ადგილობრივი ქათმის მოშენება რენტაბელური საქმეა/ ფერმერის კალკულატორი
მეფრინველეობის პროდუქცია მსოფლიო მასშტაბით დიდ კონკურენციას განიცდის. იმისთვის, რომ ბაზარზე შენარჩუნდეს კონკურენტუნარიანობა, საჭირო ხდება, უშუალოდ მომხმარებლის მოთხოვნილების გათვალისწინება. მომხმარებელი კი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ პირობებში გამოზრდილი ფრინველისაგან მიღებულ ორგანულ პროდუქციას, ამიტომ მათი საბაზრო ფასი შედარებით მაღალია. კონკურენტუნარიანობა განპირობებულია იმით, რომ ბუნებრივ პირობებში ფრინველისთვის იქმნება ხელსაყრელი გარემო, რაც დადებით გავლენას ახდენს კვერცხისა და ხორცის ხარისხზე, აგრეთვე მათ საგემოვნო თვისებებზე. ძირითადად ასეთი გარემოს შექმნა შესაძლებელია საკარმიდამო ტიპის ფერმერულ მეურნეობებში, სადაც ფრინველის კეთილდღეობისთვის გათვალისწინებულია ეზოს ფართობი (საშუალოდ 1 ფრთა 10 მ2), ვინაიდან ფრინველი სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ატარებს სუფთა ჰაერზე, სარგებლობს ბუნებრივი საკვებით და მზის სხივებით, ნიადაგში კენკვის გზით დამატებით მოიპოვებს ცხოველურ საკვებს, მინერალურ ნივთიერებებს და მიკროელემენტებს. სწორედ ასეთ პირობებს ყველაზე უკეთ ეგუება ადგილობრივი ფრინველი.
ცნობილია, რომ ფრინველის სამეურნეო-კომერციული ჯიშები თავიანთი წარმოშობით თითქმის ერთგვაროვანია, მაღალპროდუქტიულმა ჰიბრიდულმა ფრინველმა თანდათან განდევნა ადგილობრივი ჯიშები, რაც შემდგომში აუცილებლად გამოიწვევს ძვირფასი ალელებით გაღარიბებას, ან მთლიანად დაკარგვას. სელექციის შემდგომი პროგრესი კი, შეუძლებელია გენეტიკური მრავალფეროვნების გარეშე, რადგან ახალი ჰიბრიდების გამოყვანა აუცილებლად მოითხოვს ამჟამად „არაეკონომიური“ ფრინველის გენოფონდის სელექციაში ფართო ჩართვას. სწორედ ასეთი იშვიათი გენების მატარებელია საქართველოში უხსოვარი დროიდან გავრცელებული ფრინველი, რომლებიც უსათუოდ დააინტერესებს ამ დარგში მომუშავე სელექციონერებს, რაზედაც მთელს მსოფლიოში უდიდესი მოთხოვნაა. სამწუხაროდ, ადგილობრივი ფრინველის მდიდარი გენოფონდი ამჟამად გაქრობის პირასაა და საჭიროებს განსაკუთრებულ ძალისხმევას, ვინაიდან მათი მომავალში აღდგენა შეუძლებელი იქნება.
ადგილობრივი ქათმები კომბინირებული, მეკვერცხულ–მეხორცული მიმართულებისანი არიან. კვერცხდებას იწყებენ 160-170 დღის ასაკში და კვერცხდების ინტენსივობა ამ პერიოდში არ აღემატება 12,5 %-ს. კვერცხდების პიკი აღენიშნებათ 8-9 თვის ასაკში და ინტენსივობა ამ პერიოდში აღწევს 57-62 %-მდე. კვერცხდების დიდი ცვალებადობა შეიმჩნევა 7-10 თვის ასაკამდე, ხოლო შედარებით გამოთანაბრება აღინიშნება ზაფხულის თვეებში, რაც ადგილობრივი ქათმების დადებითი გენეტიკური თვისებაა. კერძოდ, ადასტურებს იმას, რომ კლიმატის ცვლილება (ზაფხულის ცხელი დღეები) კვერცხმდებლობაზე ნაკლებ გავლენას ახდენენ. ადგილობრივი ქათმები წლის განმავლობაში იძლევიან 140-160 ცალ კვერცხს. კვერცხის მასა 53-58 გ, განაყოფიერება 90-93%, გამოჩეკა 85-88%. როგორც კვერცხმდებლობის, ასევე მეხორცული თვალსაზრისით მათი ექსპლოატაცია შესაძლებელია 24 თვემდე. ქართული ქათამი საუკუნეებს გამოვლილი კომბინირებული გამორგების ადგილობრივი ჯიშია, გარეგნული ნიშნებით გამოარჩევენ 5 პოპულაციას – ჩალისფერს, მეგრულას, შავს, ნაცარას და ყელტიტველას. ერთი წლის ასაკში დედლების ცოცხალი მასა 1,8-2,8 კგ, მამლების – 2,5- 3,5 კგ, კრუხად ჯდომის ინსტიქტი ძლიერად აქვს განვითარებული. მოზარდეული 2-2,5 თვის ასაკში (დასაკლავი ასაკი) 1 კგ ცოცხალ მასას აღწევს.
საქართველო მეფრინველეობის ტრადიციული ქვეყანაა, რასაც მოწმობს ფრინველთა ადგილობრივი პოპულაციების სიმრავლე, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩენილია მოსახლეობაში.
