სისხლის მიღებას 4 თაობა მაინც უნდა, მაგრამ თუ არ დაიწყე, ვერასდროს მიხვალ დასახულ მიზანთან. პატარა ნაყოფი ამ ჯიშის დამახასიათებელი თვისებაა, რაც ნაკლებად ქმნის პრობლემებს მოგების დროს, მაგრამ, ჩემი აზრით, აუცილებელია პროცესს  დაესწრო და დარწმუნდე რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჯდება.

მერე დავიწყე ფიქრი ამ პრობლემის დასაძლევად, ოღონდ მცირე ხარჯებით. სახლში სტუდენტობის დროს ნაყიდი სონის კამერა ვნახე (იმ დროს ვერთობოდი ვიდეო მონტაჟით და საკმაოდ კარგადაც დავეუფლე, რამდენიმე დოკუმენტური ფილმის მომზადებაც  კი შევძელი) სახლში ტელევიზორების ფართო არჩევანიც მქონდა. ეს ის ტელევიზორებია, ქალაქში რომ ახალს იყიდიან და ძველი სოფელში მიაქვთ. ჰოდა, წავედი ბაზრობაზე, ვიყიდე 100 მეტრი წვრილი კაბელი, და კამერა ტელევიზორს მივუერთე. მიუხედავად იმისა, რომ მეუბნებოდნენ ტყუილად იხარჯები, არაფერი არ გამოგივაო, მაინც ჩემი გავიტანე და მშვენივრადაც მოვიწყვე ოთახში პირდაპირი ეთერი ფერმიდან. მსგავს სიტუაციებში ვრთავ აპარატურას  და ყველაფერს სახლიდან გაუსვლელად ვადევნებ თვალს. სწორედ ამ „გამოგონების“ დამსახურებაა მეოთხე  ხბოს მოგება რომ ადვილად გავიგე და რამდენიმე წუთში უკვე ფერმაში აღმოვჩნდი! გული კი კინაღამ გამისკდა ხბომ რომ თავი გამოყო, მაგრამ ძალიან ადვილად მოხდა ყველაფერი. უცებ ავიყვანე ახალდაბადებული ხბო, ჩავსვი საპიროში და აქედან ძროხა ამშრალებდა ენით იქით მე – პირსახოცით. ასე გაჩნდა მორიგი ჯერსი.

ხბოს სახელებთან დაკავშირებითაც ჩემი წესები მაქვს. ფერმაში მოზვერი თუ გაჩნდა ან ჯოტიას ვარქმევ ან ბუსკას. სახელი ჯოტია იმას ნიშნავს რომ მოზვერი გამოირჩევა გარეგნულად და ფიზიკური მონაცემებით. ხოლო ბუსკა ისეთია, აი რომ ეტყვიან: ასეთი უჯიშო რამ გაგაჩინა შე უბედუროო… ამ ჩემს ბოლო „კოკიტოს“ ჯოტია დავარქვი, საჯიშედ ვერ დავიტოვებ მართალია 70 % ჯერსია, მაგრამ მაინც. ალბათ 8-9 თვეში შეველევი და გავყიდი.

ახლა დაგემშვიდობებით გამიგრძელდა სიტყვა. მომდევნო სტატიას უფრო მალე შემოგთავაზებთ.

ირაკლი სოხაძე,

ახალგაზრდა ფერმერი, ბლოგერი