აგროსიახლეები

სტიქიური პროცესების პროგნოზირების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

ოთარ შამუგია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს ნათია ლოლაძეს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჩართვით, მწვანე კლიმატის ფონდთან ერთად, დაგეგმილია კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით ახალი პროექტის დაწყება, რომელიც ადგილობრივი თემების ჩართულობას ითვალისწინებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, კლიმატის ცვლილებების ფონზე მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას და რისკების შემცირების მიმართულებით ღონისძიებების გატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„სტიქიური პროცესების პროგნოზირების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა; დაგეგმილია საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო სისტემების (ICT) დანერგვა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების და ამინდის პროგნოზის შესახებ გაფრთხილება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გავრცელდეს. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფთხეების შეფასების და სტიქიური მოვლენების პრევენციის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია ერთობლივი პროექტების განხორციელება, რადგან ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა“, _ განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჰუმანიტარული საზოგადოებრივი გაერთიანებაა, რომლის მიზანიც უმწეო ადამიანების საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში დახმარებაა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 40 ფილიალს და 15 000 მოხალისეს აერთიანებს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივანი ნინო ოსეფაიშვილი ესწრებოდა.