მეფრინველეობა მეცხოველეობის სხვა დარგებთან შედარებით ყველაზე მაღალრენტაბელურია და მოკლე დროში იძლევა ადამიანისთვის აუცილებელ სრულფასოვან ცხოველური წარმოშობის დიეტურ პროდუქტებს – ფრინველის ხორცს, სუბ-პროდუქტებს და სასურსათო კვერცხს.
მოსახლეობის ფრინველის ხორცზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საქართველოში ყოველწლიურად წარმოებული უნდა იქნას 67 ათასი ტონა ფრინველის ხორცი. სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში წარმოებაულია 25 ათასი ტონამდე ფრინველის ხორცი, რაც ფიზიოლოგიური მოთხოვნილების მხოლოდ 36%-ია. ფიქსირდება მნიშვნელოვანი დეფიციტი, რომლის აღმოფხვრაში დიდი როლი უნდა შეასრულოს საოჯახო მეფრინველეობის განვითარებამ, სადაც ძირითადად უნდა მოშენდეს ადგილობრივი ფრინველი, განსაკუთრებით კი ქართული ქათმის პოპულაციები.
მოსახლეობაში მუსირებს აზრი თითქოს ადგილობრივი ქათმის მოშენება არარენტაბელური და ნაკლებ მომგებიანი საქმეა. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ დამუშავებულია პროგრამები და პროექტები ადგილობრივი ქათმის მოშენებისა და შემდგომი ექსპლუატაციის შესახებ. კვლევის მონაცემებმა ეკონომიკური გათვლებით, აჩვენეს, რომ ადგილობრივი ქათმის პოპულაციების მოშენება და მისი ექსპლუატაცია 24 თვის განმავლობაში საკმაოდ სარფიანი და რენტაბელურია. იგი განსაკუთრებით გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ საკარმიდამო-ფერმერული ტიპის მეურნეობა ორიენტირებული იქნება 1000-2000 ფრთის და მეტი ოდენობის მოშენებაზე. ამ რაოდენობის ადგილობრივი ქათმის გამოზრდა საერთოდ არ მოითხოვს კაპიტალური ტიპის თანამედროვე ტექნოლოგიური რგოლებით აღჭურვილ საფრინველეს. სავსებით საკმარისია 350-400 მ2 (30მ X 12მ) ფართობის მქონე ხის მასალისგან აგებული საფრინველე, რომელსაც ექნება მიწატკეპნილი იატაკი და ჩვეულებრივი გადახურვა. საფრინველეშივე მოეწყობა საკვებურები, საწყურვებლები, ქანდარები და საბუდრები 5 კვერცხმდებელ დედალზე 1 საბუდარი. საფრინველის წინ სასურველია მოეწყოს სეირანი 5000 მ2 -ზე, რომელიც შემოსაზღვრული უნდა იყოს წვრილი მავთულბადით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ადგილობრივი ქათამი კვერცხდებას იწყებს 160 დღის ასაკიდან. 2000 ფრთის მოშენების შემთხვევაში სწორი ექსპლუატაციის და მოვლა-შენახვის პირობებში, ფერმერულ მეურნეობაში კვერცხდების დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში, ყოველდღიურად უნდა იყოს 800-900 ც. კვერცხი. ხოლო 24 თვის ასაკში უკვე უნდა მოხდეს კვერცხმდებლების გამოწუნება და სახორცედ რეალიზაცია. 10-12 დღიანი პროფილაქტიკური შესვენების შემდეგ საფრინველე უნდა დაკომპლექტდეს ახალი მოზარდეულით.
თუ ფერმერული მეურნეობა აწარმოებს გამოჩეკვას და თვითონვე დააკომპლექტებს კვერცხმდებელთა გუნდს, მაშინ ასეთ შემთხვევაში, მეურნეობას სარეალიზაცოდ რჩება სქესზე გადარჩეული დაახლოებით 2500 ფრთა სამამლე მოზარდეული, რომლის რეალიზაციაც მეურნეობას შეუძლია აწარმოოს, გამოჩეკიდან 90-100 დღის ასაკში, სატაბაკე წიწილის სახით.
კვერცხის, აგრეთვე სატაბაკე მოზარდეულის და კვერცხმდებელი დედლების რეალიზაციიდან ამოღებული თანხის ეკონომიკურ ეფექტიანობას თუ გავიანგარიშებთ აღმოჩნდება, რომ ადგილობრივი ქათმის 24-თვიანი ექსპლუატაციის შემდეგ რენტაბელობა 37 %-ზე მეტია.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ადგილობრივი ქათამები, რომლებიც უხსოვარი დროიდან არიან მოშენებული საქართველოში და იდეალურად არიან შეგუებულნი როგორც ჩვენს კლიმატურ პირობებს ასევე გარემო ფაქტორებს, წარმოადგენენ საუკთესო მასალას ფერმერულ მეურნეობებში მოსაშენებლად დაინტერესებული პირებისა და ამ საქმეში მეტ-ნაკლებად გარკვეული პირებისთვის. მისი შენახვა ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ მაღალ-ეფექტური, რენტაბელური და სარფიანი საქმეა.
კობა ნაცვალაძე,
სოფლის მეურნეობის დოქტორი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი